კარიერა ფრაზებში #13: ზურაბ საკანდელიძე

საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადა პირველად 1972 წელს, მიუნხენში მოიგო. იმ გუნდში ორი ქართველი თამაშობდა: ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია.
ოლიმპიური ჩემპიონების პატივსაცემად ჩვენი სპორტის მაშინდელმა თავკაცებმა ორიგინალური რამ მოიფიქრეს: თბილისის სპორტის სასახლეში, მე-5 სექტორის ერთ-ერთ რიგში ჩემპიონებს ორი ადგილი სამუდამოდ გამოუყვეს – სავარძლები ჩემპიონების გვარ-სახელებითა და ნომრებით დამშვენდა: ზურაბ საკანდელიძე – #6 და მიხეილ ქორქია – #13.
საკანდელიძის და ქორქიას მეგობრობაზე ლეგენდები დადიოდა. მათი გარდაცვალებაც ძმობის მარადიულ გაგრძელებას ჰგავდა: 2004 წლის 25 იანვარს ქართულმა სპორტმა ზურაბ საკანდელიძე მოისაკლისა, 8 თებერვალს კი მიხეილ ქორქიაც გარდაიცვალა.
ზურაბ საკანდელიძე ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელებში გამორჩეულია, ტიტულებით კი პირველია: არის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის პირველობების (4-ჯერ) გამარჯვებული.
ის იყო ძალიან სწრაფი, ახასიათებდა ეფექტური დრიბლინგი, საოცარი ნახტომი და თამაშის გრძნობის იშვიათი უნარი. ამიტომაც, თბილისის დინამოსა თუ საბჭოთა კავშირის ნაკრებში საკანდელიძე შეუცვლელი იყო – მწვრთნელები მუდმივად სასტარტო ხუთეულში აყენებდნენ და მოედნიდან რამდენიმე წუთით მხოლოდ იმიტომ გაჰყავდათ, სული რომ მოეთქვა.
ლეგენდარული ალექსანდრ გომელსკი, რომელსაც საბჭოთა კალათბურთის უდიდესი წარმატებები უკავშირდება, ასე ახასიათებდა ყველაზე ტიტულიან ქართველ: „ზურაბ საკანდელიძე საბჭოთა კალათბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო. ის კი არ დარბოდა, დაფრინავდა! მისი დაწევა, ბურთის გათამაშების დროსაც კი, არავის შეეძლო. მისი რეაქცია და სისწრაფე აოცებდა მეტოქეებს და მაყურებლებს. მას ყველაზე უკეთ ეხერხებოდა მოწინააღმდეგის გადაცემის ჩაჭრა და ბურთის მოპოვება, რაც კონტრშეტევის მშვენიერ შესაძლებლობას გვიქმნიდა. ჩვენ რომ ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, ამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ საკანდელიძემ შეასრულა“.
ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კალათბურთელის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…მე-6 კლასში ვიყავი, კალათბურთში ვარჯიში რომ დავიწყე. არავის დაუძალებია, უფროსი ძმა ანზორი დადიოდა და მის შემხედვარეს, მეც მომინდა. თან, დარბაზი სახლთან ახლოს იყო. თავიდან კონკრეტული ფუნქცია არ მქონდა, მწვრთნელი ყველგან მათამაშებდა: მცველიც ვიყავი, გამთამაშებელიც… მომეწონა და რიონზე ცურვას კალათბურთის თამაში ვარჩიე.

…მალე ძალიან გამიმართლა: ბატონ სულიკო თორთლაძესთან მოვხვდი, ლეგენდარულ და ბევრი კარგი კალათბურთელის აღმზრდელ მწვრთნელთან. ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ასე მხოლოდ ჩვენთვის იქცეოდა. ნერვებს იმიტომ იშლიდა, რომ სურდა კარგი ადამიანები და ძლიერი სპორტსმენები დავმდგარიყავით.

…ბატონი სულიკო ვერ იტანდა სიზარმაცეს, ვარჯიშის გაცდენაზე კი გიჟდებოდა, შეიძლება გაელახა კიდეც მოსწავლე. თუ ბავშვში კალათბურთელის მონაცემებს და ნიჭს შენიშნავდა, არ მოგასვენებდა, არც თავად მოისვენებდა და მაქსიმალურ შედეგს მიიღებდა. მისი დამსახურებაა, რომ დიდი კალათბურთი ვითამაშე – წლიდან წლამდე მზარდა და დიდი სპორტის კარიბჭესთან მიმიყვანა. და როცა ხვდებოდა, რომ მოსწავლე გაიზარდა და თავის პატრონობაც შეეძლო, თავს ვალმოხდილად ჩათვლიდა და სხვაზე გადაერთვებოდა.

…ერთხელ ზედიზედ სამი ვარჯიში გავაცდინე. ვიცოდი მისი ხასიათი, რომ ეს ამბავი უბრალოდ არ ჩაივლიდა. დიდხანს არ მალოდინა – შინ მოვიდა, მე არც მიკითხა, პირდაპირ მამაჩემს უთხრა, ნუ იმალება შენი ბიჭი, ხვალიდან ვარჯიშზე მოვიდეს, იცოდე, კაცი უნდა გავხადოო… მერე, როცა მართლა ვითამაშე დიდი კალათბურთი, მამა ხშირად იგონებდა ამ ამბავს. ბატონი სულიკო რომ დიდი მწვრთნელი იყო, ჩემი და მისი კიდევ ერთი მოსწავლის მიხეილ ქორქიას ოლიმპიური ჩემპიონობაც ადასტურებს. ან კოლია დერიუგინი? მისი აღმოჩენილია. იგივე გელა დარსაძე და ზურაბ გრძელიძე.

…პირველ წარმატებას ქუთაისის ნაკრების შემადგენლობაში მივაღწიე. გუნდს სულიკო თორთლაძე წვრთნიდა, ჩვენ კი საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადა მოვიგეთ. ზურა მხეიძე, იურა სანიკიძე, ზაურ ტყეშელაშვილი, ოლეგ ჩიგოგიძე… აი, ამ და კიდევ ბევრ კარგ ბიჭთან ერთად გავიმარჯვე. მერე მათთან ერთად სხვა შეჯიბრებიც მოვიგე. კარგი გუნდი გვყავდა.

…15 წლისა თბილისის დინამოში ვვარჯიშობდი, პარალელურად კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. დინამოელებთან ყოფნა ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო – ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობდი. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ღმერთისგან ბოძებული შანსი იყო და მას გამოყენება უნდოდა, თან, იღბალსაც არ უნდა ეღალატა. ყველამ კარგად იცოდა, რომ დინამოში მოხვედრა ყველა ბიჭის ოცნება იყო… რამდენი იმედისმომცემი ახალგაზრდა გაბრუნდა გაწბილებული? მე ძალიან გამიმართლა!

…ანზორ ლეჟავა, ლევან ინწკირველი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ლევან მოსეშვილი, გურამ აბაშიძე, ვალერი ალთაბაევი, რეზო გოგელია, შურა კილაძე… ნაღდი ოსტატები იცავდნენ მაშინ დინამოს ღირსებას! და ამ შემადგენლობაში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, მხოლოდ მე ვთამაშობდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

…1962 წელს დინამომ ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელი მერქვა, ჩემპიონთა თასის მფლობელი ვერ გავხდი. უკანა ხაზზე ჩემზე ბევრად გამოცდილი კალათბურთელები თამაშობდნენ: კილაძე, ინწკირველი, ალთაბაევი… და ამის გამო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. ჩვენი მწვრთნელი ოთარ ქორქია გამოცდილებს დაეყრდნო და ეს გასაგებიც იყო. ისე, დინამომ მართლა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, წარმოუდგენელს! როგორია ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალთან გამარჯვება? ფანტასტიკა იყო!

ზურაბ საკანდელიძე

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ზურაბ საკანდელიძემ ყველა ტიტული მოიგო: ოლიმპიადის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონისა!

…მიუხედავად იმისა, რომ იმ ფინალში ვერ ვითამაშე, დინამოს ძირითად შემადგენლობაში სწორედ ქორქიას დროს დავმკვიდრდი. ეს 1963 წლიდან მოხდა – ნელ-ნელა გავუშინაურდი გუნდს და ბოლოს, ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, ერთ-ერთ ლიდერად ვიქეცი. ასე რომ არ ყოფილიყო, ნაკრებში არც მიმიწვევდნენ.

…1965 წელს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ, სხვადასხვა ქალაქის ნაკრებ გუნდებს ვხვდებოდით, ოღონდ მოყვარულებს. პროფესიონალები იმ დროს ისვენებდნენ. ერთხელ ჰოლივუდში ბანკეტი გაგვიმართეს. სწორედ იქ შემხვდნენ ერთ-ერთი პროფესიული კლუბის წარმომადგენლები. თურმე ტურნეს დროს მაკვირდებოდნენ და მოვეწონე. კონტრაქტიც შემომთავაზეს. ხვდებით ალბათ როგორ დასრულდა ის შეხვედრა. 19 წლის ვიყავი, მეუღლე ჯერ არ მყავდა, მაგრამ მაინც გამორიცხული იყო იქ დარჩენა და თამაში. ისეთი დრო იყო, ჩემი გაპარვის შემთხვევაში ოჯახს გააწამებდნენ.

…როცა იმ ამერიკულ ტურნეს ვიგონებ, პირველ ყოვლისა გუდრიჩი მახსენდება. ეს იყო ერთი ადგილობრივი გუნდის ნაკლებად ცნობილი მცველი, რომლის დარი მანამდე არ მინახავს. რა სიტუაციაც უნდა ყოფილიყო მოედანზე, ის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. ასე სრულყოფილად დაეუფლო თამაშის ხელოვნებას, ეს მხოლოდ უდიდესი ტრადიციების მქონე საკალათბურთო სამყაროშია შესაძლებელი!

…1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის წინ, საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატებისგან შეიკრა გუნდი, რომელმაც იმ წლის საკავშირო ჩემპიონატში უკონკურსოდ ითამაშა. იმ გუნდში ვიყავი მეც და ზუსტად ამიტომ ვერ გავხდი ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი, რომელიც ჩემმა დინამომ მოიგო. ნაკრების კანდიდატთა გუნდის ერთადერთი მიზანი შეთამაშება და ოლიმპიადისთვის უმაღლეს დონეზე მომზადება იყო. დინამოს მაშინდელ შედეგს არ ვაკნინებ, მაგრამ ჩვენი კრებული ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე რომ ყოფილიყო, დინამო ჩემპიონატს ვერ მოიგებდა. მე ხომ, ფაქტიურად, ვარსკვლავთა გუნდში ვთამაშობდი, მარტო ცსკა-დან ჩვენთან ვალინოვი, ლიფსო, კორნეევი, სელიხოვი და ტრავინი იყვნენ, იმ დროისთვის მართლა მაგარი კალათბურთელები.

…მეხიკოში მე-3 ადგილზე გავედით. ნახევარფინალში იუგოსლავიას შევხვდით და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება, დავმარცხდით. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი.

…ყველაზე ღირსსახსოვარი მატჩი? თქვენ როგორ ფიქრობთ? ცხადია, მიუნხენის ოლიმპიადის ფინალი. ეს იყო ჩემი კარიერის მწვერვალი, უფრო სწორად ჩემი და მიშა ქორქიასი. ათჯერ რომ მოიგოს სპორტსმენმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, მათ ერთადერთი ოლიმპიური ოქრო გადაწონის! რომ ვიხსენებ რა თამაში მოვუგეთ ამერიკელებს, თავი სიზმარში მგონია! ზღაპარი იყო!

…ურთულესი შეხვედრა გადავიტანეთ, თუმცა ველოდით კიდეც. ვიცოდით, რომ ამერიკელები ფავორიტები იქნებოდნენ. ფინალში საქმე ისე წავიდა, კვლავ ოქროს გარეშე უნდა დავრჩენილიყავით. წამებიღა რჩებოდა დასრულებამდე, წინ იყვნენ, ქულას გვიგებდნენ… ბურთს ჩვენ ვფლობდით, სერგეი ბელოვმა ჩემკენ გამოგზავნა ბურთი, მაგრამ პასი მაკენზიმ ჩაჭრა. გავეკიდე, დავეწიე, წინ დავხვდი და შევეჯახეთ ერთმანეთს. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო დრო შემეჩერებინა, ამერიკელებს ბურთი არ შეენარჩუნებინათ და შევძელი კიდეც. მოკლედ, ხავსს ვეჭიდებოდით. მაკენზიმ ჯარიმები ისროლა და თამაში ჩვენ განვაახლეთ. მოგვიანებით ჩემ აკიდებულ ჯარიმას „ოქროს ფოლი“ უწოდეს და დღესაც ასე იხსენიებენ, იმ ჯარიმამ მოგვცა უმცირესი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალური შანსი. სამად სამი წამი რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე, ეს ძალიან დიდი დროა. სასწაულის იმედად ვიყავით და მოხდა კიდეც ეს სასწაული! ბურთი ჩვენ შემოვიტანეთ, ივან ედეშკომ ბელოვს გადააწოდა – უზუსტესი პასი იყო, ბურთმა მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მისადგომთან მდგარ ბელოვს მიუვიდა. მანაც ზუსტად ისროლა და ორი ქულა მოგვიტანა. მეტი არც გვინდოდა – 51:50 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

…ამერიკელებმა გააპროტესტეს, ბელოვმა რომ ისროლა, ძირითადი დრო ამოწურული იყოო. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის და ოლიმპიური კომიტეტის თავკაცები კარგა ხანს ბჭობდნენ, რა გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენ, მოთამაშეები და მწვრთნელები გასახდელში ვისხედით და რამდენიმე საათს ველოდით საბოლოო ვერდიქტს. ყველაფერი ფიბა-ს პრეზიდენტის ჯონსის პოზიციამ გადაწყვიტა – მან დაასაბუთა, რომ ბელოვის სროლის შემდეგ გაისმა შეხვედრის დასრულების მაუწყებელი სიგნალი. შუაღამე იყო, როცა დარბაზში გვიხმეს და ოქროს მედლებით დაგვაჯილდოვეს!

…მიშა ქორქიამ ის ფინალი ვერ დაასრულა – 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამიტომ. მწვრთნელებმა მიშას ჯონსონის გამოთიშვა დაავალეს, ძალიან ძლიერი კალათბურთელი იყო… ქორქიამ დავალება ხუთიანზე შეასრულა – მართალია თვითონაც გამოეთიშა ფინალს, სამაგიეროდ, მეტოქე სკამზე დასვა. ჯონსონის გასვლის შემდეგ შედარებით ამოვისუნთქეთ.

…ოლიმპიური ჩემპიონი რომ გავხდი, დიდი სტუმრიანობა იყო ოჯახში. მორიგი სუფრის დროს მამამ მითხრა, რა ვიცოდი ოლიმპიური ჩემპიონი თუ გახდებოდი, თორემ სახლს გავყიდდი და ეზოში ოქროს კალათს ჩამოგიკიდებდიო.

…კალათბურთიდან ისე წავედი, გულშემატკივრის სტვენა არ მახსოვს. ვცდილობდი ქომაგთა მეხსიერებას სწრაფ, მებრძოლ, საკუთარ თავში დარწმუნებულ სპორტსმენად შემოვრჩენოდი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ძველებურად ვერ ვთამაშობდი, გულშემატკივრებს ახსოვდათ ძველი საკო და ტაშით მაჯილდოვებდნენ. ნაკრებიდან 1973 წელს წავედი, ორ წელიწადში კი დინამოც დავტოვე.

…ყოველთვის კარგი მოთამაშეები ჰყავდა მოსკოვის ცსკა-ს, მაგრამ ყველაზე პრინციპული მეტოქეობა ლიტველ პაულაუსკასთან მქონდა. საშა და სერგეი ბელოვებსაც ვახსენებ – ღირსეულად თამაშობდნენ. უცხოელებიდან სამ იუგოსლავიელს გამოვარჩევ: დანეუს, ჩოსიჩს და დალიპაგიჩს. ჩვენ, როგორც წესი, ერთმანეთს ვიჭერდით.

…გამორჩეულად გავიხსენებ იუგოსლავიელ კორაჩს. მართალია მის წინააღმდეგ პერსონალურად თამაში არ მიწევდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან შთამბეჭდავი იყო, ლამაზი და ეფექტური. მისით ყველაზე ძალიან მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოვიხიბლე, სასწაულებს ახდენდა!

…თანამედროვეები? მაიკლ ჯორდანის დონის კალათბურთელი არ დაბადებულა და მეეჭვება მომავალში ვინმემ აჯობოს. თუ გაუტოლდება ვინმე, თორემ მისი მჯობნი? გამორიცხულია!

საკანდელიძე

დიდი კალათბურთელი დიდ ფეხბურთელებს შორის: ზურაბ საკანდელიძე ალექსანდრე ჩივაძის და მურთაზ ხურცილავას გარემოცვაში

…საქართველოს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ნიკოლოზ დერიუგინს და მიხეილ ქორქიას დავასახელებ. მე? არა, იყოს როგორც არის. რა, ეს გუნდი სუსტია? ყველას მოუგებდა.

…ამერიკული კალათბურთი ნომერ პირველია და ასეთად დარჩება ძალიან დიდხანს. იქ ბავშვები 5 წლიდან ბურთთან არიან, თამაშით იზრდებიან… ჩვენგან განსხვავებით იქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფიზიკურ მომზადებას, ტექნიკურ მხარეს. 10 წლის ბიჭები ტექნიკურად ზრდასრული კალათბურთელები არიან და მერე მხოლოდ ხვეწენ ოსტატობას. რაც შეეხება ძალასა და გამძლეობას, არახალია, რომ შავკანიანებს ეს გენეტიკურად მოსდევთ. ამერიკულ კალათბურთში ღირსეულად დამკვიდრება რამდენიმე ევროპელმა შეძლო და მეეჭვება მომავალში მათი რიცხვი გაიზარდოს.

…სხვა სახეობებიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდი კალათბურთელობას, ქუთაისში სერგო კუტივაძის და რეზო ძოძუაშვილის მხარდამხარ ვთამაშობდი. წლების შემდეგ, როცა მე საკალათბურთო, რეზო კი საფეხბურთო დინამოში ვთამაშობდით, დიღმის ბაზაზე ძოძუაშვილს ერთი-ერთზე გავეჯიბრე. ძლივს მომიგო 5:4. კარგა ხანს ვეხუმრებოდი, რა სუსტი ყოფილხარ, ბესტს და ჯაიჩს როგორ იჭერდი-მეთქი.

…სპორტში რაც მსურდა ყველაფერი მოვიგე. ნაკრებთან ერთად ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გავხდი. ჩვენ დროს საკავშირო ნაკრები მართლა ძალიან ძლიერი იყო და მედალს მედალზე იგებდა, მეც იმ გუნდის ძირითადის მოთამაშე ვიყავი. 1967 წელს მსოფლიოს სიმბოლურშიც დამასახელეს… სპორტულ კარიერაზე გული არ მწყდება – ყველაფერი იდეალურად იყო!

 

ზურაბ საკანდელიძე
დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში; გარდაიცვალა 2004 წლის 25 იანვარს თბილისში
1962-75 წლებში თბილისის დინამოს, 1965-73 წლებში სსრკ ნაკრების კალათბურთელი (მცველი)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1972 (მიუნხენი); ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1968 (მეხიკო); მსოფლიოს ჩემპიონი – 1967 (ურუგვაი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1973 (იუგოსლავია); ევროპის ჩემპიონი – 1965 (სსრკ), 1967 (ფინეთი), 1969 (იტალია), 1971 (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1973 (ესპანეთი); ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) – 1964 (იტალია); სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1969; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1965; სსრკ თასი – 1969; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1975; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1967; საქართველოს წლის სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1967; ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 2003; ბრწყინაველბის საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ) – 2018; ღირსების ორდენი; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003; ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

 

*-ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ფლობენ.
*-1967 წელს, ჰელსინკში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
*-1979-1983 წლებში საკალათბურთო თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი იყო.
*-2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „ზურაბ საკანდელიძე“.

*-2015 წლის 14 ოქტომბერს, ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში მისი ბიუსტი დაიდგა, გამოიცა ზურაბ ჯავახაძის წიგნი „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე – ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ და მოეწყო ფოტოგამოფენა.
*
-2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“ (რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი), რომელიც საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, ზურაბ საკანდელიძის როლი ირაკლი მიქავამ შეასრულა.

*-თბილისში, ბაგებში, ერთ-ერთი ქუჩა ზურაბ საკანდელიძის სახელობისაა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian