ეროვნული ნაკრების მეექვსე ნაბიჯი: აზერბაიჯანი 1:0 საქართველო

1993 წელი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გამოდგა:
ევროპის საკლუბო ტურნირებში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თბილისის დინამო ვიხილეთ…
სეზონის საუკეთესო მოთამაშე პირველად გამოავლინეს ჟურნალისტებმა – გაზეთ სარბიელის დაწესებული პრიზი დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ქინქლაძეს ერგო…
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ქვეყნის მთავარმა გუნდმა ნაკრებთა დონეზე ერთადერთხელ ითამაშა და თან, ძალიან უცნაურ დროს. ეს წერილი სწორედ ამ, ჩვენი გუნდის რიგით მეექვსე თამაშზეა.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა 1993 წლის 1-15 აპრილის ნომერში (#10), მკითხველს სფფს გადაწყვეტილება ამცნო, რომლის მიხედვით ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასვე დაევალა სხვა ასაკობრივი გუნდების ზედამხედველობა, პარალელურად კი თანამდებობაც შეინარჩუნა.

და გიგა ნორაკიძე? ასაკოვანი სპეციალისტი ქუთაისის ტორპედოში დარჩა, სადაც ნაკრებში მუშაობის პარალელურად მანამდეც მუშაობდა.

ჩივაძის დებიუტი ახალ თანამდებობაზე აზერბაიჯანში შედგა, 25 მაისს, საქართველოს თასის ფინალის წინა დღეს(!). ამაზე ქვემოთ, მანამდე კი იმ არაოფიციალურ ტურნეზე, რომელიც აპრილის მეორე ნახევარში ესპანეთში ჩატარდა: რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებული თბილისის დინამოს ბირთვი 23, 25, 27 და 29 აპრილს, ნაკრების სახელით, ესპანეთის დაბალი ლიგის კლუბებს გაეჯიბრა. ამ შეხვედრებში გუნდს სწორედ სფფს ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული გუნდის მესაჭედ დანიშნული ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდა. ტურნეზე ბევრი არაფერია ცნობილი, ოქმების ნახვა კი ქვემოთ შეგიძლიათ.

ახლა რთულია იმაზე საუბარი, თუ რატომ დაამთხვია ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სანაკრებო თამაში საქართველოს თასის ფინალს. ფაქტი ისაა, რომ გუნდი აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში ფინალის მონაწილეების, თბილისის დინამოელების და ბათუმელების გარეშე გაემგზავრა. ჩივაძის პირველ სიაში უმაღლესი ლიგის ექვსი კლუბის – თბილისის შევარდენი 1906ის და მრეტების, რუსთავის მეტალურგის, გურჯაანის ალაზანის, სოხუმის ცხუმის და ქუთაისის ტორპედოს უძლიერესი მოთამაშეები მოხვდნენ.

შედეგად ნაკრებმა 0:1 წააგო, ნუგზარ ლობჟანიძის ავტოგოლით. იმხანად რუსთავის მეტალურგის მცველმა 53ე წუთზე ბურთი ვერ მოიგერია, აეჭრა და მისდა საუბედუროდ დავით ჯანელიძის კარში შეაგდო. მრეტების ახალგაზრდა მეკარე მეორე ტაიმში გამოჩნდა შევარდენი 1906ში მოთამაშე აკაკი დევაძის ნაცვლად…

„დარჩენილ დროში ჩვენები ბევრს ეცადნენ, მაგრამ საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლეს“ – ამ სიტყვებს ლელოს 37ე ნომერში ამოიკითხავთ (29 მაისი-1 ივნისი).

ამავე გაზეთის ცნობით, 25 მაისს განჯაში აზერბაიჯანის და საქართველოს 16წლამდელთა ნაკრები გუნდებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ის თამაშიც მასპინძლებმა მოიგეს, 2:0.

დინამო

საქართველოს თასის 1992-93 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამო. 1993 წლის 26 მაისი, ეროვნული სტადიონი. დგანან (მარცხნიდან): ზაქარია თელია, გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი, ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, რევაზ არველაძე, გოჩა ჩიქოვანი, ნიკა ჩხეიძე, ვაჟა ჟვანია. სხედან: გიორგი ქინქლაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, შოთა არველაძე, ბადრი კვარაცხელია

ეს ყველაფერი ლელოს მესამე გვერდზე წერია, პირველ და მესამე გვერდებს კი მეორე დღეს, 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული თასის ფინალის ფოტოები და ამბები ამშვენებს. უხვგოლიანი თამაშში დინამომ 4:2 დაამარცხა ბათუმი და ერთი წლით ადრე მოგებული თასი შეინარჩუნა. თბილისელთაგან ყველა გოლი არველაძეებმა შეაგდეს – რეზომ დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი ტყუპებმა მიითვალეს. ზღვისპირელთაგან თემურ ტუღუში და ლევან ხომერიკი გამოირჩნენ…

ხსენებულ მესამე გვერდზე, ეროვნული ნაკრების თამაშის მიმოხილვის ბოლოს, ლელო ერთ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს იმ დროს ჩვენი მთავარი ლეგიონერის, კახი ცხადაძის შესახებ: ბუნდესლიგაში, ფრანკფურტის აინტრახტში მოთამაშე მცველი იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა ევროპის სეზონის ნაკრებში დაასახელა ფერნანდუ კოუტუს (პორტუგალია; პორტუ), ლოთარ მათეუსის (გერმანია; ბაიერნი), მათიას ზამერის (გერმანია; დორტმუნდის ბორუსია), ლუის ენრიკეს (ესპანეთი; მადრიდის რეალი), ალენ ბოკშიჩის (ხორვატია; მარსელის ოლიმპიკი), ერიკ კანტონას (საფრანგეთი; მანჩესტერ იუნაიტედი) და სხვების მხარდამხარ. როგორც ლელო წერდა, ეს სიმბოლური გუნდი მხოლოდ არაიტალიელებისგან დაკომპლექტდა…

1994 წლიდან ეროვნული გუნდის ისტორიაში ახალი დროება დაიწყო – ნაკრები პირველ ოფიციალურ ტურნირში, ევრო 1996ის შესარჩევ ეტაპზე დაუშვეს, საკვალიფიკაციო თამაშებამდე კი გუნდმა სეზონი მალტის ოთხთა საერთაშორისო ტურნირით გახსნა. მომდევნო წერილი კუნძულზე გამართულ სამ თამაშს დაეთმობა.

* * *

25 მაისი, 1993. ამხანაგური. აზერბაიჯანი, განჯა, მერკეზი. 9 500*
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ნუგზარ ლობჟანიძე (53, საკუთარ კარში)
აზერბაიჯანი: ელხან ჰასანოვი, ფაიქ ქაბაროვი, მეჰმან იუნუსოვი (არიფ ასადოვი 36), ზაურ ყარაევი, ემინ აღაევი (ალი აბიშოვი 60, იუნის ჰუსეინოვი 80), ტერლან აჰმედოვი (ჯეიჰუნ ტანრივერდიევი 18), ვიდადი რზაევი, შაჰინ დინიევი, ნიზამი სულეიმანოვი (კაპ), მეჰირ ალიევი (ყურბან ყურბანოვი 46, ნაზიმ ალიევი 70), სამირ ალეკბეროვი (მახმუდ ყურბანოვი 75)
მწვრთნელი: ალეკბერ მამადოვი
საქართველო: აკაკი დევაძე (დავით ჯანელიძე 46), გია ფირცხალავა, კახა სიდამონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გია ჯიშკარიანი (კაპ), კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ვასილ სეფაშვილი (იური გაბისკირია 66), მელორ ბიგვავა (დავით ჯანაშია 46), გიორგი დარასელია, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯები: რუსტამ რახიმოვი; მ.მამედოვი, ა.გულამი (აზერბაიჯანი)
*-ლელოს ინფორმაციით თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო

23 აპრილი, 1993. არაოფიციალური ამხანაგური. ესპანეთი, ტალავერა, ხერონიმო მარტინი. 1 500
ტალავერა (ესპანეთი) 1:1 საქართველო
გოლები: 1:0 (38), 1:1 გოჩა გუჯაბიძე (60)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, რევაზ არველაძე (გიორგი ნემსაძე 46), მიხეილ ყაველაშვილი (კაპ), გოჩა ჯამარაული, არჩილ არველაძე (გელა ინალიშვილი 59), გიორგი ქინქლაძე (გიორგი ანჩაბაძე 75), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

25 აპრილი, 1993. არაოფიციალური ამხანაგური. ესპანეთი, ალბასეტე, კარლოს ბელმონტე. 2 000
ალბასეტე (ესპანეთი) 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 (38), 2:0 (58)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, რევაზ არველაძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი (კაპ) (გელა ინალიშვილი 65), გოჩა ჯამარაული (არჩილ არველაძე 60), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

27 აპრილი, 1993. არაოფიციალური ამხანაგური. ესპანეთი, ბენიდორმი, მუნისიპალი. 1 000
ბენიდორმი (ესპანეთი) 0:4 საქართველო
გოლები: 0:1 გელა ინალიშვილი (4), 0:2 არჩილ არველაძე (28), 0:3 გიორგი ქინქლაძე (58), 0:4 გიორგი ანჩაბაძე (79)
საქართველო: ირაკლი ზოიძე (ნიკა ჩხეიძე 46), ბესიკ ბერაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, რევაზ არველაძე (კაპ), გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46), გიორგი ქინქლაძე (გიორგი ანჩაბაძე 70), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

29 აპრილი, 1993. არაოფიციალური ამხანაგური. ესპანეთი, ტოლედო, სალტო დელ კაბალო. 1 500
ტოლედო (ესპანეთი) 1:4 საქართველო
გოლები: 0:1 შოთა არველაძე (17), 0:2 გიორგი ქინქლაძე (31), 0:3 რევაზ არველაძე (44, პენ), 0:4 არჩილ არველაძე (60), 1:4 (81)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, რევაზ არველაძე (კაპ), გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე (გოჩა ჯამარაული 61), გიორგი ქინქლაძე (გიორგი ანჩაბაძე 70), შოთა არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 46)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 9 თებერვალი)
ფოტო: გაზეთი ქართული ფეხბურთი; გაზეთი ლელო; ელდარ მალხაზიშვილი

ka_GEGeorgian