ლუკა ძალიან დიდია!

მე თუ მკითხავთ, რეალი-ჩელსის ორივე მეოთხედფინალი ნებისმიერი ევროტურნირის ფინალს დაამშვენებდა, მაგრამ ახლა სხვა რამეს დავწერ:
ფრანს ფუტბოლი ოქროს ბურთის მფლობელს ისტორიაში პირველად, კალენდარული წლის შედეგებით კი არა, სეზონის მიხედვით გამოავლენს და წუხანდელი მადრიდული სიგიჟე ფინალი რომ ყოფილიყო, ანუ სეზონის გვირგვინი, მხოლოდ ორისთვის გავიმეტებდი ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს.

ორივე რეალის ლიდერია: 34 წლის კარიმ ბენზემა მადრიდულ კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს, სამეფო კლუბის ხორვატი სული და გული მოდრიჩი კი 36 წლისაც ამტკიცებს რომ მისი დონის შემოქმედისთვის ასაკი პრობლემა არაა.

38 თამაში და 38 გოლი – ასეთია ფრანგი გოლეადორის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში. შთამბეჭდავი რიცხვებია, მით უფრო მისი ასაკის ფორვარდისთვის, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი, გაცვეთილი ტერმინი რომ მოვიშველიო – მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამ მხრივ კი ბენზემა მხოლოდ რეალში არა, მთელ მსოფლიოში შეუდარებელია!

დიდებული თამაშის და სამაგალითო სტატისტიკის გარდა, ის ოქროს ბურთს არაერთი რეკორდისთვისაც იმსახურებს – სექტემბრის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩაიწერა და ყველაფერს რომ თავი დავანებო, ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფრანგი გახდა, ტიერი ანრის გადაასწრო.

ერთიც ბენზემაზე: უკვე 12 გოლი გაიტანა ამ გათამაშებაში და ისტორიაში პირველი ფრანგია, ვინც ეს შეძლო. მართალია ლევანდოვსკი ერთი ბურთით უსწრებს, მაგრამ დიდი შანსია სურათი პირველივე ნახევარფინალში შეიცვალოს, მით უმეტეს, რომ პოლონელი და მისი ბაიერნი გუშინ დაგვემშვიდობნენ.

რაც შეეხება მოდრიჩს: ლუკა უბრალოდ გენიოსია! მის გუშინდელ საგოლე პასს კი, ეგრეთ წოდებულ ტრიველას (გარე ტერფით), რასაც როდრიგოს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი მოჰყვა, საფეხბურთო სკოლებში უნდა ასწავლიდნენ. ამაზე არანაკლები იყო სტემფორდბრიჯული შედევრი ბენზემაზე. სწორედ ასეთების გამო ხორვატს ხშირად ასახელებენ რეალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ. გუშინაც ასე მოხდა, სხვათა შორის.

მაგრამ რადგან წუხანდელი რეალი-ჩელსი „მხოლოდ“ მეოთხედფინალი იყო, დღეს კი მოედანზე ლიგის კიდევ ორი ფავორიტი გავა – ლივერპული და მანჩესტერ სიტი – არ ვიჩქარებ და სეზონის დასრულებას დაველოდები. ბენზემა-მოდრიჩის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ამ კლუბებშიც თამაშობენ ჩემი ფავორიტები, რომლებზეც, ლიგის მოგების შემთხვევაში, ოქროს ბურთი ალალი იქნება.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფრანგულმა გამოცემამ გამარჯვებულის გამოსავლენი წესები დახვეწა, თორემ რამდენიმე გამოცემამ კიდევ მესი ახსენა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 13 აპრილი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian