სუპერბიოს სუპერფინიში

თუ ვინმე გახდება ამ ოლიმპიადის მთავარი ვარსკვლავი, ერთ-ერთი, ალბათ, ეს ნორვეგიელი გადარეული იქნება, ფოტოზე მარჯვნივ, განცალკევებით რომ დგას: 28 წლის იოჰანეს თინეს ბიო.
გადარეული იმიტომაა, რომ უკვე მსოფლიოს 12გზის ჩემპიონია, 2015 წლიდან სტაბილურად იგებს თუნდაც ერთ ოქროს მსოფლიოზე, ხოლო რაც შეეხება პეკინი 2022ის შესაძლო ვარსკვლავობას:

ბიათლონში შერეულ ესტაფეტას თუ უყურეთ, დიდი ალბათობით ჩემსავით აღფრთოვანდებოდით ფინიშით და ბოლო წრეზე ბიოს არაადამიანური ძალისხმევით, რამაც ნორვეგიას დღეს დაწყებულ თამაშებზე უკვე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მსოფლიო თასის ზედიზედ სამგზის გამარჯვებულმა უკანასკნელ მეტრებზე გადაასწრო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ოთხეულის წევრს, ედუარდ ლატიპოვს, მასთან ერთად თასის გათამაშების ლიდერი, ფრანგი კუენტინ ფილონ მალეც ჩამოიტოვა და კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო (პირველი ესტაფეტაში)!

ნორვეგიელ ქალებს, და განსაკუთრებით ტირილ ეკჰოფს უკეთ რომ ესროლათ, ასეთი დაძაბული ფინიში არ გვექნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. ეკჰოფის საშუალედო ფინიშის შემდეგ ვიფიქრე, დარჩა ნორვეგია ოქროს გარეშე მეთქი, მაგრამ იოჰანესმა წარმოუდგენელი მოახერხა. რა თქმა უნდა ლატიპოვს რომ უმტყუნა მიზანმა, ამანაც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ბიო შეუდარებელი იყო – საოცრად ისრიალა!

პეკინში ის კიდევ რამდენჯერმე დადგება ტრასაზე და ვინ იცის, ეგებ ყველა დროის საუკეთესო ბიათლეტის, 13გზის ოლიმპიური ჩემპიონის, დიადი ოლე ეინარ ბიორნდალენის ოცი წლის წინანდელი გმირობაც გაიმეოროს – ბიატლონის ნორვეგიელმა მეფემ სოლტ ლეიკ სიტი 2002 ოთხი ოქროთი დახურა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 5 თებერვალი)
ფოტო:
www.beijing2022.cn

ka_GEGeorgian