ტურის დანიური სტარტი

აი, ვათვალიერებ ორი დღის წინ დაწყებული ტურ დე ფრანსის ამ ლამაზ და ფერად ფოტოებს და ვოცნებობ რომ ჩემი ქვეყანა ევროპას რაც შეიძლება მალე შეუერთდეს. პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა უპირატესობებს რომ თავი დავანებო, თუნდაც დიდი სპორტის გამო: მინდა ერთ მშვენიერ დღეს საქართველოშიც დაიწყოს რომელიმე მთავარი ველოტური, მე კი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მონაწილეებს შევეგებო.

საქართველოს ბუნება ზეგდამოჭრილია გრან ტურის რამდენიმე ეტაპისთვის, მაგრამ სანამ შავი და თეთრი, მოღალატე და კეთილისმსურველი ვერ გაგვირჩევია, წაკითხულიდან და მოსმენილიდან აზრი ვერ გამოგვაქვს და სულ უარესი – განსხვავებულებს დუჟმორეულები ვებრძვით ტაბურეტკებით, ჩვენსკენ არავინ გამოიხედავს.
ტურ დე ფრანსის ორგანიზატორებიც სტარტს მშვიდ, ლამაზ და კოხტა ქვეყნებში დანიშნავენ, ისეთში, როგორიც მაგალითად დანიაა: წლევანდელ, რიგით 109-ე ტურის პირველ სამ ეტაპს ეს მშვენიერი ქვეყანა მასპინძლობს, 5 ივლისიდან კი მსოფლიოს საუკეთესო ველომრბოლები საფრანგეთის ულამაზეს კუთხეებს შეუყვებიან და თვრამეტ ეტაპზე გაშლილ შეჯიბრებას 24 ივლისს დაასრულებენ პარიზში, ელისეს მინდვრებზე.

ტურ დე ფრანსი პირველად 119 წლის წინ მოეწყო – 1903 წელს, 1954 წლიდან კი ეს მშვენიერი ველორბოლა დროგამოშვებით სხვა ქვეყნებსაც სტუმრობს. ასე მაგალითად სტარტს არაერთხელ უმასპინძლა ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ… შვეიცარიას, ესპანეთს, ირლანდიას და მონტე კარლოს ასეთი პატივი ერთხელ ერგოთ, 1 ივლისს კი მათ დანიაც შეუერთდა – კოპენჰაგენში 13.2 კილომეტრიანი ეტაპი მოეწყო. გუშინ სპორტსმენებმა მეორე, 202.5 კილომეტრიან რბოლაში გამოავლინეს გამარჯვებული, დღეს კი ვეილეში აიღებენ სტარტს და 182 კილომეტრის შემდეგ სონდერბორგში გადაკვეთენ ფინიშის ხაზს. სხვათა შორის, ვეილე მშვენიერი პატარა ქალაქია, რამდენიმე წლის წინ ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ვახლდი და ყველაფერი ტკბილად მაგონდება ანგარიშის გარდა.
1 და 2 ივლისის ეტაპების შემდეგ ტურ დე ფრანსს ჯამბო-ვისმას ბელგიელი ვო ვან ერი ლიდერობს, რომელსაც მხოლოდ რვა წამით ჩამორჩება 2020 და 2021 წლის ჩემპიონი, ტოკიოს შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი. ეს ისე, ინფორმაციისთვის, ვინიცობაა და გაინტერესებდეთ.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 3 ივლისი)
ფოტო: letour.fr

ka_GEGeorgian