მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ურუგვაი 1930
უდიდესი საფეხბურთო ტურნირების ისტორია 1930 წლიდან იღებს სათავეს – ფიფას ეგიდით გამართულ პირველ მსოფლიო პირველობას ურუგვაიმ უმასპინძლა.
იმ დროს ტურნირს ჟიულ რიმეს სახელობის თასის გათამაშება ეწოდებოდა, ფიფას ფრანგი პრეზიდენტის, მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების ინიციატორის პატივსაცემად.
იყო მეორე ვარიანტიც – ნიკეს ოქროს თასის გათამაშება. ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთად წოდებული ნიკეს ქანდაკება ფიფამ მთავარ პრიზად დაადგინა და ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდოც ოქროსგან დაამზადა. აქვე დავძენ, რომ მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატამდე გამარჯვებულს სწორედ ეს პრიზი გადაეცემოდა, რომელიც 1970 წელს ბრაზილიელებმა მესამედ მოიგეს და წესდებით, სამუდამოდ დაიტოვეს…
რატომ გადაწყვიტა ფიფამ მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ურუგვაიში ჩატარება? საამისოდ რამდენიმე მიზეზი იყო.
პირველი: იმ წლებში ურუგვაი სამართლიანად ამაყობდა უძლიერესი საფეხბურთო ნაკრებით და ამის დასტურია 1924 და 1928 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფი.
მეორე: ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს ზეიმობდა და ამ თარიღის პომპეზურად აღსანიშნავად დიდი საფეხბურთო შეჯიბრების მიღება საუკეთესო შესაძლებლობა იყო!
მესამე და ყველაზე მთავარი: ურუგვაი იყო ერთადერთი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ტურნირის მთელი ხარჯის თავის თავზე აღება აღუთქვა. ადვილი მისახვედრია, რომ იმხანად ფიფა სულაც არ იყო ისეთი მდიდარი, როგორიც ახლაა.
ფიფას გადაწყვეტილებამ ევროპის ბევრი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია. ატლანტიკის ოკეანის გაღმა გამგზავრება ბებერი კონტინენტის თითქმის ყველა ძლიერმა გუნდმა იუარა და მსოფლიო პირველობასაც საფრთხე დაემუქრა. თუმცა ჟიულ რიმემ და მისმა თანამოაზრეებმა საფრანგეთის, იუგოსლავიის, რუმინეთის და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს აზრი შეაცვლევინეს და ამ ქვეყნის ნაკრები გუნდებიც მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.
საინტერესოა, რომ რუმინეთის ნაკრების საკითხი პირადად მისი აღმატებულების, რუმინეთის მეფის, კაროლ II-ის აქტიურობის შემდეგ გადაწყდა. იმ დროს ფეხბურთელები მხოლოდ თამაშით არ ირჩენდნენ თავს და სწორედ მეფემ აღუთქვა მოთამაშეებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მიუხედავად, ისინი სამუშაო ადგილს არ დაკარგავდნენ. კაროლ II-მ ნაკრები პირადად დააკომპლექტა, მთავარი მწვრთნელის ფუნქცია კი კაპიტანს და ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, რუდოლფ ვეცერს დააკისრა. მეფისვე ინიციატივით მწვრთნელად დამტკიცდა კიდევ ერთი ფეხბურთელიც – ოქტავ ლუკიდე.
ჟიულ რიმეს მცდელობის მიუხედავად, ევროპის იმ წლების წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმა ურუგვაიში წასვლა იუარეს. იტალიამ, უნგრეთმა, შვედეთმა, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა ფიფას პრეზიდენტს კი მოუსმინეს, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალეს. რაც შეეხება ინგლისს და დიდი ბრიტანეთის სხვა ქვეყნებს, მათ მსოფლიო ფეხბურთის მესვეურებთან კვლავ იკამათეს და ორგანიზაცია კიდევ ერთხელ დატოვეს. შესაბამისად, ნიკეს თასისთვის ბრძოლაც იუარეს…
რუმინეთის ნაკრები იტალიურ საოკეანო ლაინერ კონტე ვერდეზე გენუის პორტში ავიდა. 21 ივნისს, საფრანგეთის დაბა ვილეფრანშ სიუ მერიში მათ ფრანგები და იუგოსლავიელები დაემატნენ, ასევე ფიფას ხელმძღვანელები რიმეს თავკაცობით. ბელგიის ნაკრები მრავალეროვან დელეგაციას ბარსელონაში შეუერთდა. 29 ივნისს თბომავალი ბრაზილიის მაშინდელ დედაქალაქში, რიო დე ჟანეიროში შეჩერდა, სადაც ევროპელებს მასპინძელთა გუნდიც დაემატა, 4 ივლისს კი, თითქმის ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ, ფეხბურთელებით სავსე კონტე ვერდემ მონტევიდეოში ჩაუშვა ღუზა.
ფინალური ეტაპი
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს მხოლოდ დედაქალაქმა მონტევიდეომ უმასპინძლა.
საინტერესოა, რომ მთავარი სპორტული არენა, სპეციალურად დამოუკიდებლობის საუკუნოვანი იუბილესადმი აგებული სენტენარიო ტურნირის დაწყებისთვის დასრულებული არ იყო, მხოლოდ ურუგვაის ნაკრების პირველი მატჩის წინა დღით დამთავრდა მშენებლობა. ამ 90-ათასიან ნაგებობას ფიფას პრეზიდენტმა საფეხბურთო ტაძარი უწოდა. ის იმ დროს მსოფლიოს უდიდესი საფეხბურთო სტადიონი იყო ბრიტანეთის კუნძულების რამდენიმე არენის შემდეგ.
სენტენარიოს გარდა თამაშები კიდევ ორ სარბიელზე გაიმართა: ოცათასიან გრან პარკ სენტრალზე და პოსიტოსზე, რომელიც მხოლოდ ათ ათას გულშემატკივარზე იყო გათვლილი.
ურუგვაელები 18 ივლისს გავიდნენ მოედანზე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა კი ხუთი დღით ადრე, 13 ივლისს შედგა პოსიტოსზე – საფრანგეთის და მექსიკის ნაკრებთა პაექრობას მხოლოდ და მხოლოდ 4 444 ქომაგი დაესწრო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ლამაზი რიცხვია მითითებული ფიფას ოფიციალურ არქივში.
მე-19 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გავიდა: საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ლუსიენ ლორენმა ერნესტ ლიბერატის პასის შემდეგ დალაშქრა მექსიკელი ოსკარ ბონფილიოს კარი.
„სტადიონზე თოვდა! ვიცოდით, რომ ამ დროს სამხრეთ ამერიკაში ზამთარია, თუმცა თოვლი მაინც მოულოდნელობა იყო... თუმცა ეს სულაც არ გვიშლიდა ხელს, ბედნიერები ვიყავით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობდით“! – იტყვის მოგვიანებით პირველი გოლის ავტორი.
ლორენის ბურთს მარსელ ლანჟილემ ერთი ზუსტი დარტყმა დაუმატა, ანდრე მაშინო კი ფინალურ ეტაპზე შესრულებული პირველი დუბლის ავტორი გახდა. ჟიულ რიმემ კმაყოფილმა დატოვა სტადიონი – საფრანგეთმა 4:1 გაიმარჯვა!
ორი დღის შემდეგ საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდა. 30-ე წუთზე ევროპელები ათნი დარჩნენ: ლუის მონტი მეკარე ალექს თეპოს უხეშად ეთამაშა და ამ უკანასკნელმაც ასპარეზობა ვეღარ განაგრძო. მოთამაშეთა შეცვლა იმ დროს არ შეიძლებოდა, ამიტომ კარში მცველი ოგუსტინ შანტრელი ჩადგა. ფრანგებმა თითქმის ბოლომდე გაძლეს – ერთადერთი გოლი მონტიმ მხოლოდ 81-ე წუთზე გაიტანა, საჯარიმო დარტყმით. მსოფლიო ჩემპიონატის მემატიანენი აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელმა მსაჯმა ჟილბერტუ დე ალმეიდა რეჟუმ თამაში მონტის გოლიდან მალევე, ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე დაასრულა, თუმცა ფრანგების პროტესტის შემდეგ განაახლა.
ფრანგებთან 1:0-ის შემდეგ არგენტინელებმა მექსიკა 6:3 გაანადგურეს – ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ურუგვაიში!
ამ მატჩში ორი პენალტი არ გავიდა: 23-ე წუთზე სამხრეთამერიკელმა ფერნანდო პატერნოსტერმა ვერ აჯობა მექსიკელთა კარის დარაჯს ბონფილიოს, 65-ე წუთზე კი არგენტინელთა მეკარე ანხელ ბოსიომ არ გაატანინა მანუელ როსასს, რომელსაც 42-ე წუთზე უკვე მოესწრო ერთი პენალტის გოლად ქცევა. თუმცა ის კი უნდა ვთქვა, რომ 65-ე წუთზე როსასმა დამატებაზე მაინც იმარჯვა…
მექსიკელთა წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურით ითამაშა ბუენოს აირესის ურაკანის ცენტრალურმა თავდამსხმელმა გილერმო სტაბილემ და ნაკრებში დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა! მწვრთნელის, ხუან ხოსე ტრამუტოლას გადაწყვეტილებით, 25 წლის შემტევმა ფრანგებთან თამაში გამოტოვა.
სახსენებელია ამ დაპირისპირების კიდევ ერთი გმირი, სამი პენალტის დამნიშნავი ბოლივიელი არბიტრი ულისეს საუსედოც. ის ფინალში თანამსაჯი გახლდათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საუსედო ამავე ჩემპიონატის მონაწილე ბოლივიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ! დღეს ასეთი რამ დაუჯერებელია, მაგრამ 1930 წელს მსგავსი ამბები არავის უკვირდა – სხვა დრო იყო, სხვა შეხედულებები… თანაც, ტურნირი პირველ ნაბიჯებს დგამდა და ფიფას მესვეურებიც უცნაურობებზე თვალს ხუჭავდნენ.
ლუსიენ ლორენის შემდეგ კიდევ ერთმა ფრანგმა შეაბიჯა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში: ჯგუფის უკანასკნელ მატჩში, 19 ივლისს ჩილესთან, მეკარე ალექს თეპომ კარლოს ვიდალის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გახდა პირველი მეკარე, ვინც ეს მოახერხა! საინტერესოა ისიც, რომ ეს ფინალურ ეტაპზე დანიშნული პირველი (და შესაბამისად ვერგატანილი) პენალტი იყო.
A ჯგუფის გამარჯვებული 22 ივლისს გამოვლინდა: არგენტინამ 3:1 აჯობა ჩილეს (გილერმო სტაბილეს დუბლი) და ნახევარფინალში გავიდა.
B ჯგუფში იუგოსლავიელებმა გაიმარჯვეს: ბალკანელებმა ადვილად დაძლიეს ბრაზილიის და ბოლივიის წინააღმდეგობა – პირველ მეტოქეს 2:1 აჯობეს, მეორეს კი ოთხი უპასუხო გოლი მიართვეს.
C ჯგუფში მასპინძელმა ურუგვაიმ ორივე მატჩი მოიგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვა! 18 ივლისს, სენტენარიოზე შეკრებილი 58 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ, მათ პერუს ცალხელა თავდამსხმელის ექტორ კასტროს ერთადერთი დარტყმით სძლიეს, სამი დღის შემდეგ კი რუმინეთი 4:0 გაანადგურეს. მასპინძლებმა ყველა გოლი 35-ე წუთისთვის შეაგდეს!
საინტერესოა, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში, რუმინეთის და პერუს ნაკრებთა დაპირისპირებაში, ჩილელმა მსაჯმა ალბერტო უორკენმა 70-ე წუთზე პერუელთა კაპიტანი პლასიდო გალინდო გააძევა. ის უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე გაგდებული პირველი ფეხბურთელია, მაგრამ მომდევნო მატჩში, ურუგვაელთა წინააღმდეგ, გალინდო კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, ამჯერად კაპიტნის სამკლავურის გარეშე. საქმე ისაა, რომ იმ დროს დისკვალიფიკაციის წესი არ არსებობდა…
D ჯგუფში ამერიკის ნაკრები გამოდგა უძლიერესი – მათ ბელგია და პარაგვაი ერთნაირი ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. 17 ივლისს, მონტევიდეოს პარკ სენტრალზე, სამხრეთამერიკელებთან მოგებულ მატჩში სამივე გოლი ბერტრან პატენომ შეაგდო და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორიც გახდა.
ნახევარფინალები 26 და 27 ივლისს შედგა და რადგან თავიდანვე არ იყო დაგეგმილი ფლეი ოფის ფორმატი, ამიტომ 23 ივლისს წილი იყარა: არგენტინას ამერიკის შეერთებული შტატები ერგო, ურუგვაის კი იუგოსლავია.
თავდაპირველად არგენტინა და აშშ გაეჯიბრნენ ერთმანეთს. სამხრეთამერიკელებმა 6:1 მოიგეს, სტაბილემ კი მეორე დუბლი მიითვალა! არგენტინელებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაილაღეს, მას შემდეგ რაც ტრავმირებულმა ჯიმ ტრეისიმ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. სათქმელია ისიც, რომ მეკარე ჯიმი დუგლასმა საფინალო სასტვენამდე ოცი წუთით ადრე მხარი იტკინა და ვეღარ ხტებოდა… ამერიკელებმა ერთადერთი ბურთი 89-ე წუთზე შეაგდეს – ჯეიმს ბრაუნმა გამოიჩინა თავი.
ამასაც დავწერ: ამერიკის ეს ნაკრები სამუდამოდ შევიდა მსოფლიო პირველობების ისტორიაში, რადგან ერთდერთია, რომელმაც ფინალური ეტაპის ყველა შეხვედრაში ერთი და იმავე შემადგენლობით იასპარეზა!
მეორე ფინალისტი 27 ივლისს გამოვლინდა: ურუგვაელებმა ასევე 6:1 გაანადგურეს იუგოსლავია. პედრო სეამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, პერეგრინო ანსელმომ – დუბლი, ერთი გოლიც სანტოს ირიარტემ შეაგდო. არადა, მე-4 წუთისთვის მასპინძლები აგებდნენ: ჯორჯე ვუიადინოვიჩის გოლმა სენტენარიოზე შეკრებილი ოთხმოც ათასამდე გულშემატკივარი რამდენიმე წუთით დაადუმა…
მესამე ადგილისთვის მატჩი არ გაიმართა. ერთი ვერსიით, იუგოსლავიელები ბრაზილიელი არბიტრის ჟილბერტო დე ალმეიდა რეჟუს მოქმედებით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ და ამიტომ იუარეს თამაში. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამერიკის და იუგოსლავიის ნაკრებთა კაპიტნებს ტომ ფლორის და მილუტინ ივკოვიჩს ფიფასგან ბრინჯაოს თითო მედალი გადაეცათ.
1986 წელს, ფიფას ტექნიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ურუგვაი 1930-ის მონაწილე გუნდები შედეგების მიხედვით არიან განთესილნი და იქ ამერიკის ნაკრები მესამე ადგილზეა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო…
ფინალი
1930 წლის 30 ივლისს, სენტენარიოზე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში სწორედ ის გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, რომლებმაც ორი წლით ადრე, ამსტერდამში ოლიმპიადის ოქრო გაითამაშეს. მაშინ გამარჯვება ურუგვაის დარჩა და ბუნებრივია არგენტინელებს რევანში სურდათ. ვიქტორია ო მუერტე, გამარჯვება ან სიკვდილი – თეთრ-ცისფერთა ქომაგები ამ საბრძოლო შეძახილით დარბოდნენ სტადიონის გარშემო…
საინტერესოა, რომ მთავარი მსაჯი, ბელგიელი ჯონ ლანჟენუ მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ფინალში მონაწილეობას, რაც უსაფრთხოების გარანტია მიიღო. ის მატჩის დასრულების შემდეგ პორტში დაცვით მისვლას და გემზე უსაფრთხოდ ასვლას ითხოვდა. მოკვლით ემუქრებოდნენ არგენტინელთა ლიდერ ლუის მონტისაც, თუმცა ის მაინც გავიდა მინდორზე…
სენტენარიოს ჭიშკრები ფინალის დაწყებამდე ექვსი(!) საათით ადრე გააღეს, თითოეულ გულშემატკივარს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ – იარაღის შეტანის ალბათობა დიდი იყო…
კამათი გამოიწვია ბურთმაც. მასპინძლები თავისას აქებდნენ, არგენტინელებს პირიქით, საკუთარით თამაში სურდათ. ფიფას ჩარევის შემდეგ საკითხი ასე გადაწყდა: პირველ ტაიმში გუნდები არგენტინელთა ბურთით ითამაშებდნენ, შესვენების შემდეგ – ურუგვაულით. ფიფას მუზეუმში დღეს ორივე ბურთია გამოფენილი…
„ტურნირის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დავიწყეთ შეკრება. მწვრთნელის მოთხოვნით, მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდით. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, წვრთნებს შორის კი წიგნებს ვკითხულობდით ან ვისვენებდით. რადიოს მოსმენა სასტიკად აკრძალული იყო – ალბერტომ გაგვაფრთხილა, რომ ვინც რეჟიმს დაარღვევდა, ნაკრებს დატოვებდა… ჩვენმა თავკაცმა მხოლოდ ფინალის წინა დღით მოგვცა გართობის საშუალება – ზოგმა გაზეთები გადაფურცლა, ბევრი რადიოს არ სცილდებოდა, რამდენიმემ კი ბანქოც ითამაშა“, – ურუგვაელთა კაპიტნის ხოსე ნაზაცის მოგონებებიდან. ცნობისათვის: ურუგვაელთა თავკაცი ალბერტო სუპიჩი 31 წლის გახლდათ და დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მასპინძელთა თავკაცის პრინციპულობამ სასურველი შედეგი გამოიღო: ურუგვაიმ გაიმარჯვა და პირველმა აღმართა ნიკეს ოქროს თასი! და ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მეტოქემ 2:1 მოიგო: ჯერ კარლოს პეუსელემ გაქვითა პაბლო დორადოს გოლი, 37-ე წუთზე კი სტაბილე მცველებს დაუსხლტა და ზუსტად დაარტყა.
შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი შეაგდეს ხუან ბოტასოს კარში, საბოლოოდ კი 4:2 და ზედიზედ მეორე დიდი ტიტული!
ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ რაულ ხუდეს პირადად ჟიულ რიმემ გადასცა. ჩემპიონებმა მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიხუტეს ნანატრი თასი.
გილერმო სტაბილე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში მეტსახელად ენ ინფილტრადორი (გამარღვეველი, დამანგრეველი) შეარქვეს, 8 გოლით ბომბარდირი გახდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ის იტალიაში გადაბარგდა – ჯენოას შეუერთდა და ბოლონიასთან სადებიუტო შეხვედრაში ჰეთ-თრიქიც შეასრულა.
საუკეთესო მოთამაშედ კი ურუგვაელთა კაპიტანი ხოსე ნაზაცი მიიჩნიეს. ის ოფიციალურად არ დაუსახელებიათ რჩეულად, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი მხოლოდ 1982 წლიდან დაწესდა, თუმცა ფიფა და სხვა რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა იმ შეჯიბრების ნომერ პირველ ფეხბურთელად ნაზაცის ასახელებს.
საინტერესოა, რომ ევროპული გუნდები კიდევ მცირე ხნით დარჩნენ სამხრეთ ამერიკაში. მაგალითად ფრანგები 1 აგვისტოს ამხანაგურად გაეჯიბრნენ ბრაზილიელებს, 3 აგვისტოს არგენტინამ იუგოსლავიას უმასპინძლა, 10 აგვისტოს კი ბალკანელები ბრაზილიასაც ესტუმრნენ…
1998 წელს, როცა საფრანგეთმა პირველად მოიგო ფიფას ოქროს თასი, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი ლუსიენ ლორენი სტად დე ფრანსზე, საპატიო სტუმართა ლოჟაში ბრძანდებოდა. ის 2005 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა ფრანსისკო ვარალიომ კი ურუგვაი 1930-ის მონაწილეთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა. ბოკა ხუნიორსის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი 2010 წლის 30 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან 80 წლის შემდეგ, ზუსტად 100 წლისა მიიცვალა…
ურუგვაი 1930 – ზოგადი ცნობები
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ეგიდით არ ჩატარებულა შესარჩევი ტურნირი.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფლეი-ოფში არ გამართულა „მცირე ფინალი“ – მესამე ადგილისთვის შეხვედრა.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში გაიმართა.
*-მონაწილეობდა 13 გუნდი (სამხრეთი ამერიკა – 7; ევროპა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2).
*-18 თამაშში 70 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 3.89.
*-მთლიანი დასწრება – 590 549, საშუალოდ მატჩზე 32 808 გულშემატკივარი.
30 ივლისი, 1930. მსოფლიოს I ჩემპიონატის ფინალი. ურუგვაი, მონტევიდეო, სენტენარიო. 68 346
ურუგვაი 4:2 (1:2) არგენტინა
გოლები: 1:0 პაბლო დორადო (12), 1:1 კარლოს პეუსელე (20), 1:2 გილერმო სტაბილე (37), 2:2 პედრო სეა (57), 3:2 სანტოს ირიარტე (68), 4:2 ექტორ კასტრო (89)
ურუგვაი: ენრიკე ბალიესტერო, ხოსე ნაზაცი (კაპ), ერნესტო მასკერონი, ხოსე ლეანდრო ანდრადე, ლორენსო ფერნანდესი, ალვარო გესტიდო, პაბლო დორადო, ექტორ სკარონე, ექტორ კასტრო, პედრო სეა, სანტოს ირიარტე
მწვრთნელი: ალბერტო სუპიჩი
არგენტინა: ხუან ბოტასო, ხოსე დელა ტორე, ფერნანდო პატერნოსტერი, ხუან ევარისტო, ლუის მონტი, პედრო სუარესი, კარლოს პეუსელე, ფრანსისკო ვარალიო, გილერმო სტაბილე, მანუელ ფერეირა (კაპ), მარიო ევარისტო
მწვრთნელები: ფრანსისკო ოლასარი და ხუან ხოსე ტრამუტოლა
მსაჯები: ჯონ ლანჟენუ (ბელგია); ანრი კრისტოფი (ბელგია), ულისესი საუსედო (ბოლივია)
საუკეთესო ბომბარდირი:
1.გილერმო სტაბილე (არგენტინა) – 8 გოლი
2.პედრო სეა (ურუგვაი) – 5
3.ბერტრან პატენო (აშშ) – 4
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ხოსე ნაზაცი (ურუგვაი)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): ენრიკე ბალიესტერო (ურუგვაი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: ენრიკე ბალიესტერო (ურუგვაი)
მცველები: ხოსე ნაზაცი (ურუგვაი), მილუტინ ივკოვიჩი (იუგოსლავია)
ნახევარმცველები: ალვარო გესტიდო (ურუგვაი), ხოსე ლეანდრო ანდრადე (ურუგვაი), ლუის მონტი (არგენტინა)
თავდამსხმელები: პედრო სეა (ურუგვაი), ექტორ კასტრო (ურუგვაი), ექტორ სკარონე (ურუგვაი), გილერმო სტაბილე (არგენტინა), ბერტრან პატენო (აშშ)
მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი ურუგვაის ნაკრები
მეკარეები: ენრიკე ბალიესტერო (რამპლა ხუნიორსი), მიგელ კაპუჩინი (პენიაროლი)
მცველები: ხოსე ნაზაცი (ბელა ვისტა), ერნესტო მასკერონი (ოლიმპია), ემილიო რეკობა (ნასიონალი), დომინგო ტეხერა (მონტევიდეო უონდერერსი)
ნახევარმცველები: ხოსე ლეანდრო ანდრადე (ნასიონალი), კონდუელო პირისი (ნასიონალი), ლორენსო ფერნანდესი (პენიაროლი), ალვარო გესტიდო (პენიაროლი), ანხელ მელონო (ბელა ვისტა), კარლოს რიოლფო (პენიაროლი)
თავდამსხმელები: ექტორ კასტრო (ნასიონალი), ექტორ სკარონე (ნასიონალი), პედრო სეა (ნასიონალი), პედრო პეტრონე (ნასიონალი), სოილო სალდომბიდე (ნასიონალი), სანტოს ურდინარანი (ნასიონალი), პაბლო დორადო (ბელა ვისტა), პერეგრინო ანსელმო (პენიაროლი), ხუან კარლოს კალვო (მირამარ მისიონესი), სანტოს ირიარტე (რასინგ კლუბი)
მთავარი მწვრთნელი: ალბერტო სუპიჩი
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 ივნისი)
ფოტო: FIFA.com