ყველა მინუს ერთი (II)

ის ზაფხული დიდებულად გავატარე: კაპიტან ნემოს ნაუტილუსით მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდი, ჰაკთან და ტომთან ერთად ათას შარში ვეხვეოდი… ორჯერ ფოთშიც ვიყავი, წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატზე, ფეხბურთს ხომ ლამის ყოველ დღე ვთამაშობდი…
თბილისში დაბრუნებულს კი კლასელმა მითხრა, რომ იმას ის შემოაკვდა. მეგობარს მეგობარი – იარაღი გაუვარდა. ეს იყო პირველი ასეთი უბედურება, რაც მახსოვს. მერე და მერე ერთი მეორეს მიჰყვა და ავტომატის ჯერი ცხოვრების თანამდევი გახდა…
ოცდაათი წლის წინ, 1991 წლის შემოდგომით, საქართველო გადაგვარდა: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მინისტრები განუდგნენ, მათ თანამოაზრეები გამოუჩნდნენ, ხალხი ორად გაიყო და სულ მალე ტყვიაც გავარდა – თბილისის ომს აფხაზეთის უბედურება მოჰყვა, თბილისში დაბრუნებული ათასი შეიარაღებული დაჯგუფება საძმოებად გადაკეთდა და სულ ცოტა ხანში მათ ერთმანეთს დასცხეს…
განუკითხაობა, დაუნდობლობა, სისხლი…
განა რა დიდი უბანში მე ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენი ეკლესიის ეზოში, ლოდზე მიმაგრებული ორი მემორიალური დაფა რამდენიმე ათეულ სახელს და გვარს და უფრო მეტ ტრაგედიას იტევს.
იმ ბიჭებიდან არაერთის სიკვდილი გუშინდელივით მახსოვს:
ჩვენი კლასის დამრიგებლის შვილს ეზოდან დაუძახეს, ისიც აივანზე გავიდა და ქვემოდან დაცხრილეს…
მეორე უბნელი საავადმყოფოში მოკლეს…
მესამე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამოასალმეს სიცოცხლეს…
მეოთხეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაახალეს ტყვია…
ძმაკაცის კარის მეზობელი მეგობართან ერთად მოსკოვში, სასტუმროდან გამოსული დახვრიტეს…
სხვებს სხვა ბედი ეწიათ…
ერთხელ, დილით, მაღაზიაში პურზე ჩასულმა, კლასელის კორპუსთან შეგროვილი მეზობლები შევნიშნე. მივედი და ასფალტზე შუბლგახვრეტილი გვარდიელი ეგდო, სისხლში ცურავდა ის უბედური…
ისიც მახსოვს, რომელიღაც გაზეთმა პატარა სიცილიად მოგვიხსენია და ამის გამო ერთი, აწ უკვე გარდაცვლილი, ფრიად ამაყობდა…
ენიო მორიკონეს მუსიკა პანაშვიდებზე…
ბიჭებს სისხლი უდუღდათ, მერე თოფ-იარაღი და ტყვია-წამალიც გაუჩნდათ და იფიქრეს, რომ ცხოვრება ისაა, რაც კრიოსნი აწეცში, ლიცო სა შრამამში და ადნაჟდი ვამერიკეში ნახეს…
მოტყუვდნენ. ომობანა და წერტილი ტყვიით.
რატომ მოხდა ასე? არ ვიცი. ამაზე სჯობს სხვებმა ისაუბრონ, მსგავს საკითხებში უფრო ჩახედულებმა და ვისაც ის ამბები უკეთესად ახსოვს. დღევანდელი გადასახედიდან მე მხოლოდ იმის მჯერა, რომ იმხანად ქვეყნის სათავეში მდგარ ხალხს და მათ მოწინააღმდეგეებს მეტი დაკვირვება და გონიერება რომ გამოეჩინათ, საქართველო ბევრ უბედურებას აიცილებდა თავიდან.
ზამთრის ის ნაცრისფერი დღეები, როცა რუსთაველზე ოპოზიცია პრეზიდენტ გამსახურდიას და მის მომხრეებს ებრძოდა, გუშინდელივით მახსოვს. ჩემი მომავალი მეჯვარე მე14 სართულზე ცხოვრობდა და მისი ბინიდან ძალიან კარგად ვხედავდით ცეცხლში გახვეულ თბილისის გულს. მერე, სიტუაცია რომ დაწყნარდა, მასთან ერთად დანგრეულ-გადამწვარ რუსთაველზე დავსეირნობდი და ცარიელ გილზებს ვაგროვებდით – ხელმარჯვე კლასელი გვყავდა, მათში კალას ასხამდა და ბრელოკებს აკეთებდა…
იყო თუ არა სამოქალაქო ომი მომდევნო უბედურებების საწინდარი? ჩემთვის ეს ასეა.
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგედიას როცა ახსენებენ, პირველად სამი კაცი მახსენდება: თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი.
სიგუა არასდროს მინახავს ისე, რომ დამმახსოვრებოდა, მხოლოდ მიტინგებზე.
კიტოვანი ერთ ზაფხულს ლისის ტბაზე ამოდიოდა ხოლმე და ნავების პატრონს უთხრა ჩვენზე, ეს ბიჭები როცა მოვლენ, ნავი უფასოდ მიეციო. იმასაც არ უნდა ექნა? ის ორი თვე ლამის ყოველ დღე იქ ვიყავით. კიტოვანი ამით დამამახსოვრდა.
იოსელიანს კი ერთადერთხელ შევხვდი: იპოდრომზე წრიული ავტორბოლა გაიმართა და თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, ტრიბუნაზე ზუსტად ჩვენს უკან, ავტომატებასხმულ დაცვასთან ერთად იჯდა.
1999 წელს ჯაბა იოსელიანის მოგონებები გამოიცა – „მესამე განზომილება“. წიგნი შავნაბადის ამბებით იწყება, თბილისის უბედურებით გრძელდება, რასაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა, აფხაზეთის ომის დეტალები და სხვა საინტერესო ამბები მოჰყვება. მოგონებები იმით სრულდება, რითიც დაიწყო – ციხით, ბოლოს ჯაბა შოთა ქვირაიას სტუმრობას და დაპატიმრების დეტალებს იხსენებს.
ეს წიგნი ფეისბუქამდე კარგა ხნით ადრე წავიკითხე. თბილისის ომის შემდეგ ზუსტად 30 წელიწადი გავიდა და მისი მოგონებებიც ამიტომ გამახსენდა. რამდენადაც ვიცი, 1991-92 წლების დაპირისპირებაზე არც სიგუას და არც კიტოვანს არაფერი დაუწერიათ. ამდენად, იმ დღეების თვითმხილველის და ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის მემუარები საინტერესო მგონია. ამიტომაც გავაკეთე ეს ალბომი.
სიმბოლურად შერჩეული ეს 30 ფოტო კი წლების განმავლობაში დამიგროვდა: ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ივერიელი, საქართველოს ეროვნული არქივი, გოგი ცაგარელის არქივი, ვებგვერდები… შესაძლოა სხვების ნამუშევრებიცაა და თუ ისინი არ ვახსენე, მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცი, რომელი ფოტო ვისია. მე მაპატიეთ.
მოკლედ, თბილისის ომის 30 წლის თავზე ჯაბა იოსელიანი და მისი „მესამე განზომილება“, ისტორიები, რომელიც არ უნდა განმეორდეს.

16
საღამოს შინიდან საჭმელი მომიტანეს. ყელში არ გადამდის. გავრბივარ იმელში.
ყარყარაშვილი კვლავ კამანდირსკი მანქანაში – რაციაზე ზის.
თენგიზ კიტოვანი იარაღის მოსატანადაა წასული.
ვბრუნდები აკადემიაში. ამირანი არ ჩანს, არ ვიცი რა ხდება მთაწმინდის რაიონში. გადავწყვიტე მე თვითონ შევათვალიერო იქაურობა. ჩემი ახლად შედგენილი დაცვა მომყვება. გზადაგზა გვესვრიან.
-ჩეჩენი სნაიპერები არიან, – ამბობს ვიღაცა.
-ჩეჩნები არა ტოროლა! – გული მომდის – თქვენც რომ ჭორებს იმეორებთ, სხვა რაღას იზამს?!
ეს მიდამოები სასახლის ზურგია, არავითარი ბეტეერი და ყაჩაღა! ისევ ჩვენი ბიჭები უნდა დავაყენო, თორემ სხვის იმედზე ჩემი მტერი იყოს. გია სვანაძე და გიგა არველაძე კისრულობენ ამ საქმის მოგვარებას, აქვე არიან დათო მამულაშვილი, ვიქტორა, ვამპირა.
აკადემიის შესასვლელთან უამრავი ხალხი ფუსფუსებს. ჩემს ოთახთან ზაზა ვეფხვაძე ავტომატებს ახარისხებს, ვაჟა ხაჭაპურიძეს მოუტანია.
-უჩემოდ არ დაარიგოთ, მხოლოდ მეომარ ბიჭებს მიეცით, სიები შეადგინეთ, ავტომატების ნომრები აღრიცხეთ!
ვაჟა ხაჭაპურიძე თავმომწონედ მხვდება:
-ხომ გითხარით ბატონო ჯაბა, აგერ ორასი ავტომატი, კოწია გამაყოლეთ, ბეტეერსაც და ტყვიამფრქვევსაც მოვიტან!
განცვიფრებული ვარ, ორი ღერი რუსული არ იცის, ვინ ენდობა, როგორ ამყარებს ურთიერთობას?!
გამოჩნდა თენგიზ კიტოვანი:
-ავტომატები მოიტანეს?
-ვაჟამ მოიტანა.
-მე გამოვგზავნე.
აღარ მაინტერესებს მათ შორის რომელმა მოგვცა. ცალკე ბიჭები მიყვებიან, კიტოვანმა სილა გააწნა ვაჟასო.
თენგიზს ვურჩევ აქ გადმოვიდეს, გვერდით ოთახში დაიძინოს ხოლმე. ყოყმანობს.
მოდიან კორესპონდენტები, გვიღებენ სურათებს. ისევ გვეკითხებიან: „დარწმუნებული ხართ, რომ გაიმარჯვებთ“?..

17
ჩემი დავალებით ბუნკერში მისული თავდაცვის მინისტრი ნოდარ გიორგაძე დაუპატიმრებიათ და მოღალატედ გამოუცხადებიათ.
გამსახურდიას იქ, ბუნკერშიც აქვს საპატიმრო. ჩვენ კი, ვისაც დავიჭერთ, განვაიარაღებთ და ვუშვებთ.
თენგიზს ვეკითხები, სად არის სიგუა, იქნებ აღადგინოს მისი პრემიერ-მინისტრობის დროინდელი სამეურნეო კავშირები, თორემ მალე ქალაქში შიმშილი დაიწყება, დენი არ იქნება, საქენერგო ისედაც საბოტაჟს გვიწყობს. თუ ჩვენი ბიჭები თავზე არ ადგანან, დენი გათიშულია. რაღაც ტექნიკურ მიზეზებს იგონებენ…
პირველი ღამეა, ცოტა ადამიანურად – ექვსი საათი მძინავს. დილით ადრე მოდის გია ჭანტურია:
-თქვენი ჭადრაკის სასახლე არ გამოდგება, დაუცველია. იქნებ აქ შევაფაროთ თავი. თანაც, ჩვენი ბიჭები დაგეხმარებიან.
-ძალიან კარგი, – ვთანხმდები – მეოთხე სართულზე არის ცარიელი ოთახები.
დერეფანში დილიდანვე ღრიანცელია: ავტომატებს არიგებენ. ზორო ციბრუტივით ტრიალებს, აღგზნებულია…
ხვალ კი ახალი წელია! 1992! ღამეს სახლში ვერ შევხვდები, იქნებ ახლა შევირბინო. მომენატრა ჯაბუკა. ბავშვი სათამაშოდ მიწვევს. სულ არ უკვირს, რაც ირგვლივ ხდება, ყველაფერი ნორმალურად მიაჩნია. ჩემი ცოლი, ჩემი და –  დაბნეული სახეები. რა უნდა მირჩიონ, რა უნდა მითხრან?!
საღამოს აკადემიაში მოდის რუსლან მიქაბერიძე: „შენთან ვრჩები“ – მეუბნება და რჩება მართლაც ჩემთან, წინა ოთახში. მოდიან ნაცნობები, თბილისელები, უცნობები: „ჯაბა, შენთან ვართ, იცოდე“. ჩემთან არიან… მაგრამ მიდიან.
მოვიდნენ კოწია და გიო ხვიჩია, მოაგორეს ბეტეერი. გახარებულები არიან – რუსებისგან დაუთრევიათ. ვაჟაც დახმარებია. ვსხდებით ბეტეერზე და მივდივართ ტელევიზიაში…
ვბრუნდებით აკადემიაში. სამი ბოთლი შამპანური. ვიწრო წრე. ვულოცავთ ერთმანეთს. გარეთ ისვრიან. ალბათ ახალ წელს აღნიშნავენ. ბიჭები მთხოვენ სასადილოში ჩავიდე. ღარიბული პურ-მარილი გაუშლიათ, სასმელი აქვთ.
-თითო ჭიქა, ბიჭებო, მეტი არა!
იცინიან:
-არ დავთვრებით, ნუ გეშინიათ.
თითქოს გარდაცვლილის მოსაგონარი წლისთავის სუფრაზე ვიყოთ, ნამდვილი მხიარულება არ არის, რაღაც სევდიანი, შინაურული სითბოა…

18
დილით კიტოვანი მეუბნება:
-დღეს აქ დავრჩები.
ვათვალიერებინებ კაბინეტს ჩემსავე დერეფანში. დაცვისთვისაც იქვეა ოთახი. კმაყოფილი მიკრავს თავს.
გოგა ხაინდრავა გამოჩნდა ათიოდე თბილისელ ბიჭთან ერთად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ მინახავს. შეიარაღებულები არიან. გოგა რატომღაც მათ დევიატკას – ცხრიანს უწოდებს. გვთხოვენ გამოვუყოთ ოთახი. ამყავს მეოთხე სართულზე.
უცებ მეძახიან. ჭადრაკის სასახლეში, ჩვენს პოსტზე, განგაშია! ზვიადისტები თავს დაესხნენ. გავრბივარ. მოვიგერიეთ. ბიჭებმა მისდიეს და კვალმა საქენერგოში მიიყვანა. ჩვენი ორი ბიჭი დაჭრილია. პატარა შეტაკების შემდეგ ჩვენებმა თერთმეტი კაცი აიყვანეს. მოიყვანეს ჭადრაკის სასახლეში. მათი უფროსი ახალგაზრდაა, ვინმე ბულია. მიცხადებს:
-თქვენი ნათლულის მეგობარი ვარ!
-ვისი?
-ლაშა თაბუკაშვილისა.
რა ვუყო ახლა ამას? ეს არის საქართველოში სამოქალაქო ომი!
ვუშვებთ. გვეფიცებიან, რომ აწი მათი მხრიდან ასეთი რამ არ განმეორდება…
ზაზა ვეფხვაძემ მომიყვანა ბორჯომელი გიგა გელაშვილი, თავისი ხალხით. მხნე ბიჭი ჩანს, ვუმატებ რამდენიმე კაცს და ვაგზავნი ანძაზე. მაინც ვაფრთხილებ, რაიმე პროვოკაცია არ მოუწყონ: ჯერ მეთაურებს შეხვდი, მოელაპარაკე და მერე შეიყვანე ბიჭები.
ალყას უფრო და უფრო ვავიწროებთ…

19
გიგა არველაძე შიგადაშიგ თავზე ხელაღებულ, დაუგეგმავ იერიშებს აწყობს. დღეს ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, ჩვენი ძველი ნაცნობი თეთრი გიორგიდან გრიშა ელისაშვილი მოიყვანა. ზვიადის ანგარიშჩასაგდები ბოევიკია, მხედრიონის ერთ-ერთი პირველი ნაფიცი წევრი და… პირველი მოღალატე! ზის ჩემს წინ, ოთახში, ტურასავით იყურება აქეთ-იქეთ…
არ ვიცი რა ვქნა. ბიჭები მარწმუნებენ, გარდა იმისა, რომ ფიცი გატეხა, ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი. მე მაინც სიკეთის იმედი მაქვს. უბრალოდ, ალბათ გონება აერია, გამსახურდია უფრო პერსპექტიულად, ან იქნებ უფრო დიდ პატრიოტად მიიჩნია.
გავაშვებინე. ვუთხარი, წადი სახლში და მორჩი ყველაფერს (ვაგლახ, შემდეგ ჩემს აფეთქებაში, ხილიანის ქუჩაზე, მთავარი მოქმედი პირი აღმოჩნდა).
როგორც კი გავუშვი, გია ყარყარაშვილი მოვარდა:
-ბატონო ჯაბა, არ იყო საპატიებელი, როგორ გაუშვით, მაგან ჩემი მეგობრები დახოცა!
გიასაც ხომ ჰქონდა წინათ შეხება მხედრიონთან, არცთუ სანაქებო. ვიმეორებ შექსპირის სიტყვებს: „ყველას ისე რომ მოექცე, რისი ღირსიც არის, გაუჯოხავი არავინ დაგრჩება“…
ზაზა ვეფხვაძეს ცალკე გავყავარ, დამნაშავესავით იღიმება:
-ბუღას უნდა მოსვლა.
-გაუშვეს?
-პატიებას ითხოვს.
-რის პატიებას, რა დააშავა?
-ასეთ დროს ვუღალატე, ნემსზე დავჯექიო.
-ხვალ მოვიდეს, ხომ დაანება თავი?
-აქ არის!
შემოდის ბუღა, არავისი ერიდება, ამდენ ხალხში პირდაპირ ფეხებში მივარდება, მუხლებზე მეხვევა, ტირის: „მაპატიე, მაპატიე“!
-ადე ბიჭო! – ყელში რაღაც მეჩხირება, ფეხზე ვაყენებ, ვეხვევი.
-რამდენიმე დღე დაისვენე და მერე მოდი…

20
გამსახურდიას ხელისუფლება აღარ მოქმედებს, სამეურნეო ცხოვრება პარალიზებულია.
ჩვენ ვინა ვართ ან რა გვინდა – ესეც გაუფორმებელია. ასე სულ მალე ანარქია დაიწყება. რახან მოვკიდეთ ხელი, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
-თენგიზ, – ვეუბნები – უკვე ავიღოთ ხელში ძალაუფლება, გამოვაცხადოთ, რომ არჩევნებამდე დროებით ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! გამოდის, რაღაც ბანდები ეომებიან ერთმანეთს. ვიკისროთ პასუხისმგებლობა, გამოვაცხადოთ სამხედრო საბჭოს ძალაუფლება.
უხმოდ მეთანხმება. სავარძელში ზის, თითქოს განცხრომაშია. უცებ დაბნეული კითხულობს:
-მერე საბჭო?
-მე და შენ, ორი კაცი უკვე საბჭოა. თენგიზ სიგუა დავნიშნოთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, აღადგინოს მისი ყოფილი კაბინეტი, ჯერჯერობით ასე და მერე ვნახოთ.
იღიმება და დასტურის ნიშნად თავს მიქნევს:
-კარგი!
-შეხვდი იმ კაცს, რაღაც გვირაბის გზა-კვალი რომ იცის სასახლისკენ?
-არა, მატყუარა გამოდგა. შეხვედრაზე არც მოვიდა.
ეგრეც ვიცოდი! ჩვენს ირგვლივ იმდენი ავანტიურისტი და ფანტაზიორი ტრიალებს, ერთსაც რომ დავუჯეროთ, გაგვაფრენენ.
მოდის სიგუა, მასთან არიან ყურშა, თამაზ დუმბაძე, ჯემალ ჭუმბურიძე, ეს ორნი – გვარდიის ფორმაში გამოწყობილნი. სიგუას ვუზიარებ ჩვენს გადაწყვეტილებას.
არაფერს ამბობს. ეს ის შემთხვევაა, როცა რუსები ამბობენ: მალჩანიე ზნაკ სოგლასია.
-თუ გინდა, აქ დაიდე ბინა.
-არა, ჯერ ტელევიზიაში ვიქნებით…

21
შევადგინე ტექსტი, ვუკითხავ თენგიზს, ვაცხადებ სამხედრო საბჭოს ძალაუფლებას. ყველა პარტია ლეგალური ხდება, მოვუწოდებთ მათ თანამშრომლობისკენ.
იგივე ფორმულა: ყველა მინუს ერთი.
პრესა და ტელევიზია თავისუფალია, ცენზურა გაუქმებულია.
თბილისში ცხადდება კომენდანტის საათი. კომენდანტად ინიშნება გია ყარყარაშვილი, მოადგილედ – გიგა არველაძე.
დროებით აკრძალულია მიტინგები.
ბუნკერში მყოფთ, დანებების შემთხვევაში, გარანტირებული აქვთ სიცოცხლე.
რეპრესიები არ ჩატარდება.
ყველაფერ ამაზე სამხედრო საბჭოს სახელით ხელს ვაწერთ: თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი.
ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში, ცალკეული შეჯახებების სახით ომი გრძელდება. ვფიქრობ, ეს მანევრული ფანდი ხომ არ არის ჩვენი ძალების გაფანტვის მიზნით. ვიბარებ გია სვანაძეს. ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვნენ, საალყო ძალებიდან არ მოხსნან ბიჭები და არ მოდუნდნენ.
ჩვენი მხრიდან უკვე ბევრნი არიან დაჭრილები: ნიკუშა რურუა, დათო ხაჟომია… გვარდიელებშიც: ზაზა ჩაჩუა, უმძიმესად არის დაჭრილი კახა გველესიანი. გადარჩენის შანსი ცოტაა.
დღეს მოგვიკლეს მხედრიონის მშვენება, უჭკვიანესი, ულამაზესი, ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი სანდრო შაიშმელაშვილი – ჩვენი სკილეტა.
მის დღიურებში ასეთი ბრძნული აზრია: ცხოვრება ნასკვია. ვიდრე მას გამოხსნი, მთავრდება კიდეც.
შეძრწუნებული ვარ! რა ვუყო მამამისს? ერთადერთი ვაჟკაცის დაკარგვა როგორ ვუთხრა? როგორც ამბობენ, დაჭრილი ჯერ ბუნკერში მიუყვანიათ, იქ უწამებიათ და მერე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ქალს (დედას!) ციხეში გადაუგზავნია. მიყვანისთანავე გარდაცვლილა…
კიდევ ერთი ბიჭი მოკლეს – დღეს მიღებული მხედრიონში. არც გვარი ვიცით, არც სახელი. მოვიდა ჩვენებთან, მოედანზე, მინდა მხედრიონელი გავხდე, თქვენთან ვიბრძოლოო – უთქვამს. გია სვანაძეს და ბიჭებს მიუღიათ, საღამოს კი ჩემთან უნდა მოეყვანათ გასაცნობად. საღამომდე ტანკმა გადაუარა პუშკინის მოედანზე. ესეც უცნობი ჯარისკაცის საფლავი…

22
გვატყობინებენ: რუსთაველის თეატრს წვავენ, ზაჟიგატელნებით ესვრიან მთავრობის სახლიდან. კაგებეს ციხე იწვის. ვეძახი გიგა არველაძეს:
-გიგა! სასწრაფოდ! ციხის დედაც ვატირე. რადაც უნდა დაგიჯდეთ, რუსთაველის თეატრი გადაარჩინეთ! ჯგუფი შეუშვი ტელეგრაფთან, ან ისევ სასტუმრო თბილისთან, ყურადღება გადაატანინეთ და სახანძრო გამოიძახეთ.
გვიან საღამოს გასავათებული გიგა და ბიჭები ბრუნდებიან. ციხეს აღარაფერი ეშველება, სახანძრო არ მოვიდა, თეატრის სახურავზე კი მხედრიონელებმა ჩააქრეს ხანძარი.
ნელ-ნელა იკრიბებიან პარტიებისა და საზოგადოებების წარმომადგენლები, მონარქისტები, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება…
ირაკლი წერეთელი დაკარგულია, არსად ჩანს. ნუკრი ცისკაძეს ვავალებ მათთან ურთიერთობას.
საჭიროა სამხედრო საბჭოსთან შეიქმნას სათათბირო დარბაზი, ან რაღაც სხვა ცივილური ორგანო, რომელიც ჩვენთან ერთად მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
კიტოვანი სკეპტიკურად უყურებს ამ იდეას, თუმცა არც წინააღმდეგია. სიგუას კი მოსწონს და ებმება ამ სამუშაოში.
ვეძახით გამსახურდიას პარლამენტის წევრებსაც: ყველა მინუს ერთი…

23
ვაშაკიძეებმა სამტრედიიდან მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი ბიჭებით დაკომპლექტებული რაზმი ჩამოიყვანეს.
მინდა ასლანთან გავგზავნო, იარაღს არის შეპირებული. იგი ჯერჯერობით მე მიკავშირდება. სიგუას და კიტოვანის დამოკიდებულება მასთან უნდო და დაძაბულია. მეჩვენება, რომ ძველი ანგარიშები მოქმედებს. ამას ემატება აჭარის პოლიტიკური პარტიების, უზენაესი საბჭოს დეპუტატის დავით ბერძენიშვილის, თამაზ დიასამიძის და სხვათა პრეტენზიები ასლანისადმი.
გოგა ხაინდრავა შეუჩნდა სიგუას – როსტომ დოლიძე დანიშნოს აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამის დაშვება არ შეიძლება, სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს.
ვეწინააღმდეგები კიტოვანსაც და სიგუასაც. ჩვენ მოკავშირეები გვინდა ახლა თუ მოწინააღმდეგეები?
თანაც, ჯერ ხეირიანად ძალაუფლება არც კი აგვიღია ხელში.
გოგაც აქ არის, ცხარობს, მაგრამ ბოლოს მეთანხმება. მოიცადოს და უკეთესი დრო შეირჩეს ამ საკითხის გადასაწყვეტად.
გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა უკვე ერთია. ვიკრიბებით მხედრიონის მეთაურებიც. გვინდა დავგეგმოთ სერიოზული სამხედრო ოპერაცია და დავამთავროთ საქმე. თუ გვნებდებიან, დაგვნებდნენ. არადა, გაჭიანურება აღარ შეიძლება – ეს ორხელისუფლებიანობაც კი არაა. ცოტაც და ანარქია დაიწყება…
სამხედროები ჰყვებიან, თუ რა კარგი იერიში ჰქონდათ ჩაფიქრებული ჩემს გამოსვლამდე, მაგრამ ვერ განხორციელდა.
-რატომ? – ვეკითხები.
თურმე დაუქირავებიათ რუსების ბეემპე თავის ეკიპაჟით, რომელიც შეიჭრებოდა მთავრობის სასახლის ეზოში, მიანგრ-მოანგრევდა იქაურობას, მერე კი გვარდიელები უნდა გადასულიყვნენ იერიშზე.
ამის პირველი ნაწილი შესრულდა, მაგრამ იერიში არ გამოვიდა. რუსების ეკიპაჟიც დაიღუპა.
-ასეთი რამის გამეორებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მე ჩემს კისერზე ვიგემე ამგვარი ოპერაცია შავნაბადაზე. ჩვენს საქმეში არავის ჩარევა არ არის საჭირო!..

24
5 იანვარს, შუაღამისას, მატყობინებენ, რომ ინტენსიური მოძრაობაა გამსახურდიას სახლში – კოლხურ კოშკში.
ვგზავნი პატარა ამირანას, მხოლოდ და მხოლოდ სათვალთვალოდ. ცოტა ხანში მატყობინებს, რომ რუსების ორი ბეტეერი მიადგა სახლს, რაღაც-რაღაცებით დატვირთეს და გაიტანეს. ეგ ტრასა ყაჩაღას ხალხს უნდა ეკონტროლებინა. ტრასა ცარიელია. ჩვენი პატრულიც არ ჩანს.
ვტეხ განგაშს. ზაზა ვეფხვაძე აგროვებს ბიჭებს და იქით მიიჩქარის. დევიატკა და გოგას მეგობრები მოედნისკენ მიდიან. იქ გია სვანაძეა, მათ შეუერთდებიან…
გიგა არველაძის მზვერავები მოცვივდნენ:
-გამსახურდია გარბის, გამსახურდია გარბის! შესაძლებელია მათი აყვანა ან ჩაცხრილვა, ავტობუსებში სხდებიან!
გადავრბივარ იმელში. იქ კიტოვანია. მასაც გაუგია ეს ამბავი.
-რა ვქნათ?
-ადგილზე გადავწყვიტოთ, – ვეუბნები და ჩემი ბიჭებით მივეშურები სასახლისკენ. ვუახლოვდებით სასახლეს სამხატვრო გალერეის მხრიდან. ფრონტალური შეტევისთვის ვამზადებ ბიჭებს. სასახლეს შიგნიდან ცეცხლი ეკიდება. ისმის ხანგრძლივი, გაუთავებელი კანონადა. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სასახლის ეზოში და შიგ შენობაში ხელჩართული ბრძოლაა.
ჩვენკენ არავინ ისვრის. მართალია ჯერ კიდევ ბნელა, მაგრამ უკვე ღიად ვართ გამოსული რუსთაველის გამზირზე. ვემზადები იერიშისათვის. ველოდები წინა რიგებიდან გაგზავნილ დაზვერვას. მორბიან გახარებულნი გიო ხვიჩია, ზურია, ირაკლი ჯიბლაძე:
-იქ აღარავინაა, სასახლე იწვის!
-მაშ რა კანონადაა? – ვეკითხები.
-ეს მიტოვებული და მიყრილ-მოყრილი ტყვია-წამალი ფეთქდება.
კოწია ბიჭებთან ერთად გადარბის სასახლეში. წესრიგა ჩემთან რჩება. როცა ვრწმუნდები, რომ სასახლე მართლაც ცარიელია, ვბრუნდები აკადემიაში. იქ ქუჩის შეტაკებებში მონაწილე ბიჭები – რემბო და ვამპირა მხვდებიან. მატყობინებენ, რომ სასახლიდან ავტომანქანების კოლონა დაიძრა სოლოლაკისკენ…

25
თათრის მოედნის გასასვლელთან გია სვანაძისა და დევიატკის ბიჭებს ცეცხლი გაუხსნიათ, მაგრამ მეტეხიდან წამოსულ ორ რუსის ტანკს კოლონა თავის მფარველობის ქვეშ აუყვანია.
-წითელი ხიდისკენ მიდიან, გადევნება შეიძლება.
-მიდიან და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, – ვაცხადებ, როგორც გადაწყვეტილებას.
ერთმანეთს გამარჯვებას ვულოცავთ. მადლობა ღმერთს! დიდ სისხლის ღვრას გადავრჩით.
ხვალ შობაა!
კარგია, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, რომ გამსახურდია არ შემოგვაკვდა ან ტყვედ არ ჩაგვბარდა.
უნდა გაგვესამართლებინა და ამას მთელი დავიდარაბა მოჰყვებოდა. წავა და იყოს თავისთვის.
ამის თაობაზე ათასი აზრია. ზოგი ამტკიცებს, რომ ჩვენ ეს ძვირად დაგვიჯდება, ზოგი, სამართლიანობის თვალსაზრისით, დასჯას მოითხოვს, რადგან სავარძლისათვის ასეთი უბედურება დაატრიალა. ზოგი კონსტანტინე გამსახურდიას იგონებს და ამბობს, რომ მისი შვილის დასჯა კარგი საქმე არ იქნება.
ასეა თუ ისე, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ მას არ გამოვეკიდებით.
ვთავაზობ თანამშრომლობას პარტიის ლიდერებს, პოლიტიკური საზოგადოებების ხელმძღვანელებს, უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს, გამოჩენილ პიროვნებებს, საზოგადო მოღვაწეებს: აკაკი ბაქრაძეს, ლალი ჯავახიშვილს, რუსლან მიქაბერიძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, მერაბ ალექსიძეს, ნაირა გელაშვილს…
აფსუს რომ მამარდაშვილი ცოცხალი აღარ არის…
ციხიდან ვათავისუფლებ ყველა მხედრიონელს – ათასამდე კაცია. გია სვანაძე მიდის და სიით გამოჰყავს ისინი. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტპატიმარია. შეთითხნილი საქმეებით სხედან…

26
გადავდივართ ცეკას შენობაში. სიგუას ყოფილი პირველი მდივნის კაბინეტი დაუკავებია, თენგიზ კიტოვანს – მეშვიდე სართული. მე მეხუთე ამირჩიეს ბიჭებმა.
ჩემთვის სულ ერთია – სამ-ოთხ თვეში ყველა სართული მათთვის დამითმია…
სიგუა კიტოვანის და თავის ხალხს ნიშნავს და ნიშნავს თანამდებობებზე. მე მხოლოდ ხელს მაწერინებენ. არ ვიცნობ ვინ არიან. კრიტერიუმი ერთია: ოდნავ წესიერი ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ნაცნობობა-რეკომენდაცია…
კიტოვანი გარშემორტყმულია გასამხედროებული საქმოსნებით. ისინი რუსი სამხედროების გამონთავისუფლებულ შენობებს, ჰოსპიტლებს, რომელიღაც გასამხედროებულ ქარხნებს უმიზნებენ, მათ ხელში ჩასაგდებად ჩალიჩობენ.
მახსენდება სამოქალაქო ომის დროს რუსეთში აღმოცენებული რუსული ბლატნოი სიმღერის კირპიჩიკის რეფრენი: ი პო ვინტიკუ, პო კირპიჩიკუ, რაზაბრალი ვეს ნაშ ზავოდ…
მამუკა გვარიშვილს ჩემთან მოჰყავს ვიღაც ვახტანგ რჩეულიშვილი, გინდა თუ არა, რუსის ჯარის რომელიღაც ყოფილი ქარხანა ჩვენ უნდა გადმოგვცეთ, რაღაც ფირმას თუ კოოპერატივს ვხსნითო.
-ვინა ხართ ეს „თქვენ“?
მათ ჩემი კოწია აუყოლიებიათ, რაღაც კორპორაცია შევქმნათო. ძალიან თავხედი ვინმეა. კოწიას მაგრად დავუცაცხანე, მამუკასაც უარი ვტკიცე. თუმცა არც ვიცი, რა ქარხანაზეა საუბარი…
კურიოზი ბევრია. ცხოვრებაში თუ ვინმესთან რამე ურთიერთობა მქონია, ყველა მისაღებშია. გარდა ჩემი ძველი ნაღდი მეგობრებისა – ისინი დამეკარგნენ, აღარ ჩანან.
მოდის ერთი მოხუცი კაცი. ამბობს, რომ ჩემთან სწავლობდა. ვუყურებ, არ შევხვედრივარ. მაინც ვცნობ, სამჯერ დარჩენილი მეოთხე კლასში იყო ჩემთან.
-ჯაბა, – მეუბნება დამწუხრებული სახით – შენ ხომ იცი, მამაჩემი რომ დაიჭირეს.
ვაიმე, ვფიქრობ, საიდან ვიცი. ეს ხომ ჩემზე სამი-ოთხი წლით უფროსია, ესე იგი, სამოცდაათს უკაკუნებს. ნუთუ მამამისი ცოცხალია? და თუ ცოცხალია, რა ჩაიდინა ამ ხნის კაცმა, რომ დაიჭირეს.
-რატომ? – ვეკითხები.
-როგორც ტროცკისტი!
-ტროცკისტი? როდის?
-1937 წელს.
გულზე მომეშვა.
-მერე რა?
-როგორ თუ რა?! როგორც რეპრესირებულის შვილს, ერთი მანქანა არ მეკუთვნის?..

27
სიგუა რაღაცას ახერხებს – შემოაქვს ფქვილი, საწვავიც. ბანკები დაცარიელებული აღმოჩნდა. ჯერ დაუდგენელია, ოქროს ვინ რა მარაგი გაიტანა. ან, იყო თუ არა საერთოდ იგი.
ამბობენ, გამსახურდიამ პირველი, დამოუკიდებლად შემოსული ვალუტიდან ორი დაჯავშნილი მერსედესი იყიდა. ერთი ასლან აბაშიძეს აჩუქა, მეორე თვითონ დაიტოვაო. ეს მართლაც ასეა: ერთი მერსედესი ცეკას ავტოფარეხში დგას, ერთიც აჭარაშია…
გამსახურდიას არ გვაძლევენ, მაგრამ ერევანშიც არ უშვებენ, კვლავ დილიჟანთან არის დაბანაკებული. ჩვენც თავს არ ვიკლავთ, კატეგორიულობას არ ვიჩენთ…
ქალაქის კომენდანტი ლანჩავა ცოლს ბაზარში ტანკით მიაგრუხუნებს. დილით კომენდატურიდან გაუვლის, ფანჯარაში შესძახებს და ისიც კალათებით ჩამოცუნცულდება. იქვე ქალების ბრბო შეკრებილა.
-აა, მიტინგია?! – იძახის ლანჩავა და ტანკის ქვემეხს მათკენ ატრიალებინებს.
-არა, კაცო, – კივიან ქალები – პურის რიგია, პურის!
-ჰოო? მაშინ ორი პური მეც ამიღეთ.
ისე, კაცმა რომ თქვას, რიგებიც თავისებური მიტინგებია…
სიგუას კაბინეტში ელვაშეკრებაა. ჩეპე – განსაკუთრებული მდგომარეობა: ზვიად გამსახურდია სომხეთიდან გაქრა! ჩვენს გარდა აქ არიან სამხედროები, კაგებეს შეფი მაისურაძე.
რუსული ავიაგამანადგურებლით დაცული თუ თვით გამანადგურებელში მყოფი გამსახურდია მიფრინავს გაურკვეველი მიმართულებით. ეს ცნობა რუსი სამხედროებისგან მოიტანეს.
ალბათ გროზნოსკენ უჭირავს გეზი – მოდის დამატებითი ცნობა.
ვფიქრობ, დიდი ხანია გროზნოშია. რუსებმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს და ვითომ პროცესში ჩაგვრთეს. ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, უსაგნო დავას გამოიწვევს, თენგიზები შეურაცხყოფად მიიღებენ. ისე უჭირავთ თავი, თითქოს რუსები მათ გარეშე ნაბიჯსაც არ დგამენ.
საბოლოოდ ირკვევა, რომ გამსახურდია, ოჯახთან ერთად, დაცვითა და მცირე ამალით, გროზნოშია, დუდაევთან…

28
რუსთავის მხედრიონიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი, რომელიც გამსახურდიას გაჰყვა, უკან ბრუნდება.
რუსთავში ცოტა გაურკვეველი მდგომარეობაა. თემურ ხაჩიშვილი გავგზავნე ქალაქის გამგებლად. საპასუხისმგებლო რეგიონია, მრავალი შეიარაღებული დაჯგუფება შეიქმნა სპონტანურად მას შემდეგ, რაც მხედრიონის წევრები დააპატიმრეს. თვით მეთაურიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი გამოდგა.
ახლა იქ თემურ ტალახაძის ჯგუფი ხან მხედრიონელობს, ხან დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევა. ქარხნები, კომბინატი და საწარმოები შეწუხებული ჰყავთ. კომბინატის დირექტორი გურამ ქაშაკაშვილი ჯერჯერობით დაბნეულია, ორიენტაცია ვერ აუღია, ეძებს გავლენიან პატრონს…
ხაჩიშვილმა მიატოვა რუსთავის გამგებლობა ისე, რომ არაფერი მკითხა.
-ყველაფერი რიგზეა, – მეუბნება – მე საერთო მეთვალყურეობას გავუწევ, ასე აჯობებს.
ეჭვი მეპარება. ვფიქრობ, ვერ შეეწყო, თავი ვერ მოაბა საქმეს. კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ტალახაძესთან, კიდევ ვიღაც ძმებ ჭიჭიკოშვილებთან, თუმცაღა მერე, როდესაც სამე საქმეზე მიდის, მათ იცავს…
რუსთავში სხვა კარგი ბიჭებიც არიან: ზაზა ფეტელავა, ბესიკი, თვით თემურ ტალახაძეც მართვადია, ოღონდ სისტემატური ურთიერთობაა დასამყარებელი. სიკეთისკენ ისწრაფვის, ხელის შეწყობაა საჭირო.
-მაგას ჯაბობა უნდა, – ირონიული ღიმილით ამბობს ხაჩიშვილი…

29
ჩემთან მოდის კაგებეს ციხის უფროსი ტარიელი. ციხე დაიწვა, უმუშევრად დარჩა, რაიმე სამსახურს მთხოვს. ვპირდები, ოღონდ არ ვიცი სად გამოვიყენო. მახსენდება ჩემი რომანი, ვეკითხები:
-სად არის კაკო, ჩემი თანამესაკნე?
-ციხეში გადაიყვანეს.
-მას ჩემი ნივთები და ხელნაწერები ჰქონდა, ხომ არ იცი რა უყო? – ვეკითხები სხვათა შორის, დარწმუნებული, რომ ამის შესახებ ბაიბურშიც არაა.
-შენი ყველა ნივთი, რაც კი კამერაში დაგრჩა, ხელნაწერიანი დიდი საქაღალდეც, გამოვართვი და ჩემთან, შემნახველ საკანში ჩავიტანე, მაგრამ რა გინდა, ყველაფერი დაიწყვა.
დამცეცხლა.
-ვახ, კაცო, ხელნაწერებს შენთან რა უნდოდა? მე ხომ ნეფარიანს მივაბარე, ვუთხარი, როგორც შვილს, ისე მოუარე-მეთქი.
-მე რა ვიცოდი, რომ ციხეს გადაწვავდნენ. ვიფიქრე, ჩემთან უკეთ შეინახებოდა…
ვზივარ გამოფიტული, განადგურებული, ტარიელიც შეწუხებულია.
-წადი ტარიელ, ნახე, იქნებ არ არის დაკარგული ან დამწვარი – ვამბობ უიმედოდ, თითქოს სამძიმარს ვეუბნები ჩემს თავს – ბიჭებსაც გამოგაყოლებ, მოძებნეთ.
ზოროს ვავალებ, ტარიელს წაჰყვეს, თან ვინმე გაიყოლოს. ტარიელი, ზორო და კიდევ ვიღაც კიბეზე ჩადიან. ვფიქრობ, ხომ არ გავყოლოდი, გულს მაინც მოვიოხებ, გადავაყოლებ, მე თვითონ დავრწმუნდები. ვეძახი წესრიგას, ქუჩაში ვეწევით. ტარიელი გახარებულია, რომ მტრის ჯინაზე ჩემს გვერდით მიაბიჯებს…
შორიდან შევხედე გადამწვარ, უზარმაზარ გროვებად ახორხლილ ნაციხარ ნანგრევებს. იმედის ბოლო ნაპერწკალიც გამიქრა: აქ რას იპოვნი? რა დაგიკარგავს? რას ეძებ?
-შემნახველი საკანი დაახლოებით ამ ადგილას იყო, – ამბობს ტარიელი ბოლოს და ბოლოს და აგურების ერთ დიდ გორაკზე მიმითითებს. ვუახლოვდებით. ჩაფერფლილი მუგუზლების ქვეშ აქა-იქ ღვივის ნაღვერდალი. მეყსეულად ვხედავ, მოლანდებაა თუ სიზმარი: ჰაერში ჩამოკიდებული თუ ხატივით მიყუდებული ჩემი საქაღალდე! აქეთ-იქიდან პაწია ლურჯი ალები ლოკავენ.
-ვახ! – აღმომხდა და ეგრევე კარგი მეკარესავით დავახტი თავზე – ჩემია, ჩემი რომანი!
ერთი წუთიც და მისგან აღარაფერი დარჩებოდა, აგიზგიზდებოდა ჩემი ნაოფლარი!
მოვრბივარ გახარებული, ვათვალიერებ. ყველაფერი რიგზეა – ბოლო ფურცლამდე.
დიდება, შენდა ღმერთო, დიდება შენდა!

30
გულითადი შეხვედრა მომიწყო უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. მას ალბათ ჰგონია, რომ მე ფიგურალურად ან მადლიერების გამოსახატავად ვამბობ, რომ მან სიცოცხლე შემინარჩუნა. მაგრამ მე ხომ ვიცი – შიმშილობას არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი. არადა, უკვე არაამქვეყნიური ვიყავი…
ილია II მათვალიერებინებს თავის რეზიდენციას. მიჩვენებს ნატყვიარებს, ზვიადისტებმა თურმე რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს საპატრიარქოს.
-აი, ხომ გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე! – სათნო ღიმილით მეუბნება იგი. მე ვეამბორები…
ძველი ახალი წელიც მოვიდა. ადრე წავალ შინ. ცოტათი დაწყნარებულ ატმოსფეროში, ჩემს ჯაბუკასთან შევხვდები…
ქალაქის მილიციის სამმართველოდან გვირეკავენ, როდის გადავიყვანთ გამსახურდიას ამალას ციხეში.
-არც როდის! გავუშვათ! გავაფრთხილოთ და გავათავისუფლოთ. ძველ ახალ წელიწადს თავ-თავიანთ ოჯახებში შეხვდნენ!
უკვე თერთმეტი საათია. ყველანი სახლებში გაკრეფილან. ჩემი ხელით ვწერ ბრძანებას ქაღალდის ნაგლეჯზე და ალეკო ბოჭორიშვილს სასწრაფოდ ვაგზავნი სამმართველოში:
-წადი, მიულოცე ახალი წელი, დაე მშვიდობამ დაისადგუროს საქართველოში! ვინც გინდა იყვნენ, ჩვენ ვთქვით: ყველა მინუს ერთი!

დასასრული 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 დეკემბერი)
ფოტო:
ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; საქართველოს ეროვნული არქივი; გოგი ცაგარელი; ინტერნეტი

ka_GEGeorgian