პეკინის ნორვეგიელი ვარსკვლავი
იოჰანეს თინეს ბიო, ყველაფრის მომგები ნორვეგიელი მოთხილამურე, მთავარ ტურნირებზე აღებული მედლებით ბიათლონის ისტორიაში მესამე ყველაზე წარმატებული და ახლა უკვე თამამად ვიტყვი: პეკინი 2022ის მთავარი ვარსკვლავი!
4 ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ამ საოცარი სპორტსმენის მონაგარი ამ ოლიმპიადაზე. 5 მედალი კიდევ ორმა მოიგო, ორივემ ბიათლონში – ნორვეგიელმა მარტე ოლსბიუ როიზელანდმა და ფრანგმა კუენტინ ფილიო მალემ, მაგრამ ხარისხობრივად ბიო მათზე მაღლა დადგა, ის ამ თამაშების ერთადერთი 4გზის ჩემპიონია!
5 თებერვალს ბიათლონში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა შერეულ ესტაფეტაში. ძალიან დაძაბული რბოლა ვნახეთ საოცარი ფინიშით და ნორვეგიამ რომ ოქროთი გაიხარა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოჰანეს თინეს ბიოს ჩემპიონური ასპარეზობის დამსახურებაა – საოცრად მაღალ ტემპში ისრიალა და თითქმის უშეცდომოდ ისროლა. იმავე საღამოს დავწერე, პეკინის თამაშების ერთ-ერთი გმირი ეს იქნება და, დიდი შანსია სახელოვანი თანამემამულის, ულე ეინარ ბიორნდალენის რეკორდიც გაიმეოროს, 4ჯერ გახდეს ჩემპიონი-მეთქი.
ისე აგვიხდეს ყველაფერი, როგორც ჩემი ვარაუდი გამართლდა:
8 თებერვალს მეორე მედალი – ბრინჯაო ინდივიდუალურში;
12 თებერვალს მესამე ჯილდო – ოქრო სპრინტში;
15 თებერვალს მეოთხე კვარცხლბეკი – მესამე ოქრო, ვაჟთა ესტაფეტაში;
და რამდენიმე საათის წინ ამ თამაშების რეკორდი – მე4 ოქროს მედალი! ამჯერად მასსტარტში.
დღევანდელი ტრიუმფით უმცროსი ბიო (მისმა ძმამ, ტარიე ბიომ პეკინი 2022 არანაკლებ შთამბეჭდავად დაამთავრა – 2 ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) ზამთრის თამაშების რეკორდების წიგნში ჩაეწერა:
გახდა მხოლოდ მე11, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე 5 მედალი მოიგო!
და გაიმეორა ციგურების მორბენალი რუსის, ლიდია სკობლიკოვას (ინსბრუკი 1964) და ყველაზე დიდი ბიათლეტის, ზემოხსენებული ბიორნდალენის შედეგი – მხოლოდ ამ სამმა დაასრულა ერთი ოლიმპიადა 4 ოქროთი (ბიორნდალენმა 2002 წელს, სოლტ ლეიქ სიტიში)! ამ ბოლო ამბავში მათზე წინ მხოლოდ ამერიკელი ერიკ ჰეიდენია, ვინც ჩქაროსნულ ციგურაობაში 5ჯერ იზეიმა ჩემპიონობა 1980 წელს, ლეიქ პლესიდში.
არაზუსტი სროლა რომ არა 13 თებერვალს გამოდევნებით რბოლაში (მეხუთე იყო), ბიო პეკინში ყველა, ექვსივე დისციპლინაში მოიგებდა ჯილდოს და ამით ზამთრის თამაშების ისტორიაში პირველი გახდებოდა.
ის ჯერ 28 წლისაა და დიდი ალბათობით მომდევნო ოლიმპიადაზეც ვნახავ, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში. სავარაუდოდ, მას კიდევ ექნება მწვერვალების დალაშქვრის შანსი, თუმცა თავს უფლებას მივცემ და ბიოს ახლავე დავასახელებ ზამთრის თამაშების უდიდეს სპორტსმენთა შორის.
იოჰანესს პიონჩანშივე ეტყობოდა, რომ ნომერ პირველი ბიათლეტი გახდებოდა. ასეც მოხდა. მარტინ ფურკადმა ყველასთვის მოულოდნელად რომ დაასრულა საოცრად წარმატებული კარიერა – ოლიმპიადაზე 3 ტრიუმფიდან ორ წელიწადში, მე პირადად სწორედ უმცროსი ბიოს „ბრალი“ მგონია – ფრანგმა ყველაზე კარგად და ყველაზე ადრე დაინახა სკანდინავიელის შესაძლებლობები და მიხვდა, რომ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კონკურენტთან ტოლ-სწორად ჭიდილს ვერ შეძლებდა, მეორე-მესამე ადგილებს კი ჩემპიონად წასვლა არჩია.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 თებერვალი)
ფოტო: www.beijing2022.cn