იან რაში – 60

ეს პატიოსანი კაცი დღეს 60 წლის გახდა: იან ჯეიმს რაში, ყველა დროის უდიდესი უელსელი და ლივერპულის ლეგენდა, რომელმაც ჩემ საყვარელ იუვენტუსში ერთი უფერული სეზონი გაატარა – 1987 წელს მოვიდა და ცხრა თვის შემდეგ უკან, ენფილდ როუდზე დაბრუნდა.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან 19 გუნდური ტიტული მოიგო და ყველა ლივერპულთან ერთად, სადაც საერთო ჯამში თხუთმეტი წლის განმავლობაში ითამაშა.

ბევრზე ბევრი გოლი, უფრო მეტი მაგარი მატჩი და 1984 წელს მოგებული უელსის წლის სპორტსმენის და ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულები. მაშინ მიშელ პლატინი იყო ზღაპრული, თორემ ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთს ნაღდად რაში ჩაიბარებდა. სხვა თუ არაფერი, ლივერპულმა რომას ჩემპიონთა თასი რომში რომ ააცალა, ამაში უელსელმა ძალიან დიდი წვლილი დაიდო.

ევრო 96ის შესარჩევში იან რაშის უელსი საქართველოსთან ერთად მოხვდა ჯგუფში. მახსოვს, წილისყრის შემდეგ დაიწერა, ინგლისის საგზურს გერმანია და უელსი გაითამაშებენო, მაგრამ 1994 წლის შემოდგომისთვის, როცა შესარჩევი გახურდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა – დრაკონები ჯერ მოლდოვაში დამარცხდნენ, 16 ნოემბერს კი თბილისში გვესტუმრნენ და იმ ნაცრისფერ შუადღეს 0:5 განადგურდნენ.

ქეცბაიას ულამაზესი მოჭრილი გოლები, შოთას ფინტი და ატალახებულ მინდორზე გაშხლართული ნევილ საუთჰოლი, ქინქლაძის რეიდები…

გაუხუნარი გამარჯვებაა!

იან რაშს სწორედ იმ თამაშის შემდეგ შევხვდი. შევხვდი რა, მატჩის შემდეგ ავტოგრაფისთვის ვუცდიდი და გამიმართლა. ერთი გერმანული ჟურნალი მქონდა, სადაც მისი ლივერპულური ფოტო დაებეჭდათ. სტადიონზე წავიღე, ვიფიქრე თუ გამიმართლა, ხელს მოვაწერინებ-მეთქი.

მატჩის მერე მე და ჩემი მეგობარი, ცხონებული კოტე გუნდების გამოსასვლელთან დავდექით. უელსელები ნელ-ნელა, თავჩაქინდრული მოდიოდნენ. რაშმაც უხმოდ ჩაგვიარა, ავტობუსში ავიდა და მეც ბევრი არ მიფიქრია, ავყევი. სად იყო მაშინ უსაფრთხოება და ასეთი რამეები, არავინ გამაჩერა. მეორე რიგში იჯდა. ჟურნალი მივაწოდე და ერთი კი ამომხედა გაკვირვებულმა, მაგრამ გული არ დამწყვიტა.

ეს იყო ჩემი მეორე საფეხბურთო ავტოგრაფი.

პირველი ორი თვით ადრე არანაკლებ დიდმა ჰანს კრანკლმა მისახსოვრა. ის თბილისში ინსბრუკის ტიროლის მთავარ მწვრთნელად ჩამოვიდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian