ქინქის ბუცები (II)
რამდენიმე საფეხბურთო ჟურნალი გამორჩეულად მიყვარს და ინგლისური FourFourTwo ასეთთა შორისაა. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ შემოდის. ამიტომ მის ხელში ჩასაგდებად საკმაო წვალება და ერთი ძვირფასი ადამიანის თვეში ერთხელ შეწუხება მიწევს. ასე ვაგროვებ FFTს.
საინტერესო ინტერვიუები, ჩანახატები, რუბრიკები, ძველი ამბების კოხტად გახსენება, ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები გუნდები – FFT ამ და სხვა წერილების გამო მხიბლავს, ხოლო თუ მის ფურცლებზე ქართველებსაც ვხვდები, ჩემზე ბედნიერი მგონი, არავინაა.
სექტემბრის ნომერში მთელი რვა გვერდი დაეთმო გიორგი ქინქლაძეს – ჩანახატია, რომელსაც თავად ფეხბურთელის მოგონებები ალამაზებს. ამ დღეებში ვთარგმნიდი და გუშინ პირველი ნაწილი ჩემთან გამოვფინე.
დღეს მეორე, ბოლო ნახევარს გთავაზობთ.
1996-97 წლების სეზონში გიორგი ზედიზედ მეორედ დასახელდა სიტის რჩეულ ფეხბურთელად და ახალი კონტრაქტიც გააფორმა. თუმცა მანჩესტერ სიტის და მისი მთავარი ვარსკვლავის თანამშრომლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ადრე დასრულდა – გიორგის უკანასკნელი, მესამე მანჩესტერული სეზონი ცვლილებებით სავსე გამოდგა.
ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ გიომ ფერარი შეიძინა. მალე, ძალიან სწრაფად მიმავალს, ავარია შეემთხვა. თვითონ იოლად კი გადარჩა, მაგრამ ორი თამაში მაინც გაუცდა.
ახალი წლის შემდეგ კლუბი ჯო როილმა ჩაიბარა. ცოტა ხანში მწვრთნელმა ყველას მიახვედრა, რომ ქინქლაძე ის მარგალიტი იყო, რომელიც კლუბს კონკრეტულ მომენტში საერთოდ არ სჭირდებოდა.
თავის ავტობიოგრაფიაში როილი წერს: „ფანებისთვის გიო იმ ბნელი დროების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ჩემთვის კი ქინქლაძე უდიდესი მინუსი გახლდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ იმ წლების ამბები მისი ბრალია, უბრალოდ, ვერსად წავუვალთ ფაქტს, რომ ქინქლაძის მოსვლის შემდეგ სიტის საქმეები გაუარესდა და თამაშის დონე ძალიან დაეცა“.
წლების შემდეგ სხვებმაც დაწერეს, რომ მანჩესტერ სიტის დაღმასვლაში არცთუ მცირე როლი ითამაშა ქინქლაძეზე მორგებულმა ტაქტიკამ.
„ანუ რა გამოდის, რომ სიტის ორჯერ გავარდნა ჩემი ბრალია“?! – გაოცებას ვერ მალავს გიორგი – „ვერ ვიტყვი, რომ ჩემ გამო გუნდის ტაქტიკა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო – 4-4-2 განლაგებაშიც კარგად ვთამაშობდი და ხანდახან 4-3-1-2შიც. არ ვიცი ვინ მაბრალებს გავარდნას, მაგრამ ერთს ვიტყვი: რამდენიმე უკეთესი ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით“.
სეზონის მიწურულს როილი გიორგის ნაკლებად ენდობოდა, ბოლო მატჩებში კი სულაც სათადარიგოთა სკამზე გადასვა.
„ეს მისი, როგორც მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მას გაგებით მოვეკიდე“, – ამბობს 48 წლის ვეტერანი – „როილი რამდენჯერმე მესაუბრა და მივხვდი, რომ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა. ვფიქრობ, ფინანსურმა მხარემაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – იმ დროისთვის კლუბი ჩემ გაყიდვაზე უკვე სერიოზულად ფიქრობდა“.
ქუინზ პარკ რეინჯერსთან მნიშვნელოვან მატჩში ქინქი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო მისი უკანასკნელი საშინაო თამაში მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში.
გიორგი: „გასახდელში ვინი ჯონსი ფეხების მოტეხვით დამემუქრა… არადა მეხუთე წუთისთვის უკვე ვიგებდით – გოლი მე გავიტანე! შესვენებაზე, გვირაბში, მე და ვინი წავკინკლავდით, მაგრამ დიდი არაფერი… საერთოდ, მისნაირებს იოლად გავურბოდი და არც ის ამბავი გაგრძელებულა“.
სამწუხაროდ, სიტიმ ის მატჩი ვერ მოიგო – ჯეიმი პოლოკმა საოცარი ავტოგოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა!
ქინქლაძე: „იმ ავტოგოლის გამო ახლაც ვხუმრობ ხოლმე… ბევრი პოლოკის იმ დარტყმას და უელსში, საუთჰოლის კარში გატანილ ჩემ გოლებს ადარებდა და ბჭობდა, რომელი უფრო ეფექტური იყო“.
ზაფხულში გიომ მანჩესტერ სიტი დატოვა. იმ დროისთვის კლუბი ორი დივიზიონით დაბლა იყო, ვიდრე მისი მოსვლისას. ამ ამბის მიუხედავად, გიორგი სულაც არ ნანობს, რომ პრემიერლიგის დიდი კლუბები უარით გაისტუმრა და სიტიში დარჩა:
„არასდროს მინანია მეინ როუდზე გატარებული წლების გამო და ასე იქნება ყველთვის. კი, ერთი ტიტულიც ვერ მოვიგე, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ ის, რაც ქომაგებისგან ვიგრძენი და ყველა საშინაო მატჩის დროს განვიცდიდი, ყველანაირ თასს აღემატება! თან, არ ვარ ის ტიპი, ფსკერისკენ მიმავალ გემს თვალის დახამხამებაში რომ ტოვებს, ასე რომ…
იმ ამბების შემდეგ ოცდახუთი წელიწადი გავიდა, მაგრამ გულშემატკივრებს კვლავ ვახსოვარ. ხშირად ვსტუმრობ მანჩესტერს და მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის დროშა ტრიბუნებზე ისევ ფრიალებს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფს ხალხი ტაშს გიკრავს, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც რომ გაფასებენ და სიხარულით გხვდებიან, მოედანზე რომ გამოჩნდები და ათასობით ფანი ფეხზე დგება პატივისცემის ნიშნად, ეს საოცრებაა! ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ!
როცა ვთამაშობდი, ყველაზე ერთგულმა ფანებმა რამდენჯერმე გამოფინეს ქართულად დაწერილი ბანერი – „გიო, არ წახვიდე“. აი მითხარით, როგორ შეიძლება ასეთ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუო, გული ატკინო?! იმავე სიტუაციაში მეორედ რომ აღმოვჩნდე, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი“!
ხუთი მილიონი გირვანქა – ეს თანხა გადაიხადა ამსტერდამის აიაქსმა 1998 წლის ზაფხულში და გიორგი გადაიბირა. სამწუხაროდ, სადებიუტო სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოდგა როგორც ახალწვეულისთვის, ისე ნიდერლანდური გრანდისთვის – აიაქსმა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც უარესი შედეგი იყო 1965 წლის შემდეგ.
აიაქსის მარცხენა ფლანგზე გიოს იარი ლიტმანენი დახვდა. ფინელი ბარსელონაში კი აპირებდა გადასვლას, მაგრამ ამის მიუხედავად ქინქლაძეს ძირითადში დამკვიდრება მაინც გაუჭირდა. მოგვიანებით აიაქსი იან ვოუტერსს ჩააბარეს და ქართველი საბოლოოდ ჩამოშორდა პირველ გუნდს.
„ამსტერდამში გადასვლა, ერთი შეხედვით იდეალური გამოსავალი იყო. გული მწყდება, რომ ყველაფერი ცუდად დასრულდა. იმ დროს 26 წლის ვიყავი და ვთვლი, რომ ჩემი სიტყვა, თუნდაც მოკრძალებული, უკვე ნათქვამი მქონდა. მწვრთნელებს კი ამის გაგონება არ სურდათ – დაცვაში თამაშს მაიძულებდნენ, თავს მახვევდნენ სულ სხვა, მიუღებელ ფეხბურთს… ორ-სამ შეხვედრაში კი დავეხმარე მცველებს, მაგრამ ვიგრძენი, რომ ამის გამო შეტევაში ჩემი შესაძლებლობები ძალიან შემცირდა… დროის სვლასთან ერთად აიაქსის ის ტაქტიკა სრულიად უცხო გახდა ჩემთვის, ვერაფრით შევეგუე…
როცა ფეხბურთი სიამოვნებას მანიჭებდა, საუკეთესოდ ვთამაშობდი, რასაც ჰქვია დავფრინავდი! მაგრამ როგორც კი ის უბრალო საქმედ იქცა, ჩემი თამაშიც გაუარესდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მოტივაცია დავკარგე“.
1999 წლის ნოემბერში, შეფილდ იუნაიტედთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, ქინქლაძე პრემიერლიგის დერბი ქაუნთის შეუერთდა, იჯარით.
საბოლოოდ გიორგი სამწელიწადნახევარი დარჩა პრაიდ პარკზე, უფრო დიდხანს, ვიდრე მეინ როუდზე. ამის მიუხედავად დერბიში გატარებული წლები ნაკლებ ნაყოფიერი გამოდგა – მხოლოდ რვა გოლი ას მატჩში.
იმ შემადგენლობის მთავარი ვარსკვლავი, ქინქლაძესთან ერთად, იტალიელი ფაბრიციო რავანელი იყო. სამწუხაროდ, ისევე როგორც სიტიში, გიორგი დერბის მაისურითაც დაქვეითდა.
ქინქლაძე: „რატომ დავრჩი? არავინ დაინტერესდა ჩემით, თან, გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებდა და“…
ფაბრიციომ და გიორგიმ დერბი 2003 წლის ზაფხულში დატოვეს. იმ გაზაფხულზე კლუბმა მეთვრამეტე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი, კიდევ უფრო დაბალ ლიგაში თამაში კი მათ არ სურდათ.
ამასობაში ქინქლაძე 30 წლის გახდა. მცირე ხნით პორტსმუთსა და ლიდს იუნაიტედში ივარჯიშა, თუმცა სეზონი მაინც გაუცდა. დანავსული პერიოდი კვიპროსში, ანორთოსისში გადასვლით დასრულდა, სადაც ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელს, თემურ ქეცბაიას შეუერთდა.
კუნძულზე იმდენად კარგად ითამაშა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგდა, ყაზანის რუბინში, მაგრამ ზუსტად თორმეტ თვეში, ზედიზედ მიღებული ტრავმების გამო, კარიერა დაასრულა. მაშინ ქინქლაძე 33 წლის გახლდათ.
„დასამალი არაფერია – ბევრი ბრაზობს ჩემზე, თვლიან რომ მეტის მიღწევა შემეძლო და ნიჭი გავანიავე… ამ სიტუაციაში საკუთარ თავზე ნერვები რომ მომეშალოს, ეს უკვე მეტისმეტი იქნება, ამიტომ განვლილ გზას მშვიდად ვუყურებ“, – ამბობს გიორგი – „ვცდილობ ამ საკითხზე ბევრი არ ვიფიქრო. კი, მიმაჩნია, რომ მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ გარემოებათა გამო ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა. ამის გამო გუნებას არ გავიფუჭებ. ერთი რამ ზუსტად ვიცი – სიზარმაცის გამო არ დავზარალდი, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ასე რომ არ ყოფილიყო, იმასაც ვერ შევძლებდი, რაც მოვახერხე“.
კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი რუსეთში, მოსკოვში დარჩა, სადაც ძველ მეგობრებთან ერთად სხვა სფეროში გადაინაცვლა.
„ოაზისი ყოველთვის მომწონდა… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი სიტის თავგადაკლული ფანები არიან. თუ ტურნეში არ იყვნენ, ყოველთვის ესწრებოდნენ ჩვენ თამაშებს… ერთხელ მეინ როუდზე გამართეს კონცერტი, შემდეგ კი სიტის ფეხბურთელები თავისთან მიგვიწვიეს და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა“, – იხსენებს ქინქლაძე – „წლების წინ ოაზისი მოსკოვს ეწვია და მეც მეგობრების სანახავად მივედი. დაცვის ბიჭმა მიცნო, ისიც სიტის ფანი აღმოჩნდა და პირდაპირ ნოელ გალაჰერთან მიმიყვანა. ჩამოვჯექით, ვისაუბრეთ, ათასი ამბავი გავიხსენეთ… ამასობაში კი თურმე კონცერტის დაწყება ორი საათით დაგვიანდა! სანამ კარი არ ჩამოგვიღეს, მანამდე არ დავიშალეთ… როცა მანჩესტერში ვარ, თითქმის ყოველთვის ვხდებით… რიკი ჰატონთანაც ვმეგობრობ“…
2011 წელს გიორგი დროებით დაუბრუნდა ანორთოსისს, ამჯერად სპორტული დირექტორის სტატუსით. თუმცა იქ დიდხანს არ გაჩერდა და ყოფილ თანაგუნდელთან ერთად საფეხბურთო სააგენტო დააფუძნა:
„მე და გოგა გახოკიძე ახალგაზრდა, იმედისმომცემ ბიჭებს ევროპის კლუბებში გადასვლაში ვეხმარებით. გვინდა, რომ ამით საქართველოს ნაკრების გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ… პანდემიის გამო თითქმის მთელ დროს საქართველოში ვატარებ და სხვა საქმესაც შევეჭიდე – მანჩესტერ სიტის საფეხბურთო აკადემიის გახსნა მსურს. მოლაპარაკება დავიწყეთ და ვნახოთ რა გამოვა“.
ორი წლის წინ გიორგიმ საკუთარი ღვინის წარმოება დაიწყო და მანჩესტერთან ახლოს ბარიც გახსნა:
„საქართველო ღვინის სამშობლოა, თან, ამ მხრივ ჩვენზე გამოცდილი, ვფიქრობ, არავინაა. როცა მანჩესტერში ჩავდივარ, ჩემი უფროსი ვაჟისთვის და მეგობრებისთვის ყოველთვის საუკეთესო ღვინო ჩამაქვს. ბარის გახსნის იდეაც ერთი ასეთი შეხვედრიდან დაიბადა – ქართული ღვინო ყველას მოსწონდა და ვიფიქრეთ, რატომ არა? ვცადოთ! მთელმა ინგლისმა დააგემოვნოს ქართული ღვინო! ის ხომ მართლა ძალიან კარგი და გემრიელია! აი, დასრულდება პანდემია და მთელ რედაქციას დაგპატიჟებთ“…
არ აქვს მნიშვნელობა ინგლისშია თუ სხვაგან, გიორგი მანჩესტერ სიტის გულშემატკივრად რჩება. კითხვაზე, რა იქნებოდა მისი სატრანსფერო ღირებულება 2021 წელს, ქინქლაძის პასუხი პირდაპირი და არცთუ მოკრძალებულია:
„მილიარდნახევარი“.
მოხვდებოდა თუ არა ამ სიტის ძირითად შემადგენლობაში?
„რთული იქნებოდა, მაგრამ აუცილებლად ვითამაშებდი“, – ამბობს გიორგი – „მიმაჩნია, რომ გვარდიოლა ყველა დროის სამ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა, მისი საფეხბურთო ფილოსოფია კი ჩემთვის სრულიად მისაღებია. ვფიქრობ, არ გამიჭირდებოდა ამ გუნდში დამკვირდება. იმ სიტის შემადგენლობაში როგორ ვთამაშობდი და ხომ წარმოგიდგენიათ აქ, ამდენი ვარსკვლავის მხარდამხარ რა ამბებს დავატრიალებდი“?!
კი, წარმოსადგენად ადვილია და ალბათ, ასეც იქნებოდა.
წლების წინ გიორგი ქინქლაძე სასოწარკვეთილების ოკეანეში ჩაძირული სიტის ფანებისთვის ერთადერთი მხსნელი იყო. ულევი და მარადიული სიყვარულიც იმ დროიდან მოდის.
ამიტომაც: დღევანდელი მანჩესტერ სიტის უამრავი გამარჯვების და თასის მიუხედავად, ამ კლუბის ვარსკვლავების უმრავლესობას, ვეჭვობთ, ქართველის მსგავსი პოპულარობა არ უწერია.
(დასასრული)
FourFourTwo (#330; 2021 წლის სექტემბერი)
თარგმნა ლაშა გოდუაძემ (2021 წლის 2 ნოემბერი)
ფოტო: Georgian Football Archive