რჩეულები: ლუკა კურტანიძე
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ქვეყნის საუკეთესო ათლეტს 1964 წლიდან ავლენს.
წლევანდელი იანვარი სრული სიის შედგენას მოვანდომე – ყველა რეფერენდუმის ათეული დავადგინე, შემდეგ კი, მეტ-ნაკლებად სრული სურათი რომ დაიხატა, სახალისო მეთოდით ათწლეულების რჩეულთა გამოვლენა დავიწყე.
წინა წერილების შესავალშიც დავწერე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: რეფერენდუმის ათეულების ადგილებს ქულები შევუსაბამე (პირველს – 15, მეორეს – 12, მესამეს – 10 და ასე შემდეგ მეათემდე – 1), შემდეგ ათლწეულში სპორტსმენთა შედეგები დავაჯამე და ზოგადი სურათიც დაიხატა.
პირველ, 60იან წლებში (1964-70), საუკეთესო რომან რურუა გამოდგა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ლეგენდა.
მეორეშიც (1971-80) სპორტის ამ უძველესი სახეობის წარმომადგენელი აღმოჩნდა პირველი – ლევან თედიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ჩემპიონი.
მესამე ათწლეულში (1981-90) ყველაზე მეტი ქულა ქალმა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს 5გზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ დააგროვა.
მეოთხეში კი (1991-2000) პირველობა კიდევ ერთმა მოჭიდავემ დაიბევა – მსოფლიო პირველობის 2გზის ოქროსმედალოსანმა, ევროპის 5გზის ჩემპიონმა და ოლიმპიადების ორი ბრინჯაოს მფლობელმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ.
და აი, მეხუთე ათწლეულის შედეგები და პირველი ისევ კურტანიძეა!
წინა წერილში მას დამოუკიდებელი ქართული სპორტის პირველი წლების ყველაზე სტაბილური ათლეტი ვუწოდე და ეს სიტყვა შემთხვევით რომ არ გავიმეტე, დადასტურდა კიდეც – 2002-03 წლებში ზედიზედ მოგებული წლის სპორტსმენის წოდებით, ასევე ერთი მეორე და ერთი მეშვიდე ადგილით, კურტანიძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ათწლეულში საუკეთესო.
მეორე ადგილი, ისევე 80ებში, ნინო სალუქვაძეს ერგო, ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს და ჩვენი სპორტის არაერთი რეკორდის მფლობელს, მესამეზე კი ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მეორე ქართველი ჩემპიონი, სპორტის ამ უმძიმეს სახეობაში ყველა ტიტულის მომგები გიორგი ასანიძე გავიდა, ვინც 2001-2010 წლებში სულ სამჯერ მოხვდა სსჟას სპორტსმენთა ათეულში, თუმცა მხოლოდ პირველ-მეორე ადგილებზე.
სანამ პირველ სამეულზე დავწერ, მოკლედ მიმოვიხილავ იმ წლებს, რომელმაც არაერთი საინტერესო ამბავი დაიტია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მგონია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გამოჩენა. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული მილიარდერის სეოკის სათავეში მოსვლის შემდეგ ქართულ სპორტში იმედის სიომ დაუბერა. სწორედ პატარკაციშვილის დამსახურება იყო რამდენიმე ფედერაციის ბიუჯეტის საგრძნობი ზრდა, კონკრეტულ სპორტსმენთა დაფინანსება, სეოკის ეგიდით არაერთი საინტერესო საგამომცემლო პროექტის წამოწყება, მათ შორის ქართული სპორტის ენციკლოპედიის დასტამბვა.
ასევე აღსანიშნავია ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის იუბილეც, რომელიც პომპეზურად აღინიშნა და დიადი მძლეოსნის საქართველოში დროებით დაბრუნებამ დაუვიწყარ მოგონებად აქცია.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ძალისხმევას ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამაც მხარი აუბა. პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ათენის და პეკინის ოლიმპიური თამაშების მედალოსნებისთვის არნახული პრემიები დაწესდა, რამაც სპორტული გამარჯვებები სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა.
ხოლო ათენის ოლიმპიადას გამორჩეულად გავიხსენებ. ქართული სპორტის ქომაგების დიდი ხნის ნატვრა 2004 წლის ზაფხულში ასრულდა: ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და ორჯერ აღიმართა ახალი, ხუთჯვრიანი დროშა! პირველად ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის საოცარი გამარჯვების ნიშნად, რამდენიმე დღეში კი ძალოსნის, გიორგი ასანიძის საპატივცემულოდ.
ოთხი წლის შემდეგ, 2008ის აგვისტოს იმ მძიმე დღეებში სამჯერ გავიხარეთ ოლიმპიური ოქროთი და ეს შედეგი დღემდე ჩვენი სპორტის მწვერვალად რჩება: ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე და მოჭიდავეები მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი).
ახლა კი ორი სიტყვით 2001-10 წლების პირველ სამეულზე.
ამ ათწლეულში ლუკა კურტანიძე სულ ოთხჯერ მოხვდა სსჟას საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში: 2002 და 2003 წლებში პირველი იყო, ერთხელ მეორე, ერთხელაც მეშვიდე. ამ შედეგებისთვის მან სახალისო სიაში 46 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა.
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ორ-ორი ტიტული, ვერცხლი მსოფლიოზე და თითო მეორე-მესამე ადგილი ევროპირველობაზე – XXI საუკუნის პირველ წლებში კურტანიძე მუდამ საუკეთესოთა შორის ტრიალებდა. მან ათენის ოლიმპიადაზეც შეუტია ოქროს, თუმცა საბერძნეთის დედაქალაქიდან უმედლოდ დაბრუნდა – თავის მესამე ოლიმპიადაზე მხოლოდ VIII ადგილი დაიკავა.
2002 და 2003 წლებში ლუკამ მხოლოდ სსჟას ვერსიით არ მოიგო წლის ათლეტის წოდება – 2001, 2002 და 2003 წლებში ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც პირველ ნომრად დაასახელა.
აქვე დავწერ, რომ სწორედ კურტანიძე იყო ჩვენი სპორტის ერთ-ერთი უმაღლესი წოდების, სპორტის რაინდის პირველი ლაურეატი, რომელიც დღემდე გაიცემა სპორტის კურატორი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს მიერ. დიდებულ ფალავანს ეს წოდება 2003 წლის დეკემბერში მიენიჭა.
ამავე წლებში მისი წარმატებები სახელმწიფო ჯილდოებითაც დაფასდა: 2002 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე, ერთი წლის შემდეგ კი უკვე მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა…
ნინო სალუქვაძე ექვსჯერ მოხვდა საუკეთესო ათეულში და ამდენად, მისი მეორე ადგილი გასაკვირი არაა. თუმცა ის კი საინტერესოა, რომ სალუქვაძე მხოლოდ ერთხელ შევიდა მოწინავე სამეულში. და საერთოდ, 2001-10 წლების რეფერენდუმი იმითაცაა გამორჩეული, რომ განსხვავებით წინა წლებისგან, ქალმა ერთხელაც ვერ მოიგო გამოკითხვა.
ერთიც: 80-90იან წლებში სპორტულმა ჟურნალისტებმა ქალბატონი ნინო ასევე ექვსჯერ დაასახელეს პირველ ათეულში, საერთო ჯამში 12გზის ლაურეატობა კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია რეფერენდუმის ისტორიაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის მომდევნო წლებშიც ხვდებოდა მედიის რჩეულთა შორის, ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო წერილში.
ყველა დროის საუკეთესო ქართველი ტყვიის მსროლელის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები 2001-10 წლებში ასეთია: ოლიმპიადის ბრინჯაო 2008 წელს, პეკინში; მსოფლიო ვერცხლი და ევროპირველობაზე მოგებული სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, პლუს მსოფლიო სუპერთასი 2005 წელს. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი ჩამონათვალია!
თქვენი ნებართვით მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში, პეკინში მოგებულ ბრინჯაოზე გავამახვილებ ყურადღებას. იმ მძიმე დღეებში ნინო სალუქვაძის მესამე ადგილი სულ მცირე, მაგრამ მაინც ნუგეში იყო არა მხოლოდ ქომაგებისთვის, ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის.
იმ მედლით ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ყველა ხარისხის ჯილდო მოიგო: ოქრო-ვერცხლი სეულში, ოცი წლის შემდეგ კი ბრინჯაო და კვლავ აზიაში. ცამეტი წლის შემდეგ ეს მიღწევა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა გაიმეორა, თუმცა ამაზეც მომდევნო წერილში…
ძალიან არ გაუმართლა გიორგი ასანიძეს და ახლავე ავხსნი რასაც ვგულისხმობ: 1998, 2000-02 და 2004 წლებში, ანუ შვიდი წლის განმავლობაში, ის ხუთჯერ მოხვდა სსჟას ათეულში – სამჯერ პირველი იყო, ორჯერ მეორე. ასეთი სტაბილურობით ის ყველა ვარიანტში მოიგებდა რომელიმე ათწლეულს. მაგრამ გიორგი ასე სტაბილურად საუკუნეების შესაყარზე ასპარეზობდა და შედეგად, პირველობა ორივე შემთხვევაში კურტანიძეს დარჩა.
თუმცა ამით მის საოცარ მიღწევას არაფერი აკლდება. ყოველი შემთხვევისთვის, მათ ნაწილს მაინც შეგახსენებთ: ტრიუმფი ათენში, 2004 წელს, ოლიმპიადაზე; მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო და ვერცხლი 2001-02 წლებში და მიჯრით მოგებული ევროპირველობები 2001-02 წლებში. სხვათა შორის, ოლიმპიური ოქროსთვის მას საბერძნეთის დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს.
ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგ ყველაფრის მომგებმა ძალოსანმა პოლიტიკაში გადაინაცვლა და 2004-2012 წლებში მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ.
2013 წელს ჩემპიონი დიდ ავიაციას დაუბრუნდა – ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. მის ხელში არაერთი ჩინებული ათლეტი დაწინაურდა და პირველ რიგში ლაშა ტალახაძე. ეს უკვე მომდევნო წერილის თემაა და ამიტომ, ლაშაზე, მის თანაგუნდელებსა და კონკურენტებზე მომდევნო კვირაში.
2000იანი წლები:
1.ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 46 (VII, I, I, II)
2.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 40 (IV, VI, VII, V, II, V)
3.გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) – 39 (I, II, II)
* * *
4.ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) – 36 (X, IV, III, III, VIII, IV)
5.რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 35 (VII, I, VII, II)
6.მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 35 (VI, II, X, IV, III)
7.გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) – 34 (II, IV, VII, III)
8.რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 33 (IV, III, I)
9.ზურაბ ზვიადაური (ძიუდო) – 30 (IV, IX, VI, I)
10.ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) – 27 (II, I)
* * *
11.ზაზა კედელაშვილი (ძიუდო) – 24 (I, V, VIII)
12.კახა კალაძე (ფეხბურთი) – 23 (VII, VI, III, VI)
13.ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) – 20 (IV, II)
14.დავით ბედინაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 18 (IV, III)
15.ლევან ცაბაძე (რაგბი) – 16 (III, V)
16.მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით ზირაქაშვილი (რაგბი) – 15
18.ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) – 15 (VIII, IV, VII)
19.მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 13 (II, X)
20.ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი) – 12 (VIII, V, VIII)
21.ბადრი ხასაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 11 (III, X)
22.კობა ფხაკაძე (კრივი) – 10
23.ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) – 10 (VI, VI)
24.ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო) – 9 (IV, X)
25.ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) – 9 (VI, VII)
26.ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) – 7 (IX, VI)
27.ზურაბ აზმაიფარაშვილი (ჭადრაკი), მალხაზ ასათიანი (ფეხბურთი), შოთა არველაძე (ფეხბურთი), ალბერტ კუზილოვი (ძალოსნობა), ალექსანდრე დოხტურიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) – 6
32.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი), დავით პოღოსიანი (თავისუფალი ჭიდაობა) – 5
34.ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) – 5 (IX, VIII)
35.ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), არსენ კასაბიევი (ძალოსნობა) – 4
37.უშანგი კუზანაშვილი (სამბო) – 4 (VIII, X)
38.ირაკლი მაჩხანელი (რაგბი), აკაკი ხანიშვილი (სამბო) – 3
40.ჯანო ანანიძე (ფეხბურთი), მინდია ბოდაველი (სამბო), მირიან გიორგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ალექსი დავითაშვილი (ძიუდო), ნიკოლოზ იზორია (კრივი), დავით მარგოშვილი (ძიუდო) – 2
46.დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), მამუკა გორგოძე (რაგბი), ვლადიმერ ბოისა (კალათბურთი), დავით ქევხიშვილი (ძიუდო) – 1
2000ები: საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) – 40 (IV, VI, VII, V, II, V)
2.ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) – 10 (VI, VI)
3.მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი) – 5
2000ები: საუკეთესო ფეხბურთელი
1.კახა კალაძე – 23 (VII, VI, III, VI)
2.ლევან კობიაშვილი – 12 (VIII, V, VIII)
3.შოთა არველაძე და მალხაზ ასათიანი – 6
2000ები: ჟურნალისტთა რჩეულები
2010 დავით ზირაქაშვილი (რაგბი)
2009 მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2008 ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2007 რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2006 ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
2005 რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2004 ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)
2003 ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002 ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2001 გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 ოქტომბერი)
ფოტო: sport.gov.ge
შენიშვნა:
1: I ადგილი – 15 ქულა; II – 12; III – 10; IV – 8; V – 6; VI – 5; VII – 4; VIII – 3; IX – 2; X – 1
2: თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა რეფერენდუმში მაღალი ადგილის მქონეს