სლავადან ლაშამდე

1965 წლის 1 იანვარს, საახალწლო ნომრის მეორე გვერდზე, გაზეთმა ლელომ მკითხველს საქართველოს ათი საუკეთესო სპორტსმენი გააცნო.
სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პირველ რეფერენდუმში მედიის 40 წარმომადგენელი მონაწილეობდა, წლის რჩეულის საპატიო წოდება კი თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდის ლიდერს, ოქროს ბიჭს – სლავა მეტრეველს ხვდა წილად.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მოთამაშემ 242 ქულა მოაგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა მსოფლიოს ჩემპიონს, ჩვენი სპორტის კიდევ ერთ სიამაყეს, ნონა გაფრინდაშვილს (176 ქულა). ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნუგზარ ასათიანმა 172 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

1964 წლის სპორტული სეზონის მთავარი მოვლენა ტოკიოს ოლიმპიადა იყო, თუმცა რეფერენდუმის მონაწილე ჟურნალისტებისთვის 18 ნოემბრის ტაშკენტური გამარჯვება, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი აღმოჩნდა – იმ დღეს საფეხბურთო თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გადამწყვეტ, ოქროს მატჩში მოსკოვის ტორპედოს ტაშკენტში 4:1 სძლია და პირველად მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

საკავშირო ბროლის თასი ნანატრი ჯილდო იყო და ალბათ, ამით თუ აიხსნება წლის გამორჩეულ ათ სპორტსმენს შორის ოთხი ფეხბურთელის მოხვედრა: მეტრეველის გარდა ჟურნალისტთა ფავორიტები აღმოჩნდნენ მიხეილ მესხი (V ადგილი), გიორგი სიჭინავა (VIII) და დინამოს გუნდისთავი შოთა იამანიძე (IX). სხვათა შორის, ერთი სახეობის ამდენი წარმომადგენელი სპორტულ ჟურნალისტთა წლის ათეულში მეორედ 42(!) წლის შემდეგ მოხვდა და ეს პატივი ძიუდოისტებს ხვდათ წილად…

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია 1959 წელს დაარსდა. სამწუხაროდ, 1964 წლამდე რჩეული არ გამოვლენილა, თუმცა 57 წლის წინ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ სპორტული ჟურნალისტები ყოველი წლის მიწურულს ასახელებენ რჩეულს. 1991 წლის 19 აპრილს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დაფუძნდა და მას შემდეგ სწორედ სსჟა კურირებს ამ ღონისძიებას.

განვლილ 57 წელიწადში საქართველოს წლის ათლეტი 55ჯერ გამოვლინდა. რეფერენდუმი მხოლოდ 1991 და 2000 წლებში არ გაიმართა. პირველ შემთხვევაში ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა, თბილისი სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული და გამოკითხვისთვის უბრალოდ არავის ეცალა. შარშან კი, კოვიდ 19ის გამო, სპორტული სეზონი მარტის დასაწყისში შეწყდა და ბუნებრივია, რჩეულთა დასახელებამ აზრი დაკარგა.

სანამ განვლილ 55 რეფერენდუმს მიმოვიხილავ და საინტერესო ამბებს გაგაცნობთ, ორ შეცდომაზე, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ აღმოვაჩინე.

ახალი წლის დღეებში, როცა სპორტული სეზონი ჯერ კიდევ არ იყო გახურებული, სსჟას რჩეული ათეულების მოძიება დავიწყე. გამარჯვებულთა სრული სია არაერთხელ გამოქვეყნდა სქელტანიან წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის ქართული სპორტის ოქროს წიგნშიც, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებულთა ჩამონათვალი არ მაკმაყოფილებდა, ყველა ლაურეატის გაგება მსურდა.

ვფიქრობდი, რომ ლელოს ძველ ნომრებში ვიპოვიდი პასუხს და არც შევმცდარვარ: ქართული სპორტის მემატიანე დეკემბერ-იანვარში ყოველთვის აქვეყნდებდა ათეულებს და მეც ნელ-ნელა მათი ამოკრება დავიწყე. ხსენებულ უზუსტობებსაც მალე მივაგენი: ისევე როგორც თქვენ, აქამდე მეც ვიცოდი, რომ 1967 წელს ჩემი უფროსი კოლეგების რჩეული დიდებული კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე გახდა, 1989 წელს კი რეფერენდუმი არ ჩატარდა.

სამწუხაროდ, ორივე ცნობა მცდარი აღმოჩნდა: 1967 წელს ჟურნალისტთა გამოკითხვა თბილისის დინამოს და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ მოიგო, 1989 წელს კი ათეული დიახაც რომ დასახელდა და წლის სპორტსმენის წოდება ზედიზედ მეორედ მოიგო ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ ლელოში ამოიკითხოთ: ხურცილავას და სალუქვაძის პირველობის შესახებ, ათეულის სრული ჩამონათვალით, ლელო 1967 და 1989 წლების 31 დეკემბრის საახალწლო ნომრებში წერდა.

საბედნიეროდ, ყველა დანარჩენი გამარჯვებული ენციკლოპედიებში, წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში სწორადაა მითითებული. იმედს ვიტოვებ, რომ ჟურნალ ოლიმპიელში გამოქვეყნებული ეს სია, ახლა უკვე თამამად შეიძლება ამის თქმა – უშეცდომო, ამ თემით დაინტერესებულ ყველა ჟურნალისტს თუ გულშემატკივარს გამოადგება.

განვლილმა 55მა რეფერენდუმმა არაერთი საინტერესო ფაქტი დაიტია. და სანამ გამორჩეულებზე გადავალ, ორი სიტყვით საერთო სურათს აღვწერ.

სპორტის სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული – 7 – ძიუდოისტებს ჰყავთ. 1979 წელს თემურ ხუბულურმა მოიგო სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულის წოდება და მას შემდეგ ძიუდოისტთაგან პირველი ადგილი დაიკავეს გიორგი ვაზაგაშვილმა (1995), ზურაბ ზვიადაურმა (2004), ზაზა კედელაშვილმა (2006), ირაკლი ცირეკიძემ (2008), ლაშა შავდათუაშვილმა (2012) და ზედიზედ ორჯერ ავთანდილ ჭრიკიშვილმა (2013, 2014).

შვიდი ძიუდოისტი რვაჯერ კი გახდა გამარჯვებული, მაგრამ მათზე მეტი ტიტული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ექვსმა ფალავანმა მოიპოვა: ლევან თედიაშვილმა (1971, 1973, 1974) და ლუკა კურტანიძემ (1996, 2002, 2003) – სამჯერ, დავით გობეჯიშვილმა 1985 და 1990 წლებში დაიკავა პირველი ადგილი, თითო ტიტული კი ლერი ხაბელოვის (1987), რევაზ მინდორაშვილის (2005) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (2015) აქტივშია.

სულ სამმა ძალოსანმა კი მოიგო წლის სპორტსმენის ტიტული, მაგრამ ლაშა ტალახაძის ზედიზედ ოთხი გამარჯვებით, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა უკვე გადაასწრეს ძიუდოისტებს და მხოლოდ მოჭიდავეებს ჩამორჩებიან: ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი 1992-1993 წლებში გახდა ჟურნალისტთა რჩეული; ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 1998, 2000 და 2001 წლებში გაიმარჯვა; ტალახაძე კი 2016 წლიდან პირველია. სხვათა შორის, ლაშას გარდა სსჟას რეფერენდუმი ოთხჯერ, და თან ზედიზედ, არავის მოუგია. ლაშა სულ ოთხჯერ დასახელდა ათეულში, თუმცა ყველა შემთხვევაში პირველი იყო. ესეც უნიკალური ფაქტია.

ასეთი მიღწევების მიუხედავად, მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენს ჯერ კიდევ ბევრი უკლია ნინო სალუქვაძემდე – ლეგენდარული ტყვიის მსროლელი, ცხრა(!) ოლიმპიადის მონაწილე და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი სხვადასხვა დროს 14ჯერ დასახელდა ათეულში! სამი ტიტულის გარდა ქალბატონი ნინო ასევე სამჯერ გავიდა მეორე ადგილზე, ორ-ორჯერ კი მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე იყო. თუნდაც ამის გამო არ მიკვირს, რომ მის გვარს 80იანი წლების მიწურულსაც შეხვდებით ათეულში და 2010იან წლებშიც.

აქვე უნდა შევნიშნო: საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი 15ჯერ კი მოხვდა ათეულში, მაგრამ 1980 და 1982 წლებში ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების შემადგენლობაში და ამიტომაც, ეს ორი ფაქტი მის პირად წარმატებებს არ მივათვალე.

უნდა ვახსენო ვაჟთა შორის ყველაზე სტაბილური, ჩვენი ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა ალექსანდრე მეტრეველი: 1964-1980 წლებში გამართულ 17 რეფერენდუმში ის 13ჯერ დასახელდა ათეულში…

1967 და 1970 წლების ათეულები განსაკუთრებულია ერთი მიზეზით: ყველა რჩეული სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელია. 1967 წელს საუკეთესოთა შორის მოხვდნენ ფეხბურთელი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, კალათბურთელი, ჩოგბურთელი, ძალოსანი, ველომრბოლი, მძლეოსანი, მთამსვლელი, მოჭადრაკე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 1970 წელს კი მოცურავე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ჩოგბურთელი, მოჭადრაკე, ფეხბურთელი, ველომრბოლი, მძლეოსანი, თავისუფალი სტილის ფალავანი, ძალოსანი და სპორტული ტანმოვარჯიშე.

რაც შეეხება წლის დასაწყისში მიგნებულ 1989 წლის ათეულს, ის ყველაზე ძალიან ქალ სპორტსმენთა ქომაგებს გაახარებს: ისტორიაში პირველად (და ბოლოჯერ) ათეულის ზუსტად ნახევარი ქალებმა შეავსეს – პირველი ადგილი ნინო სალუქვაძეს ერგო, ჩოგბურთელი ლელა მესხი V ადგილზე გავიდა, ქრისტინა ფალასინიდიმ (სინქრონული ცურვა) VII ადგილი დაიკავა, მოჭადრაკე ქეთევან კახიანი VIII გახლდათ, ბატუტზე მხტომელი რუსუდან ხოფერია კი X.

წერილის დასაწყისში 1964 წლის რეფერენდუმში მოხვედრილი ოთხი ფეხბურთელი ვახსენე. 2006 წელს მათი მიღწევა ძიუდოისტებმა გაიმეორეს, 2013 წელს კი ამ მშვენიერი სახეობის წარმომადგენლებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს – ათეულში ხუთი ძიუდოისტი მოხვდა: ავთანდილ ჭრიკიშვილი წლის სპორტსმენი გახდა, ვარლამ ლიპარტელიანი მესამე იყო, ლაშა შავდათუაშვილი – მეოთხე, ბექა ღვინიაშვილი – მეხუთე, ამირან პაპინაშვილი – მერვე.

სსჟას 55 წლის რეფერენდუმი ჩვენი სპორტის ძალიან კარგ სურათს გვაძლევს. ის, ცხადია, უამრავ საინტერესო ფაქტსაც იტევს, ჩანახატის ბოლოს კი რამდენიმე ყველაზე საინტერესოს გამოვყოფ:

ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეხიკოს ოლიმპიადის ჩემპიონი რომან რურუა ერთადერთია, რომელიც ზედიზედ ხუთჯერ დასახელდა მეორე ნომრად – 1966-1970 წლებში;

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ 1994 წელს მეორე ადგილი დაიკავა, ქალთა ნაკრების შემადგენლობაში კი იმავე წელს პირველ ადგილზე დასახელდა. ეს უნიკალური შემთხვევაა გამოკითხვის ისტორიაში;

ტრამპლინიდან მხტომელი მიხეილ გავა ზამთრის სახეობათა პირველი წარმომადგენელია, ვინც ათეულში მოხვდა – 1974 წელს მეოთხე გახლდათ. მეორე, ვისაც ასეთი პატივი ერგო, მოციგურავე ელენე გედევანიშვილია – 2006 წელს მან მეექვსე ადგილი დაიკავა. 2010 წელს ელენე მეორედ მოხვდა ათეულში, კვლავ მეექვსე ნომრად.

სსჟას ყველა რჩეული

2020 – არ ჩატარდა
2019 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2018 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2017 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2014 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი)
2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი)
2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)
2003 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2001 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი)
1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1993 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1991 – არ ჩატარდა
1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1989 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)
1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი)
1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო)
1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1977 – დავით კვაჭაძე (კრივი)
1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1974 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა)
1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1967 – მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი)
1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი)
1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი)
1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)

რჩეულები სახეობების მიხედვით

ძიუდო (7 სპორტსმენი): თემურ ხუბულური (1979), გიორგი ვაზაგაშვილი (1995), ზურაბ ზვიადაური (2004), ზაზა კედელაშვილი (2006), ირაკლი ცირეკიძე (2008), ლაშა შავდათუაშვილი (2012), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2013, 2014)
თავისუფალი ჭიდაობა (6): ლევან თედიაშვილი (1971, 1973, 1974), დავით გობეჯიშვილი (1985, 1990), ლერი ხაბელოვი (1987), ლუკა კურტანიძე (1996, 2002, 2003), რევაზ მინდორაშვილი (2005), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2015)
ძალოსნობა (3): კახი კახიაშვილი (1992, 1993), გიორგი ასანიძე (1998, 2000, 2001), ლაშა ტალახაძე (2016, 2017, 2018, 2019)
ჭადრაკი (3): ნონა გაფრინდაშვილი (1969, 1975), მაია ჩიბურდანიძე (1978, 1984, 1986), ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები (1982, 1994)
ფეხბურთი (3): სლავა მეტრეველი (1964), მურთაზ ხურცილავა (1967), რამაზ შენგელია (1981)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (3): თემურ აფხაზავა (1983), რამაზ ნოზაძე (2007), მანუჩარ კვირკველია (2009)
კრივი (2): დავით კვაჭაძე (1977), გიორგი კანდელაკი (1997)
რაგბი (2): დავით ზირაქაშვილი (2010), მამუკა გორგოძე (2011)
მძლეოსნობა: ვიქტორ სანეევი (1968, 1972, 1976)
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე (1988, 1989, 1999)
ველოსპორტი: ომარ ფხაკაძე (1965)
ჩოგბურთი: ალექსანდრე მეტრეველი (1966)
ცურვა: თინათინ ლეკვეიშვილი (1970)
მშვილდოსნობა: ქეთევან ლოსაბერიძე (1980)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 იანვარი)
წერილი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ოლიმპიელში (#46, დეკემბერი, 2021 წელი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია; გაზეთი ლელო

ka_GEGeorgian