არაჩვეულებრივი გამოფენა
„ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავი იძულებულია სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი და თავისდაშეუმჩნევლად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა. წვრილშვილიანი ოჯახი უნებურად უბიძგებს მას ამ გზაზე.
დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება, თუმც ეს ჯანყი ჭიქა წყალში ქარიშხალს ჰგავს. იგი უკვე ხაფანგშია გამომწყვდეული და მნიშვნელოვანს ვეღარაფერს შექმნის“.
გენიალური რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით და ელდარ შენგელაიას მიერ გადაღებულ არაჩვეულებრივ გამოფენას ვიკიპედიის ქართულ გვერდზე მხოლოდ ეს მოკლე ტექსტი ეძღვნება. ჩემი აზრით ის გაცილებით სრულყოფილ მიმოხილვას იმსახურებს. ზოგადად, ამ ონლაინ-ენციკლოპედიის ქართული გვერდები იშვიათადაა კარგი, მაგრამ ეს ცალკე თემაა.
ეს ფოტოები კი უცნაურ გამოფენაზეა და სანამ მთავარზე გადავალ, ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენას შეგახსენებთ, სადაც მთავარი გმირი ომახიანად ამბობს:
„პატივცემულო საზოგადოებავ, ძვირფასო მეგობრებო! თქვენ დღეს იმყოფებით ცნობილი მოქანდაკის აგული ერისთავის პერსონალურ გამოფენაზე! გამოფენას გახსნილად ვაცხადებ“!
გემახსოვრებათ ეს ეპიზოდი: კლასელებთან შეხვედრის შემდეგ შეზარხოშებული აგული და გლაშა სასაფლაოზე მოხვდებიან, იქ კი ნიჭიერი, მაგრამ გარემოებათა გამო დაჩაგრული მოქანდაკე მხოლოდ მთვარის შუქით განათებულ თავის ნამუშევრებს იცნობს – მის სახელოსნოში დამზადებულ ბიუსტებს, რომლებიც გაჩახჩახებულ გალერეებსა და დარბაზებში კი არა, ბედის უკუღმართობით მხოლოდ სასაფლაოზე „გამოიფინა“. სამწუხაროდ სამუდამოდ.
ერთ ძველ ინტერვიუში რეზო გაბრიაძემ მისი ერთ-ერთი მასწავლებელი ვალერიან მიზანდარი გაიხსენა, იაკობ ნიკოლაძის ნიჭიერი მოსწავლე, ვინც მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში მუშაობდა. ბატონი რეზო ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში ოსტატდებოდა ვალიკო მიზანდარის სახელოსნოში, ვინც ხშირად ამა სოფლის ძლიერთათვისაც იხარჯებოდა – ნიჭსა და დროს ბიუსტების გამოქანდაკებას ახმარდა, რომელთა უკანასკნელი „საგამოფენო სივრცე“ ქუთაისის სასაფლაოები იყო.
სწორედ ვალერიან მიზანდარია აგული ერისთავის პროტოტიპი. რეზო გაბრიაძე ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა არაჩვეულებრივი გამოფენის სცენარი დაწერა. მოგვიანებით ბატონმა რეზომ ვალიკო მიზანდარი უწოდა ბუბა კიკაბიძის გმირსაც მიმინოში, მაგრამ ესეც სხვა თემაა…
„არაჩვეულებრივი გამოფენა“ ძალიან მიყვარს.
საფიჩხიის, მწვანეყვავილის და ოღასკურის სასაფლაოებზე მიმოფანტული ნამუშევრების ნახვაც დიდი ხანია მსურდა – წლების წინ მითხრეს, ეგ სცენა ქუთაისშია გადაღებულიო. აქამდე ვერ მოვიცალე, მაგრამ გასულ კვირას რამდენიმე თავისუფალი დღე გამომიჩნდა და მეც იმერეთის გულს მივაშურე. ერთადერთი მიზნით: ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით მეხილა აგული ერისთავად გარდასახული ვალერიან მიზანდარის არაჩვეულებრივი გამოფენა.
რატომღაც მახსოვდა, რომ ელდარ შენგელაიამ ის ეპიზოდი საფიჩხიაზე გადაიღო. მზიანი დღე იყო და ვიფიქრე გავისეირნებ, ფოტოაპარატსაც ჩავაჩხაკუნებ-მეთქი. და როცა კაი ხალხთან ერთად მიხვეულ-მოხვეულ აღმართებს ავუყევი, ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე: ორ დიდებულ ქუთაისელს შევეხმიანე, აბა რას მეტყვით, სწორად მივდივარ თუ მეშლება-მეთქი.
პირველმა დავაზუსტებო და მეორემ კიდე პირდაპირ მითხრა: გეშლება, ის სცენა მანდ კი არა მწვანეყვავილაზეა გადაღებულიო.
საფიჩხიის სასაფლაოზე რამდენიმე ბიუსტს მოვკარი თვალი, თუმცა ფოტოაპარატი აღარ გავაღვიძე. მანქანა მოვატრიალეთ და მწვანეყვავილაზე ავედით. პანთეონი ღია იყო, შევაბიჯე და ერთ-ერთი პირველი… ვალერიან მიზანდარის საფლავი ვნახე! ვიფიქრე ეგაა, არ შემშლია-მეთქი.
ვალერიან მიზანდარი…
რეზო ჭეიშვილი…
სულიკო თორთლაძე…
მელიტონ ბალანჩივაძე…
იქაურობას ოფიციალურად ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ეწოდება, ხალხურად კი მწვანეყვავილას პანთეონი. ამ ოთხეულის გარდა კიდევ ბევრი პატივსაცემი ადამიანი განისვენებს იქ, მაგრამ აგულის ის ეპიზოდი იქ არ გადაუღიათ. მეორე მეგობარმა დამირეკა და: საფიჩხია და მწვანეყვავილა კი არა, ოღასკურაზე უნდა მისულიყავიო.
რა უნდა მექნა? გადავხვიე ხელი ამფსონს, ჯერ სახლში შევიარეთ, ცოტა სული მოვითქვით, პურიც გავტეხეთ, ცოტა ხანში კი, მოფერიანებულებმა, ოღასკურის სასაფლაოს მივაშურეთ.
ჭიშკართან მესაფლავე შემხვდა. დავეკითხე, მართალი ვარ თუ არა-მეთქი. მაგ ფილმის ამბავი არ ვიცი ბიძიკო, მაგრამ რასაც შენ ეძებ, მაგენს ბევრს ვერ ნახავ, ოთხმოცდაათიანებში, ქე რო ქვეყანა დეიქცა და გადაგვარდა, ე, მაშინ მეიპარეს უმეტესობაო…
მართლა ცოტა ბიუსტი ვნახე, ძირითადად 60-70იანი წლებისა. 80იანებიდან საფლავებს უკვე სხვანაირად აფორმებდნენ – ბიუსტების ნაცვლად გადიდებულ ფოტოებს და ნახატებს ანიჭებდნენ უპირატესობას…
ოღასკურაც რომ მოვიარეთ და შინისკენ გავწიეთ, ბუმბერაზ ქუთაისელთაგან ერთ-ერთი შემეხმიანა და „მახარა“: ე მაგ სასაფლაო პატივცემულო, რასაც ეძებ, არც მწვანეყვავილაა, არც ოღსაკურა და მინდა გითხრა რომ საერთოდ არაა ქუთაისი, სცენა თბილისშია გადაღებული, ზუსტად ვერ დაგიდგინე, მაგრამ ვერაზე ან ვაკეშიო.
რომ ვთქვა გული დამწყდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. პირიქით, რაღაცნაირად გამეხარდა: ჩანაფიქრი ნაწილობრივ ხომ მაინც ავისრულე და ძიებაც გრძელდება – სცენის ზუსტ ადგილს, თუ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში პავილიონი არ აღმოჩნდა, აუცილებლად მივაგნებ. ვერა და ვაკე ხელის გაწვდენაზეა.
* * *
-ამას თვალები რატომ არ აქვს, ბრმაა?
-ეს სკორატეა, აგულის გაკეთებული არ გეგონოთ. ძველი ნამუშევარია, ბნელი რომ იყო ხალხი, მაშინდელი.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მწვანეყვავილას და ოღასკურას სასაფლაოები, ქუთაისი; 2021 წლის 13 ოქტომბერი