არივედერჩი

1 ივნისს, ლონდონში, უემბლიზე, ევროპის ჩემპიონი იტალია სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ არგენტინას დაუპირისპირდება.
ფინალისიმაასე მონათლეს ორი კონტინენტის საუკეთესო გუნდთა პაექრობა და ის არტემიო ფრანკის თასის აღორძინების მცდელობაა.

მგონი მაგარი თამაში გველის, მაგრამ ახლა სხვა რამეს დავწერ: სკუადრა აძურას კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, თითქმის ერთი წლის წინ ამავე სტადიონზე რომ ჩაიბარა ანრი დელონეს სახელობის ევროთასი, სწორედ ფინალისიმათი გადაწყვიტა იტალიის მთავარ გუნდთან გამოთხოვება. იუვენტუსის და სკუადრას გუნდისთავი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა წასვლას, მაგრამ იტალია კატარში ვერ მოხვდა და გეგმებიც შეიცვალა.

ჯორჯო კიელინი მე17 სეზონს ატარებს ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბში, ნაკრებში კი 2004 წლიდან თამაშობს. 116 მატჩი და 8 გოლი სკუადრას მაისურით, საერთო ჯამში კი 189 თამაში იტალიის ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში!

ჯორჯო გახლავთ ევროპის ჩემპიონი (2020), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2012), ევროპის 19წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული (2003), ოლიმპიური თამაშების (2004), ფიფას კონფედერაციათა თასის (2009) და უეფას ერთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი (2021). შთამბეჭდავი ჩამონათვალია, ამავდროულად კი ის იმ თითზე ჩამოსათვლელ იტალიელთაგანია, ყველა ნაკრებში რომ უთამაშიათ 15წლამდელებით დაწყებული.

116 კეპით კიელინი იტალის მეხუთე ყველაზე ნაცადი ფეხბურთელია ჯანლუიჯი ბუფონის, ფაბიო კანავაროს, პაოლო მალდინის და დანიელე დე როსის შემდეგ.

არგენტინასთან თამაშით ჯორჯო ამ უკანასკნელს გაუთანაბრდება, 2 ივნისის შემდეგ კი იტალიას სხვა გაიყვანს მინდორზე.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 26 აპრილი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian