ეროვნული ნაკრების მეხუთე ნაბიჯი: კვიპროსი 1:0 საქართველო

სექტემბერში, გურჯაანში აზერბაიჯანის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიგა ნორაკიძემ ესტონეთთან ოქტომბერში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა.
ბალტიისპირელებთან პაექრობა არ შედგა: არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ შეუცვალა გეგმები.
ნორაკიძის რჩეული ბიჭები მხოლოდ 16 დეკემბერს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ და ერთკვირიანი მზადების შემდეგ კვიპროსს მიაშურეს.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გამოცემის, გაზეთ ქართული ფეხბურთის მთავარი რედაქტორი ნოდარ კობერიძე ერთადერთი ჟურნალისტი გახლდათ, ვინც იმ ტურნეში გუნდს გაჰყვა. მისი ვრცელი წერილი კვიპროსში სტუმრობის შესახებ 1993 წლის 15 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთში და მეც, შიგადაშიგ, მის რეპორტაჟს მოვიშველიებ.

„კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან მატჩი პირველი გასვლაა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. პირველი გასვლა, ამიტომაც გასაგებია ის შინაგანი დაძაბულობა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც აგრერიგად იგრძნობოდა ეროვნული ნაკრების წევრებში“, – ასე იწყებს ნოდარ კობერიძე წერილს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟეებსა და ვეტერანი გულშემატკივრის, გოგი დემეტრაძის შეხვედრასაც იხსენებს – „გოგი დემეტრაძემ ჩაკოცნა მებაჟეები და უთხრა – მე წინა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ რუს მებაჟეებს ვუთხარუ, შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟოდან წავალ ფეხბურთზეო და აჰა, ამიხდა კიდეც ოცნება! ბატონი გოგის ამ სიტყვებმა ყველას აგვიწია ტონუსი“.

დელეგაცია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა, კვიპროსზე მატჩის წინა დღეს, 21 დეკემბერს დაგვიანებით გაემგზავრა და ამიტომაც, ქალაქ ლარნაკაში დაგეგმილი ვარჯიში ჩაიშალა.

სამაგიეროდ შედგა ოფიციალური ვახშამი ლიმასოლის სასტუმრო აასოში, რომელსაც სფფს მხრიდან ნოდარ ახალკაცი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე, გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე, ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორი რამაზ შენგელია და გუნდის სპონსორი ბენო ლაბარტყავა დაესწრნენ. ნოდარ კობერიძის თქმით, სწორედ ამ კაცის დამსახურება იყო კვიპროსში ტურნე.

22 დეკემბერს, მატჩის დღეს, დილით, ნაკრებმა კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის, ანორთოსისის ბაზაზე ივარჯიშა. სწორედ იქ შეუერთდნენ გუნდს ლეგიონერები – ნიქოზიის ოლიმპიაკოსში მოთამაშე სოსო ჭედია და კახი კაჭარავა, ანორთოსისის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ქეცბაია და მოსკოვის დინამოს მცველი კახი ცხადაძე.

იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ გუნდში პირველად გამოჩნდნენ უცხოურ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები, მათზე რამდენიმე სიტყვით შევჩერდები.

თემურ ქეცბაიამ კვიპროსს 1991 წლის ზაფხულში, გარდამავალი, საგაზაფხულო ჩემპიონატის შემდეგ მიაშურა და მალევე გახდა ანორთოსისის საუკეთესო მოთამაშე. დაახლოებით იმავე პერიოდში გადაბარგდნენ კუნძულზე ჭედიაც და კაჭარავაც, დავით ყიფიანმა კი ნიქოზიის ოლიმპიაკოსი ჩაიბარა. ამავე კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ვლადიმერ გუცაევი…

რაც შეეხება კახი ცხადაძეს, მან 1992 წელს მეშვიდედ მოირგო ნაკრების მაისური, თუმცა პირველად გამოჩნდა საქართველოს ეროვნულ გუნდში 1991 წლის ივლისში, მოლდოვასთან კიშინიოვში მოგებული 4:2ის შემდეგ.

საქმე ისაა, რომ 1991 წლის მეორე ნახევარში ცხადაძემ კარიერა რუსეთში გააგრძელა და იმდენად კარგად ათამაშდა, რომ ანატოლი ბიშოვეცმა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის გაერთიანებულ გუნდში, დსთის ნაკრებში უხმო.

ამ გუნდის მაისური კახიმ პირველად 1992 წლის 25 იანვარს მაიამიში მოირგო, ამერიკის ნაკრებთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში. ჩვენი ეროვნული გუნდის მომავალმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. შემდეგ იყო სალვადორთან და ამერიკასთან მეორე მატჩები (კახიმ ორივე შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა), 1992 წლის 29 აპრილს კი მოსკოვს ინგლისის ნაკრები ეწვია და ცხადაძემ იმ შეხვედრაში უკვე თავიც გამოიჩინა – გარი ლინეკერის მიერ მე16 წუთზე გატანილი გოლი 44ე წუთზე ზუსტი დარტყმით გაქვითა.

1992 წლის ივნისში ცხადაძე შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ჯგუფის უკანასკნელ მატჩში, შოტლანდიასთან უიმედოდ, 0:3 წაგებულ შეხვედრაში. ეს მისი უკანასკნელი თამაში გამოდგა დსთის ნაკრებში…

1992 წლის 22 დეკემბერს, ლიმასოლში, ადგილობრივი დროით 14 საათსა და 30 წუთზე კვიპროსის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.

ნოდარ კობერიძე იხსენებს: „ამ მატჩს ფოტოაპარატით მომარჯვებული ვუყურებდი. მთელი პირველი ნახევარი კვიპროსელთა კარის უკან ვიდექი, ამიტომაც კარგად ვხედავდი, რომ ჩვენი ნაკრების წევრებისთვის ყინვიან ამინდში თბილისის აეროპორტში ყურყუტს, რომ იტყვიან, უქმად როდი ჩაუვლია, ბიჭებს აშკარად უჭირდათ მუხლის გამართვა. კვიპროსელები კი მოედნის ყველა მონაკვეთზე თავგამოდებულნი იბრძოდნენ, გარდა პრესინგისა, არ ერიდებოდნენ ათლეტურ ბრძოლას, ჩვენს თავდამსხმელებს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ“.

ერთადერთი გოლი 43ე წუთზე გაიტანა ლიმასოლის აპოლონში მოთამაშე დიმიტრის იოანუმ, თუმცა ქართველი ჟურნალისტი იმ მომენტს არ აღწერს. მისივე თქმით, არც მანამდე და არც მას შემდეგ მეტოქეებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

„სოსო ჭედია მწმენდავის როლს თავს ართმევდა, ცომაია ცდილობდა შემაკავშირებელი როლი ეთამაშა დაცვასა და ნახევარდაცვას შორის, წინ გამოკვეთილად წაწეულ ყიზილაშვილსა და კაჭარავას ვხედავდი, ქეცბაია უფრო ინსაიდის როლით კმაყოფილდებოდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ და არაფრის გამართლებას არ ვცდილობ – უბრალოდ არ აეწყო თამაში“, – წერს კობერიძე.

ეროვნული გუნდის მაისური იმ დღეს პირველად მოირგო ორმა ფეხბურთელმა – სოსო ჭედიამ და თბილისის ანცში მოთამაშე თემურ კაბისაშვილმა, ვინც მეორე ტაიმში კახი ცხადაძის ნაცვლად შევიდა მინდორზე.

კაბისაშვილისთვის ეს იყო პირველი და უკანასკნელი მატჩი ეროვნულ გუნდში, თუმცა ის, ერთი საინტერესო მიღწევის გამო, ნაკრების ისტორიაში შევიდა: გახდა პირველი, ვინც ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ქვედა ლიგის კლუბიდან ითამაშა!

გიგა ნორაკიძის აზრი მარცხზე ასეთი გახლდათ:

„ცენტრში გაგვიჭირდა თამაში – გოგიჩაიშვილი და კაჭარავა ვერ ასწრებდნენ უკან დაბრუნებას…
ლეგიონერებსაც გაუჭირდათ შერწყმა – თუ ქეცბაიას კონდიციები დამაკმაყოფილებელია, კაჭარავას ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ჭედია ნორმალურად გამოიყურებოდა, მისი გამოცდილება ძალზე დაგვეხმარა…
მინდა გამოვყო დევაძე, შელია, დარასელია. კარში შთაბეჭდილება დატოვეს ნემსაძემ და კაბისაშვილმა…“

მთავარმა მწვრთნელმა არველაძეების და სხვა დინამოელების არყოფნაზეც ისაუბრა – კლუბი გერმანიაში გაემგზავრა კომერციულ ტურნირზე და გუნდის ხელმძღვანელთა თხოვნით, ნაკრებმა ისინი ამ შეკრებიდან გაათავისუფლა.

ნორაკიძის გუნდმა კუნძულზე კიდევ ორჯერ ითამაშა: 24 დეკემბერს ნიქოზიაში, დავით ყიფიანის მომზადებულ ოლიმპიაკოსთან, 27 დეკემბერს კი ლარნაკაში, თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან. ნაკრებმა ორივე თამაში მოიგო – 2:0 და 4:1. ტრავმირებული გია ჯიშკარიანის არყოფნაში კაპიტნის სამკლაური კახი ცხადაძემ მოირგო…

საქართველოს დელეგაცია სამშობლოში 28 დეკემბერს დაბრუნდა, 1993 წელმა კი გუნდს დიდი იმედგაცრუება მოუტანა – ნაკრებმა ერთადერთხელ ითამაშა, ისიც ექსპერიმენტული შემადგენლობით…

22 დეკემბერი, 1992. ამხანაგური. კვიპროსი, ლიმასოლი, ცირიო. 2 500
კვიპროსი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 დიმიტრის იოანუ (43)
კვიპროსი: გიანაკის იოანუ (მარიოს ონისიფორუ 46), გიანოს კალოთეუ, კოკოს პანაი, კოსტას კონსტანტინუ (ლუის სტეფანი 73), დიმიტრის იოანუ, გიანაკის იანგუდაკისი (კოსტას მალეკოსი 46), ევაგორას ხრისტოფი, ნეოფიტოს ლარკუ (ლუკას ხაცილუკასი 46), ანდრეას სოტირიუ, პამბოს პიტასი, გიორგოს სავიდისი (ანტონის ანტონიუ 46)
მწვრთნელი: ანდრეას მიხაილიდისი
საქართველო: აკაკი დევაძე, სოსო ჭედია, კახი ცხადაძე (თემურ კაბისაშვილი 46), მურთაზ შელია, გია ჯიშკარიანი (კაპ), დავით ცომაია, თემურ ქეცბაია, კახი გოგიჩაიშვილი, კახი კაჭარავა, დავით ყიზილაშვილი (მიხეილ ჯიშკარიანი 72), გიორგი დარასელია (გიორგი ნემსაძე 66)
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
გაფრთხილება: დავით ცომაია, თემურ ქეცბაია
მსაჯი: ა.ონისიფორუ (კვიპროსი)

24 დეკემბერი, 1992. არაოფიციალური ამხანაგური. კვიპროსი, ნიქოზია. 500
ოლიმპიაკოსი (ნიქოზია, კვიპროსი) 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი დარასელია (39), 0:2 გიორგი ნემსაძე (48)
საქართველო: გიორგი მაკასარაშვილი, სოსო ჭედია, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (კახა სიდამონიძე 60), თემურ კაბისაშვილი, გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია, კახი გოგიჩაიშვილი, კახი კაჭარავა, გიორგი დარასელია, მიხეილ ჯიშკარიანი
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
მსაჯი: კ.ხრისტოპულო (კვიპროსი)

27 დეკემბერი, 1992. არაოფიციალური ამხანაგური. კვიპროსი, ლარნაკა. 2 500
ანორთოსისი (ფამაგუსტა, კვიპროსი) 1:4 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი დარასელია (17), 0:2 მიხეილ ჯიშკარიანი (25), 0:3 მურთაზ შელია (30), 1:3 ა.პანდორუ (60), 1:4 კახი გოგიჩაიშვილი (73)
საქართველო: აკაკი დევაძე, სოსო ჭედია, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, თემურ კაბისაშვილი, გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია, კახი გოგიჩაიშვილი, კახი კაჭარავა, გიორგი დარასელია, მიხეილ ჯიშკარიანი
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე
მსაჯი: კ.პოპიდისი (კვიპროსი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 23 დეკემბერი)
ფოტო: ნოდარ კობერიძე; გაზეთი ქართული ფეხბურთი; ჟურნალი მირავოი ფუტბოლ

ka_GEGeorgian