ტურბო მუშტაედში

-ვამ ნუჟნა ბუმაგა?
ზუსტად ასე გვკითხა მე და დედაჩემს ათასი პატარა ნივთით დახუნძლულმა ქურთმა გოგომ, როცა მისგან საღეჭი რეზინი ვიყიდეთ და კევს შემოხვეული ექვსად დაკეცილი ქაღალდი გავშალეთ.
იმ დროს მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავი. რუსულს კი გვასწავლიდნენ, მაგრამ ძალიან მოვიკოჭლებდი: სიტყვები მესმოდა, აი საუბარი კი მიჭირდა და ამიტომ ჯერ დედაჩემს ვკითხე რას ამბობს-თქო, შემდეგ კი, პასუხად, თავი დავუქნიე – კი, მინდა-მეთქი.
ზუსტი დრო ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ თავს დავდებ, რომ სექტემბერი იყო და მუშტაედში, ღია სცენის წინ ჩამწკრივებული სკამების უკან რომ დიდი მოედანია, აი იქ ვიყიდეთ ის ტურბო. ფასიც დამამახსოვრდა – ერთი მანეთი.

იმ ჯადოსნურ და საბედისწერო ქაღალდზე კი ორი მანქანა ეხატა. იაგუარი რომ იყო, ეს მერე გავიგე, იმ წამს კი ის „ბუმაგა“ შუაზე გაყოფილი ფოტოთი და ორი ავტომობილით დამამახსოვრდა…

სიტყვა „საბედისწერო“ შემთხვევით არ დავწერე. მგონი, იმ დღიდან მომინდა რაღაცების შეგროვება. იმ პირველი ტურბოს შემდეგ ლამის ოთხი ათეული წელიწადი გავიდა და ძალიან ბევრ გატაცებას შეველიე, თუმცა რამდენიმეს დღემდე ერთგულად მივყვები, ძირითადად საფეხბურთოს: წიგნები, პროგრამები, სამკერდე ნიშნები, საფოსტო მარკები…

ახლა არ მკითხოთ რა აზრი აქვს კოლექციონერობას. თუ ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, უჩემოდაც გეცოდინებათ მისი აზრი და ვინც არაფერს აგროვებს და არც აინტერესებს, მათთვის ნაღდად ვერ დავიხარჯები.

ჩემი თაობის ბიჭებისთვის, 80იანი წლების შუაში რომ წავედით სკოლაში, მთავარი გასართობი, მგონი, ტურბო და სხვა თურქული საღეჭი რეზინის ქაღალდების შეგროვება იყო: ერთმანეთს ვუცვლიდით, კოლექციებს ვადარებდით, საჭირო ნომრების გამო სანაძლეოებს ვდებდით, სტოპიატს ვთამაშობდით… არც იმას დავმალავ რომ ერთ უფროსკლასელსაც ვეჩხუბე კიდეც – კოლექციის წართმევა მომინდომა! იმას გავატანდი რამეს?!

ტურბო, ფინალი, ლაზერი, ქინქინი, დონალდო, პედრო, ბომბიმბომი, ოტომოტო, ტიპტიპი… უცბად ეს სერიები გამახსენდა. რაც მათ შევსებაში დროს და ენერგიას ვხარჯავდით მე და ჩემი მეგობრები! ერთი პერიოდი ძმაკაცთან ერთადაც ვაგროვებდი – ასე უფრო ადვილი იყო სერიის შევსება…

ხსენებულებიდან რამდენიმე სრულად შევკარი, თუმცა მთავარი სამიზნე მაინც ტურბო იყო.

ძალიან ბევრი უცხოური ავტომობილის სახელი მისი წყალობით გავიგე, მაგრამ ამას თავი დავანებოთ – მანქანების ფერადი ფოტოები და არნახული, არასაბჭოთა და ხშირად უცნაური მოდელები მხიბლავდა. თან, იმ ქაღალდებზე ავტომობილების ცხენის ძალა და მაქსიმალური სიჩქარეც ეწერა – ესეც თემა მეოთხე-მეხუთეკლასელებს კამათისთვის. მაგალითად 110ე ნომერს, ვექტორ ტვინ ტუბოს, 340 კილომეტრ-საათი ეწერა და იმ დროს მეგონა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ავტო იყო!

სახელებსაც რა სასაცილოდ წარმოვთქვამდით? რენოს რენაულტს ვეძახდით, დოჯი დოდგე იყო, ლანჩა ლანსიად მოვნათლეთ, პეჟო – პეუგეოტად…

მახსოვს, სერია 51ით იწყებოდა და 120ით მთავრებოდა, ანუ სულ 70 ცალი უნდა შეგეკრა. ყველაზე დიდხანს 112ე, ორმანქანიანი ლოტუს ესპრიტი ვეძებე და მთლიანი სერიის შეგროვებას კიდე, თუ არ ვცდები, ორი სრული კლასი მოვანდომე.

ტურბო მერეც გაგრძელდა, მაგრამ აღარ გავყევი: ნელ-ნელა „საფეხბურთო“ კევები გამოჩნდა და მეც ულკერ ფინალ 90ზე გადავერთე ანდრეას მიოლერით, რობერტო ბაჯოთი, მარკო ვან ბასტენით, კარლოს ვალდერამათი, გენადი ლიტოვჩენკოთი, ვალტერ ძენგათი, იტალია მილი ტაკიმით… სხვათა შორის, ისიც სამოცდაათი იყო.

დროთა განმავლობაში ტურბოს კოლექცია სადღაც გაქრა. ვერ ვიტყვი, რომ ნივთებს არ ვუფრთხილდები. პირიქით, ვიცი სად რას ვინახავ, მაგრამ ტურბოს შემთხვევაში ასე მოხდა – დამეკარგა. შესაძლოა რამე მობეზრებულს გადავაყოლე. არ ვიცი.

რამდენიმე წლის წინ ბავშვობის გატაცება მშრალ ხიდზე შემომხვდა – ერთი ძველი ნაცნობი ყიდდა. ოღონდ არასრული იყო, სამოცდაათს ათი თუ თხუთმეტი ცალი აკლდა. არ შევიძინე. ნაკლულს, სჯობს საერთოდ არ მქონდეს-მეთქი…

წლევანდელ ევროჩემპიონატს იტალიაზე ჩემნაირ გადარეულებთან ერთად ვუყურე ზემო ვაკის ერთ კოხტა ეზოში: ჩვენ, ქართველი ტიფოზები სკუადრა აძურას მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ვიკრიბებოდით: ლუდი, მწვადი, ხინკალი, კაი სიტყვა-პასუხი და ბოლოს იტალიის ტრიუმფი. დიდებული დღეები იყო!

ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, 2 ივლისს, იტალია-ბელგიის მერვედფინალის სანახავად კიდევ ერთხელ მისულს, მასპინძელმა ძმაბიჭმა მარკების ალბომი მომაწოდა და მითხრა: შენ ეგეთი რაღაცები გიყვარს და თუ რამე მოგწონს წაიღე, მე ამებს დიდი ხანია შევეშვი, მხოლოდ ბავშვობის ამბავში ვინახავო.

აკი ვთქვი ჩემი თაობის ბიჭებზე. აღმოჩნდა, რომ მე თუ ჩემ სკოლაში ვაგროვებდი ტურბოებს, ის თავისთან ერთობოდა.

მოკლედ, გადავფურცლე ალბომი და… ის, ჩემი დაკარგული ტურბოები! სამოცდაათივე! თანმიმდევრობით ჩაწყობილი – 51ე, ფერარი ტესტაროსადან 120ე, ტოიოტამდე!

მიყვარს ასეთი პატარ-პატარა სიხარულები, მოულოდნელად რომ ჩაგეხუტება.

ახლა ყველა ტურბო ჩემთანაა. და რავი, რა უნდა მოხდეს რომ ისინი მეორედ დავკარგო.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 14 ნოემბერი)

ka_GEGeorgian