ბულგარეთი 2:5 საქართველო

როგორც იქნა: საქართველომ ბულგარეთს სამი ალიყურისთვის ხურდა დაუბრუნა!
ვილი სანიოლის გუნდმა დიდებულად მოიგო ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი და ახლა ექვსიდან ექვსი ქულით ლიდერობს ჯგუფს!
ზაფხულის მატჩების წინ ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა, რომლის მიხედვით ყველა, ოთხივე მატჩის მოგება შეიძლება.

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ მგონია, რომ ვილი სანიოლი და მისი გუნდი მართლაც მზადაა ამ გამოცდებისთვის, რადგან ეს იყო ფეხბურთი, რომელსაც პირადად მე ნაკრებისგან დიდი ხანია ველი.

ქვემოთ იმ ყველაფრის შესახებ, რაც მომეწონა და რაც არ მომეწონა გუშინდელი თამაშიდან:

რა მომეწონა?
1:
ანგარიში! იმ ორი ავადსახსენებელი 2:6-თვის სულ ცოტათი მაინც ვიძიეთ შური!

2: ზედიზედ მეორე ოფიციალური თამაშის დიდი ანგარიშით მოგება!

3: დაუმარცხებელი სერია 7 მატჩამდე რომ გაგრძელდა!

4: ის, რომ საქართველომ 5:2 გაანადგურა გუნდი, რომელთანაც რვა თვის წინ 1:4 შერცხვა!

5: ძალიან დიდი ხნის შემდეგ სტუმრად შეგდებული 5 გოლი და უდიდესი სათამაშო უპირატესობა!

6: გუნდი რომ სწრაფად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, ორი-სამი პასით!

7: ირაკლი აზაროვი და ოთარ კაკაბაძე, რომლებიც დაცვის ასეთ განლაგებაში – სამი ცენტრალური მცველი პლუს ორი ფლანგელი – შეტევაში საგრძნობლად ეფექტურები არიან! მაგალითისთვის შეგახსენებთ მესამე საგოლე შეტევას: აზაროვის კოხტა პასს აბურჯანიაზე და თავის მხრივ, გიორგის ოსტატურ გადაცემას ბუდუ ზივზივაძეზე, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მესამე გოლი მოჰყვა. სამაგალითო კონტრიერიში იყო!

8: ისევ და ისევ ხვიჩა კვარაცხელია! ის ჩემთვის ქართული ფეხბურთის მთავარი იმედია (მოპოვებულ პენალტს და დავითაშვილზე ეფექტურ საგოლე გადაცემას აღარ ჩავუღრმავდები).

9: გიორგი ლორიას ის მომენტი, როცა კვერკველიას შეცდომის შემდეგ ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა!

10: გიორგი მიქაუტაძე, ვინც ძირითადისთვის ეგებ არაა მზად, მაგრამ შეცვლაზე აშკარად შეუძლია თამაშის გამწვავება!

11: ეროვნული გუნდის ეს შავი, ეგრეთ წოდებული საგარეო ფორმა, რომელიც თეთრის არ იყოს, ძალიან ეფექტურია!

რა არ მომეწონა?
1:
ორი გაშვებული გოლი და შესაბამისად, ხუთმატჩიანი გოლგაუშვებელი სერია რომ დასრულდა! რომ არა ჩვენი დაცვის ცენტრის შეცდომები, ბულგარელები ბურთების შემგდებნი არ იყვნენ;

2: ვერგატანილი პენალტი! მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთისთვის თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და გაცუდებული თერთმეტმეტრიანი მხოლოდ სტატისტიკაში დაფიქსირდა, ვფიქრობ, 2:6-ს გაცილებით მეტი სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა იმ ძველი ამბების გამო;

3: საბა კვერკველიას რამდენიმე შეცდომა! პირველი გაშვებული გოლის დროს დაგვიანებულ ნახტომს თავი რომ დავანებო, ერთხელ, მოგერიებისას, თავურით ჩაახუტა ბურთი მეტოქეს და რომ არა ლორია, ანგარიში სხვანაირი იქნებოდა. ვფიქრობ, საბა ნაკრების ძირითადისთვის ჯერ მზად არ არის.

4: არ მომეწონა-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ვილი სანიოლმა მომდევნო შეხვედრაში მაინც მისცეს შანსი გიორგი მამარდაშვილს. ის დიდი ხანია იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში სტარტს.

საინტერესო ფაქტები:
1: ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მე-20 თამაში მოიგო 3 ან მეტბურთიანი უპირატესობით, სხვანაირად რომ ვთქვა დიდი ანგარიშით.

2: ნაკრებმა ისტორიაში მეორედ გაიტანა 5 გოლი მეტოქის მოედანზე! და პირველად 2006 წლის 16 აგვისტოს შემდეგ. 16 წლის წინ საქართველომ ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში ფარერის კუნძულებს სტუმრად 6:0 აჯობა.

3: 2017 წლის 28 მარტის შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა პირველად გაგვახარა 5 გოლით! ხუთი წლის წინ საქართველომ თბილისში ლატვია ამხანაგურ მატჩში 5:0 დაამარცხა.

4: ვაკო ყაზაიშვილმა მე-13 გოლი გაიტანა ეროვნულ გუნდში და ყველა დროის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულშია შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიას, ალექსანდრე იაშვილის და თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ. ამ უკანასკნელსაც 13 ბურთი აქვს, თუმცა ნაკლებ შეხვედრაში.

5: ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი – 21 – ბულგარეთისგან გაუშვა. გუშინდლამდე ეს უსიამოვნო რეკორდი რუმინეთს ეკუთვნოდა: -20.

5 ივნისი, 2022. უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი, D ჯგუფი. ბულგარეთი, რაზგრადი, ლუდოგორეც არენა. 3 600
ბულგარეთი 2:5 საქართველო
გოლები: 0:1 ზურაბ დავითაშვილი (4), 0:2 ანდრეა ხრისტოვი (31, სკ), 1:2 ათანას ილიევი (50), 1:3 ბუდუ ზივზივაძე (52), 1:4 ხვიჩა კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ვაკო ყაზაიშვილი (70), 2:5 ილიან სტეფანოვი (83)
ბულგარეთი: ნიკოლაი მიხაილოვი (კაპ), ანტონ ნედიალკოვი, ედისონ იორდანოვი (პეტკო ხრისტოვი 46), ივან ტურიცოვი (ვიქტორ პოპოვი 64), ანდრეა ხრისტოვი, გეორგი მილანოვი (ილიან სტეფანოვი 46), ივაილო ჩოჩევი, კირილ დესპოდოვი, ათანას ილიევი, მარტინ მინჩევი (დომინიკ იანკოვი 64), ტოდორ ნედელევი (ფილიპ კრასტევი 64)
მწვრთნელი: იასენ პეტროვი
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია (კაპ), საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე (ოთარ კიტეიშვილი 83), ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (ვაკო გვილია 74), ზურაბ დავითაშვილი (ვლადიმერ მამუჩაშვილი 74), ხვიჩა კვარაცხელია (ვაკო ყაზაიშვილი 67), ბუდუ ზივზივაძე (გიორგი მიქაუტაძე 67)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: კირილ დესპოდოვი, ანდრეა ხრისტოვი
მსაჯები: ფაბიო მარესკა; ჯოვანი ბაკინი, მარკო ბრესმესი (იტალია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 6 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian