თავისუფლების ევრომედლები ციფრებსა და რიცხვებში

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართული ევროპირველობა 6 მედლით დაასრულა: ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილი (125კგ) ფინალში დამარცხდა, ბექა ბუჯიაშვილი (57კგ), გიორგი სულავა (74კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (78კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელი შედეგი მედლების რაოდენობითაც გააუმჯობესა და ხარისხობრივადაც (ვერცხლი და 4 ბრინჯაო ვარშავაში).

ბუდაპეშტის ევროზე იაკობიშვილის მოგებული ოქროს მედალი სპორტის ამ სახეობის „ქართულ ისტორიაში“ 35ეა, პეტრიაშვილის ვერცხლი – 27ე, ევრობრინჯაოების საერთო რაოდენობა კი 51მდე ავიდა.

კიდევ 5 საინტერესო ამბავი ასეთია:

1: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რეკორდი გაიმეორა და ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევროპის ერთ ჩემპიონატზე 6 მედალი: 2016 წელს რიგაში (ლატვია), 2018 წელს კასპიისკში (რუსეთი), 2019 წელს კი ბუქარესტში (რუმინეთი).
ხარისხობრივად უფრო წარმატებული რიგის ევროპირველობა გამოდგა, სადაც ორი ჩვენიანი გახდა ოქროს მფლობელი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ).

2: გენომ ევროპის ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონატზე მოიგო მედალი და ეს მოჭიდავეთა ახალი რეკორდია: 2016 – ოქრო, 2017 – ბრინჯაო, 2018 – ვერცხლი, 2019 – ვერცხლი, 2020 – ოქრო, შარშან – ბრინჯაო.
წინა მიღწევა ელიზბარ ეოდიკაძეს ეკუთვნოდა, ვინც 2016-2021 წლებში ზედიზედ 6ჯერ გავიდა მესამე ადგილზე და ახლაც იჭიდავა მედლისთვის, თუმცა დამარცხდა.
2015 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ევროპის ჩემპიონატის ნაცვლად ევროპის პირველი თამაშები ჩატარდა და იქ გენო მესამე ადგილზე გავიდა. ამის გათვალისწინებით მის აქტივში მედლით დასრულებული ზედიზედ 8 ევროჩემპიონატია.

3: გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატებზე (ევროპის I თამაშების ჩათვლით) მე9 მედალი მოიგო.
ჩვენი სპორტის რეკორდი 10 ევრომედალია, რომელიც ლუკა კურტანიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) 1993-2006 წლებში დაამყარა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კი 2009-2021 წლებში გაიმეორა.

4: ზურაბ იაკობიშვილმა მე3 მედალი მოიგო ევროპის ჩემპიონატებზე (ბრინჯაო 2017 და 2018 წლებში). დანარჩენები პირველად შედგნენ ევროკვარცხლბეკზე.

5: თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები 1993 წლიდან ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა ერთადერთხელ დაასრულა კონტინენტის პირველობა მედლის გარეშე – 1994 წელს რომში.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 31 მარტი)
ფოტო:
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ka_GEGeorgian