მბაპე და დე ლიხტი თბილისში

ძველ რაღაცებს ვალაგებდი და ერთი საინტერესო ფურცელი ვიპოვე, 2016 წლის ნოემბერში თბილისში გამართული 19წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტი მატჩისა: იმ წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი მთავარი თასისთვის ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე გამართული ოთხთა ტურნირის ჩემპიონი ესპანეთი გახდა, საფრანგეთი მეორეზე გავიდა, ნიდერლანდებმა მესამე ადგილი დაიკავა, საქართველო კი, რომელმაც სამივე მატჩი დათმო, მეოთხე იყო. ეს შეჯიბრება ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წელს თბილისსა და გორში გამართული 19წლამდელთა ევროპირველობისთვის მოსამზადებლად ჩაატარა…

თუმცა ახლა სხვა რამის თქმა მინდა: ფურცელზე ჩამოწერილ შემადგენლობებს დავხედე და აღმოჩნდა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს კილიან მბაპეს თბილისში უთამაშია, თან მესხი არენის სათადარიგო მოედანზე.

ის იმხანად ფრანგული ფეხბურთის იმედად ითვლებოდა და რამდენიმე თვეში ეროვნულ გუნდშიც დაწინაურდა, წელიწადნახევარში კი სულაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაგრამ იმ ტურნირის წინ ჩვენში პატრიკ კლუივერტის შვილზე, ჯასტინზე და ზინედინ ზიდანის ვაჟზე, ლუკაზე უფრო საუბრობდნენ. ამ უკანასკნელმა ფრანგების წინააღმდეგაც ითამაშა…

იმ მატჩების ოქმებს თვალი გადავავლე და მბაპეს გარდა თანამედროვე ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი ვიპოვე: ჩემი საყვარელი იუვენტუსის მცველი მათიის დე ლიხტი ორჯერ გასულა მინდორზე. ნიდერლანდელმა ფრანგებთან პირველი თამაში გამოტოვა, თუმცა ესპანეთთან და საქართველოსთან შეუცვლელი იყო.

მგონი საინტერესო ამბავია

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 იანვარი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian