ფედერერი მეხუთედ აღიარეს!
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მეხუთედ მოიპოვა შვეიცარიის წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ტიტული! ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა ქალებს შორის საუკეთესოდ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ტრიათლეტი ნიკოლა სპირიგი აღიარეს.
მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანმა ფედერერმა 2012 წელს ATP-ის 6 ტიტული მოიგო: მეშვიდედ იმარჯვა უიმბლდონზე და პიტ სამპრასის რეკორდი გაიმეორა; მოიგო მასტერსები ინდიან უელსში, მადრიდსა და ცინცინატიში; ასევე გაიმარჯვა როტერდამის და დუბაის ტურნირებზე. ამას გარდა, ფედერერმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და კიდევ 3 ტურნირის ფინალში დამარცხდა.
„ყველა გამარჯვება დიდ სიხარულს მანიჭებს და ასეა ახლაც. მიხარია, რომ გულშემატკივრებმა ამდენი ხნის შემდეგ კვლავ საუკეთესოდ დამასახელეს“, – განაცხადა 31 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც კარიერის მანძილზე უკვე 76 ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ „მხიარული როჯერი“ ქვეყნის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად აქამდე 2003, 2004, 2006 და 2007 წლებში აღიარეს.
ფედერერისგან განსხვავებით, სპირიგმა პირველად მოიპოვა საუკეთესოს ტიტული. ოლიმპიური ოქროს გარდა 29 წლის ათლეტმა წლეულს ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იმარჯვა, ავსტრიასა და ესპანეთში კი მსოფლიო პირველობის ოქროს მედლები მოიპოვა.
შვეიცარიის წლის საუკეთესო სპორტსმენი 1950 წლიდან ვლინდება. თავდაპირველად გამოკითხვას ჟურნალი სპორტი აწყობდა, თუმცა XX საუკუნის 90-იან წლებში გამოცემა დაიხურა და მას შემდეგ რეფერენდუმი სპორტულ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს შორის ტარდება. 1972 წლიდან საუკეთესო სპორტსმენი ვაჟთა და ქალთა შორის ცალ-ცალკე ვლინდება.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012)