ბიათლონი ნორვეგიული სპორტია
თუ პეკინის ოლიმპიადას უყურებთ და ვაჟ ბიათლეტთა დღევანდელი გუნდური ესტაფეტა რაღაც მიზეზით გამოტოვეთ, აუცილებლად ნახეთ, რადგან დიდებულ სანახაობაზე უარის თქმა შეცდომა მგონია.
სტარტი ჩვენი დროით შუადღით იყო დანიშნული. ყინვის გამო შეჯიბრება სამი საათით ადრე დაიწყეს და ამ მიზეზით პირდაპირ ეთერს ავცდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი ვნახე, მაინც ძალიან ვისიამოვნე!
იოჰანეს თინეს ბიოზე კი რა უნდა ვთქვა? 28 წლის ნორვეგიელი თამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიმაჩნდა და ახლა ამას წყალი არ გაუვა – ის პეკინი 2022ის ერთ-ერთი გმირია!
დღეს მან მეოთხე მედალი მოიგო, დღეს ის მესამედ გახდა გამარჯვებული და ამით ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ ათლეტთა შორის თანამემამულეს და თანაგუნდელს, მარტე ოლსბიუ როიზელანდს გაუტოლდა!
ამას გარდა:
1: ესტაფეტაში მოგებული ოქრო ნორვეგიის გუნდისთვის პეკინში მეათე გამოდგა და ამით ნორვეგია გახდა პირველი, ვინც მინიმუმ ათჯერ იზეიმა ჩემპიონობა!
2: ნორვეგიელებმა პეკინში 26 ჯილდო მოიპოვეს და აქედან თითქმის ნახევარი – 12, სამი ბიათლეტისაა: ბიოს და როიზელანდის მსგავსად ოთხი მედალი აქვს იოჰანესის უფროს ძმას, ტარიეს. ის „მხოლოდ“ ორჯერ გახდა ჩემპიონი, სამაგიეროდ სრული კომპლექტი შეკრა – თითო ვერცხლი და ბრინჯაოც აქვს.
მოკლედ, ბიათლონი ჭეშმარიტად ნორვეგიელების სპორტია!
საინტერესო კი ისაა, რომ მათი მონაგარი დიდი ალბათობით გაიზრდება: ხვალ გოგონების ესტაფეტაა და როიზელანდსაც კიდევ ერთხელ ვიხილავთ, ხოლო 18 და 19 თებერვალს მედლების უკანასკნელი ორი კომპლექტი გათამაშდება და ეს დიდი სამეული, სავარაუდოდ, კვლავ ფავორიტთა შორის იქნება.
ჩანახატს კი ბიათლონის კიდევ ერთი ვარსკვლავით, ფრანგი კუენტინ ფილიო მალეთი დავასრულებ. პეკინი 2022ის ორგზის ჩემპიონმა ძალიან კი მოინდომა, მაგრამ ნაკრები ოქროთი ვერ გაახარა. სამაგიეროდ, პეკინის ოლიმპიადის მედლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა (2 ოქრო, 3 ვერცხლი) და ამით ხსენებული სამი ნორვეგიელი უკან მოიტოვა
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 თებერვალი)
ფოტო: www.beijing2022.cn