ოქროს კაპიტანი

ქართული „საფეხბურთო“ ფოტოებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მიყვარს და ეს ერთ-ერთია: თბილისის დინამოს კაპიტანი შოთა იამანიძე 1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში, ფახთაქორის სტადიონზე, მოსკოვის ტორპედოსთან ოქროს მატჩის წინ.

ვინ გადაიღო ეს ფოტო არ ვიცი, მაგრამ წლების წინ მოხვდა ჩემთან და მას შემდეგ განსაკუთრებით ვუფრთხილდები. ფოტოზე ის წამია აღბეჭდილი, როცა დინამოს ქომაგებმა, და ასეთები იმ დღეს მრავლად ესტუმრნენ ტაშკენტს (ათამდე დამატებითი ავიარეისი დაინიშნა უზბეკეთის მიმართულებით), იამანიძეს მანდარინის გვირგვინი მიართვეს ნანატრი ჩემპიონობის ნიშნად.

ამ მომენტიდან ორ საათში სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა დასრულდა – დინამომ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა ტორპედო და პირველად იზეიმა ჩემპიონობა! ჩვენებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ნამდვილად არ აკლდათ, მაგრამ ოქრომდე სულ ცოტა არ ჰყოფნიდათ და იმ საღამოს ის ბოლო, მთავარი ნაბიჯიც გადაიდგა – ჩემპიონისთვის განკუთვნილი ბროლის თასი თბილისელთა კაპიტანმა ჩაიხუტა.

იმ დინამოს ოქროს გუნდი დაერქვა, ფეხბურთელებს – ოქროს ბიჭები, შოთა იამანიძე კი ოქროს კაპიტანი გახდა.

და ის ასეთად შემორჩა გულშემატკივრების ხსოვნას: ბატონი შოთა ჩემპიონობიდან სამი სეზონის შემდეგ გამოეთხოვა დიდ ფეხბურთს, 1971 წლის 15 ოქტომბერს კი ავარიაში დაიღუპა. 34 წლის იყო.

ავარიები და ქართული ფეხბურთი კიდე, პრინციპში ქართული სპორტიც, სულ სხვა და ძალიან მტკივნეული თემაა. მეეჭვება იმდენი სახელოვანი სპორტსმენი დაღუპულიყოს სხვა ქვეყნის გზებზე, რამდენიც საქართველოში…

დღეს 15 მარტია, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველი დიდი კაპიტნის დაბადების დღე. შოთა იამანიძე 85 წლის გახდებოდა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 მარტი)

ka_GEGeorgian