ოქროს მოლოდინში

დღეს ტაშკენტში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, ქართული სპორტის ქომაგებისთვის წლის ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი.
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი 1984 წლის შემდეგ პირველად ტარდება ოლიმპიადის წელს. ამ უცნაურობის ერთადერთი მიზეზი კოვიდ 19ის გამო ერთი წლით დაგვიანებული ტოკიოს ოლიმპიადაა.

გიორგი ასანიძის მომზადებული გუნდი რამდენიმე დღეა უზბეკეთის დედაქალაქშია. ნაკრებში ათი ათლეტი მოხვდა: შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი (ორივე 61კგ), კახი ასანიძე (73კგ), რევაზ დავითაძე (89კგ), ანტონ პლესნოი და ირაკლი გობეჯიშვილი (96კგ), ზაზა ლომთაძე და ირაკლი ჩხეიძე (102კგ), ასევე ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე (+109კგ).

2019 წელს, პატაიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქრო (ლაშა ტალახაძე) და ორი ბრინჯაო (რევაზ დავითაძე, ანტონ პლესნოი) მოიგო.

გააუმჯობესებს თუ არა ორი წლის წინანდელ შედეგს ასანიძის გუნდი, ამის თქმა მიჭირს, თუმცა ის კი ზუსტად ვიცი, რომ ლაშა ტალახაძისგან მხოლოდ ოქროს მედალს ველი.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლამის ცალი ხელით მოიგო ჩემპიონის ტიტული – სამი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, მეორე ადგილოსანს კი ორჭიდში, არც მეტი, არც ნაკლები, 47(!) კილოგრამით აჯობა. ამიტომაც: ოქრო, მხოლოდ და მხოლოდ ოქრო.

ლაშა 17 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე იასპარეზებს.

და როცა ოქროს მედალს მოიგებს, მინიმუმ სამი საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდება:

1: ჩვენი სპორტის ისტორიაში პირველი იქნება, რომელიც მთავარ შეჯიბრებას – ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი – ზედიზედ მეშვიდედ მოიგებს. სადღეისოდ ლაშა ლეგენდარული ფალავნის, ლევან თედიაშვილის „ქართული რეკორდის“ თანაზიარია.

თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სპორტსმენმა 1971-76 წლებში ერთმანეთის მიყოლებით მოიგო მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადები, ასევე მსოფლიოს 1971, 1973, 1974 და 1975 წლების ჩემპიონატები.

ლაშას აქტივში რიო დე ჟანეიროს (2016) და ტოკიოს (2020) ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები, ასევე 2015, 2017, 2018 და 2019 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე დაკავებული პირველი ადგილია.

2: ტაშკენტში გამარჯვებით ლაშა საკუთარ მიღწევასაც გააუმჯობესებს, რომელიც კარგა ხანია ქართული სპორტის რეკორდია: მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული ის კონტინენტის პირველობაზე და მსოფლიო-ოლიმპიადებზე მხოლოდ ოქროს მედალს ეუფლება! სერია 11 გამარჯვებას აერთიანებს – 2 ოლიმპიადა, 4 მსოფლიო და 5 ევროპა.

3: და ბოლოს – ლაშა გახდება მხოლოდ და მხოლოდ მეორე, ვინც ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში ზედიზედ მეხუთედ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს.

აბსოლუტური რეკორდი – მიჯრით 8 ოქროს მედალი, ლეგენდარულ საბჭოთა ძალოსანს ვასილი ალექსეევს ეკუთვნის (1970-1977). ოღონდ საქმე ისაა, რომ 1984 წლის ჩათვლით ოლიმპიადები მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა და ერთ ტურნირში გამარჯვებით ძალოსანი (ალექსეევის შემთხვევაში 1972 და 1976 წლებში) ორ უმაღლეს ტიტულს იგებდა…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის  7 დეკემბერი)
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian