ალექსანდრე ჩივაძე – 67

დღეს 8 აპრილია, ერთერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღე. თბილისის დინამოს კაპიტანი, რომელმაც პირველმა აღმართა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თასი, 67 წლის გახდა.
ვულოცავ ბატონ საშას!

მე რომ ფეხბურთი შემიყვარდა და დინამოს გულშემატკივარი გავხდი, ეს მისი დამსახურებაცაა.

წლების წინ, სპორტულ ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ის უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მაშინ მას მხოლოდ თამაშის შემდგომ პრესკონფერენციებზე ვხვდებოდი.

მოგვიანებით მაინც მომეცა მასთან ფეხბურთზე საუბრის შანსი და ის რამდენიმე შეხვედრა ტკბილად და თბილად მაგონდება. რატომ და იმიტომ, რომ ბატონი საშას მოყოლილი ამბები, გარდა იმისა რომ საინტერესოა, მისთვის დამახასიათებელი იუმორითაცაა გაჯერებული, ასეთი ისტორიები კი გამორჩეულად მიყვარს.

ის დიდი ფეხბურთელი და დიდი კაპიტანი გახლდათ.

რამდენიმე წლის წინ, თბილისში მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა, სადაც უკრაინელმა ვეტერანებმაც ითამაშეს. კიევის დინამოს ლეგენდა ანატოლი დემიანენკო, ახლა, ამ საშინელ დღეებში იგორ ბელანოვთან და ათასობით თანამემამულესთან ერთად იარაღით რომ იცავს სამშობლოს, სწორედ მაშინ ვნახე. ის მოედნის კიდესთან იდგა და ბატონ საშას ესაუბრებოდა, ძველ ამბებს იხსენებდნენ ვეტერანები. და ერთ მომენტში დემიანენკომ იქვე მდგომ რამდენიმე გულშემატკივარს გვითხრა: ბიჭებო, აი, ხო ასეთი ღიმილიანი და რბილი ხასიათი აქვს, მაგრამ დამიჯერეთ, გასახდელში საშას რომ გუნდი ხელში აჰყავდა, ისე სხვას არავის!

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიასთან თამაშის ამბავიც მოაყოლა – თუ როგორ სთხოვა საკავშირო ნაკრების კაპიტანმა ჩივაძემ შესვენებაზე თანაგუნდელებს დახმარება და ყველამ ერთად როგორ გადაარჩინა ის მატჩი, რომელსაც ბრიტანელები სწორედ ჩივაძის შეცდომის შემდეგ გატანილი გოლით იგებდნენ…

მართლა რა დიდი უნდა იყო ფეხბურთელი, რომ ამხელა ქვეყნის ნაკრების კაპიტნად დაგასახელონ! სულ ორ ქართველს ერგო ასეთი პატივი: ჩივაძეს და მანამდე არანაკლებ ავტორიტეტულ მურთაზ ხურცილავას…

ზევით ეროვნულ ნაკრებში ბატონი საშას მუშაობა ვახსენე და ბარემ ამასაც დავწერ: 32 წელია საქართველოს თავის გუნდი ჰყავს და ამ გუნდმა ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა. ყველაზე კარგი შედეგი კი სწორედ ჩივაძის მომზადებულმა ბიჭებმა აჩვენეს: მესამე ადგილი ჯერ სადებიუტო, ევრო 96ის საკვალიფიკაციოში, შემდეგ კი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევში. შეეძლოთ თუ არა მის გუნდებს მეტი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ჩივაძის საქართველოს შედეგები ვერავინ გაიმეორა. ვფიქრობ, ღირს დაფიქრებად…

ეს ფოტო კი 2019 წლის 21 ივნისს გადავიღე. იმ დღეს მინსკში, ევროპის მეორე თამაშებზე გავფრინდი და ისე მოხდა, რომ ბატონ საშასთან ერთად ვიმგზავრე. თუ რაზე ვისაუბრეთ იმ სამი საათის განმავლობაში, ამას ადვილად მიხვდებით

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 8 აპრილი)

ka_GEGeorgian