ჰელსინკი 1952: მარადიული თამაშები

ერიკ ფონ ფრენკელი ფინელი დიდგვაროვანი, პოლიგლოტი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მოღვაწე და სპორტზე უზომოდ შეყვარებული კაცი გახლდათ.
1918 წლიდან 1952 წლის ჩათვლით ის ფინეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. 1927-1932 და 1950-1954 წლებში ფიფაში მოღვაწეობდა, ჯერ ვიცე-პრეზიდენტად, შემდეგ აღმასრულებელ კომიტეტში. 1948 წლიდან 1976 წლის ჩათვლით კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახლდათ.
ფინეთის დედაქალაქმა ოლიმპიურ თამაშებს რომ უმასპინძლა, ამ კაცის დიდი დამსახურებაა. XV ოლიმპიადაზე წერა სწორედ ამიტომ დავიწყე მისი მოგონებით.

ორმოცი წლით ადრე, 1912 წელს, V ოლიმპიადა მეზობელ შვედეთში, სტოკჰოლმში ჩატარდა. როგორც ჰელსინკის თამაშებისადმი მიძღვნილ წიგნებშია აღნიშნული, ერიკ ფონ ფრენკელი ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის ძალისხმევით აღორძინებული ოლიმპიური მოძრაობით სწორედ მაშინ მოიხიბლა და გადაწყვიტა ღონისძიება ფინეთშიც გამართულიყო.

ოცნებისკენ მიმავალ ბილიკზე ფონ ფრენკელს და მის მხარდამჭერებს ბევრი დაბრკოლება შეხვდათ ჩანაფიქრისადმი პესიმისტურად განწყობილი თანამემამულეებით დაწყებული, ორი მსოფლიო ომით დასრულებული.

მაგრამ ფინური სპორტის სათავეებთან მდგარმა დიდგვაროვანმა ყველა გამოწვევა უშიშრად მიიღო, რთულად, მაგრამ მაინც დაძლია და სანუკვარი ოცნება ერთი შეხედვით გვიან, თუმც აისრულა – 1952 წელს ოლიმპიადას ჰელსინკიმ უმასპინძლა.

ჰელსინკი დღემდე ყველაზე პატარა დედაქალაქია, სადაც ოლიმპიადა გაიმართა!

და ამავდროულად, ყველაზე ჩრდილოური ქალაქი, რომელმაც ზაფხულის თამაშები მიიღო! შეჯიბრების დღეებში საშუალო ტემპერატურა +5-7 გრადუსი იყო!

და კიდევ: ეს თამაშები იყო ბოლო, როცა ოლიმპიადა ზედიზედ ორჯერ ჩატარდა ევროპაში (ლონდონი 1948, ჰელსინკი 1952).

ფინეთის დედაქალაქს ჯერ კიდევ 1936 წელს სურდა მულტისპორტული ღონისძიების მასპინძლობა, მაგრამ მაშინ ბერლინთან დამარცხდა.

ოთხი წლის შემდეგ, როცა მეორე მსოფლიო ომში ჩართულმა იაპონიამ ოფიციალურად იუარა თამაშების ტოკიოში ჩატარება, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს უფლება ჰელსინკის გადაულოცა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვით ადრე ფინეთმა საბჭოთა კავშირთან ზამთრის ომი გადაიტანა (და მწარე სილაც გააწნა წითელ მონსტრს), ქვეყანამ გამოწვევა მიიღო. მაგრამ თანხმობიდან ოთხ დღეში სოკ-ის ოფისში მაინც უარი გაიგზავნა – ნაცისტურმა გერმანიამ მეზობელი დანია და ნორვეგია დაიპყრო, ამ პირობებში კი თამაშებმა უბრალოდ აზრი დაკარგა.

მეორე მსოფლიო ომს და მის თანამდევ ამბებს აღარ ვახსენებ და პირდაპირ 1947 წლის 21 ივნისზე გადავალ, როცა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგი კონგრესი გაიმართა. იქ ჰელსინკი 1952 წლის თამაშების ერთ-ერთი კანდიდატი იყო ამსტერდამის (ნიდერლანდები) და ხუთი ამერიკული ქალაქის – მინეაპოლისი, ლოს ანჯელესი, ჩიკაგო, დეტროიტი, ფილადელფია – მხარდამხარ.

პირველ ტურში ჰელსინკიმ ყველაზე მეტი, 14 ხმა კი მიიღო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მეორე ტური დაინიშნა. იქ კი ფინელთა პროექტს 15-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი, დანარჩენი 13 ხმა კი მინეაპოლისს, ლოს ანჯელესსა და ამსტერდამს შორის განაწილდა.

ჰელსინკის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზენტაცია ორ თვეში, 8 სექტემბერს გაიმართა და მასში ოლიმპიური კომიტეტის, ფინეთის ხელისუფლების და დედაქალაქის მერიის მესვეურები გაერთიანდნენ. და თუ აღვნიშნავ, რომ ხელმძღვანელად ერიკ ფონ ფრენკელი აირჩიეს, ვფიქრობ, გასაკვირი არ იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადის მისაღებად სპორტული არენები თითქმის მზად იყო, საორგანიზაციო კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად უფრო პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე გადაერთო, მით უმეტეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე აქტუალური იყო.

ცივი ომის პირველ წლებში მსოფლიო რუკაზე რამდენიმე ცხელი წერტილი არსებობდა: დაპირისპირება ჩინეთის მთავრობაში მოსულ კომუნისტებსა და ტაივანში გაქცეულ მთავრობას შორის… ორად გახლეჩილი გერმანია… ისრაელ-პალესტინის კრიზისი და შეტაკებები არაბეთის ქვეყნებთან… სისხლისღვრა კორეაში…

ერიკ ფონ ფრენკელი და მისი გუნდი მოლაპარაკების მაგიდას არაერთხელ და არაერთ ქვეყანაში მიუსხდა, ყოველი შემთხვევისთვის კი საორგანიზაციო კომიტეტმა ჰელსინკის ოლიმპიადა ლონდონში, ცნობილ კომპანია ლოიდსშიც დააზღვია…

მონაწილე ქვეყნების საბოლოო რაოდენობა ოლიმპიადის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე დადგინდა – 69.

მათგან ცამეტმა პირველად იასპარეზა ხუთი რგოლით გაერთიანებულ შეჯიბრებაში – საბჭოთა კავშირმა, ბაჰამის კუნძულებმა, გვატემალამ, ჰონგ კონგმა, ინდონეზიამ, ისრაელმა, ნიდერლანდების ანტილიამ, ნიგერიამ, ტაილანდმა, ვიეტნამმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და განამ, რომელსაც იმხანად ჯერ კიდევ ოქროს ნაპირი ერქვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ოფიციალური ჰიმნის არარსებობის გამო, მასპინძლებს საკუთარის შემუშავების უფლება დართო. საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსი გამოაცხადა და პირველ ეტაპზე ტექსტის ავტორი შეირჩა, შემდეგ კომპოზიტორი და ასე შეიქმნა ჰიმნი. საინტერესოა, რომ ორივეგან პოპულარული პოეტები და კომპოზიტორები მონაწილეობდნენ, თუმცა ჟიურიმ მოყვარულთა ვერსიები არჩია.

ოლიმპიური ცეცხლი ტრადიციულად საბერძნეთში, ოლიმპიაში დაინთო. შემდეგ იყო კორინთო და ათენი, ასევე დანიის და შვედეთის ქალაქები, მათ შორის კოპენჰაგენი და სტოკჰოლმი. ფინეთში ოლიმპიური ცეცხლი ლაპლანდიიდან, მუონიოს მუნიციპალიტეტის პატარა დასახლება პალასტუნტურიდან შევიდა. შემდეგ როვანიემის ჯერი დადგა, რომელიც ტორნიომ შეცვალა, მერე ოულუ, კოკოლა, იუვასკილა, ტამპერე და ბოლოს ჰელსინკი.

ფინეთის ტერიტორიაზე 25 ივნისს დაწყებულ 7870-კილომეტრიან ესტაფეტაში 1200-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. ხოლო ის, ვინც ანთებული ჩირაღდნით ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე შეაბიჯა, ყველა ვარიანტში ლეგენდა უნდა ყოფილიყო და ასეთი ფინელებს დიახაც რომ ჰყავდათ – იმ დროისთვის ყველაზე ტიტულიანი ოლიმპიელი, 9-გზის ჩემპიონი პაავო ნურმი, ფინეთის სიამაყე და ლეგენდა! 70435 ადამიანის თვალწინ სტადიონის შუაგულში დადგმული ოლიმპიური ფიალა სწორედ მან ააგიზგიზა, რის შემდეგაც ჩირაღდანი ფინეთის სპორტის კიდევ ერთ ლეგენდას, ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჰანეს კოლეჰმაინენს გადაულოცა.

პირველი ოლიმპიური ჩემპიონები 20 ივლისს გამოვლინდნენ, 17 სახეობის 149 დისციპლინაში გამართული შეჯიბრებების შემდეგ კი არაოფიციალურმა გუნდურმა ჩათვლამ საბოლოო სახე მიიღო:

ყველაზე მეტი მედალი (76) და ყველაზე მეტი ოქროს მედალი (40) ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენებმა მოიგეს;

ყველაზე მეტი ვერცხლი (30) და ბრინჯაო (19) საბჭოთა დელეგაციას ხვდა წილად, რომელიც მედლების საერთო რაოდენობით (71) მეორე იყო;

16 ოქროთი, 10 ვერცხლით და 16 ბრინჯაოთი უნგრეთი მესამე ადგილზე გავიდა;

შვედეთი გახდა მხოლოდ მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ათზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა – 12;

თამაშების მასპინძელი ფინეთი მედლების საერთო რაოდენობით (22) ამერიკელებს (76), საბჭოელებს (71), უნგრელებს (42), შვედებს (35) და გერმანელებს (24) ჩამორჩა, თუმცა 6 ოქროს წყალობით, ამ უკანასკნელთ მაინც აჯობა და საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა;

საბჭოთა ტანმოვარჯიშე ვიქტორ ჩუკარინმა ოქროს ოთხი და ვერცხლის ორი მედალი მოიგო – ის ჰელსინკი 1952-ის ყველაზე ტიტულიანი მონაწილე აღმოჩნდა. თამაშების მეორე ვარსკვლავი ჩეხი სტაიერი ემილ ზატოპეკი გახდა სამი ოქროთი…

27 მსოფლიო და 111 ოლიმპიური რეკორდი!

თამაშები, რომელმაც იმ დროისთვის ყველაზე მეტი ქვეყნის (69) ყველაზე მეტ ათლეტს (4925) მოუყარა თავი, 3 აგვისტოს დასრულდა.

თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, შვედი ზიგფრიდ ედსტრიომის უნებლიე შეცდომის გამო, ოფიციალურად არ დაიხურა. სოკ-ის თავკაცს საზეიმო ცერემონიალისთვის მომზადებული ტექსტი სასტუმროში დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ბრწყინვალედ ისაუბრა, ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული სიტყვების – „თამაშებს დახურულად ვაცხადებ“ – წარმოთქმა დაავიწყდა. ჟურნალისტები ამიტომაც ხუმრობენ, რომ ჰელსინკის თამაშები მარადიულია – არასდროს მთავრდება…

შვედმა მაღალჩინოსანმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა მალევე დატოვა. 1953 წელს კი, როცა ჰელსინკის ოფიციალურად გადაეცა სოკ-ის თასი თამაშების საუკეთესოდ მასპინძლობისთვის, ედსტრიომმა განაცხადა: „იმ ათ ოლიმპიადას შორის, რომელსაც მე დავესწარი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჰელსინკის თამაშები საუკეთესო იყო“!

ჰელსინკი 1952 მნიშვნელოვანი გამოდგა ჩვენი სპორტისთვისაც: საქართველოს წარგზავნილებმა სამი ოქროს მედალი მოიგეს, ამაზე უკეთესი დებიუტი კი ძნელი წარმოსადგენია.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახლეჩილი კაცობრიობის გაერთიანება სწორედ ფინეთის დედაქალაქიდან დაიწყო. ცივი ომის და კიდევ ბევრი ურთულესი გამოწვევის მიუხედავად, ყველა აღიარებს, რომ ჰელსინკის თამაშები საეტაპო გამოდგა.

2002 წელს, თამაშების ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფინეთის დედაქალაქში ჩასულმა სოკ-ის ბელგიელმა თავკაცმა ჟაკ როგემ ბრძანა: „ჰელსინკის თამაშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოლიმპიურ მოძრაობაში. ეს იყო ოლიმპიური მოძრაობის პირველი საყოველთაო თამაშები, სადაც საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის შერიგებას“.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 19 ივლისი)
წიგნიდან:
„მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი; წიგნები
From Athens to Moscow და ჰელსინკი 1952; ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian