ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #14: საქართველო 0:1 მოლდოვა
1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხუთწლიან ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა: ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მოლდოვას თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაუხვდა.
თითქმის ყველა ქართველს სჯეროდა, რომ ალექსანდრე ჩივაძის მომზადებული გუნდი, რომელიც რეალურად კახი ცხადაძით და გია გურულით გაძლიერებული თბილისის დინამო იყო, იოლად გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა: უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, გოლი მეტოქემ შეაგდო – იგორ ოპრეამ შორი მანძილიდან დალაშქრა ირაკლი ზოიძის კარი.
ისტორიული თამაშის ოქმის სტატისტიკურ ნაწილში ასეთ მონაცემებს ამოიკითხავთ:
კარისკენ დარტყმა – 30:10…
კუთხური – 17:1…
თამაშგარე – 3:1…
ანგარიში? 0:1…
საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო, ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა რვა თვით ადრე, 22 იანვარს, მანჩესტერში, გრანადა სტუდიოს დარბაზში, თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო. საზეიმო ცერემონია დაახლოებით საათი გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ქართველები VII საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებდნენ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის, ბულგარეთის, უელსის, ალბანეთის და ოფიციალური შეჯიბრებების მეორე დებიუტანტის, მოლდოვის ნაკრები გუნდების მხარდამხარ.
ეს ინფორმაცია დილით, სკოლაში წასვლის წინ, რადიოთი მოვისმინე. იმხანად საკვალიფიკაციო ეტაპების პირდაპირი ტელეტრანსლაციებით განებივრებულნი არ ვიყავით – ასეთ ამბებს კი არა, მატჩების ანგარიშებსაც გვიან ვიგებდით, პრესით ან, უკეთეს შემთხვევაში რადიო-ტელევიზიით.
თამაშების კალენდრის პირველი ვარიანტი უეფამ მალევე გამოაქვეყნა. საქართველოს პირველ მეტოქედ გერმანია ერგო, თუმცა რადგან თარიღებით სხვა გუნდებიც უკმაყოფილო დარჩნენ, მთავარი მწვრთნელების და ოფიციალური პირების ფრანკფურტში შეხვედრა გადაწყდა.
6 თებერვალს, მდინარე მაინის პირას, VII ჯგუფის საბოლოო კალენდარი დადგინდა: ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებისთვის პირველი ოფიციალური მატჩი 1994 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაინიშნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თითქმის მთელი მოსამზადებელი ეტაპი კალენდრის გათვალისწინებით დაგეგმა და ამხანაგური მატჩების გამართვის ლამის ყველა შანსიც გამოიყენა. ივლისში, მალტასთან თბილისში დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ოფიციალური თამაშის გენერალური რეპეტიცია იყო, ნაკრებს ესტონეთში უნდა ეთამაშა, მაგრამ მიზეზთა გამო ბალტიისპირეთში მგზავრობა გაუქმდა.
მალტასთან მატჩში ჩივაძემ საქართველოს ჩემპიონებზე, თბილისის დინამოელებზე გააკეთა აქცენტი: ძირითად შემადგენლობაში კლუბის ცხრა(!), საერთო ჯამში კი თერთმეტმა(!) წევრმა იასპარეზა. და ეს მწვრთნელის ახირება არ იყო, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე უამრავი ფეხბურთელიდან საერთაშორისო მატჩების ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ დინამოელებს ჰქონდათ. ერთ წლით ადრე, 1993 წლის აგვისტოში, დინამომ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე, მოლდოველების სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე კი გუნდმა წარმატებით დაძლია უეფას თასის შესარჩევი ეტაპი – რუმინეთის უნივერსიტატეას 9 აგვისტოს თბილისში 2:0 მოუგო გიორგი ქინქლაძის და შოთა არველაძის გოლებით, 23 აგვისტოს კი 2:1 გაიმარჯვა კრაიოვაში – პირველი გოლი მიხეილ ყაველაშვილმა შეაგდო, გამაჯვების ბურთი კი ქინქლაძემ.
მალტასთან ფრეს შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ გუნდის კარი ყველასთვის ღია რჩებოდა. თუმცა გამოქვეყნდა თუ არა მოლდოველებთან თამაშისთვის შერჩეული ფეხბურთელების სია, ნათელი გახდა, რომ მთავარი მწვრთნელი კვლავ დინამოელების ერთგული რჩებოდა – 17-დან 12 მოთამაშე დედაქალაქური კლუბის წევრი გახლდათ:
მეკარეები – ირაკლი ზოიძე (დინამო), აკაკი დევაძე (თბილისის შევარდენი 1906);
მცველები – მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, გიორგი ნემსაძე, ზაზა რევიშვილი (ოთხივე დინამო), კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), გიორგი ჩიხრაძე (შეპეტოვკის ტემპი, უკრაინა);
ნახევარმცველები – რევაზ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, გელა ინალიშვილი (ოთხივე დინამო), კახი გოგიჩაიშვილი (სამტრედია);
თავდამსხმელები – შოთა და არჩილ არველაძეები, მიხეილ ყაველაშვილი (სამივე დინამო), გია გურული (დანკირკი, საფრანგეთი).
მოლდოვის ნაკრები თბილისში 5 სექტემბერს, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჩამოფრინდა. იმხანად 21-წლამდელები ახალგაზრდული ევროპირველობის მატჩებს ეროვნული გუნდის მეტოქეების წინააღმდეგ ატარებდნენ და ამიტომ.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იონ კარასმა გაზეთ სარბიელის კორესპონდენტის, მამუკა კვარაცხელიას კითხვას, თბილისში რას გეგმავთო, უპასუხა: „პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რეალისტი გახლავართ და ვიცი, რომ მძიმე თამაში გველის, ძალიან მძიმე! თქვენები ფავორიტები არიან. ქართველები მუდამ ძლიერნი იყავით თავდასხმაში, მაგრამ თქვენი აქილევსის ქუსლი დაცვა იყო. როგორც შევიტყვე, დაცვაც გაგიძლიერებიათ. ძნელი იქნება თქვენთან ჭიდილი“.
რაც შეეხება სტუმართა კაპიტანს, ყველაზე ასაკოვან ალექსანდრე სპირიდონს (კიშინიოვის ზიმბრუს გუნდისთავი მეტოქეთა შორის ყველაზე უფროსი, 34 წლის გახლდათ), მან ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ თქვა: „საქართველოში ქართველები გაიმარჯვებენ, მოლდოვაში კი, ვფიქრობ, ფრე იქნება“.
ეროვნული გუნდის მესვეურთა გადაწყვეტილებით, დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი თითქმის ყველასთვის დაიხურა, პირველ რიგში კი ჟურნალისტებისთვის – გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ალექსანდრე ჩივაძე ბიჭებისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვდა, აი გულშემატკივრები კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას, თან შთამბეჭდავს.
ისტორიული თამაში 1994 წლის 7 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყო. ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი ტაქტიკური განლაგება აირჩია: 3-1-3-3. ირაკლი ზოიძის კარის დაცვა გიორგი ნემსაძეს, გუნდის კაპიტან კახი ცხადაძეს და მურთაზ შელიას დაევალათ, დანარჩენები კი უტევდნენ! გოჩა ჯამარაული შემტევთა ორი ხაზის უკან მოქმედებდა, მის წინ, ნახევარდაცვაში რევაზ არველაძის, გიორგი ქინქლაძის და მიხეილ ყაველაშვილის სამეული გამწესდა, შოთა და არჩილ არველაძეები თავდასხმის ფლანგებზე, ხოლო გია გურული მათ უკან, კლასიკურ მეათე ნომრად მოგვევლინა.
თურქი არბიტრის აჰმეთ ჩაქარის სასტვენის ხმაზე ქართველებმა მოლდოველებს შეუტიეს:
პირველი წუთი: გოჩა ჯამარაულის პასის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი შეიჭრა საჯარიმოში და სულ ცოტა დააკლდა გოლამდე…
მე-4 წუთი: გია გურულმა ვერ გამოიყენა გოლის გატანის მშვენიერი შანსი, მომენტი კი გიორგი ქინქლაძემ შექმნა…
მე-10 წუთი: ქინქლაძის დარტყმული ბურთი მეკარე ვასილე კოშელევმა ცუდად მოიგერია, მაგრამ არჩილ არველაძემაც არაზუსტად დაამატა – ბურთი კარს გადააცილა…
მე-19 წუთი: რევაზ არველაძე კუთხურს აწვდის, შელია კი თავით ურტყამს. კოშელევი კვლავ ვერ იგერიებს კარგად, მაგრამ ყაველაშვილსაც არ უმართლებს – ბურთი ძელს ხვდება…
25-ე წუთი: კვლავ ყაველაშვილის შეტევა და დარტყმა. ბურთი მარჯვნიდან ასცდა მოლდოველთა კარს…
26-ე წუთი: ამჯერად გურული უტევს, მარცხნიდან. ბურთი კვლავ მცირე მანძილით სცდება კარს…
27-ე წუთი: ძმები არველაძეების კომბინაცია – რეზოს პასის შემდეგ არჩილი შერბის საჯარიმოში, თუმცა მის დარტყმულ ბურთს კოშელევი ფეხით იგერიებს…
38-ე წუთი: ქინქლაძე მარცხნიდან აწვდის საჯარიმოში, კახი ცხადაძე ყველაზე მაღლა ხტება და თავითაც ურტყამს, მაგრამ კოშელევი ისევ საიმედოა…
საქართველოს ნაკრების შეტევებს შორის ერთი-ორჯერ სტუმრებიც გადმოვიდნენ მასპინძელთა ნახევარზე, ირაკლი ზოიძეც ჩაერთო თამაშში, იოლად მოიგერია დარტყმები, მაგრამ მე-40 წუთზე ის უძლური აღმოჩნდა: ტირასპოლის ტილიგულის 24 წლის ნახევარმცველმა იგორ ოპრეამ შეუჩერებლად, ძლიერად დაარტყა ცაციათი. ბურთი ზოიძისგან მარცხენა დაბალ კუთხეში, ძელთან შევარდა – 0:1!
ეროვნული სტადიონის ტრიბუნებზე დამთრგუნველი განწყობაა, გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან შესვენების დასრულებას – ყველას სჯერა, რომ ოპრეას გოლი შემთხვევითობაა და მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
გუნდები გასახდელიდან გამოდიან, მსაჯი მატჩის განახლებას ბრძანებას და საერთო სურათიც არ იცვლება: ქართველები თავქუდმოგლეჯილი უტევენ – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მოლდოველები კი საკუთარი საჯარიმოდან ვერ გამოდიან.
46-ე წუთი: არჩილ არველაძეს ცელავენ, მაგრამ არბიტრის სასტვენი დუმს…
55-ე წუთი: ყაველაშვილის დარტყმას კვლავ მეკარე ეუფლება…
56-ე წუთი: ორ მცველთან ორთაბრძოლაში შოთა არველაძე კარისკენ დარტყმას ახერხებს…
57-ე წუთი: საჯარიმოში შეჭრილ ყაველაშვილს აშკარად ცელავენ. მსაჯისთვის წესი კვლავ არ დაირღვა…
64-ე წუთი: ქინქლაძის პასის შემდეგ შოთა საჯარიმოში შერბის, მეკარესაც ატყუებს, მაგრამ არბიტრი წესის დარღვევას აფიქსირებს(?!) და შეტევას აჩერებს…
70-ე წუთი: კვლავ ყაველაშვილის დარტყმა, ისევ კოშელევი…
74-ე წუთი: მოლდოველები შოთას საჯარიმოსთან უხეშად ეთამაშებიან. ჯარიმას ქინქლაძე ასრულებს, ბურთი კარს სცდება…
77-ე წუთი: კიდევ ერთი სტანდარტული სიტუაცია, რომელიც ამჯერად ყაველაშვილმა შეასრულა. ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, დამატებაზე კი ქინქლაძემ იყოჩაღა, მაგრამ კოშელევმა აჯობა…
86-ე წუთი: ქინქლაძის ეფექტური პასის შემდეგ შოთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი კარის ძელს მოხვდა…
90ე-წუთი: არჩილის გადაცემის შემდეგ ჯამარაული საჯარიმოში შერბის, თუმცა ორთაბრძოლისას მინდორზე ეცემა. არბიტრი ქართველს ანიშნებს, რომ მოლდოველებმა წესის სრული დაცვით ითამაშეს…
აჰმეთ ჩაქარის სასტვენის ხმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში დასრულდა – 0:1 მეტოქის სასარგებლოდ.
პრესკონფერენციაზე პირველი იონ კარასი მოვიდა:
„ჩვენ დინამოს ორივე მატჩი ვნახეთ კრაიოვას უნივერსიტატეასთან. ვიცოდით, რომ ნაკრების საბაზო გუნდი სწორედ დინამო იყო და თამაშის ტაქტიკაც ამიტომ ავაგეთ ნანახის მიხედვით…
მეტოქეს შეგნებულად დავუთმეთ ტერიტორია. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრების აყოლა შეტევებსა და ტემპში კარგს არაფერს მოგვიტანდა…
არ ვთვლი, რომ მარცხი ალექსანდრე ჩივაძის ბრალია. უბრალოდ, დღეს თქვენებს ძალიან არ გაუმართლათ“…
ქართველი ჟურნალისტები საქართველოს ნაკრების თავკაცის გამოჩენას ამაოდ ელოდნენ. მის ნაცვლად დარბაზში ერთ-ერთი მწვრთნელი, ვლადიმერ პანოვი შემოვიდა. მანვე თქვა, რომ ჩივაძე შეუძლოდ შეიქნა და ამიტომ იუარა პრესკონფერენცია.
„უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამიტომ დავისაჯეთ, რაც შეეხება ტაქტიკას, ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო…
მარცხი მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის, დღევანდელი ანგარიში მსაჯების ბრალიცაა…
ვფიქრობ, ბიჭები ანერვიულდნენ სწრაფი გოლი რომ ვერ გაიტანეს…
ფლანგებიდან მეტი უნდა შეგვეტია. თამაშამდე სწორედ ამას ვურჩევდით ფეხბურთელებს…
რატომ არ ითამაშა კახი გოგიჩაიშვილმა? ვერაფერს გეტყვით, მე ხომ მთავარი მწვრთნელი არ ვარ…
გია გურულის შეცვლა არ იგეგმებოდა. მან ფეხი იტკინა და მთელი ძალით თამაში რომ ვერ გააგრძელა, ამიტომ გავიყვანეთ…
ვფიქრობ, გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ასპარეზობით კმაყოფილები დარჩნენ…
ბულგარეთთან მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იქ სხვა ტაქტიკით ვითამაშებთ და დიდი იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევთ“, – ასეთი იყო ვლადიმერ პანოვის კომენტარი.
1994 წლის 7 სექტემბერს VII საკვალიფიკაციო ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: ქრის კოულმენის და რაიან გიგზის გოლებით უელსმა კარდიფში 2:0 დაამარცხა ალბანეთი.
ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა, იმ ზაფხულს ამერიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა ბულგარეთმა კი პირველი შესარჩევი მატჩი 12 ოქტომბერს გამართა სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე – საქართველოს უმასპინძლა.
* * *
7 სექტემბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 62 000
საქართველო 0:1 მოლდოვა
გოლი: 0:1 იგორ ოპრეა (40)
საქართველო: ირაკლი ზოიძე, კახი ცხადაძე (კაპ), გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი, რევაზ არველაძე (ზაზა რევიშვილი 69), არჩილ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გია გურული (გელა ინალიშვილი 46), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მოლდოვა: ვასილე კოშელევი, სერგეი სეკუ, სერგეი ნანი, სერგეი სტროენკო, ვალერიუ პოგორელოვი, ანდრეი სტროენკო (რადუ რებეჟა 54), იგორ ოპრეა, ალექსანდრუ კურტეიანი, სერგეი ბელოუსი, ალექსანდრე სპირიდონი (კაპ) (ვლადიმირ კოსე 81), სერგეი კლეშენკო
მწვრთნელი: იონ კარასი
გაფრთხილება: სერგეი სეკუ, გია გურული, ვასილე კოშელევი, სერგეი სტროენკო, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: აჰმეთ ჩაქარი; მაჰერამ ფირუზბეი, თურგაი გიდი (თურქეთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 13 ივლისი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი