მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: იტალია 1934
მსოფლიოს პირველმა ჩემპიონატმა ურუგვაის სამას ათას დოლარამდე მოგება მოუტანა და ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. ამ და კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დარწმუნდა, რომ ტურნირს დიდი მომავალი ჰქონდა.
მეორე ჩემპიონატის მასპინძელი 1932 წლის შემოდგომით, სტოკჰოლმში დანიშნულ ფიფას კონგრესზე უნდა გამოვლენილიყო. 1934 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა შვედეთის გარდა იტალიასაც სურდა.
1922 წლის შემოდგომიდან აპენინის ნახევარკუნძულს ბენიტო მუსოლინი განაგებდა, ვინც ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ. დუჩედ წოდებული მუსოლინი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა კალჩოს, ამავდროულად კი ცდილობდა იტალია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო და საამისო შანსს ხელიდან არ უშვებდა.
შვედეთის და იტალიის გარდა ტურნირის მიღება სურდა ესპანეთს და უნგრეთს, თუმცა მათმა პროექტმა ფიფა ვერ მოხიბლა და ისინი მალე ჩამოშორდნენ მასპინძლობისთვის ბრძოლას.
სტოკჰოლმში ჩასულ იტალიელთა დელეგაციას მუსოლინისთან დაახლოებული პოლიტიკოსი, გენერალი, 1933 წლიდან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ჯორჯო ვაკარი ხელმძღვანელობდა.
მასთან შეხვედრის შემდეგ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს საბოლოო არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდათ: შვედები, ურუგვაელთა მსგავსად, ყველა შეხვედრის დედაქალაქში ჩატარებას გეგმავდნენ, იტალია კი მზად იყო მსოფლიო პირველობის მატჩები ერთბაშად რვა ქალაქში – რომი, ტურინი, ნეაპოლი, გენუა, ფლორენცია, ბოლონია, მილანი, ტრიესტი – გაენაწილებინა. ხანმოკლე თათბირის შემდეგ, ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიკეს ოქროს თასის მეორე გათამაშების მასპინძლად იტალია დაამტკიცა. იქვე ითქვა, რომ ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლირა იქნებოდა.
ერთადერთი, ვინც ფიფას არჩევანს ეწინააღმდეგებოდა, ავსტრიის დელეგაციის ხელმძღვანელი, იმავდროულად კი ნაკრების თავკაცი უგო მაიზლი გახლდათ. XX საუკუნის 30-იანი წლების სახელგანთქმული ვუნდერტიმის (გუნდი-საოცრება) დამრიგებელი გრძნობდა, რომ მის სამშობლოს იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმები მართავდნენ – იტალია და გერმანია, კარგი არაფერი ელოდა. მეტიც: ევროპაში გამეფებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მაიზლი ტურნირის გადავადებას და ორი წლით გვიან, 1936 წელს გამართვას ითხოვდა. მისი პროტესტი ამაო გამოდგა.
ფიფა დარწმუნებული იყო, რომ მეორე გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა გაიზრდებოდა და ასეც მოხდა: მთავარი საფეხბურთო ჯილდოსთვის ბრძოლაში 32 ქვეყნის გუნდი ჩაერთო.
პირველი ტურნირის მსგავსად, ბრიტანელები კვლავ განზე გადგნენ, აი ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის უარი კი ჟიულ რიმესთვის და მისი გუნდისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. სამხრეთამერიკელებს ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა გავრცელებული ხმებით, ურუგვაიმ ევროპას სამაგიერო გადაუხადა 1930 წელს გამოჩენილი პასიურობისთვის. გემახსოვრებათ, ოთხი წლით ადრე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ არ გაუშვა თავის ნაკრები ოკეანის გაღმა.
ურუგვაელთა არყოფნის მეორე მიზეზიც ითქვა: ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო კლუბებს ეშინოდათ წამყვანი ფეხბურთელები ჩემპიონატის შემდეგ ევროპაში არ დარჩენილიყვნენ. ასე იყო თუ ისე, ურუგვაის ნაკრები იტალიაში არ ჩავიდა და ის დღემდე ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც ტიტულის დაცვა იუარა.
ფინალურ ეტაპზე თექვსმეტ ნაკრებს უნდა ეთამაშა, თუმცა რადგან მსურველი ორჯერ მეტი იყო, ფიფამ შესარჩევი ტურნირი მოაწყო.
საინტერესოა, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მასპინძელმაც ითამაშა: მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე მილანში, სან სიროზე, სკუადრა აძურამ საბერძნეთის ნაკრებს 4:0 სძლია. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჯუზეპე მეაცამ (კიდევ ორი გოლი ანფილოჯინო გუარისიმ და ჯოვანი ფერარიმ შეაგდეს), თავდამსხმელმა, რომლის სახელიც მიენიჭა ამ სარბიელს წლების შემდეგ. საპასუხო მატჩი ბერძნების უარის გამო აღარ გაიმართა. ბერძნული ფეხბურთის მკვლევარები წლების შემდეგ წერდნენ, რომ მეორე შეხვედრა მუსოლინის და მისი დამქაშების ზეწოლით ჩაიშალა. სხვა ვერსიით, იტალიელებმა ბერძნული ფეხბურთის მაღალჩინოსნები მოქრთამეს და გუნდი მინდორზე აღარ გავიდა…
მსოფლიო ჩემპიონატებში პირველად ჩაერთო აფრიკა – შავი კონტინენტიდან იტალიაში თამაშის უფლება ეგვიპტემ მოიპოვა, რომელმაც პალესტინას ორი მატჩის ჯამში 11:2 აჯობა (7:1, 4:1).
პალესტინის იმ ნაკრებში მხოლოდ ებრაელი და ბრიტანელი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ფიფა ამ გუნდს დღეს ისრაელის ნაკრების წინამორბედად აღიარებს. ამავდროულად, ფიფასვე ცნობით, ის პალესტინა იყო აზიის პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო. იტალიის საგზურისთვის თურქეთსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ისინი განზე გადგნენ.
1934 წლის 24 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი დღით ადრე, ტურნირის უკანასკნელი, მე-16 მონაწილე გაირკვა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საწყის ეტაპზე კუბის სამჯერ მძლეველ მექსიკას 4:2 მოუგო (ალდო დონელის პოკერი). საგულისხმოა, რომ მექსიკასთან დაპირისპირებამდე კუბამ, თავის მხრივ, სამჯერ ითამაშა ჰაიტისთან.
შესარჩევის ბომბარდირები 7-7 გოლით კუბელი მარიო ლოპესი, მექსიკელი დიონისიო მეხია და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, ბასკი ისიდრო ლანგარა გახდნენ.
ამ უკანასკნელმა შვიდივე გოლი პორტუგალიას გაუტანა: 1934 წლის 11 მარტს, მადრიდში, ჩამარტინზე 9:0 მოგებულ შეხვედრაში ხუთჯერ(!) გამოიჩინა თავი (მსოფლიო ჩემპიონატების ეგიდით გამართულ მატჩში ასეთი რამ პირველად მოხდა), 18 მარტს, ლისაბონში, დუ ლუმიარზე კი დუბლი შეასრულა – 2:1.
ლანგარა მხოლოდ ამიტომ არ გამოვარჩიე. სამი წლის შემდეგ, 1937 წლის ივლისში, როცა ბასკეთის ნაკრებმა ორჯერ ითამაშა თბილისში, ის სტუმართა მთავარი ვარსკვლავი გახლდათ, ქართველი ქომაგები კი მასზე ლეგენდებს თხზავდნენ…
ფინალური ეტაპი
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ურუგვაიში ნაცადი ჯგუფური ეტაპის ნაცვლად გუნდებმა მთავარ ჯილდოს ოლიმპიური სისტემით შეუტიეს – ფლეი ოფით. დამარცხებული შეჯიბრებას ეთიშებოდა.
სიახლე იყო ისიც, რომ ძირითადი 90 წუთის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნებოდა – ორი 15-წუთიანი ტაიმი. და თუ გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდებოდა, მეტოქეები მეორე დღეს კიდევ ერთხელ ითამაშებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელმეორე პაექრობაც ვერ გაარკვევდა შემდეგ წრეში გასულს, მოგებული წილისყრით გამოვლინდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ყველა ეტაპზე თამაშები ერთ დღეს, თანადროულად იწყებოდა.
წინა ფინალში მომხდარი უსიამოვნების გათვალისწინებით, მასპინძლებმა ყველა მონაწილეს ოფიციალურად აცნობეს, რომ გუნდები მხოლოდ ერთ ბურთს, რომში დამზადებულ ფედერალე 102-ს გამოიყენებდნენ.
ჩემპიონატის გასაშუქებლად აპენინის ნახევარკუნძულს 249 ჟურნალისტი ეწვია, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ფეხბურთის სამშობლოდან. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფიფას წამოწყებას ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებდა და ნაკრების ბრიტანეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობა უფრო აინტერესებდა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ახალი საერთაშორისო ტურნირი ნისლიან ალბიონზე ნელ-ნელა მაინც იქცევდა ყურადღებას.
სიახლე იყო პირდაპირი რადიორეპორტაჟებიც: იტალიაში მივლინებულ კომენტატორებს ცამეტ ქვეყანაში უსმენდნენ. ცნობილია, რომ ამ უფლების სანაცვლოდ თითოეულმა რადიოსადგურმა საორგანიზაციო კომიტეტს ათი ათასი ლირა გადაუხადა…
ვიტორიო პოცოს გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ, რომლის ბირთვს იმ წლების იტალიის უძლიერესი კლუბის, ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელები შეადგენდნენ, პირველ წრეში, 27 მაისს, ადვილად დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები – 7:1!
ბოლონიელმა ანჯელო სკიავიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა), ამბროზიანა-ინტერის შუახაზელმა, XX საუკუნის იტალიის უძლიერეს მოთამაშედ აღიარებულმა ჯუზეპე მეაცამ კი ბოლო ბურთი გაიტანა. ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი თამაშის მიმოხილვაში წერდა: „ექვსბურთიანი სხვაობა შესანიშნავად მოთამაშე ჩიკაგოელი გოლკიპერის, იულიან ხულიანის დამსახურებაა. რომ არა ის, ანგარიში შემზარავი იქნებოდა“.
კალჩოს ისტორიკოსების თქმით, ამერიკელებთან მატჩის წინ, საპატიო სტუმართა ლოჟაში მყოფმა ბენიტო მუსოლინიმ იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს აქილე სტარაჩეს გადაულაპარაკა: „მსოფლიო ჩემპიონატი იტალიამ უნდა მოიგოს“!
„დიახ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“! – დაეთანხმა სტარაჩე.
დიქტატორი ქვეშევრდომის პასუხმა არ დააკმაყოფილა: „თქვენ ვერ გამიგეთ აქილე, იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა მოიგოს“!
ევროპაში გამართულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატში სამხრეთ ამერიკიდან მხოლოდ ორი გუნდი მონაწილეობდა: ვიცე-ჩემპიონი არგენტინა და ბრაზილია. იტალიის საგზური ორივემ უთამაშებლად მოიპოვა. საქმე ისაა, რომ მეტოქეებმა, ჩილემ და პერუმ, საკვალიფიკაციოში ასპარეზობა ბოლო მომენტში იუარეს. სამხრეთამერიკელები პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ: არგენტინას შვედეთმა სძლია დაძაბულ ბრძოლაში – 3:2, ბრაზილიას კი ესპანეთმა აჯობა – 3:1.
ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირების გამო, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში არავინ იყო ურუგვაი 1930-ის ფინალისტთაგან. მეტიც: იმ ოცდაორ მოთამაშეს შორის, რომელიც 27 წლის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე რასკუჩიმ აპენინებზე იახლა, სანაკრებო გამოცდილება მხოლოდ ორს ჰქონდა – კაპიტანს, ალფრედო დევინჩენცის (სამი მატჩი) და არკადიო ლოპესს (ორი თამაში). რაც შეეხება რასკუჩის, ის თეთრ-ცისფერთა ისტორიაში პირველი და დღემდე ერთადერთი უცხოელი მთავარი მწვრთნელია.
ასეთი ამბების მიუხედავად, არგენტინამ კარგად დაიწყო მერვედფინალი და ერნესტო ანტონიო ბელისის და ალბერტო ლუის გალატეოს გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. სვენ იოჰანსონმა ორჯერ გაათანაბრა, გამარჯვების ბურთი კი 79-ე წუთზე შეაგდო კნუტ კროონმა. ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ შესარჩევ მატჩში გატანილი პირველი გოლის ავტორია: 1933 წლის 11 ივნისს, სტოკჰოლმში, შვედებმა 6:2 სძლიეს ესტონელებს, კროონმა კი მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში. ზოგიერთი მკვლევარი ამ ბურთს ესტონელი გოლკიპერის, ნაკრების კაპიტნის ევალდ ტიპნერის ავტოგოლად მიიჩნევს…
რაც შეეხება ესპანეთის იოლ მოგებას, ეს გუნდი იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, მეტოქე ბრაზილია კი მწვერვალებისგან კვლავ შორს იდგა. ამ თამაშიდან ისაა აღსანიშნავი, რომ ესპანელთა კაპიტანმა, ლეგენდარულმა გოლკიპერმა რიკარდო ზამორამ თამაშის მიწურულს ვალდემარ დე ბრიტუს მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირებენ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, პელეს აღმოჩენას. ამის შესახებ წერს კიდეც ავტობიოგრაფიაში ფეხბურთის მეფე…
მერვედფინალში დამარცხდა აფრიკის ერთადერთი წარმომადგენელი ეგვიპტეც, რომელსაც შოტლანდიელი ჯეიმს მაკრეი ხელმძღვანელობდა. „ფარაონები“ უნგრელებმა გაისტუმრეს ნეაპოლიდან – 4:2.
ტურინში, ბენიტო მუსოლინის სახელობის სარბიელზე გამართული ავსტრია-საფრანგეთის დაპირისპირება კი უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიაში პირველ მატჩად ჩაეწერა, რომელიც დამატებით დროში გაგრძელდა. ძირითადის 1:1-ის შემდეგ ავსტრიელებმა 3:2 გაიმარჯვეს.
მეოთხედფინალში მხოლოდ ევროპის გუნდები გავიდნენ და ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევაა მთავარი საფეხბურთო შეჯიბრების ძალიან საინტერესო ისტორიაში!
31 მაისს, ფლორენციაში, ჯოვანი ბერტას სახელობის სარბიელზე გამართულ მეოთხედფინალში იტალია ესპანეთს დაუპირისპირდა. ძალიან დაძაბული მატჩი 1:1 დასრულდა. ლუის რეგეიროს (ისიდრო ლანგარას მხარდამხარ, ისიც ეწვია თბილისს 1937 წლის ივლისში) მიერ 30-ე წუთზე გატანილი ბურთი იუვენტუსელმა ჯოვანი ფერარიმ 44-ე წუთზე გაქვითა, დარჩენილ დროში კი (არც დამატებითში) გოლი აღარ გასულა.
პაექრობა უხეში გამოდგა, რის გამოც მეტოქეებმა 1 ივნისს დანიშნულ განმეორებით მეოთხედფინალში შემადგენლობა გადაახალისეს. ესპანელთა დანაკლისი აშკარად თვალსაჩინო იყო – ვეღარ ითამაშა კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა რიკარდო ზამორამ. მისი ადგილი ბარსელონის კარის დარაჯმა ხუან ხოსე ნოგესმა დაიკავა, რომელსაც ჯუზეპე მეაცამ მე-11 წუთზე ერთადერთი გოლი გაუტანა.
უნდა ვთქვა, რომ ესპანელებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ითამაშეს: არგენტინიდან იტალიის ნაკრებში გადანაცვლებულმა ლუის მონტიმ მძიმე ტრავმა მიაყენა კრისანტ ბოშს და მან თამაში ვეღარ განაგრძო.
აღსანიშნავია ისიც, რომ შესვენების შემდეგ შვეიცარიელმა არბიტრმა რენე მერკემ ესპანელთა ორი გოლი არ ჩათვალა: პირველი თამაშგარეს გამო, მეორე ბურთის შემთხვევაში კი ესპანელი მოთამაშე დააჯარიმა. მერკეს მსაჯობამ ფიფაც გააღიზიანა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო ფეხბურთიდან მოიკვეთა.
3 ივნისს, ნახევარფინალში, იტალიელებმა უგო მაიზლის ავსტრიას სძლიეს. პოცოს ბიჭებმა ვუნდერტიმს ენრიკო გუაიტას ერთადერთი დარტყმით მოუგეს. არგენტინიდან იტალიაში გადაბარგებულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ვინც იმხანად რომაში თამაშობდა, მას შემდეგ გაიტანა, რაც მეაცას გასროლილი ბურთი ავსტრიელთა კარის ძელმა აისხლიტა.
სკუადრა აძურას მეტოქე გერმანიის და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებთა ნახევარფინალში გაირკვა. პირველობის საუკეთესო ბომბარდირმა ოლდრიხ ნეედლიმ გერმანელთა მეკარე ვილიბალდ კრესს სამჯერ გაუტანა და გუნდს ფინალში შეუძღვა.
7 ივნისს, ნეაპოლში, ჯორჯო ასკარელის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გათამაშდა ბრინჯაოს მედლები – გერმანია ავსტრიას დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ შვიდი ათასი გულშემატკივარი დაესწრო, ოტო ნერცის მომზადებულმა ბუნდესგუნდმა 3:2 მოიგო.
გერმანელმა ერნსტ ლენერმა 25-ე წამზე(!) გახსნა ანგარიში და ფინალურ ეტაპზე გატანილი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორიც გახდა. არანაკლებ საინტერესო ისაა, რომ ავსტრიამ ნაპოლის ცისფერი მაისურებით ითამაშა. რატომ? ორივე გუნდს მხოლოდ თეთრი ფორმა აღმოაჩნდა, მაისურების გამოცვლა კი ავსტრიელებს დაეკისრათ. გუნდმაც პრობლემა იოლად გადაჭრა – ნაპოლის მიმართა…
ფინალი
ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება 10 ივნისს, რომში, ნაციონალური ფაშისტური პარტიის – PNF – სახელობის სტადიონზე გათამაშდა: იტალია ჩეხოსლოვაკიას დაუხვდა.
სტუმართა უდავოდ კარგი გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში ჩინებულად თამაშობდა. გამონაკლისი არც გადამწყვეტი მატჩის საწყისი წუთები გამოდგა და კარელ პეტრუს გაწვრთნილმა ბიჭებმა ჩეხოსლოვაკიური ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩიც თავდაჯერებულად დაიწყეს.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 71-ე წუთზე გაიხსნა: პრაღის სლავიას გოლეადორმა ანტონინ პუჩმა ზუსტად დაარტყა, 1:0. ეს მისი მეორე გოლი იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეროვნულ გუნდს კი 1939 წელს გამოეთხოვა 61 შეხვედრაში 35 ბურთით.
ის 1988 წელს გარდაიცვალა 80 წლისა. ანტონინ პუჩი ვერც ჩეხოსლოვაკიის დაშლას და ვერც მისი სანაკრებო რეკორდის გაუმჯობესებას მოესწრო. პრაღელ ბომბარდირს მხოლოდ 2005 წელს გადაუსწრეს – იან კოლერმა გაიტანა 36-ე გოლი…
ჩამორჩენის შემდეგ იტალიელები ძალიან დაიძაბნენ, ამას კი ნერვიულობა და უხეშობაც დაერთო, გადამწყვეტი მატჩის შვედი არბიტრი ივან ეკლინდი კი მასპინძელთა მიერ წესების დარღვევაზე არ რეაგირებდა. იტალიელთა უხეშობას ჩეხოსლოვაკიელებმაც უპასუხეს, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ფინალი.
თავზარდაცემულმა ტიფოზებმა ზუსტად ათ წუთში, 81-ე წუთზე გაიხარეს: იტალიის მოქალაქეობამიღებულმა კიდევ ერთმა არგენტინელმა, რაიმუნდო ორსიმ ეგრეთ წოდებული მოჭრილი დარტყმით შეაგდო საპასუხო ბურთი – 1:1. ჩეხოსლოვაკიელთა სახელგანთქმულმა მეკარემ ფრანტიშეკ პლანიჩკამ, რომელიც მთელი ტურნირის მანძილზე შეუდარებლად თამაშობდა, გუნდი გოლისგან ვერ იხსნა.
ფინალი 1:1 დასრულდა და ისტორიაში პირველად, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. იქ კი, მეხუთე წუთზე, სკუადრა აძურა პირველად დაწინაურდა: ჯუზეპე მეაცას გადაცემის შემდეგ ანჯელო სკიავიომ გაიტანა – 2:1! უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ამ მსოფლიო ჩემპიონატის მომგები იტალიელებიდან სკიავიო უკანასკნელი გარდაიცვალა – 1990 წლის 17 სექტემბერს, მშობლიურ ბოლონიაში, 84 წლისა…
იტალიამ 2:1 გაიმარჯვა. პირველი ჩემპიონატის მსგავსად, მთავარი ჯილდო კვლავ მასპინძელს დარჩა. იტალია გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც ნიკეს ოქროს ქანდაკება ჩაიბარა. თასი აპენინელთა მეკარემ ჯამპიერო კომბიმ აღმართა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯუზეპე მეაცა კი ჟურნალისტებმა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
სოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ყასაბად წოდებულმა ლუის მონტიმაც, ვინც ოთხი წლით ადრე არგენტინის ნაკრების მაისურით ითამაშა ფინალში და ვერცხლით დაკმაყოფილდა. ის ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურნირის სიმბოლურ გუნდში. მართალია ფიფა ამ ჩამონათვალს ოფიციალურად არ აღიარებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მონტის თამაში მედიისთვის შეუმჩნეველი არასდროს ყოფილა.
ვიცე-ჩემპიონმა ჩეხოსლოვაკიამ კი პრაღის სპარტის თავდამსხმელის, ოლდრიხ ნეედლის ინდივიდუალური წარმატებით თუ ინუგეშა თავი. ნეედლი ხუთი გოლით ბომბარდირი გახდა.
იტალიამ ჩემპიონობით გაიხარა და ბედნიერი იყო ბენიტო მუსოლინიც – დუჩე ხომ ყველა შანსს იყენებდა ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდისთვის.
დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ სკუადრა აძურას ის წარმატება დიქტატორის დამსახურებაა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ორი წლის შემდეგ იტალიამ ოლიმპიური თამაშები მოიგო, 1938 წელს კი ზედიზედ მეორედ აღმართა ნიკეს თასი?
ვერაფერსაც ვერ ვუზამთ, მხოლოდ უნდა ვაღიაროთ: იმ წლებში ვიტორიო პოცოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში! სამ უდიდეს შეჯიბრებაში, რომ არაფერი ვთქვა ორჯერ მოგებულ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატზე, პირველ ადგილს შემთხვევით ვერ დაიკავებ.
იტალია 1934 – ზოგადი ცნობები:
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის კონტინენტზე; პირველი, რომლის თამაშები რამდენიმე ქალაქში გაიმართა; პირველი, სადაც გამოჩნდა გუნდი აფრიკიდან; პირველი, სადაც გათამაშდა ბრინჯაოს მედლები და პირველი, რომელსაც ჰქონდა ოფიციალური ბურთი.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც არ მონაწილეობდა მოქმედი ჩემპიონი.
*-ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ყველა მეოთხედფინალისტი ევროპიდან იყო.
*-მონაწილეობდა 16 გუნდი (ევროპა – 12; სამხრეთი ამერიკა – 2; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 1; აფრიკა – 1).
*-17 თამაშში 70 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 4.12.
*-მთლიანი დასწრება – 363 000, საშუალოდ მატჩზე 21 353 გულშემატკივარი.
10 ივლისი, 1934. მსოფლიოს II ჩემპიონატის ფინალი. იტალია, რომი, PNF. 55 000
იტალია 2:1 (0:0; დდ) ჩეხოსლოვაკია
გოლები: 0:1 ანტონინ პუჩი (71), 1:1 რაიმუნდო ორსი (81), 2:1 ანჯელო სკიავიო (95)
იტალია: ჯამპიერო კომბი (კაპ), ერალდო მონძელიო, ლუიჯი ალემანდი, ატილიო ფერარისი, ლუის მონტი, ლუიჯი ბერტოლინი, ენრიკე გუაიტა, ჯუზეპე მეაცა, ჯოვანი ფერარი, რაიმუნდო ორსი, ანჯელო სკიავიო
მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
ჩეხოსლოვაკია: ფრანტიშეკ პლანიჩკა (კაპ), იოზეფ ჩტიროკი, ლადისლავ ჟენიშეკი, რუდოლფ კრჩილი, შტეფან კამბალი, იოზეფ კოშტალეკი, ანტონინ პუჩი, ოლდრიხ ნეედლი, ფრანტიშეკ სვობოდა, ფრანტიშეკ იუნეკი, ირჟი სობოტკა
მწვრთნელი: კარელ პეტრუ
მსაჯები: ივან ეკლინდი (შვედეთი); ლუი ბაერი (ბელგია), მიხალი ივანიშიცი (უნგრეთი)
საუკეთესო ბომბარდირი:
1.ოლდრიხ ნეედლი (ჩეხოსლოვაკია) – 5 გოლი
2.ანჯელო სკიავიო (იტალია) და ედმუნდ კონენი (გერმანია) – 4
საუკეთესო ფეხბურთელი (არაოფიციალური): ჯუზეპე მეაცა (იტალია)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): რიკარდო ზამორა (ესპანეთი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: რიკარდო ზამორა (ესპანეთი)
მცველები: ერალდო მონძელიო (იტალია), ჯაცინტო ფერნანდეს დე კინკოსესი (ესპანეთი)
ნახევარმცველები: ლუის მონტი (იტალია), ატილიო ფერარისი (იტალია), ლეონარდო სილაურენი (ესპანეთი)
თავდამსხმელები: ჯუზეპე მეაცა (იტალია), ენრიკე გუაიტა (იტალია), რაიმუნდო ორსი (იტალია), ოლდრიხ ნეედლი (ჩეხოსლოვაკია), მატიას ზინდელარი (ავსტრია)
მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრები
მეკარეები: ჯამპიერო კომბი (იუვენტუსი), ჯუზეპე კავანა (ნაპოლი), გუიდო მაზეტი (რომა)
მცველები: ვირჯინიო როზეტა (იუვენტუსი), უმბერტო კალიგარისი (იუვენტუსი), ერალდო მონძელიო (ბოლონია), ლუიჯი ალემანდი (ამბროზიანა-ინტერი)
ნახევარმცველები: ლუის მონტი (იუვენტუსი), ლუიჯი ბერტოლინი (იუვენტუსი), მარიო ვარლიენი (იუვენტუსი), არმანდო კასტელაცი (ამბროზიანა-ინტერი), ჯუზეპე მეაცა (ამბროზიანა-ინტერი), ატილიო ფერარისი (რომა), მარიო პიციოლო (ფიორენტინა)
თავდამსხმელები: ფელიჩე ბორელი (იუვენტუსი), ჯოვანი ფერარი (იუვენტუსი), რაიმუნდო ორსი (იუვენტუსი), ანჯელო სკიავიო (ბოლონია), ენრიკე გუაიტა (რომა), პიეტრო არკარი (მილანი), ატილიო დემარია (ამბროზიანა-ინტერი), ანფილოჯინო გუარისი (ლაციო)
მთავარი მწვრთნელი: ვიტორიო პოცო
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 ივნისი)
ფოტო: FIFA.com