ყველა მინუს ერთი (I)
ის ზაფხული დიდებულად გავატარე: კაპიტან ნემოს ნაუტილუსით მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, ჰაკთან და ტომთან ერთად ათას შარში ვეხვეოდი… ორჯერ ფოთშიც ვიყავი, წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატზე, ფეხბურთს ხომ ლამის ყოველ დღე ვთამაშობდი…
თბილისში დაბრუნებულს კი კლასელმა მითხრა, რომ იმას ის შემოაკვდა. მეგობარს მეგობარი – იარაღი გაუვარდა. ეს იყო პირველი ასეთი უბედურება, რაც მახსოვს. მერე და მერე ერთი მეორეს მიჰყვა და ავტომატის ჯერი ცხოვრების თანამდევი გახდა…
ოცდაათი წლის წინ, 1991 წლის შემოდგომით, საქართველო გადაგვარდა: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მინისტრები განუდგნენ, მათ თანამოაზრეები გამოუჩნდნენ, ხალხი ორად გაიყო და სულ მალე ტყვიაც გავარდა – თბილისის ომს აფხაზეთის უბედურება მოჰყვა, თბილისში დაბრუნებული ათასი შეიარაღებული დაჯგუფება საძმოებად გადაკეთდა და სულ ცოტა ხანში მათ ერთმანეთს დასცხეს…
განუკითხაობა, დაუნდობლობა, სისხლი…
განა რა დიდი უბანში მე ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენი ეკლესიის ეზოში, ლოდზე მიმაგრებული ორი მემორიალური დაფა რამდენიმე ათეულ სახელს და გვარს და უფრო მეტ ტრაგედიას იტევს.
იმ ბიჭებიდან არაერთის სიკვდილი გუშინდელივით მახსოვს:
ჩვენი კლასის დამრიგებლის შვილს ეზოდან დაუძახეს, ისიც აივანზე გავიდა და ქვემოდან დაცხრილეს…
მეორე უბნელი საავადმყოფოში მოკლეს…
მესამე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამოასალმეს სიცოცხლეს…
მეოთხეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაახალეს ტყვია…
ძმაკაცის კარის მეზობელი მეგობართან ერთად მოსკოვში, სასტუმროდან გამოსული დახვრიტეს…
სხვებს სხვა ბედი ეწიათ…
ერთხელ, დილით, მაღაზიაში პურზე ჩასულმა, კლასელის კორპუსთან შეგროვილი მეზობლები შევნიშნე. მივედი და ასფალტზე შუბლგახვრეტილი გვარდიელი ეგდო, სისხლში ცურავდა ის უბედური…
ისიც მახსოვს, რომელიღაც გაზეთმა პატარა სიცილიად მოგვიხსენია და ამის გამო ერთი, აწ უკვე გარდაცვლილი, ფრიად ამაყობდა…
ენიო მორიკონეს მუსიკა პანაშვიდებზე…
ბიჭებს სისხლი უდუღდათ, მერე თოფ-იარაღი და ტყვია-წამალიც გაუჩნდათ და იფიქრეს, რომ ცხოვრება ისაა, რაც კრიოსნი აწეცში, ლიცო სა შრამამში და ადნაჟდი ვამერიკეში ნახეს…
მოტყუვდნენ. ომობანა და წერტილი ტყვიით.
რატომ მოხდა ასე? არ ვიცი. ამაზე სჯობს სხვებმა ისაუბრონ, მსგავს საკითხებში უფრო ჩახედულებმა და ვისაც ის ამბები უკეთესად ახსოვს. დღევანდელი გადასახედიდან მე მხოლოდ იმის მჯერა, რომ იმხანად ქვეყნის სათავეში მდგარ ხალხს და მათ მოწინააღმდეგეებს მეტი დაკვირვება და გონიერება რომ გამოეჩინათ, საქართველო ბევრ უბედურებას აიცილებდა თავიდან.
ზამთრის ის ნაცრისფერი დღეები, როცა რუსთაველზე ოპოზიცია პრეზიდენტ გამსახურდიას და მის მომხრეებს ებრძოდა, გუშინდელივით მახსოვს. ჩემი მომავალი მეჯვარე მე14 სართულზე ცხოვრობდა და მისი ბინიდან ძალიან კარგად ვხედავდით ცეცხლში გახვეულ თბილისის გულს. მერე, სიტუაცია რომ დაწყნარდა, მასთან ერთად დანგრეულ-გადამწვარ რუსთაველზე დავსეირნობდი და ცარიელ გილზებს ვაგროვებდით – ხელმარჯვე კლასელი გვყავდა, მათში კალას ასხამდა და ბრელოკებს აკეთებდა…
იყო თუ არა სამოქალაქო ომი მომდევნო უბედურებების საწინდარი? ჩემთვის ეს ასეა.
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგედიას როცა ახსენებენ, პირველად სამი კაცი მახსენდება: თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი.
სიგუა არასდროს მინახავს ისე, რომ დამმახსოვრებოდა, მხოლოდ მიტინგებზე.
კიტოვანი ერთ ზაფხულს ლისის ტბაზე ამოდიოდა ხოლმე და ნავების პატრონს უთხრა ჩვენზე, ეს ბიჭები როცა მოვლენ, ნავი უფასოდ მიეციო. იმასაც არ უნდა ექნა? ის ორი თვე ლამის ყოველ დღე იქ ვიყავით. კიტოვანი ამით დამამახსოვრდა.
იოსელიანს კი ერთადერთხელ შევხვდი: იპოდრომზე წრიული ავტორბოლა გაიმართა და თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, ტრიბუნაზე ზუსტად ჩვენს უკან, ავტომატებასხმულ დაცვასთან ერთად იჯდა.
1999 წელს ჯაბა იოსელიანის მოგონებები გამოიცა – „მესამე განზომილება“. წიგნი შავნაბადის ამბებით იწყება, თბილისის უბედურებით გრძელდება, რასაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა, აფხაზეთის ომის დეტალები და სხვა საინტერესო ამბები მოჰყვება. მოგონებები იმით სრულდება, რითიც დაიწყო – ციხით, ბოლოს ჯაბა შოთა ქვირაიას სტუმრობას და დაპატიმრების დეტალებს იხსენებს.
ეს წიგნი ფეისბუქამდე კარგა ხნით ადრე წავიკითხე. თბილისის ომის შემდეგ ზუსტად 30 წელიწადი გავიდა და მისი მოგონებებიც ამიტომ გამახსენდა. რამდენადაც ვიცი, 1991-92 წლების დაპირისპირებაზე არც სიგუას და არც კიტოვანს არაფერი დაუწერიათ. ამდენად, იმ დღეების თვითმხილველის და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის მემუარები საინტერესო მგონია. ამიტომაც გავაკეთე ეს ალბომი.
სიმბოლურად შერჩეული ეს 30 ფოტო კი წლების განმავლობაში დამიგროვდა: ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ივერიელი, საქართველოს ეროვნული არქივი, გოგი ცაგარელის არქივი, ვებგვერდები… შესაძლოა სხვების ნამუშევრებიცაა და თუ ისინი არ ვახსენე, მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცი, რომელი ფოტო ვისია. მე მაპატიეთ.
მოკლედ, თბილისის ომის 30 წლის თავზე ჯაბა იოსელიანი და მისი „მესამე განზომილება“, ისტორიები, რომელიც არ უნდა განმეორდეს.
01
21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღეა.
1949 წელს, როცა სტალინს 70 წელი შეუსრულდა, ლენინგრადის კრესტების ციხეში ვიყავი. რადიოში, რომლის ხმაც ეზოდან შემოდიოდა, დილიდან გაისმოდა დიდი ბელადისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მარშები, სიმღერები, ლექსები.
საღამოს დაიწყო ტრანსლაცია დიდი თეატრიდან. როგორც დიქტორმა ლევიტანმა თქვა, ჩართული იყო საბჭოთა კავშირის ყველა რადიოსადგური. სტალინის გამოჩენას სცენაზე მოჰყვა ერთსაათიანი (შეიძლება მეტიც) ტაში, ოვაციები, შეძახილები, ისტერიული შეკივლებები.
გამოფიტული ვუსმენდი ამ ბნელ-მონური ფსიქოზის დღესასწაულს, შუაღამისას კი, როცა ციხე თავის შფოთიან მწუხარებაში ირინდებოდა, ავძვერი ფანჯარაზე და, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიყვირე:
-დალოი გუტალინშიკ!
ასე ეძახდნენ პატიმრები სტალინს.
გუტალინი გასაპრიალებელი კრემია, რომელსაც ფეხსაცმლის მწმენდავები ხმარობდნენ რუსეთში. ამით, უმთავრესად, დაკავებულნი იყვნენ ულვაშიანი აისორები. ჰოდა, სტალინიც თავის ულვაშით ვითომც მათი ტოლი მდაბიო იყო.
იმ ღამეს, როგორც ყოველ დღესასწაულზე, ციხეში გაძლიერებული დაცვა და რეჟიმი იყო. სამარისებულ სიჩუმეში ორად ორჯერ მოვასწარი დაღრიალება. იცოცხლე, მომცვივდნენ ჩეკისტები, ცემა-ცემით გამაფრინეს კარცერისკენ. ისეთი გუტალინი მაჩვენეს, სტალინის დაბადების დღეს რომ ვიგონებ, დღესაც წელი მიხურს, თანაც, ოც დღეს იზოლატორში, ცემენტის იატაკზე ვეგდე.
მაშინ ღმერთ-კაც სტალინს რომ სცოდნოდა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი არსება, მისი ქალიშვილი, დევნილი სვეტლანა, აი, იმ კარცერში მყოფი, სიცივით აკანკალებული, თავისივე მუხლებში თავჩარგული მონის საპატრონო გახდებოდა – მე შევიფარებდი, დავუმეგობრდებოდი და, როცა 60 წელი შეუსრულდებოდა, მე გადავუხდიდი დაბადების დღეს, ვფიქრობ, ჩვენი, ორივეს ცხოვრება ცოტა სხვაგვარად წავიდოდა.
არც არასდროს მიამბნია ეს სვეტლანასთვის. მაშინ 23 წლის ბიჭი ვიყავი, დღეს 65ისა ვარ – ისევ ციხეში ვზივარ და, ასე მგონია, მას შემდეგ გარეთ არც გამოვსულვარ.
დღეს 21 დეკემბერია – ყველაზე გრძელი ღამე…
02
ვახშმის შემდეგ მოძახილის მსგავსი ავტომატის კაკანი გაისმა, ატყდა სროლა. რა ხდება? რატომღაც საკანში ვერ აღწევს და ეზოში იფრქვევა ქარის მოტანილი ღრიანცელი. შემდეგ ტყვიამფრქვევის მძიმე ჯერები. კვლავ ფანჯარაზე ვძვრები. ეტყობა გია ვაშაკიძეც ფანჯარასთანაა.
-ჰა, დაიწყო? – ვეკითხები.
-ეს დეშეკაა, – ამბობს მხიარულად.
გარეთ ბინდბუნდია, რაღაც ლითონზე აბრახუნებენ, გაურკვეველი ჩოჩქოლია.
-ეს ციხის რკინის ალაყაფის ჟღარუნია, – მეუბნებია ჩემი ყურდაცქვეტილი თანამესაკნე კაკო ნეფარიანი.
ბრახუნი გრძელდება, უხეში გადაძახება-გადმოძახების ხმებია.
ჩვენს კარმუშკასთან (კარში ჩატანებული ფანჯრის მაგვარი დახურული ჭრილი) კორპუსის უფროსი, მაიორი გია მორიდებით მაძლევს შენიშვნას:
-არ გინდა ბატონო ჯაბა, ნუ ადიხარ ფანჯარაზე.
-რა ხდება? – ვეკითხები.
დაბნეულია, ვერაფერს მპასუხობს და მიკეტავს კარმუშკას. ბრახუნი შეწყდა. ვაანალიზებ. რა იყო ეს? კაკო მიმტკიცებს, თქვენს წასაყვანად იქნებიან მოსულიო. მეც რაღაც ამდაგვარს ვფიქრობ, მაგრამ განგებ ვჯიუტობ. არა, არა, ალბათ რამეს არემონტებენ.
ვგრძნობ, რაღაც გარდუვალი უბედურება დაიწყო, სტიქია აბობოქრდა! ვანთებ სანთელს და ვლოცულობ ილია II-ის მოტანილ ხატთან.
კარი იღება, ციხის უფროსთან მეძახიან. მატყობინებს: „საქმე კარგად არის, გამსახურდია მთავრობის სახლში ჩაიკეტა, გვარდიელები და ოპოზიციონერები შემოერტყნენ სასახლეს“…
03
ვახშმის შემდეგ გავყავარ კაგებეს უფროსთან, მაგრამ მის ნაცვლად მოადგილე მხვდება. მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობს. მე ხმას არ ვიღებ. უცებ მეუბნება:
-თქვენს წასაყვანად არიან მოსულნი.
-ვინ?
შემოდის მხედრიონელი ელექტროკუკური:
-ბატონო ჯაბა, უნდა წამოხვიდეთ, გარეთ ბიჭები გელოდებიან, მე შემომიშვეს, თამაზ-წესრიგაც აქ არის.
-ჩემთან ერთად ამ ციხეში მყოფი ყველა მხედრიონელი უნდა გაათავისუფლოთ, – ვეუბნები კაგებეს უფროსის მოადგილეს – აგრეთვე გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა და მამუკა გიორგაძე.
-ამას მე ვერ გადავწყვეტ.
-მაშინ მე არ წავალ, – მტკიცედ ვამბობ და ვდგები.
-კარგი, ახლა საკანში წადით, ყველაფერს დავაზუსტებ.
კამერიდან ყველაფერს ვატყობინებ გია ჭანტურიას, ზაზას, გელას და ვაშაკიძეებს. გია ჭანტურია მეძახის ფანჯარასთან და მირჩევს, არ წავიდე. ეტყობა თვითონ არ სურს წამოსვლა.
-ეგ პროვოკაციაა, რაღაცას გიწყობენ!
-არა, ჩვენი ბიჭები არიან მოსულნი.
-არ დაიჯერო! – მაინც თავისას გაიძახის…
04
გამთენიისას ვერტმფრენმა გადაგვიფრინა და, მგონი, რეხვა. ჩვენს ეზოში ძლიერმა აფეთქებამ წამით დაგვაყრუა.
-სასახლეში ჩამოაგდო ბომბი, – მიყვირის გია ვაშაკიძე.
მე ეჭვი მეპარება. აფეთქება მოხდა ან ჩვენი ეზოს დასაწყისში, ან პირველი სკოლის ეზოში.
შუადღისას გავყავარ ციხის უფროსს, ტარიელს:
-ჯაბა, ცუდად არის საქმე, თქვენმა ბიჭებმა უკან დაიხიეს.
-როგორ?
-აქამდე სასტუმრო თბილისში იყვნენ, ახლა კი, სახლიდან აქეთ რომ მოვდიოდი, ლაღიძის წყლების შესასვლელთან იდგნენ და აქეთ აღარ მიშვებდნენ.
-იქნებ პატრული იყო? – ჩავეკითხე რაიმე საიმედოს გასაგონად.
-არა, აქეთ უკვე არავინაა.
-მთელი დღე ქვემეხი ისროდა, არავითარი შედეგი არ მოჰყვა ამას? – უფრო ვიღაცას ვსაყვედურობ, ვიდრე პასუხს ველი.
-კაცო, ისინი ბუნკერში არიან, ეს გერმანელების აშენებულია, რა დაანგრევს?!
-ჩვენ რა გვეშველება?
-არ ვიცი, – მპასუხობს მართლაც დაბნეული.
გულდამზრალი ავდივარ საკანში. მე მაინც გავყოლოდი ელექტროკუკურის. ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია! ახლა თუ ზვიადისტები ბუნკერიდან გამოვიდნენ (და ალბათ გამოვლენ), ინიციატივას ხელში ჩაიგდებენ და დამთავრებულია საქმე.
ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ, ავიყვანოთ აქაური ზედამხედველები და უფროსობა, თორემ მერე გვიანი იქნება, შემოგვიცვივდებიან და დაგვხოცავენ.
ჩემი რომანი მეცოდება. ცოცხალი თუ გადავრჩი, მეორედ ამას რა დაწერს. კაკოს არაფერი ემუქრება, ციხეში თუ დარჩა, მით უმეტეს.
-კაკო, – ვეუბნები – ერთი თხოვნა უნდა შემისრულო: რაც უნდა მოხდეს, ამ რომანს, ჩემს ხელნაწერს უპატრონე, შვილივით შეინახე. თუ გადავრჩი, რაღაცნაირად მოგაკითხავ და გადმომცემ. არადა, შენ იცი, თითქმის მზად არის, როგორც კი მომენტი ჩაგივარდება ხელში, გამოაქვეყნე, არაფერს წააგებ. იცოდე დიდ საქმეს გამიკეთებ!..
05
დილის ოთხი-ხუთი საათი იქნება, ჯერ კიდევ შუაღამესავით ბნელა. საკანი ხმაურით იღება:
-ჩქარა უფროსთან! – აქეთ-იქით იყურება და მოუსვენრად ადგილზე ცქმუტავს ზედამხედველი.
გაუხდელი ვარ, ფეხსაცმელში ჩავკარი ფეხი და სწრაფად გავდივარ.
ვიდრე უფროსის კაბინეტში შევიდოდი, კიბეზე ვიღაცებმა ბრაგუნით ამოირბინეს. წინ მეჩეხებიან. ვიღაც ქლოშინით მეხვევა.
-ბატონო ჯაბა, ჩქარა, თქვენს წასაყვანად მოვედით!
ეს ხომ გელა ლანჩავაა, გვარდიელი. მასთან ჩვენი ბიჭებიც არიან. შევდივართ უფროსთან. ტარიელს ბოლომდე არაფერი აქვს გადაწყვეტილი, დაბნეულია, ვატყობ, ახლა უკვე ჩემს ბრძანებას დაექვემდებარება.
-ჩუმად და სასწრაფოდ გამოიყვანეთ ზაზა ვეფხვაძე, გელა გოდერძიშვილი, ვაშაკიძეები, გია ხუბულაშვილი, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე. მე მანამდე ხელწერილს დაგიტოვებ. მთავრობის პირველივე მოთხოვნაზე უკან დავბრუნდებით – ხავსს ვთავაზობ ხელის ჩასაჭიდებლად – ბუღაც გამოიყვანეთ!
-ბუღა არ გინდა, ვერაა ჭკუაზე, – უფრო მირჩევს, ვიდრე მეწინააღმდეგება ტარიელი.
-რაღაც დამრჩა, ახლავე ჩამოვალ, – ზევით ავრბივარ. ვხედავ, ბიჭები გამოდიან საკნებიდან.
-ჩქარა, – ვეუბნები – ახლავე ჩამოვალ.
შევდივარ კაკოსთან, მინდა ჩემი რომანი წამოვიღო. გარედან ავტომატის შედლუხი ისმის, შეიძლება ეგრევე ბრძოლაში ჩავერთო, ახლა ამ უშველებელი საქაღალდით სად ვირბინო, ან რას იტყვიან, რა დროს ეგ არი?! ჯანდაბას! კაკოს გაღვიძებია, შეშფოთებული მომჩერებია, ალბათ ჰგონია, თან წამოყოლას ვთხოვ.
-კაკო, მე მივდივარ, შენ იცი, რომანი არ დამიკარგო!
-ნუ წუხხარ, ყველაფერი რიგზე იქნება.
ვკოცნი და გავრბივარ.
ყველანი ტარიელთან შეკრებილან, აღგზნებულები ლაპარაკობენ.
-წავედით! – ვბრძანებ.
ჩავრბივართ. სუფთა, სუსხიან ჰაერს დენთის სუნი შერევია. თავისუფლება ავტომატების გამაყრუებელი კაკანით გვხვდება. ვინ ისვრის, საიდან, არაფერი ვიცით. ლანჩავა გვერდზე მომდევს, როგორც ნადავლს, მიფრთხილდება.
გამოვდივართ რუსთაველის პროსპექტზე. გეზი, როგორც ჩანს, სასტუმრო თბილისისკენ გვიჭირავს…
06
შევრბივარ მთლად დამწვარ სასტუმროში, როგორც ჩანს, ყოფილი სარკმლიდან – ერთბაშად ვერც ვხვდები, სად იყო აქ შესასვლელი კარი.
სასტუმროს უკანა მხარეს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია. იქ, სადაც უწინ ლიფტის ჰოლი იყო და ახლა რაღაც დაჟანგული, ცეცხლს გადარჩენილი არმატურა ჰკიდია, ხალხი ფაციფუცობს: მეხვევიან, მივყავარ სიღრმეში.
კუთხეში, ყუთებზე, როგორც სავარძელში, თენგიზ სიგუა ზის, ფეხებზე შინაურულად პლედი მოუხურავს. ერთმანეთს ვეხვევით. ეს უფრო პოზიციების შერწყმაა, ვიდრე ახლობლების შეხვედრის გამოხატულება.
ეს ძველი, სოლიდური, კაპიტალური სასტუმრო, ყოფილი მაჟესტიკი, შემდეგ თბილისი, ახლა ავტობუსების ფარღალალა მოსაცდელს დამსგავსებია. რასაკვირველია აქ გამაგრება აღარ შეიძლება, მით უმეტეს, სასახლის მოპირდაპირე და სასტუმროს მეზობელი შენობა – მხატვრის გალერეაც მიტოვებულია. მიკვირს, ამდენ ხანს რატომ რა გადმოინაცვლეს ზვიადისტებმა…
პოზიციებიდან მოირბინეს მხედრიონელებმა გიგა არველაძემ, წესრიგამ, ზორომ. კოსტავას საზოგადოების ხალხს წუხელ მიუტოვებია სადარაჯოდ განკუთვნილი მოედნის ნაწილი. ახლა მთავრობის სასახლეში გამოკეტილებს ფაქტიურად მოეხსნათ ალყა. სულ თორმეტი მხედრიონელი დარჩა. გიგა არველაძე შეტევას შეტევაზე აწყობს. არადა, რის იმედით? უბრალოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მოედანზე დიდი ძალა გვყავს. საერთო სიტუაციას ხეირიანად მაინც ვერავინ მიხსნის.
მხედრიონელებს გავყავარ განზე. მატყობინებენ, რომ გვარდიელები ცოტანიღა დარჩნენ. არიან მოკლულები, ზოგი დაჭრილია, ზოგიც მიიმალა. ასი მეომარიც აღარ იქნება. სიტუაცია თითქმის უიმედოა.
სასახლეში, სავარაუდოდ, ოთხი ათასი კაცია. გარეთ რომ გამოვიდნენ, ამით დამთავრდება ყველაფერი.
მილიცია არ აქტიურობს. აქეთ-იქით თამაშობს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაბულიანმა სიმულანტური ხერხით თავი დაიძვრინა, ვითომ რაღაც აუფეთქდა და თვალები დაევსო – ერთი დღით საავადმყოფოში დაწვა, მერე კი სადღაც გაქრა. რომან გვენცაძე (მისი მოადგილე) ფეხშია დაჭრილი.
-სასწრაფოთ შეკრიბეთ მხედრიონელები! – ვავალებ გიგას და კოწიას…
07
მოდის თენგიზ კიტოვანი, მეხვევა და მჩუქნის პისტოლეტს. მეცინება:
-ეს არ ეყოფა, თენგიზ, საქმეს.
დაბნეული მეჩვენება – კონკრეტულად არ იცის რა მოიმოქმედოს.
-გადავდივართ იმელში, – მიხსნის – იქ გავმაგრდებით.
გამოჩნდა ელდარ შენგელაია:
-გაზეთებს არ უნდათ თანამშრომლობა, – ჩივის – ქაღალდი არ გვაქვსო, თავს არიდებენ. მე საწყობში დავადექი თავზე და დღეს გამოუშვებენ.
-არ მიმიყვანონ, მაგათი დედა! – განგებ უხეშად ვიგინები. საჭიროა სიმხნევე დაუბრუნდეს ადამიანებს.
-სნაიპერები მუშაობენ, – მაფრთხილებენ – ჩეჩნეთიდან არიან ჩამოსულები…
მინდა შინ მივიდე, ვნახო ჩვენები, ჩემი ჯაბუკა. ნეტავი თუ მიცნობს…
ხვალისთვის, 28 დეკემბრისათვის ვნიშნავ მხედრიონის შეხვედრას ჩვენს მიერ მიტოვებულ ჭადრაკის სასახლეში. დავინტერესდი ვის ჰყავს შეიარაღებული ხალხი, ვინ არიან ისინი და რა სურთ.
ვითვლით: თენგიზ კიტოვანის გვარდიელები ოცდაათ-ორმოც კაცამდე, ვაჟა ადამია ოცდაათ კაცამდე, ჩვენ ჯერჯერობით, ახლად გამოსულებიანად, ოცი კაცი. გაურკვეველი საქმის ხალხი, რომლებიც გვგულშემატკივრობენ, ბევრია. ჩვენ მებრძოლები გვინდა.
ტექნიკა არის: ერთი ბეტეერი, ერთი ბეემპე, ორი ოთხმოციანი ნაღმსატყორცნი, ერთი ქვემეხი უჭურვებოდ.
ქორწინების სასახლეში არიან სვანები – სამოცი შეიარაღებული კაცი. ჩვენი მხედრიონელი დათო გადრანი გვპირდება, რომ ისინი ან ჩვენკენ იქნებიან ან, უარეს შემთხვევაში, არ ჩაერევიან. ამის იმედი მეც მაქვს. იქ, როგორც გავიგე, ავთო იოსელიანია, ჩემთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ვაჟკაცი, წესიერი ბიჭი.
გამსახურდია საშველად უხმობს მილიციას, პრეფექტებმა რაიონებიდან უნდა ჩამოიყვანონ ისინი.
შინაგან ჯარებს – ომონს ხელმძღვანელობს ვანო ჭელიძე. იგი გამსახურდიას მომხრეა. ამას წინათ ერთი ავტობუსი ტყვია-წამალი შეიტანა ბუნკერში.
საჩხერელი ბესიკ ქუთათელაძე თავისი ოცდაათი კაცით ფუნიკულიორზე ტელეანძას დარაჯობს.
შეიარაღებული რაზმების ყველა ხელმძღვანელს ხვალისთვის ტელევიზიაში ვიბარებ…
08
რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება მიტინგი, მთხოვენ დავენახო ხალხს და სიტყვით გამოვიდე. ვთანხმდები. დიდი მიტინგი არ არის, ასე 400-500 კაცი იქნება. ნაცნობი სახეები.
ჩემთან მოდის ხოშტარია, გამსახურდიას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა ოპოზიციაში გადმოინაცვლა. ვესალმები, თუმცა ჩემზე რაღაც-რაღაცეებს ბოდავდა. ახლა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველანი! მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ უნდა დატოვოს პოსტი და ჯერჯერობით საქართველოც.
-ყველა მინუს ერთი! – ვაცხადებ მიტინგზე.
ტაშით მხვდებიან.
„გაჩნდა მესამე ძალა“ – ამბობენ ზვიადისტები. ჩვენ მესამე ძალა არა ვართ, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ!
მივდივარ იმელში. იქ ყარყარაშვილი ისტერიკაშია ჩავარდნილი, მეხუთე მეგობარი მოუკლეს. მასთან საუბარი უტაქტობა იქნება.
დღევანდელი საღამო და ხვალინდელი დილა მადარდებს. დღეს თუ დაგვარტყეს, ორგანიზებულები არა ვართ. ხალხიც არ ჩანს, სადაა გვარდია?
იმელში ტარიელაა – კასპის ბატალიონის უფროსი (ბატალიონში ოცი კაცია), მხედრიონელებისგან ნიკუშა რურუა, გია სვანაძე, გიგა არველაძე არიან.
-ბიჭებო, დღეს როგორმე უნდა გავძლოთ, ხვალიდან დედას ვუტირებთ!
გიგა მაწყნარებს:
-ყველაფერი რიგზე იქნება!
დასაძინებლად ოჯახში მივდივარ. ჩემი ცოლი – სუსკია, სოფიკო, ლეილა, ნათესავები, ცრემლები… ჯაბუკა თან მცნობს და თანაც ვერა, იმ წუთში მომიშინაურდა…
დილით ადრე ვდგები, ვიცვამ ჯავშანჟილეტს, ვიღებ ავტომატს. საჭესთან კოწია ჯდება. ჩვენთან არიან მეზობლები, კოწიას მეგობრები ვატო და რეზიკო. მივდივარ ლილისთან, ჩემს გატანჯულ დასთან. ცრემლები, უაზრო ჭკუის დარიგება სიფრთხილის თვალსაზრისით…
09
ვჩაქრობ იმელში.
აქ მოულოდნელი სიწყნარეა. ქვედა სართულზე მედპუნქტს ვათვალიერებ. პირველი დახმარებისთვის მეტ-ნაკლებად ყველაფერი არის.
თენგიზ კიტოვანი არ გამოჩენილა. ამბობენ, მას და სიგუას ამ კრიტიკულ ღამეს რუსების შტაბში ეძინათ.
ზედა სართულებზე არავინაა. წუხელ რამდენიმე ტყვიას შემოუღწევია, ფანჯრები ჩამსხვრეულია.
პირველ სართულზე, მაგიდასთან, რეზო ჭანკვეტაძე თვლემს, კასპელი ტარიელა და მხედრიონელი იმედაძე კამათობენ. მოდიან გიგა არველაძე, გია და დათო ვაშაკიძეები, ელექტროკუკური, წესრიგა, დათო მამულაშვილი.
გელა გოდერძიშვილი კახეთშია წასული, იქნებ ხალხი ჩამოიყვანოს. დათო ვაშაკიძე სამტრედიაში მიდის იმავე მიზნით.
მოდის მხედრიონელი ვახტანგ ბეგიაშვილი, გიო ხვიჩია, რემკა, კოტე ბიბილაური. კმაყოფილი ვარ, ასეთი ბიჭები თუ კვლავ ჩემთან მოდიან, ესე იგი საქმე კარგად წავა.
-ამას რა ტყვია აცდება, – ხუმრობს ვახტანგი და ბუმბერაზ დათო ვაშაკიძეზე მიუთითებს.
აღგზნებული გიგა არველაძე წუხანდელ ამბავს გვიყვება. გაჭირვებით გამოუკვლევიათ გზა ცეცხლმოკიდებული სახლიდან. მაინც ერთი წუთითაც არ ასვენებდნენ სასახლეს. რა იცოდნენ იქ, რომ სულ ხუთიოდე მხედრიონელი ბობოქრობდა ასე. ელექტროკუკური ამხელა თავითა და უკანალით ძლივს გამოტეულა რაღაც სარკმელში. ბიჭები იცინიან…
ედპმ კაცი გამოგზავნა, მთხოვენ მივიდე მათთან კონსპირაციულ ბინაში. მივყვები. სადღაც თბილისის ძველ რაიონში სარდაფის მსგავსი ბინა. გია ჭანტურია არ დამხვდა, სამაგიეროდ დანარჩენები აქ არიან: ირინა სარიშვილი, მამუკა გიორგაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და სხვები.
გადაუწყვეტიათ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ და სხვაგვარად ყველაფრით დაეხმარონ ოპოზიციას. ამასვე მირჩევენ მე.
ჩვენ მერე მოვალთ ხელისუფლებაში, ასკვნიან ისინი. მეცინება. მერე როგორღა მოხვალთ, თუ ახლა წააგებთ?!
საქმე წკიპზეა მისული. სხვისი ხელით ცეცხლიდან წაბლის დათრევას არ ვარ ჩვეული და არც პატიოსნებად მიმაჩნია. არა მგონია, რომ ეს კაცების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, ვფიქრობ, ირინას ქალური სიფრთხილე უფროა…
10
მივდივარ ტელევიზიაში. იქ შეიარაღებული ჯგუფების მეთაურები უნდა მოვიდნენ. მოვლენ კი? რა შედეგს მოგვცემს შეხვედრა მხედრიონთან ჭადრაკის სასახლეში?
ტელევიზიის რომელიღაც დარბაზში მრგვალი მაგიდაა. მადლობა ღმერთს, თითქმის ყველანი აქ არიან ვაჟა ადამიას გარდა.
ვუსხდებით მაგიდას. გია და დათო ვაშაკიძეები ფეხზე რჩებიან. აქ არის თავდაცვის მინისტრი ნოდარ გიორგაძე, გამსახურდიას ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო მეთაური და უზენაესი საბჭოს დეპუტატი ბესიკ ქუთათელაძე, გვარდიის შენაერთის თეთრი არწივის ხელმძღვანელი გია ყარყარაშვილი, მილიციის უმაღლესი სკოლის უფროსი გივი კვანტალიანი, შინაგანი ჯარების სარდალი ვანო ჭელიძე.
ვკითხულობ, რატომ არ მოვიდა ვაჟა ადამია. რაღაც ყოფით მიზეზს ასახელებენ. ყარყარაშვილი მიმტკიცებს, რომ ვაჟა ჩვენთან არის, უბრალოდ, ვერ მოვიდა.
მე ვიწყებ მოკლე შესავლით. ვამბობ, რომ პრეზიდენტი, რომელიც სამოქალაქო ომამდე მიიყვანს ქვეყანას, უნდა გადადგეს. არავინ მეწინააღმდეგება. ვაცხადებ ისევ ჩემს ფორმულას: ყველა მინუს ერთი! ზვიად გამსახურდია უნდა წავიდეს საქართველოდან, დროებით მაინც, არჩევნებამდე.
რაც სისხლი დაიღვარა, საკმარისია, ნუღარ მოხდება კონფლიქტის ესკალაცია. არავის ხელს არ ვახლებთ, კიდევ ვიმეორებ: ყველანი მოვიდნენ, დეპუტატებიც, სამხედროებიც, მთავრობის წევრებიც, ერთად ვიყოთ. თუ ჩემი არ სჯერათ, ზვიადს მე თვითონ გავაცილებ საზღვრამდე. თუ ესეც არ უნდა, ნახევრად ხუმრობით დავძენ, მზად ვარ ორივენი – მე და ზვიადი ჩავსხდეთ ციხეში, ერთ კამერაში. დაე ხალხმა განგვსაჯოს!
მცირე პაუზის შემდეგ განვაგრძობ: ვინც კი შემეწინააღმდეგება – მუშტს ვურტყამ მაგიდას – დედა… (ცხარედ ვიგინები).
ყველანი მისმენენ, არავინ არაფერს ამბობს.
ვაკეთებ დასკვნას: თქვენ, ნოდარ (მივმართავ გიორგაძეს), როგორც თავდაცვის მინისტრს, წინადადებას გაძლევთ წახვიდეთ ბუნკერში და ყველაფერი ეს გადასცეთ გამსახურდიას. პასუხს ველი ხვალამდე.
ჩვენი მხრიდან არ იქნება არც ერთი გასროლა (ეს ერთი დღე მჭირდება საორგანიზაციოდ). ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ქარტიაში (ამა და ამ პუნქტში, ვასახელებ პუნქტებს) წერია: თუ ქვეყანაში მეტი გამოსავალი აღარ არსებობს, ხალხს აქვს უფლება აჯანყდეს და ისე მოიცილოს დიქტატორული რეჟიმი…
11
ყარყარაშვილი გზაში მეუბნება, რომ ვაჟა ადამიამ გვიღალატა – მოედანზე მოხსნა თავისი ხალხი. მაგრამ ეს არ თქვა შეხვედრაზე. არ სურდა სხვებს გაეგოთ. მაინც იმედი მაქვს, ვინაიდან ყაჩაღანა გელა გელაშვილი, დუშეთის ბატალიონის უფროსი, მისი მეგობარია და ვაჟას გადაარწმუნებს.
ჭადრაკის სასახლეში გულზე მომეფონა – ორასამდე მხედრიონელი მიცდის. ვინ როგორ შეიარაღებულები. აქვე ტრიალებენ ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, ჩვენი ძველი ნაპო-ნაპოლეონა, ზურა დანელია, დათო გადრანი, ერეკლე ნარსავიძე, დათო დანელია. ტაშით მხვდებიან. ვეხვევი, ვკოცნი. ბევრი ძველია, ზოგიც ახალი, ანთებული თვალებით.
-აბა ჰაიდა! წავედით ბიჭებო! ეს სასახლე შტაბად არ გამოდგება. დაშორებული ვიქნებით მოვლენებს. რაც შეიძლება ალყა უნდა შევიწროვდეს!
გავდივართ ქალაქში, ვეძებთ ადგილს, სადაც დავბანაკდებით. შენობა კაპიტალური უნდა იყოს, დივერსია ან თავდასხმა არ მოგვიწყონ. იმელში გვარდიაა, თუმცა ისინიც აღარ არიან. იქაურობა ნახევრად იცხრილება.
ვირჩევთ აკადემიას ზემელზე. შეგვიძლია ზემოდან შემოვუაროთ სასახლეს, შპილზე ნაღმსატყორცნსა და ტყვიამფრქვევს დავდგამთ – იქიდან მთელ არემარეს გადაჰყურებ, მთავრობის სასახლეც ხელისგულივით მოჩანს. კავშირგაბმულობა წესრიგშია, ოთახებში – სითბო, სინათლე. ერთი სიტყვით, საუკეთესო ობიექტია.
ვსახლდებით. აკადემიის ხელმძღვანელობა დამალულია. ვპოულობთ, ვუხსნით ვითარებას. ვპირდებით – ყველაფერს მოვუვლით, არაფერი დაგეკარგებათ. როგორც კი ომი დამთავრდება, ყველაფერს ხელუხლებლად ჩაგაბარებთ (ასეც მოხდა. როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთი ტელევიზორი დაიკარგა).
ერთ საათში განვლაგდით, ყაზარმული რეჟიმი გამოვაცხადე, კარებში ყარაულები ჩავაყენე – ზედმეტი არავინ შემოუშვან. ვაწყობ ათეულებად. საერთო ხელმძღვანელობას გია სვანაძესა და გიგა არველაძეს ვაბარებ. შტაბში ზაზა ვეფხვაძე დაამყარებს წესრიგს. ყარაულის უფროსად ზორო იქნება. ჩემთან არიან კოწია, წესრიგა-თამაზი, გიო ხვიჩია, ირაკლი ჯიბლაძე, დათო გადრანი…
12
გადავდივართ იმელში. თენგიზ კიტოვანი მხვდება გადარაჯებული:
-როგორაა საქმე?
-კარგად, – ვპასუხობ.
-რამდენი კაცი მოვიდა?
-ორასი.
კმაყოფილი იღიმება. ვადგენთ თავდასხმის გეგმას. ხვალ, დილაადრიან, ხუთ საათზე ვიკრიბებით და აქედან გავდივართ საიერიშოდ. აქვეა გია ყარყარაშვილი:
-მე მომყავს ორმოცდაათი კაცი.
-მეც მაგდენს მოვიყვან, – ამბობს თენგიზი.
შტაბებთან კავშირი საპიორნის ქუჩით იქნება. გზას პატრული გააკონტროლებს.
შემოგვიერთდა ყაჩაღა. მათ ბეტეერი აქვთ. კისრულობს მთავრობის სასახლის ზემოდან კონტროლს. ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან შექმნის სარეზერვო პუნქტს, ჰყავს ოცდაათი მებრძოლი.
ვბრუნდები აკადემიაში, ვეძახი ბიჭებს. გიგა არველაძე არჩევს ვინ წაიყვანოს საიერიშოდ…
შემოსასვლელ კართან შეჯგუფულან კორესპონდენტები. მათი მიღების დრო არა მაქვს. თუმცა რაღაც ოფიციალური განცხადების გაკეთებაა საჭირო. პარტიის ლიდერები არსად ჩანან. მათგან მეტს არც მოველოდი. განა უფიქრიათ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც უნდა მოჰყვეს მასების აზვირთებას, აბორგებას, ვაშას ძახილს, როცა უშუალო საშიშროება ჯერ არ ჩანს?!..
აკადემია გაივსო თბილისელებით. ახალგაზრდებს სურთ მხედრიონში ჩაწერა, ზოგს უბრალოდ ჩვენს გვერდით დგომა უნდა.
გვარიშვილების ოჯახიდან ოთხი თაობის მამაკაცები მოვიდნენ. ჩემი ცოლის ბიძა – ილიასი, მისი შვილი კუკური, შვილიშვილი მამუკა და ბადიში ბაკუნა, სანადირო თოფებითა და პატარა იარაღებით. თუ ასე, ოჯახებით მოდიან, ესე იგი, გამსახურდიას მაგრად გაუმწარებია ინტელიგენცია.
ოთარ ლითანიშვილმა (ქალაქის ყოფილი მთავარი მხატვარი) თბილისის დეტალური რუკა და მთავრობის სასახლის შენობის გეგმა მოიტანა.
გია სვანაძეს ვავალებ გრიბოედოვის ქუჩიდან იმელამდე და ზურგშიც, მოსკოვის ქუჩაზე, მთელი ღამე პატრულებმა იმოძრაონ…
13
პურის გასაჭირია, დენი პერიოდულად ითიშება, საწვავი არ შემოდის. ქალაქის მერი და მისი მოადგილეები გაქცეულები არიან.
ჩემთან მოდის თბილისის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზამბახიძე, ჩემი ახლობელი, პატიოსანი და მშრომელი ადამიანი. ვავალებ მიხედოს ქალაქს: „წაიყვანე ჩვენი ბიჭები და მიხედეთ უპირველესად სინათლეს, პურს“…
ჩემს კაბინეტში, დივანზე, ზოროს გაუშლია ლოგინი.
-სამ საათზე გამაღვიძეთ, – ვეუბნები ბიჭებს.
აქვეა წესრიგა, გია ხუბულაშვილი. ესენი ჩემს დაცვას არეგულირებენ. ჩემი პროტესტი უშედეგოა. ვფიქრობ, თვითონ მიხვდებიან, რომ ომში პირადი დაცვა სისულელეა. კოწია ჩემს ოთახში, სავარძელზე, გაუხდელი წვება.
იმედი არა მაქვს, რომ ნოდარ გიორგაძე მოიტანს გამსახურდიას თანხმობას გადადგომაზე. მაინც ვლოცულობ, იქნებ მოხდეს სასწაული და ავცდეთ სისხლისღვრას.
მაღვიძებენ ოთხ საათზე. სასწრაფოდ ვიცვამ. ბიჭებს არ ეძინათ, ორმოცდაათი კაცი მზად არის, აღჭურვილი, აღგზნებული და ხაზგასმით მხიარული. ვლოცულობ, ღმერთს მადლობას ვწირავ, გუშინ (და არა წუხელ ღამეს) რომ გადავრჩით. გუშინ ღამით რომ გამოსულიყვნენ ბუნკერიდან, ვერც ორგანიზებას მოვასწრებდით და ხალხიც გაგვეფანტებოდა.
იმელში ხუთი-ექვსი კაცის მეტი არავინაა. ვკითხულობ, სად არიან საერთოდ გვარდიელები, სად სძინავთ. ამბობენ, რომ სასტუმრო ივერიაში თხუთმეტი-ოცი კაცია. უკვე ხუთი საათია, არავინ ჩანს.
ვღელავ და ვბუზღუნებ. გამთენიისას მოდის გელა ლანჩავა ბეემპეთი, რაღაცას ქოთქოთებს, მგონი თავი გაიტეხა თუ ბეემპედან გადმოვარდა. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მზად არის ჩვენთან ერთად წამოვიდეს. მაგრამ არც თენგიზ კიტოვანი და არც მისი შეპირებული ორმოცდაათი კაცი არ ჩანან.
კარგა გათენებულზე მოდის ყარყარაშვილი.
-გია, რა ხდება, სად არის თენგიზი?
-ალბათ ზღვაზეა ან სადმე, მას აქ არ სძინავს ხოლმე.
-გამთენიისას ხომ უნდა დაგვეწყო შეტევა?
-რასაც ეგ ლაპარაკობს, მე ყურადღებას არ ვაქცევ, – ამბობს ირონიული ღიმილით…
14
განხიბლული ვარ, არ მსურს დავეჯახო. ჯერ კარგად უნდა გავერკვე ვითარებაში.
ვუბრუნდები ჩემს ბიჭებს:
-აიყვანეთ კონტროლზე საპიორნის ქუჩა, ბანკის შენობაში ან კინოთეატრ რუსთაველში მოაწყვეთ საველე შტაბი. თუ დაკავებულია, გამოყარეთ. ლანჩავა წაიყვანეთ ბეემპეთი.
გია ყარყარაშვილთან ერთად პოდპოლკოვნიკი პაატა დათუაშვილია, არტილერისტი. აქვეა დევი ჭანკოტაძე, ესეც საკადრო ოფიცერი.
-დღეს ჯობია მთელი დღე ვბომბოთ, – ამბობს ყარყარაშვილი – და ხვალისათვის მოვიფიქროთ რამე.
იწყება სჯა-ბაასი, საიდან დავიწყოთ დაბომბვა. დევი ჭანკოტაძე გვთავაზობს პირდაპირ იმელის წინ, რუსთაველის ქუჩაზე ნაღმსატყორცნი დავამონტაჟოთ, პაატა კი კომკავშირის ხეივანს აძლევს უპირატესობას. გადაწყდა: ერთი იქიდან, მეორე აქედან.
დათუაშვილი მიდის, რათა მოამზადოს იქ ყველაფერი, დევის კი უკვე გამოაქვს ნაღმსატყორცნი რუსთაველზე. მე რაღაცებში ვეხმარები, თანაც ჩვენს დაზვერვას ველოდები.
შუადღისთვის მოდიან გვარდიელები.
-ბატია მოვიდა, ბატია მოვიდა!
-ვინ ბატია? – ვფიქრობ.
შემოდის კიტოვანი.
-კარგი კლიჩკა გიშოვია, – მეღიმება – სადა ხარ ამდენ ხანს, ხუთი საათიდან გელოდებით.
რაღაც გაუგებრად მპასუხობს. გვერდზე გავყავარ:
-კაცი გამოჩნდა, რომელმაც იცის ისეთი შესასვლელი ბუნკერში, პირდაპირ ზვიადას ოთახს მიადგები.
-სად, როგორ?
იღიმება. თავს დამაჯერებლად მიკრავს.
-რად გვინდა ბიჭები დაგვეღუპოს, ეგრევე მივადგებით, ავიყვანთ იმას იქ.
-ვინ არის ეს კაცი და საიდან რას მიადგება? – ვეკითხები.
თვალს მიპაჭუნებს, იღიმის და კვლავ მრავალმნიშვნელოვნად მიკრავს თავს. ამას ისე დამარწმუნებლად აკეთებს, რომ თითქმის ეჭვიც მეფანტება. იქნებ მართალია, რა არ ხდება ცხოვრებაში. მერე ირკვევა, ის კაცი დღეს საღამოს მოვა. ადგილი კი მოედნის მეტროა. იქ რაღაც საიდუმლო კარი ყოფილა, გვირაბში შესასვლელი, რომელსაც მთავრობის სასახლეში შევყავართ სასადილოსთან, სადაც ბუნკერია. ვნახოთ, ვნახოთ…
15
მოდიან ბიჭები რაიონებიდან, მოდიან მხედრიონელები, ქალაქელები. ჩემი ვარაუდით შვიდასამდე კაცი ვიქნებით. ეს უკვე ძალაა, შეიძლება ავანტიურის გარეშე დაიგეგმოს სამხედრო მოქმედება. ყველას, ალბათ, აჯობებს მჭიდრო ალყა, ნაკლები მსხვერპლი იქნება.
ტელევიზია არ მუშაობს, ანძას ბესიკ ქუთათელაძის ხალხი იცავს. აუცილებელია სასწრაფოდ ჩავიგდოთ ხელში ტელევიზია. ბუნკერიდან ავრცელებენ ჭორებსა და მოწოდებებს. გამსახურდია ავალებს მილიციის თანამშრომლებს რაიონებიდან ჩამოვიდნენ და მოსაშველებლად ჩამოიყვანონ ხალხი.
ვკრებ მხედრიონის მეთაურებს, ვითვლით რამდენი ვართ. მართლაც შვიდას კაცამდე მოგროვილა, მაგრამ ნახევარზე მეტი უიარაღოა. არის წინადადება რუსეთის საწყობებზე თავდასხმის კონკრეტული გეგმებით. ეს არ შეიძლება. ახლა რუსები თუ გადავიკიდეთ, არ ივარგებს, მით უმეტეს, რომ გვატყობინებენ, გამსახურდია ელცინს უკავშირდება, სურს ახაროს დსთში შესვლის თანხმობა და სათანადო დახმარება სთხოვოს.
კიტოვანი გვპირდება ავტომატებს, სიგუასთან ერთად ხშირად აკითხავს რუსების შტაბს.
გადავწყვიტეთ ხვალიდან შევკრათ მოედანი, გადავიწიოთ საპიორნის ქუჩიდან რუსთაველზე. ზემოდან კი ჯავახიშვილის, გოგებაშვილის ქუჩებთან და კომკავშირის ხეივანზე პატარ-პატარა შეიარაღებული მოძრავი ჯგუფების პუნქტები შევქმნათ. ასე თანდათანობით ჩავწიოთ რკალი, სასახლეში მყოფთ არ მივცეთ მოძრაობის საშუალება, გადაიკეტოს ყველა სავარაუდო კავშირი გარე სამყაროსთან, ამავე დროს თბილისის ყველა შემოსასვლელი ჩაიხერგოს.
ცეკას სახლიდან ზვიადისტები უშენენ და წვავენ შტაბის შენობას, ჩვენებიდან ჯერ არავინ დაზარალებულა. ჩასაქრობად მოიყვანეს მეხანძრეები, მაგრამ სნაიპერმა ერთი მეხანძრე მოკლა, დანარჩენებმა ცხედარი წაიყვანეს და მოუსვეს. სხვა სახანძროს არაფრით არ უნდა წამოსვლა – ეშინიათ. ვერც გაამტყუნებ, დაუცველნი არიან. გოგებაშვილის ქუჩასა და კომკავშირის ხეივანში ვგზავნი პატარა ამირანას, დააზუსტოს, რასა იქმს ყაჩაღა თავისი რაზმით…
I ნაწილის დასასრული
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 დეკემბერი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; საქართველოს ეროვნული არქივი; გოგი ცაგარელი; ინტერნეტი