მოდი ვნახოთ ბულგარეთი

„ქართველებს ჩვენს დაკრულზე ვაცეკვებთ“! – ასეთი წარწერა ჰქონდა ბულგარულ გაზეთ ვეჩერნი სპორტში გამოქვეყნებულ კარიკატურას ბულგარეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა სულ პირველი მატჩის წინ, 1994 წლის ოქტომბერში რომ გაიმართა სოფიაში, ვასილი ლევსკიზე.
იმ დროს ბულგარეთი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი იყო, ხრისტო სტოიჩკოვი ბარსელონაში ბრწყინავდა და რამდენიმე თვე აშორებდა ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთს, ემილ კოსტადინოვი, კრასიმირ ბალაკოვი, ლუბოსლავ პენევი, იორდან ლეჩკოვი, ტრიფონ ივანოვი და სხვები და სხვები კი ძლიერ კლუბებში თამაშობდნენ.

საქართველოსთვის ის თამაში სულ მეორე ოფიციალური ტესტი იყო. პირველი, თბილისში მოლდოვასთან, ჩვენმა გუნდმა მაგრად ჩააფლავა – უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, „მოახერხა“ და 0:1 წააგო. ჰოდა არცაა გასაკვირი, რომ ბულგარელები ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებს სათვალავში არ აგდებდნენ, მეტიც – დასცინოდნენ.

ბულგარეთმა ის თამაში 2:0 მოიგო. ოღონდ ეგაა, რომ მასპინძლებმა თავის დაკრულზე ვერ გვაცეკვეს: პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და სანამ კოსტადინოვი არ ჩაერთო თამაშში, ბულგარელებმა ვერ გაიხარეს. კოსტადინოვი, ვინც მსოფლიოს შესარჩევში ფრანგები დაღუპა, 54-ე წუთზე შევიდა მინდორზე და რვა წუთში დუბლი შეასრულა.

ერთ წელიწადში ბულგარეთი თბილისში გვესტუმრა და საქართველომ მწარე სილა გააწნა მეტოქეს – შოთა არველაძემ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში ქინქიმ შეაგდო პენალტი, ერთადერთი საპასუხო გოლი კი იმ დროს უკვე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა სტოიჩკოვმა თამაშის ბოლოს გაიტანა, 2:1.

საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებთა გზები მესამედ ათი წლის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერში გადაიკვეთა: 2:6 და აკოსტიქული დასკვნა – ყველაფერს ლევსკიზე ეპასუხა. ახლაც მწარედ მახსოვს ის სირცხვილი და სარბიელის პირველი გვერდი.

სამხრეთ აფრიკა 2010-ის შესარჩევში საქართველო კიდევ ერთხელ შეხვდა ბულგარეთს. იმ დროს ჩვენებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. თბილისური მატჩი 0:0 დასრულდა და მე თუ მკითხავთ, ეს იყო კუპერის საქართველოს საუკეთესო თამაში. აი საპასუხოს კი სიამოვნებით დავივიწყებდი: ისევ სოფია, ისევ ვასილი ლევსკი და ისევ 2:6! პირველი ტაიმი საერთოდ ჯოჯოხეთი იყო – 1:6 და დიმიტარ ბერბატოვის ჰეთ-თრიქი 36 წუთში! არც მანამდე მომხდარა ასეთი რამ, არც მას შემდეგ! იმედია არც არასდროს განმეორდება ის საშინელება!..

შარშანდელი 1:4-იც უნდა ვახსენო…

5 ივნისს საქართველო მეხუთედ ჩავიდა ბულგარეთში და პირველად დაბრუნდა გამარჯვებული – 5:2! კვეკვესკირს ის პენალტი რომ გაეტანა, იდეალური ანგარიში იქნებოდა, მაგრამ არც ამას დაეწუნება რამე – როგორც იქნა, ჩვენც გავამწარეთ მეტოქე!

მაგრამ მე, როგორც საქართველოს გულშემატკივარს, 5 ივნისის 5:2 უკვე აღარ მაკმაყოფილებს და მეტი მინდა – კიდევ ერთ შთამბეჭდავ გამარჯვებას ვითხოვ.

ვითხოვ იმიტომ, რომ ბულგარელებისგან საკმარისზე მეტი სიმწარე მახსოვს!

ვითხოვ იმიტომ, რომ ზაფხულის თამაშები, ამდენი სიხარული რომ მოგვანიჭა, სათანადოდ უნდა დასრულდეს!

ვითხოვ იმიტომ, რომ ამ ნაკრებს დიახაც შეუძლია ამ ბულგარეთის განადგურება!

და რაც მთავარია:

ასე ვხედავ – ის, ვინც ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ქვეყნის ისტორიასაც წერს. ვილი სანიოლის გუნდმა, ივნისში სამი ლამაზი ფურცელი რომ შემატა ეროვნული გუნდის არცთუ სახელოვან მატიანეს, მეოთხე გვერდიც კოხტად უნდა შეავსოს!

ახლა საქართველოს დროა და დღეს საქართველომ ბულგარელები თავის დაკრულზე უნდა აცეკვოს!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian