რომა, ფეიენოორდი და… ასტანა

დღეს უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის ფინალია: ტირანაში, არენა კომბეტარეზე რომა ფეიენოორდს დაუპირისპირდება. სულ ცოტა ხნის წინ ამავე სარბიელზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან 0:0 ითამაშა.

რომა თავის მესამე ევროფინალში ითამაშებს, ფეიენოორდი კი მეოთხედ შეუტევს ევროტიტულს. იტალიელებმა 1984 წელს მთლად სახლში წააგეს ჩემპიონთა თასის გადამწყვეტი მატჩი ლივერპულთან, 1991ში კი უეფას თასის ორმატჩიან ფინალში ვერ აჯობეს მილანის ინტერს. რაც შეეხება როტერდამელებს, ფეიენოორდს სამივე გადამწყვეტი დუელი მოგებული აქვს: 1970 წელს ჩემპიონთა თასისა, 1974 და 2002 წლებში უეფასი.

ეს კარგი და რომას თმაშევერცხლილ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიუს შანსი აქვს გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მესამე, სამ სხვადასხვა ევროტიტულს რომ მოიგებს. პირველი, ვინც ჯილდოთა ჰეთ-თრიქი შეასრულა, გერმანელი უდო ლატეკი გახლავთ – ჩემპიონთა თასი ბაიერნში ჩაიბარა (1974), უეფას თასი მიონხენგლადბახის ბორუსიასთან ერთად აღმართა (1979), აწ უკვე გაუქმებული თასთა თასი კი ბარსაში მუშაობის დროს (1982). 1985 წელს მისი შედეგი ჯოვანი ტრაპატონიმ გაიმეორა, ოღონდ მხოლოდ იუვენტუსთან ერთად – უეფას თასი 1977 წელს, თასების თასი 1984ში და ჩემპიონთა თასი ერთი წლის შემდეგ. დონ ჯოვანი უფრო შორსაც წავიდა და ყველა საკლუბო ტიტული მოიგო – შავ-თეთრების სათავეში ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებიც შემართა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ამბავია.

რაც შეეხება დღევანდელ ფინალს: მგონია რომ კარგი თამაში უნდა გამოდგეს. ნუ, ნახევარფინალები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, მაგრამ ახლა სხვა რამეს დავწერ, ჩემ საყვარელ ჟურნალში – FourFourTwo – რომ ამოვიკითხე რამდენიმე დღის წინ და ირიბად რომ უკავშირდება ჟოზე მოურინიუს.

25 დიდი ტიტულის მომგებმა მწვრთნელმა კარიერა ლისაბონის ბენფიკაში დაიწყო და სწორედ ეს ლეგენდარული კლუბია ევროპის საკლუბო ტურნირების ისტორიაში ერთი უცნაური თამაშის მონაწილე – 2015 წლის ნოემბერში ბენფიკამ 6173(!) კილომეტრი დაფარა ასტანასთან სათამაშოდ და ეს ყველაზე შორეული გასვლაა უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში, 1955 წლიდან დღემდე! ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის შეხვედრა 2:2 დასრულდა: ყაზახები მგზავრობით დაქანცულ (ალბათ) პორტუგალიელებს ორი ბურთით უგებდნენ, მაგრამ ბენფიკამ მაინც გადაარჩინა თამაში.

მოკლედ, ასეთი ამბავია, ჟოზეს კი წარმატებები – ფეხბურთს ასეთი კაცები უხდება.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 მაისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian