ილია დათუნაშვილი – 1937-2022

ამ ორ ფოტოს 16 წელიწადი აშორებს.
პირველი 1998 წელსაა გადაღებული სარბიელის რედაქციაში, ცხონებული ბადრი კეთილაძის მიერ. მეორე კი უკვე მე გადავიღე 2014 წლის ნოემბერში, ტაშკენტში, ფახთაქორის სტადიონზე.
1998 წელს ბატონი ილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და პროგრამის გასაცნობად გვეწვია სარბიელში. მას პირველად მაშინ შევხვდი.

წლების შემდეგ უკვე ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და ბატონ ილიას იშვიათად, მაგრამ უკვე იქ ვხვდებოდი – ჩვენი ოთახის გვერდით მისი მეგობრების, სერგო კოტრიკაძის და სერგო კუტივაძის კაბინეტი იყო და ვეტერანები დროდადრო წარსულ ამბებს იხსენებდნენ.

2014 წლის ნოემბერში კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოქროს ბიჭების 50 წლის იუბილე თბილისსა და ტაშკენტში აღნიშნა და ნოემბრის იმ თბილ დღეებში თბილისის დინამოს ვეტერანებთან ერთად მეც ვიმოგზაურე უზბეკეთში. ძალიან გამიმართლა, რომ 1964 წლის 18 ნოემბრის გმირებთან ერთად 50 წლის შემდეგ მეც შევაბიჯე ფახთაქორის სარბიელზე. მინდორზე ბატონ ილიასთან და ბატონ ვლადიმერ ბარქაიასთან ერთად გავედი, გზად კი ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბებს ვისმენდი. ძალიან შეუცვლიათო, – პირველად ეს თქვა ოქროს ბიჭმა, როცა გვირაბიდან გამოვედით.

ის კუთხური საიდან ჩაახვიეთ, მაჩვენეთ-მეთქი, ვთხოვე. ალამთან მივედით და ეს ფოტოც მაშინ გადავუღე. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი, მაგრამ აგერ უკვე რვა წელიწადი გასულა…

მიდიან დიდი ქართველი სპორტსმენები, ოქროს ბიჭებიდანაც მხოლოდ ორნი დარჩნენ…

აღარ ჩამოვთვლი ბატონ ილიას ტიტულებს და რეკორდებს. ჩვენ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა მათ შესახებ ყველაფერი ვიცით. ილია დათუნაშვილი თბილისის დინამოს და ჩვენი ფეხბურთის ლეგენდა იყო.

ღმერთმა აცხონოს!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 თებერვალი)
ფოტო:
ბადრი კეთილაძე; ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian