ალბანეთი 0:0 საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელი სერია გრძელდება: ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ფრედ 0:0 ითამაშა.
საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი ნაკრები მიჯრით მეოთხე მატჩია გოლს არ უშვებს! მას შემდეგ, რაც 2021 წლის 12 ოქტომბერს, პრიშტინაში, კოსოვოელმა ვედატ მურიქიმ 45ე წუთზე პენალტით დალაშქრა საქართველოს ნაკრების კარი, ქართველი მეკარეები საიმედოდ დგანან. გიორგი ლორიამ ორი, ხოლო ლაზარე კუპატაძემ და გიორგი მამარდაშვილმა თითო მატჩი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულეს.
ამ შედეგის გათვალისწინებით, ალბათ, შეიძლება იმის თქმა, რომ დაცვა ნაკრების ყველაზე ძლიერი რგოლია. თუმცა გუშინდელ, არცთუ სანახაობრივ შეხვედრაში იყო მომენტები, როცა საქართველოს ნაკრები გოლს გადაურჩა.
პირველი ასეთი ეპიზოდი 38ე წუთზე ვიხილეთ, როცა ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა: იტალიის ემპოლიში მოთამაშე კრისტიან ასლანიმ გურამ კაშია ჩამოიშორა და ძლიერად დაარტყა. ბურთი კარს გადაცდა.
მეორე მომენტი 58ე წუთზე შეიქმნა: შეცვლაზე შესულმა სოკოლ ჩიკალეშიმ ეფექტური მოძრაობით მოატყუა ნიკა კვეკვესკირი და დაარტყა. კვლავ გაგვიმართლა – ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუქროლა კარის ძელს.
66ე წუთისთვის ალბანელთა უპირატესობა უკვე აშკარა იყო და ჯაკომო ვრიონის დარტყმაც ერთ-ერთ იერიშს მოჰყვა. მან დასწრებაზე ითამაშა. ბურთმა კიდევ ერთხელ არ ინება კარში შესვლა – ძელიდან რამდენიმე სანტიმეტრში გაგორდა.
ეს იყო სამი ყველაზე სახიფათო მომენტი და თუ მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა რამდენიმეწუთიან უპირატესობას არ ჩავთვლით, მეტოქეებმა თანაბრად ითამაშეს, ბურთი ფლობის პროცენტული მაჩვენებელი კი, სულაც ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გაიყო.
გოლის გატანის შანსი ვილი სანიოლის გუნდსაც ჰქონდა: 56ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ითამაშა კარგად, თუმცა გრძელი რეიდი უზუსტო დარტყმით დააგვირგვინა – ბურთი კარს გადაცდა. 72ე წუთზე კი ნიკა კვეკვესკირმა შორი მანძილიდან შეუტია თომას სტრაკოშას – რომის ლაციოს გოლკიპერმა ბურთის დაჭერა ვერ მოახერხა. შემდეგ კი იყო გრიგოლ ჩაბრაძესთან უხეშობა, რომელიც ჩემი აზრით პენალტსაც ჰგავდა.
საქართველოს ნაკრებიდან კიდევ ერთხელ გამოვარჩევ გუნდის კაპიტანს, გურამ კაშიას, ნიკა კვეკვესკირს და საბა კვერკველიას. ამ უკანასკნელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ეპიზოდებში ძალიან საიმედო იყო.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ვალენსიის მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა, საერთო ჯამში კი მისი მშვიდი ასპარეზობა დაცვაზეც კარგად აისახებოდა. იმედია გიორგის კარიერა ლა ლიგაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მისი სახით ჩვენ გუნდს ძალიან მაღალი დონის მეკარე ეყოლება.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოგებული თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი იძულებითი ცვლილება მოხდა – ოთარ კაკაბაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ მცირე ტრავმების გამო ვერ ითამაშეს. მათ ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი წიტაიშვილი ვიხილეთ. რაც შეეხება მამარდაშვილს, დავით ვოლკოვს და შეცვლაზე შესულებს, მწვრთნელმა თავის გამოჩენის დრო ყველას მისცა და ეს მისასალმებელია.
განვლილი ორი თამაში რომ შევაჯამო: ყველაზე ძალიან შედეგები მესიამოვნა. რაც შეეხება თამაშს, აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, განსაკუთრებით შეტევაში.
დიდი იმედი მაქვს, რომ ერთა ლიგის მატჩებისთვის ვილი სანიოლი საუკეთესო შემადგენლობას მოუყრის თავს და შეტევის ლიდერებიც, რომლებიც გუნდს ამ ორ ამხანაგურში დააკლდნენ, ჩვენი გუნდის თამაშს უკეთესობისკენ შეცვლიან.
უეფას 2022-23 წლის ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველო 2 ივნისს დაიწყებს თბილისში გიბრალტართან პაექრობით, 5 და 9 ივნისს კი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის შეხვედრები 12ში დასრულდება თბილისში ბულგარეთთან დაპირისპირებით.
საინტერესო ფაქტები:
1: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეთხუთმეტედ შეხვდა ალბანეთს და ეს რეკორდია. განვლილი 15 მატჩიდან ჩვენმა გუნდმა 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 3ჯერ კი დამარცხდა. 2005 წლის შემდეგ ჯვაროსნები ზედიზედ 6 მატჩია ალბანეთთან არ აგებენ – 2 გამარჯვება, 4 ფრე.
2: ჩვენმა გუნდმა მიჯრით მე4 მატჩში არ გაუშვა გოლი და ამით რეკორდი გაიმეორა. პირველად ასეთი სერია 2018 წლის შემოდგომით დაფიქსირდა – ყაზახეთში 2:0, ლატვიასთან 1:0, ანდორასთან 3:0, ლატვიაში 3:0.
3: ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 14ჯერ ითამაშა და ეს იყო მხოლოდ მეორე ფრე. პირველი თითქმის ერთი წლის წინ, 31 მარტს დაფიქსირდა საბერძნეთში – 1:1.
4: გურამ კაშიამ მეშვიდმეტედ უკაპიტნა ნაკრებს (94ე სანაკრებო მატჩში) და ამ მაჩვენებლით მეხუთეა გუნდის ისტორიაში.
მასზე მეტ შეხვედრაში ნაკრებს ჯაბა კანკავამ (66), კახა კალაძემ (50), გიორგი ნემსაძემ (42) და კახი ცხადაძემ (21) უკაპიტნეს.
29 მარტი, 2022. ამხანაგური. ალბანეთი, ტირანა, ეარ ალბანია. 7 500
ალბანეთი 0:0 საქართველო
ალბანეთი: თომას სტრაკოშა, არდიან ისმაილი, მარაშ კუმბულა, ბერატ ჯიმშიტი, ოდისე როში (ერმირ ლენიანი 77), ენდრი ჩეკიჩი (ქაზიმ ლაჩი 65), კრისტიან ასლანი, ელსეიდ ჰუსაი (კაპ), არმანდო ბროია (სოკოლ ჩიკალეში 46), რეი მანაი (ჯაკომო ვრიონი 65), ილბერ რამადანი (კლაუს გიასულა 65)
მწვრთნელი: ედუარდო რეია (იტალია)
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ვლადიმერ მამუჩაშვილი 83), საბა კვერკველია (მამუკა კობახიძე 66), გურამ კაშია (კაპ), ლაშა დვალი, ნიკა კვეკვესკირი (ვაკო გვილია 76), გიორგი აბურჯანია, ზურაბ დავითაშვილი (ანზორ მექვაბიშვილი 75), დავით ვოლკოვი (საბა ლობჟანიძე 66), ვაკო ყაზაიშვილი (ბუდუ ზივზივაძე 83), გიორგი წიტაიშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ენდრი ჩეკიჩი, გრიგოლ ჩაბრაძე, საბა კვერკველია, ელსეიდ ჰუსაი, გიორგი მამარდაშვილი
მსაჯები: ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო); ჟოაკიმ და სილვა, კლოდ რიესი (ორივე ლუქსემბურგი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 30 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია