კარიერა ფრაზებში #14: რევაზ ჩელებაძე

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა რამაზ შენგელიამ თავის დროზე თქვა: „დინამოში ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და რეზო ჩელებაძეს შორის რომ იყო დაპირისპირება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ეგეთი მე არ მახსენდება! ორივეს თამაშიდან თამაშამდე გვიწევდა შანსის გამოყენება და იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. ტორპედოში კონკურენტები არ მყავდა და ამიტომ, თბილისში თავიდან გამიჭირდა. ჩელებაძე რომ არა, ალბათ, ბევრს ვერ მივაღწევდი – ჩემი ტიტულები და თასები რეზოს დამსახურებაცაა“.
რეზო ჩელებაძე იმ დიდი დინამოს გამორჩეული წევრი იყო, რომელმაც 1976 წელს პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. ტანმაღალმა თავდამსხმელმა ფინალში ერევნის არარატს ლამაზი გოლიც გაუტანა.
წლების წინ ჩელებაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, შემდეგ ფეხბურთელთა აგენტი და საერთოდ, კარიერის განმავლობაში ბევრი საფეხბურთო როლი მოირგო.
თაობის გამორჩეულ ფეხბურთელს ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუების დახმარებით გავიხსენებთ.

…სკოლას რომ ვამთავრებდი, ფეხბურთში მაშინ მოვხვდი. მანამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი და არცთუ წარუმატებლად. ფიზკულტურის ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ბიძაჩემმა ბიჭიკო ჩელებაძემ მთხოვა სოფლის საფეხბურთო გუნდს დავხმარებოდი. იმ დროს იყო ასეთი პოპულარული ტურნირი – „ოქროს თავთავი“, რომელიც სოფლის გუნდებს შორის ტარდებოდა. ჩემი დებიუტი ფეხბურთში ამ შეჯიბრებაზე შედგა. გაგეცინებათ, მაგრამ იმ დროს აჭარის კალათბურთელთა ნაკრების წევრიც ვიყავი.

…დებიუტი წარუმატებული გამოდგა: ფინალამდე თითქმის ყველა მატჩში 4-5 გოლი გამქონდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 0:2-ზე პენალტი ვერ შევაგდე, ჩემი გუნდი კი სოფელ ოჩხამურთან დამარცხდა. მეკარე, რომელმაც 11-მეტრიანი მოიგერია, უბნის ინსპექტორი იყო და პირადად ვიცნობდი.

…ბიძაჩემი ფეხბურთზე გიჟდებოდა, ფულიანი კაცი იყო და ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: შენ თუ ფეხბურთს გაყვები, სამედიცინოს გარდა ყველგან მოგაწყობ, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ 3 წელიწადში თბილისის დინამოში მოხვდები, ერთი წლის შემდეგ კი საკავშირო ნაკრებშიო. რატომ უნდა მეთქვა უარი?! ისე აგიხდინოთ ღმერთმა ყველაფერი, როგორც მას ავუსრულე სურვილი: ზუსტად 3 წლის თავზე, 1976 წელს დინამოში მოვხვდი, ერთი წლის შემდეგ კი საკავშირო ნაკრებშიც მიმიწვიეს.

…დინამომდე ქობულეთის შუქურაში ვიყავი, მაგრამ სანამ გუნდს დავით ჭავჭანიძე წვრთნიდა, ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დავმკვიდრდი. ჭავჭანიძე მეუბნებოდა, შენგან ფეხბურთელი მაინც არ გამოვა და რატომ წვალობო? იხტიბარს არ ვიტეხდი. როგორც კი ის ვალერიან ჩხარტიშვილმა შეცვალა, სიტუაცია ჩემდა სასიკეთოდ შეიცვალა: ჯერ შეცვლაზე დავიწყე თამაში, მალე კი ძირითადის წევრი გავხდი. ლამის ყველა მატჩში გოლი გამქონდა, მაგრამ სამ იმდენს ვაფუჭებდი.

…მალე საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს. იმ გუნდში დათო მუჯირი, თამაზ კოსტავა, რეზო ბურკაძე და სხვა ნიჭიერი ბიჭები დამხვდნენ. იყო ასეთი საკავშირო ტურნირი – „იმედის თასი“. არ გადავაჭარბებ: ძალიან მაღალი დონის შეჯიბრება იყო, ფაქტიურად, 16-წლამდელთა შორის საკავშირო ჩემპიონატი. ჩვენ ჩემპიონები გავხდით! ცოტა ხანში ჩხარტიშვილი ბათუმის დინამოში მიიწვიეს და მეც თან წამიყვანა.

რევაზ ჩელებაძე

რევაზ ჩელებაძე – დიდი დინამოს გამორჩეული თავდამსხმელი და ქართული ფეხბურთის კოლორიტი

…იქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. რაც უნდა იყოს, გუნდი საკავშირო II ლიგაში თამაშობდა, მეტოქეები კი ათი თავით ძლიერები იყვნენ. არ შემშინებია, უფრო მოვინდომე და დამიფასდა კიდეც – ცოტა ხანში ჩემი თავი თბილისის დინამოს გუნდის უფროსს ნოდარ ახალკაცს წარუდგინეს. იმ დროს ის ახალი დანიშნული იყო მთავარ მწვრთნელად.

…ფარსადანოვიჩს ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. პირველი შეხვედრისას მითხრა, ორმხრივ მატჩში დაგაკვირდები და ვნახოთ, იქნებ შანსი გამოიყენოო. ეტყობა მოვეწონე, რადგან დინამოში მიმიწვია. უნდა გენახათ რა დღეში იყო ბიძაჩემი! ჯერ ხომ სოფელში ზღაპრულ სუფრას სუფრაზე შლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ჯიბეზე ხელის გაკვრა და ფულის ჩუქება არ ეზარებოდა! მოკლედ, მეცხრე ცაზე იყო კაცი.

…დინამოში სადებიუტო სეზონი ზღაპრული გამოდგა: ორჯერ საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, შუაში კი საკავშირო თასიც მოვიგე! ეს იყო დინამოს პირველი ტრიუმფი ამ ტურნირში. ფინალში ერევნის არარატს ერთი გოლი მეც გავუტანე! დღემდე თვალზე ცრემლი მადგება იმ თამაშს რომ ვიხსენებ.

…ერევანში მომხდარი კურიოზის გამო დღემდე მაშაყირებენ და ალბათ, ასე გაგრძელდება, სანამ ცოცხალი ვიქნები. რა ვქნა, მოხდა და! ძალიან დაძაბული მატჩი იყო… უცბად ბურთი ჩემთან გადმოვარდა, ავდექი და თავქუდმოგლეჯილი გავექანე კარისკენ. მივიხედე უკან, ერთი მცველი მორბის, მაგრამ შანსი არაა დამეწიოს. ვირბინე, ვირბინე და თავი რომ ავწიე, სადაა შენი კარი? ლამის მოედანს გავცდი! საშინელ დღეში აღმოვჩნდი! მატჩის შემდეგ, ავტობუსში რომ ავედი, საჭმელი დაგვირიგეს. ანზორ გაბიტაშვილს ერთი ძეხვი დარჩა, „დოქტორსკი“ და ახალკაცს ჰკითხა: ფარსადანოვიჩ, რა ვუყოთ ამ ძეხვსო. იმან არც გახედა, ცალყბად ჩაილაპარაკა, წადი და ჩელებაძეს ერთ ადგილას გაუკეთეო…

…ჰრაზდანზე მომხდარი მეორე დღეს მთელმა თბილისმა იცოდა! ძალიან პოპულარული გავხდი, ყველა ჩემზე შაყირობდა, მაგრამ გულში წყენა არ ჩამიდია, ან რა იყო საწყენი? გულშემატკივრებს რომ არ ვყვარებოდი, მთელი სტადიონი ჩელე, ჩელეს კი არ იყვირებდა! იმ ამბიდან კაი ხნის მერე ქუთაისში ჭიათურის მაღაროელს 35 მეტრიდან თავით გავუტანე გოლი. მთელი სტადიონი მე მაგინებდა, ჩელებაძე შენი ასე და ისე, ერევანში ცარიელ კარში ვერ შეაგდე და აქ რამ გადაგრიაო!

…ჩემსა და შენგელიას შორის კონკურენციაზე ლეგენდები დადის და მართლა ასე იყო: ახალკაცი ორივეს ბოლომდე გვწურავდა. მატჩიდან მატჩამდე გვიწევდა მწვრთნელისთვის იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. ახალკაცს თავი დავანებოთ, თვითონ შენგელიამ არ თქვა, ჩელებაძესთან კონკურენციამ ჩემ წარმატებებში ლომის წილი დაიდოო?! რამაზი ძლიერი ფეხბურთელი იყო, ნიჭიერი, აბა, ლამაზი თვალებისთვის ორჯერ არავინ დაასახელებდა საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ მოთამაშედ! მას საოცარი საგოლე ალღო ჰქონდა!

…პენალტზე რა ვთქვა? განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი: ბურთამდე მხოლოდ მეკარეს ვუყურებდი, მერე კი კუთხეს ვირჩევდი და ნელა ვურტყამდი. გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ ჩემი პენალტები! დაოსტატებაში დათო გოგია დამეხმარა – ვარჯიშების მერე 50-ჯერ მაინც ვიმეორებდი დარტყმას.

…თუ არ მეშლება, სულ 4 პენალტი გავაფუჭე, აქედან 2-ჯერ მოსკოვის ცსკა-ს მეკარე ასტაპოვსკიმ გამამწარა. ცსკა-თან ორივე შემთხვევაში თავდაჯერებულობამ დამღუპა – არცთუ ძლიერად დავარტყი და ასტაპოვსკიმ რეაგირება მოასწრო. რაც შეეხება კუიბიშეველებთან ვერგატანილ ბურთს, იქ მეკარეს წყლის გუბე დაეხმარა – გაგორებული ბურთი წყალში ჩაეფლო… ხომ გახსოვთ მაშინდელი სტადიონები, საშინელება იყო!

…დაუვიწყარი პენალტი? ის დარტყმა ჩემთვის კი არა, მგონი ყველა გულშემატკივრისთვის ტკბილად მოსაგონარია: 1980 წელს, საკავშირო თასის 1/4-ფინალში თბილისში ტაშკენტის ფახთაქორთან 0:1-ს ვაგებდით. მატჩის მიწურულს ვოვა გუცაევის დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან ხელით მოიგერია. პენალტი დაინიშნა. ძალიან დაძაბული მომენტი იყო, ხალხი გოლს ითხოვდა. ახლა რომ ვფიქრობ, ის ბურთი რომ არ გამეტანა, ვერც თასების თასს მოვიგებდით. მოკლედ, ჩემებურად შევასრულე! დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი გავიტანე… იმ გათამაშებაში 9 ბურთი შევაგდე და თუ არ მეშლება, ამით საკავშირო რეკორდი გავიმეორე.

ჩელებაძე

2007 წელი, თბილისი: ვიტალი დარასელიას 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ

…1980 წლის ზაფხულში ესპანეთში, კადისის საერთაშორისო ტურნირზე ნახევარფინალში ბრაზილიის ფლამენგოს შევხვდით. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ: კარლოს ალბერტო, მარინიო, ჟუნიორი, ანდრადე, ჟულიო სეზარი, ადილიო, ზიკო… მატჩი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიისთვის კი უკვე სათადარიგოთა შორის ვიყავი – ჩემს ნაცვლად ნუკრი კაკილაშვილი შევიდა, რომელმაც 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. იმ ტურნირზე დამატებითი დრო არ იყო, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნებოდა. 3:4 წავაგეთ – ცხონებულმა ვიტალიმ ვერ გაიტანა ბოლო პენალტი. გულდაწყვეტილი ვიყავი, მეორე დღეს კი კადისთან გველოდა მესამე ადგილისთვის შეხვედრა. ყოველი შემთხვევისთვის ბიჭები პენალტების სერიაში ვავარჯიშე. მართლაც, თამაში 1:1 დასრულდა, ჩემმა „გაწვრთნილმა“ ვაჟა ჟვანიამ, დათო ყიფიანმა და გია თავაძემ კი 11-მეტრიანიდან გაიტანეს და სერია 3:0 მოვიგეთ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ პირველად მე დავარტყი და… მეკარემ მაჯობა.

…გული რამდენიმე ფაქტის გამო მწყდება: დროგამოშვებით უსამართლოდ მექცეოდნენ, მე კი ვერაფერს ვცვლიდი. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, გაცილებით მეტს მივაღწევდი.

…1980 წელს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ზედიზედ 3 თვე ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, ნაკრებშიც მიწვევდნენ, დინამოში კი ჩემ თამაშს, თითქოს არავინ ამჩნევდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ახალკაცი აღარ მენდობოდა. იყო შემთხვევები, როცა შენგელია და გუცაევი ტრავმირებულნი იყვნენ, მაგრამ ჩემთვის ძირითადში ადგილი, რატომღაც არ იყო.

…თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების სტარტზე კი ვეხმარებოდი გუნდს, მაგრამ ბოლო ეტაპზე – აღარ. ეგ კი არა, ფეიენოორდთან შემადგენლობაში რომ ვერ მოვხვდი, ლამის ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. დღემდე მწარედ მახსოვს ის დღე, როცა ცხონებული გივი ნოდია შემოვიდა ოთახში და მითხრა, დიუსელდორფში, ფინალზე არ მოდიხარო.

…იმ დროისთვის ჩემი და ახალკაცის ურთიერთობას თბილი ნამდვილად არ ეთქმოდა. შელაპარაკება მოგვივიდა: ერთ დღეს დინამოში მანქანები დაარიგეს, მე კი არ შემხვდა, არადა იმ დროს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვიყავი. გავბრაზდი, შევედი მასთან კაბინეტში და მიზეზი ვკითხე. ჯერ მითხრა არ გეკუთვნისო, მერე კი დინამოს რესპუბლიკურ საბჭოსთან გადამამისამართა, მე არაფერ შუაში ვარ, ეგენი წყვეტენ ყველაფერსო. მივედი იქ, მაგრამ გაკვირვებულებმა მიპასუხეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, გუნდი ანაწილებს მანქანებსო. ბაზაზე რომ დავბრუნდი, უფრო მაგრად ვიჩხუბე. უკვე საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი გუნდიდან წასვლა, თან, იმ დროს კონსტანტინ ბესკოვი მიწვევდა სპარტაკში. ბინაზე და მანქანაზე არც იყო საუბარი, მხოლოდ თამაში მაინტერესებდა. სპარტაკი კარგი ვარიანტი კი იყო, მაგრამ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი… რამდენიმე დღეში ახალკაცი შემხვდა ბაზაზე: სად ხარ, გეძებენ, წადი, მანქანა გამოიყვანეო.

…დინამოდან წასვლა 1982 წელს გადავწყვიტე. მწვრთნელი აღარ მენდობოდა, მე კი თამაში მსურდა, ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია. 25 წლის ასაკში ძნელია საუკეთესო კლუბიდან რომ მიდიხარ, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ. იმ პერიოდში ძალიან დამეხმარა ევგრაფი შევარდნაძე – ლანჩხუთში თამაში შემომთავაზა. უარი არ მითქვამს, მაგრამ გურიაში გადასვლამდე მცირე ხანს უქმად ვიყავი – სმოლენსკში მსაჯი შემომელახა და დისკვალიფიკაციით დამსაჯეს. მურთაზ ხურცილავა რომ არა, ფეხბურთს სამუდამოდ ჩამომაშორებდნენ. სწორედ ხურცილავა ჩავიდა საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე პავლოვთან და სამუდამოს ნაცვლად 10-მატჩიანით დამსაჯეს.

…გურიის შემდეგ ბათუმის დინამოს ჯერი დადგა. აჭარლებს უარს როგორ ვეტყოდი?! ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, კლუბი კი ისტორიაში პირველად I ლიგაში აღზევდა! თუ სწორად მახსოვს, 70 გოლი გავიტანეთ, აქედან 21 ჩემი იყო, 39 კი ჩემი პასის შემდეგ გავიდა! ავთო გორგილაძე იყო თავდასხმაში ჩემი მეწყვილე.

…რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის დინამოს დავუბრუნდი. ახალკაცი ჩამოვიდა ბათუმში, ახალი მიბრუნებული იყო გუნდში. მოვიდა და მთხოვა, ბევრი პატარა ბიჭია, გამოცდილი ხალხი მჭირდება, წამოდი, მომეხმარეო. ნაწყენი ვიყავი, მაგრამ იმ დროს საჭიროდ ჩავთვალე თბილისში გადასვლა და დავბრუნდი.

…1986 წელს, როცა დინამოს არცთუ დალხენილი დროება ედგა, კიევში დინამოს 3:1 მოვუგეთ. უკრაინელებს ახალი მოგებული ჰქონდათ თასების თასი, ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ… ამბობენ, რომ ის თამაში „მოგვცეს“, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. ყველამ იცოდა კიეველებთან ჩემი კარგი ურთიერთობის შესახებ და მითხრეს, წადი, დაელაპარაკე, ფეხები არ მოგვამტვრიონ, ცოტა მშვიდად გვეთამაშონო. თან, შეხვედრის მეორე დღეს ანდრეი ბალის ბავშვი უნდა მომენათლა და… მოკლედ, მივედი ოლეგ კუზნეცოვთან და ვუთხარი, თუ ძმა ხარ, არ დამამტვრიო, თორემ ბალის ბავშვს კოჭლი ნათლია ეყოლება-მეთქი. კუზნეცოვი ბიჭებს დაელაპარაკა და… ერთი სიტყვით, სუფთა თამაში იყო და ჩვენც გავიმარჯვეთ. 2 გოლი გავიტანე, ერთიც გრიშა ცაავამ შეაგდო.

…ამის მერე დიდხანს აღარ მითამაშია. ერთ-ერთ მატჩში მუხლი ვიტკინე, მენისკი დამიდგინდა და ეგ იყო და ეგ, ფეხბურთიდან საბოლოოდ წავედი.

…საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად ნიკიტა სიმონიანმა მიმიწვია. ბედნიერი ვარ, იმ გუნდში რომ მოვხვდი. ძალიან მაგარი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია და ამას ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ: მიშელ პლატინი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა, მარიუს ტრეზორი, გჟეგოჟ ლიატო, კაზიმერჟ დეინა, ზიკო, ფალკაო, სოკრატესი, ჟუნიორი… ფაქტიურად, იმ წლების მსოფლიო ვარსკვლავები! მარაკანაზე თამაში ხომ ფანტასტიკა იყო – 165 ათასი კაცი ესწრებოდა იმ შეხვედრას! მგონი, ის იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა საბჭოთა კავშირმა ბრაზილიაში მასპინძლებს მოუგო.

…მოსკოვის ოლიმპიადისთვის ნაკრებში სულ ბოლოს მოვხვდი. საშა ჩივაძის დამსახურებაა ეს ამბავი. მთავარ მწვრთნელს ყველა მოთამაშე შერჩეული ჰყავდა, უკანასკნელ ადგილზე კი როდიონოვი, ევტუშენკო, კაზაჩონოკი და მე ვაცხადებდით პრეტენზიას. საშამ, როგორც გუნდის კაპიტანმა, ფეხბურთელებს შორის კენჭისყრა ჩაატარა. 11 ხმა დავაგროვე და ასე მოვხვდი გუნდში. ვინ დამიჭირა მხარი? საშა, თენგიზ სულაქველიძე, ვალერი გაზაევი და ხორენ ოგანესიანი რომ ჩემკენ იქნებოდნენ, ეჭვი არც მეპარებოდა. ამათ უკრაინელები დაუმატეთ, მოსკოველები: ხიდიატულინი, ანდრეევი, ჩერენკოვი და… მოკლედ, ძალიან გამეხარდა! გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ოქრო რომ ვერ ავიღეთ, არადა, ფავორიტები ვიყავით.

სსრკ ხალხთა სპარტაკიადა

1979 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე, დინამოელებისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა

…ჩაწყობილი თამაშები? დასამალი რაა, იყო ასეთი შემთხვევებიც. მაგალითად, ერთხელ ბათუმის დინამოს ძალიან სჭირდებოდა მოგება, რომ I ლიგაში გადასულიყო. ფრუნზეში გვაქვს თამაში. ფული და კიდევ 12 ყუთი მანდარინი წავიღეთ, მაგრამ არ იცოდნენ იმათ მანდარინის ფასი და კი გამოგვატანეს უკან… თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე „სტავკა“ იცვლებოდა ხოლმე – 2-დან 40 ათას მანეთამდე. სანამ თბილისის დინამოში ვიყავი, ნაღდად არ გაგვიყიდია თამაში, მაგრამ ყიდვით, იცოცხლეთ, იყო ასეთი შემთხვევები. დინამოში ეს საქმე კონკრეტულ კაცს ებარა.

…ანეკდოტი? მირჩევნია ნაღდი ამბავი მოგიყვეთ: ერთხელ ვოვა გუცაევმა მესამე სართულიდან წყალი გადაასხა და ვიღაც დაასველა. რომელი ხარო, იყვირა იმან, გაწუწულმა. ვოვამ ეგრევე უპასუხა – შენგელიაო! შენგელიას ასეც და ისეცო, იყვირა იმან და ცოტა ხანში დააყოლა: და ჩელებაძისაცო! დღემდე ვერ გამიგია, რა შუაში ვიყავი?!

…ყველაფერი ფეხბურთმა მომცა: სახელი, ავტორიტეტი და ხალხის სიყვარული! ეს დიდი, ძალიან დიდი ბედნიერებაა!

 

რევაზ ჩელებაძე
დაიბადა 1955 წლის 2 ოქტომბერს ქობულეთში
1974-75 და 1983-85 წლებში ბათუმის დინამოს, 1976-82 და 1985-87 წლებში თბილისის დინამოს, 1982 წელს ლანჩხუთის გურიას თავდამსხმელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა); სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი – 1980 (მოსკოვი); სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა – #2 – 1977; სსრკ სპორტის ოსტატი – 1976; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1980; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2011
სსრკ ნაკრებში: 7 მატჩი, 3 გოლი (1977-80)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრები: 2 მატჩი (1980)

*-სხვადასხვა დროს იყო ბათუმის დინამოს, ქობულეთის შუქურას და რუსთავის მეტალურგის პრეზიდენტი
*-2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian