დიღომი ნიდერლანდებში

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა იანვარში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, ისტორიაში პირველად. ტურნირი ნიდერლანდებში გაიმართა და ამბავი, რომელსაც ახლა გაეცნობით, ჩვენ ფეხბურთს და სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება – 1990 წლის აგვისტოში ნიდერლანდებს ორი კვირით ესტუმრა საფეხბურთო კლუბი დიღომი.
ჩემი მეგობარი თემურ დოლიძე იმ გუნდის მეკარე გახლდათ და უცხოური ტურნეს შესახებ წლების წინ მიამბო. ამ ნაკლებად ცნობილი ამბის შესახებ წერილის მომზადება მაშინვე ვიფიქრე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე. ახლა კი, როგორც იქნა, საქმეს თავი მოვაბი და დიღმელების 32 წლის წინანდელ თავგადასავალს თემოსთან ერთად მოგიყვებით.

მანამდე მცირე შესავალი: დიღომი ქარხანა მიონთან არსებული კლუბი იყო და 90ების დასაწყისში ეროვნული ჩემპიონატის ქვედა ლიგაში, აღმოსავლეთ ზონაში თამაშობდა. დიღომი ნიდერლანდებში, კონკრეტულად კი კუნძულ ტექსელზე საზოგადოება „ტექსელ-გეორგიენ კონტაქტის“ დამფუძნებლებმა მარია დე გრააფმა და ჰეტი ვან დაიკმა მიიწვიეს. ეს პატიოსანი ხალხი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, იქიდან კი მიონის ხელმძღვანელებს შეეხმიანნენ. ხანმოკლე მოლაპარაკების შემდეგ დიღომის გამგზავრება გადაწყდა. ორკვირიანი მოგზაურობის ყველა ხარჯი, ქარხნის გენერალური დირექტორის თეიმურაზ ბილიხოძის გადაწყვეტილებით, მიონმა დაფარა.

„იმ ამბებს ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ… თითქმის ორი კვირა გავატარეთ ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე და ახლა ყველაფერი ზღაპარივით მაგონდება“, – ამბობს თემო და იმ მოგზაურობისადმი მიძღვნილ ალბომს ფურცლავს. ალბომი სავსეა ფოტოებით, ჩანახატებით, საგაზეთო სტატიებით, პროგრამებით, სხვადასხვა სამახსოვრო ბარათით…

„ჩვენ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის განყოფილების რეფერენტი კახა იმნაძე, თეიმურაზ ბილიხოძე და ზვიად ყიფიანი ხელმძღვანელობდნენ. მასპინძლების ძალისხმევით ყველა საორგანიზაციო საკითხი უმაღლეს დონეზე იყო მოგვარებული… ერთ-ერთი მატჩის წინ ნიდერლანდების სამეფოში საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძეც გვესტუმრა და მოგვიანებით მასთან ერთად გვირგვინით შევამკეთ მეორე მსოფლიო ომის დროს ტექსელზე დაღუპულ ქართველ მეომართა საფლავი“, – იხსენებს თემო.

გურამ პავლიაშვილი, ლევან პავლიაშვილი, ლევან გვაზავა, ალიკა ჯაფარიძე, გოგი თვალიაშვილი, კახა სიხუაშვილი, კახა ქუტაშვილი, ლადო ჭოლოკავა, დავით ნიქაბაძე, პაატა პაპიაშვილი, ელდარ გუგეშაშვილი, გელა ტურაშვილი – დიღომი ამ შემადგენლობით გაემგზავრა. მთავარი მწვრთნელი, უფრო კონკრეტულად კი მოთამაშე-მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი გახლდათ.

დიღომი

1990 წლის აგვისტო. სკ დიღომი ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე. პირველ რიგში (მარცხნიდან): ლევან პავლიაშვილი, გოგი თვალიაშვილი, კახა ქუტაშვილი, გურამ პავლიაშვილი, კახა სიხუაშვილი. დგანან: ელდარ გუგეშაშვილი, თემურ დოლიძე, მერაბ კოჭლაშვილი, დავით ნიქაბაძე, პაატა პაპიაშვილი, ალიკა ჯაფარიძე, ზაურ (?)

დელეგაცია 26 ივლისს, მოსკოვის გავლით ჩაფრინდა ამსტერდამში. იქ ბიჭებს უკვე ავტობუსი ელოდა. კიდევ ორი საათი პორტამდე, შემდეგ ბორანზე გატარებული 45 წუთი და ბოლოს შეკრების ადგილიც – კუნძული ტექსელი.

თემო: „თავიდანვე ვიცოდით, რომ ოჯახებში ვიცხოვრებდით. ერთ კოხტა, ორსართულიან სახლში მოვხვდი მერაბ კოჭლაშვილთან ერთად. მასპინძლებმა დიდი პატივი გვცეს… სხვათა შორის, საახალწლოდ თავისთან დამპატიჟეს – ქორწილის 25 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ და მოსაწვევი ბარათი გამომიგზავნეს. გული დამწყდა რომ ვერ წავედი, ის წერილი ახლაც შენახული მაქვს…
კუნძულზე ველოსიპედით დავდიოდით და ეს ძალიან მსიამოვნებდა. გარშემო ყველაფერს ვათვალიერებდი და მაოცებდა ის სილამაზე, რასაც ყველგან ვხედავდი – მიწის სულ მცირე ნაწილიც კი არ იყო უყურადღებოდ დატოვებული, ყველაფერი ათვისებული ჰქონდათ, სახლები კი ყვავილებში იყო ჩაფლული!
თითქმის ყოველ დილით ვვარჯიშობდით. ტექსელის სპორტული ცენტრის მსგავსი პირველად ვნახე: ჯერ იმან გამაოცა, რომ ამ პატარა კუნძულზე ხუთი საფეხბურთო მინდორი იყო! და მერე საფარსაც ხომ გააჩნია? ისეთი ბალახი იყო, ვარჯიში მერიდებოდა. ჩვენთან ხომ იცი, მეკარის საჯარიმო სულ გაცვეთილ-გადაყვითლებულია, იქ კი მოთელვა ერთი სიამოვნება იყო! პირველ დღეს ვიფიქრე ბალახი არ გავაფუჭო-მეთქი და კარს უკან დავიწყე გახურება. მოვიდა გაკვირვებული მასპინძელი და მეუბნება: მანდ რას აკეთებ, შედი მინდორზე, იქ ივარჯიშეო“…

დიღომმა პირველი მატჩი 30 ივლისს გაიმართა: მეორე დივიზიონის კლუბს, დენ ჰელდერს შეხვდა. მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს.

2 აგვისტოს მეორე თამაში შედგა: ტექსელის მეორე ნაკრებს ქართველებმა 4:2 აჯობეს.

ორი დღის შემდეგ თბილისელები მესამედ და უკანასკნელად გავიდნენ ტექსელის საფეხბურთო მინდორზე – 1:2 კუნძულის პირველ ნაკრებთან.

თემო: „ყველაზე საინტერესო და დაძაბული მესამე მატჩი გამოდგა, რომლის წინა დღით კრუიფის თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად ვივარჯიშეთ, მათ შორის გერი მიურენთან და პიტ შრაივერსთან. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, მეკარე გახლდათ და რამდენიმე საინტერესო რჩევაც მომცა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო…
საერთოდ, ნიდერლანდების ნაკრების გულშემატკივარი ვარ 1974 წლიდან და ამდენად, იმ მოგზაურობას პირადად მე თავისუფლად შემიძლია ასრულებული ოცნება დავარქვა! ხომ გითხარით, მასპინძლები ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, ბოლოს კი ჩვენი გუნდის ყველა წევრს სპორტული ფორმის სრული კომპლექტი გვისახსოვრეს! იმ მაისურით მას შემდეგ უამრავჯერ ვითამაშე, ახლა კი შენახული მაქვს, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები“.

თემურ დოლიძე

დიღომი კუნძულ ტექსელზე: თემურ დოლიძე და ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანი მეკარე პიტ შრაივერსი

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს ბიჭები ტექსელის ღირსშესანიშნაობებს ეცნობოდნენ, ბოლო ორ დღეში კი ამსტერდამიც დაათვალიერეს – ზოოპარკი, საზღვაო მუზეუმი და რა თქმა უნდა აიაქსის სტადიონი.

თემო: „თვენახევარში უკვე ჩვენ ვუმასპინძლეთ ნიდერლანდელებს – ტექსელის პირველი გუნდი გვეწვია. ნაფარეულში მაშინ მშვენიერი სტადიონი იყო და ერთადერთი ამხანაგური მატჩიც იქ გაიმართა – 1:1. ფეხბურთი მესამე ტაიმით გაგრძელდა, რომელიც დიდი უპირატესობით მოვიგეთ…
მაშინ ვფიქრობდი, რომ კიდევ არაერთხელ ჩავიდოდით ნიდერლანდებში და ჩვენი კლუბების ურთიერთობაც უფრო მჭიდრო და საინტერესო გახდებოდა, მაგრამ მალე ქვეყანა აირია და იმ საქმიდან არაფერი გამოვიდა“.

საფეხბურთო კლუბი დიღომი ერთი წლის შემდეგ დაიშალა. თემო, გურამ პავლიაშვილი, დათო ნიქაბაძე, პაატა პაპიაშვილი და ელდარ გუგეშაშვილი მერანი 91ში გადავიდნენ.

რთული დრო იდგა და მხოლოდ ფეხბურთით თავის გატანა ჭირდა. თემურ დოლიძე საყვარელ საქმეს 1993 წელს გამოეთხოვა. მასთან ერთად სხვა ასპარეზი აირჩია კიდევ რამდენიმე დიღმელმა…

ნიდერლანდური ტურნეს მონაწილეთაგან დღეს სამი ცოცხალი აღარაა, იმ შემადგენლობიდან ყველაზე მეტს კი მერაბ კოჭლაშვილმა მიაღწია – უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბში იმუშავა, 2000 წელს თბილისის ვიტ ჯორჯია ჩაიბარა და ოთხ წელიწადში გუნდს ისტორიაში პირველად მოაგებინა საქართველოს ჩემპიონატი.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 თებერვალი)
ფოტო:
თემურ დოლიძის არქივი

ka_GEGeorgian