2022: საუკეთესო ევროწელიწადი

ძალოსანთა და ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელი ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეულია: მოგებულია 26 მედალი კონტინენტის პირველობებზე, რაც ჩვენი სპორტის ახალი რეკორდია!
8 ოქრო (რეკორდის გამეორება)!
9 ვერცხლი (რეკორდის გამეორება)!
9 ბრინჯაო (ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგის გამეორება)!
ოცდაექვსივე ჯილდო პირად პირველობაშია მოგებული!

ეს 26 ევრომედალი მოჭიდავეების, ძიუდოისტების, მოკრივეების, ძალოსნების და ბატუტზე მხტომელის მოპოვებულია. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სამი სახეობის შესახებ ადრე დავწერე, ამ პატარა პოსტში მხოლოდ ბოლო ორზე გავამახვილებ ყურადღებას.

ძალოსანთა ევროპირველობა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა ტალახაძე კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი(!!!), შოთა მიშველიძემ (67კგ), კახი ასანიძემ (73კგ) და გიორგი ჩხეიძემ (109კგ) ვერცხლის მედლები მოიგეს, ანასტასია გოტფრიდი (87კგ) და რევაზ დავითაძე (89კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ერთ ჩემპიონატზე 6 მედალი, ასევე პირველად დაასრულა ევროპირველობა 3 ვერცხლით!

რაც შეეხება კონკრეტულად ლაშა ტალახაძის მიღწევას: შარშანდელთან შედარებით 23 კილოგრამით ნაკლები კი დაძლია – 462კგ, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მეექვსე ევროოქროს მოსაგებად. ჩვენი სპორტის ისტორიაში ლაშა ერთადერთია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მიჯრით ექვსჯერ და ზოგადად, ექვსჯერ მოიგო!

ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ ევროჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა, რაც ასევე არნახული წარმატებაა.

აღსანიშნავია, რომ ლუბას მედალი სპორტის ამ სახეობის „ქართულ“ ისტორიაში პირად პირველობაში მოგებული პირველი ვერცხლია(!) და საერთოდ, ბატუტზე მხტომელთა პირველი ევრომედალია 1997 წლის შემდეგ!

ბოლოს ორი საინტერესო ამბავიც:
1: პირად პირველობაში ევროპის ბოლო ვიცე-ჩემპიონი ქალი ლუბამდე ნინო სალუქვაძე იყო (2009 წელი, პნევმატური პისტოლეტი);
2: ქალებმა წელს 3 ევრომედალი მოიგეს: ლუბამდე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი. 3 ევროჯილდო ქართველ ქალ სპორტსმენთა საუკეთესო შედეგია 1990 წლის შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 ივნისი)
ფოტო: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian