საქართველო 4:0 გიბრალტარი
ამაზე კარგი დასაწყისი რთული წარმოსადგენია: ერთა ლიგის პირველი ტური, ოთხი გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი და ყველაზე მთავარი – ერთი ამოსუნთქვით მოპოვებული სამი ქულა!
მეორე წელია ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებს წვრთნის და გუნდმა პირველად გაიმარჯვა დიდი ანგარიშით, პირველად გაიტანა ოთხი გოლი და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საუკეთესოდ ითამაშა.
რა მომეწონა და რა დავიწუნე, ცხელ გულზე ჩამოვწერე, ასე რომ, ეს ერთი უპრეტენზიო ჩანახატია.
რა მომეწონა?
1: 4:0!
2: დაუმარცხებელი სერია რომ გაგრძელდა – უკვე 6 მატჩი!
3: გოლგაუშვებელი სერია რომ გაგრძელდა – ზედიზედ მე-5 თამაში, ნაკრების ახალი რეკორდი!
4: მაისურები (ძალიან)!
5: კვარაცხელიას გოლი!
6: მესამე გოლის კომბინაცია – კიტეიშვილის პასი ლობჟანიძეზე და საბამ რო მიქაუტაძეს დაუტოვა, ეს ყველაფერი წამებში მოხდა და ძალიან ეფექტური იყო!
7: სანიოლმა რომ ლამის მთელი მატჩი მისცა ჩაკვეტაძეს!
8: ანზორ მექვაბიშვილი, რომელმაც პირველად ითამაშა ძირითადში!
9: გულშემატკივრებისთვის საჩუქრად დარიგებული დროშები და ზოგადად ყველაფერი, რაც ხდებოდა ტრიბუნებზე!
10: ეროვნული ნაკრების სხვადასხვა დროის მაისურებით შემოსილი უამრავი გოგო-ბიჭი ტრიბუნებზე და სტადიონის გარშემო!
რა არ მომეწონა?
1: ორი ამდენი რომ უნდა გაეტანა გუნდს და “მხოლოდ” 4 ბურთი იკმარა!
2: გიბრალტარმა კურტუა რომ ჩააყენა კარში და კოლინგიაო, მოგვატყუა!
3: წიტაიშვილი სრულიად უწყინარ სიტუაციაში რომ დაშავდა!
4: მშობლებს რომ ბავშვები დაეკარგათ!
P.S. ალბანეთის (8), მალტის (6) და ლატვიის (5) შემდეგ გიბრალტარი მეოთხე გუნდია, რომელსაც საქართველომ მინიმუმ 5-ჯერ მოუგო!
2 ივნისი, 2022. უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი, D ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 43 412
საქართველო 4:0 გიბრალტარი
გოლები: 1:0 ხვიჩა კვარაცხელია (12), 2:0 გურამ კაშია (33), 3:0 გიორგი მიქაუტაძე (87), 4:0 ვაკო ყაზაიშვილი (88)
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია (კაპ) (მამუკა კობახიძე 63), დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია (ოთარ კიტეიშვილი 63), გიორგი ჩაკვეტაძე (ნიკა კვეკვესკირი 78), გიორგი წიტაიშვილი (გურამ გიორბელიძე 40), ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია (ვაკო ყაზაიშვილი 63), გიორგი მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გიბრალტარი: დეილი კოლინგი, სკოტ უაიზმენი, ბერნარდო ლოპესი, ითენ ჯოლი (ჯულიან ვალარინო 66), როი ჩიპოლინა (კაპ), ითენ ბრიტო, ლაიამ უოკერი (ენტონი ერნანდესი 73), კიენ რონენი (გრემ ტორილია 46), რის სტიჩი (ჯეიმი კოომბსი 46), ლი კეშიარო, ლუი ენესლი (ეიმენ მუელი 66)
მწვრთნელი: ხულიო სესარ რიბასი (ურუგვაი)
გაფრთხილება: ითენ ჯოლი, საბა ლობჟანიძე, ითენ ბრიტო, გურამ გიორბელიძე, ლი კეშიარო
მსაჯები: მორტენ კროგი; დენის ვოლენბერგ რასმუსენი, სტეფენ ბეკ ბრამსენი (დანია)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია