სანდროს თასი

გუშინდელი საღამოს შემდეგ ფეისბუქზე ერთი ამბავი ატყდა: სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგოო. არაერთმა სააგენტომგვახარაეს ინფორმაცია.
კი დამაეჭვა წლის დასაწყისში მოგებულმა ასეთმა მნიშვნელოვანმა ტიტულმათქვენი არ ვიცი და მე ჯერ გოზინაყი ვერ ავითვისე ბოლომდე, მაგრამ ლამის ყველა წერდა: არც მეტი, არც ნაკლებიმსოფლიო თასი!

ფრიად დამაინტერესა ამ ამბავმა. აქეთ ვნახე, იქ შევიხედე, იმას ვკითხე და გამოვარკვიე, რომ სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის კალენდარში შემავალი ერთ-ერთი ეტაპი მოიგო, თბილისში გამართული შეჯიბრება.

ეს, ცხადია, მშვენიერია.

წლის გამარჯვებით დაწყებაც ხომ შესანიშნავია.

კიდევ უკეთესი ისაა, რომ სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, ვინც მსგავს წარმატებას მიაღწია.

მაგრამ მაინც: მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპი და არა მსოფლიო თასი. ამ ორს შორის უდიდესი სხვაობაა!

მსოფლიო თასის მფლობელი ხმალში, რაპირასა და დაშნაში (ფარიკაობაში, მოგეხსენებათ, ეს დისციპლინებია და სამივეგან თასი თამაშდება) სეზონის მიწურულს გამოვლინდება, როცა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIE) კალენდარში შემავალი ტურნირების შედეგებს დააჯამებს, სპორტსმენთა მიერ დაკავებულ ადგილებს ქულებს შეუსაბამებს და შემდეგ შეკრებს. ის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება, მსოფლიო თასსაც ჩაიხუტებს.

სანდროს კი წარმატებები მომდევნო ეტაპებზე და სეზონშიც. 2021-22 წლების მსოფლიო თასზე ის ამ წუთისთვის მე5 ადგილზეა 168 ქულით. ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ შილადი გახლავთ (263 ქულა), რომელთანაც დამარცხდა კიდეც სანდრო ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში.

მოხმალავეთა შორის მსოფლიო თასის მფლობელი კი კორეელი სან უკ ოა, ვისაც ბაზაძემ ოლიმპიადის მეოთხედფინალში 15:13 აჯობა.

მოკლედ, ასეთი ამბავია. წავედი ახლა მე, გოზინაყს მივხედავ, თორემ მალე ფუტსალის ევროპა იწყება და მერე იდეალი ან ნაპოლეონი თუ მიშველის.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 იანვარი)

ka_GEGeorgian