პირველი

20 ივლისი გამორჩეული თარიღია ჩვენი სპორტის ისტორიაში:
ზუსტად 70 წლის წინ, 1952 წლის 20 ივლისს, ქართველმა სპორტსმენმა პირველად მოიგო ოლიმპიური მედალი – ბადროს მტყორცნელი ნინო დუმბაძე ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გავიდა!
46.29 მეტრიეს შედეგი აჩვენა 33 წლის მძლეოსანმა ფინალში და მხოლოდ ათი წლის უმცროს თანაგუნდელებს ჩამორჩა, ნინა პონომარიოვას (51.42მ, ოლიმპიური რეკორდი) და ელიზავეტა ბაგრიანცევას (47.08მ).

უკრაინის ქალაქ ოდესაში 1919 წლის 23 მაისს დაბადებული ნინო დუმბაძე ქართული სპორტის ლეგენდაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.

ის ევროპის პირველი ჩემპიონი გახლავთ საქართველოდან (1946 წელი; ოსლო, ნორვეგია), არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ XX საუკუნის 30-50-იან წლებში, თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში, ქალბატონი ნინო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბადროს მტყორცნელი იყო.

1939 წელს, მოსკოვში, მან პირველად აჩვენა ოფიციალურ მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი: გერმანელი ჟიზელა მაუერმაიერის მიღწევა – 48.31 – 49.11 მეტრით გადაფარა. მცირე ხანში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა თბილისში – 49.54! რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი საოცარი შედეგი ჩაიწერა აქტივში, 1946 წლის 29 აგვისტოს კი, ნორვეგიის ქალაქ სარპსბორგში ბადრო 50.50 მეტრზე გაისროლა და გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც 50-მეტრიან ნიშნულს გადააჭარბა!

მსოფლიო მძლეოსნობა (ყოფილი IAAF) ერთადერთი მიზეზით არ აღიარებს ქართველი ბადროს მტყორცნელის რეკორდებს – იმხანად საბჭოთა კავშირის მძლეოსნობის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო საერთაშორისო გაერთიანების წევრი.

1948 წლიდან სიტუაცია შეიცვალა და მსოფლიო რეკორდსმენთა ჩამონათვალში ნინო დუმბაძის შედეგი სამჯერ გვხვდება. პირველად 53.25 მეტრი, 8 აგვისტოს, მოსკოვში. შედარებისთვის: იმავე წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე, ფრანგმა მიშელინ ოსტერმაიერმა ოქროს მედალი 41.92 მეტრით მოიგო. საბჭოთა და მათთან ერთად ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადებზე ოთხი წლით გვიან რომ არ გამოჩენილიყვნენ, ვინ იცის, ეგებ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ნინო დუმბაძე ყოფილიყო.

1951 წლის 27 მაისს ლეგენდარული მძლეოსანი მეორედ ამყარებს მსოფლიო რეკორდს – გორში 53.27 მეტრზე ტყორცნა ბადრო, 1952 წლის 18 ოქტომბერს კი 57.04 მეტრს უწია და ეს შედეგი მომდევნო 8 წლის განმავლობაში მსოფლიოს რეკორდი იყო!

ნინო დუმბაძე 1983 წლის 14 აპრილს, 63 წლისა გარდაიცვალა.

1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ XX საუკუნის უძლიერესი ათლეტები გამოავლინა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ქალბატონი ნინო ქალთა შორის საქართველოს მესამე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს ნონა გაფრინდაშვილის და ნინო სალუქვაძის შემდეგ.

ნინო დუმბაძის იმ პირველი ოლიმპიური მედლიდან დღეს ზუსტად 70 წელი გავიდა. მას შემდეგ უამრავმა დიდებულმა სპორტსმენმა იასპარეზა საქართველოს სახელით ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე და დღეს ჩვენი ათლეტების აქტივში 133 ოლიმპიური მედალია: 41 ოქრო, 35 ვერცხლი და 57 ბრინჯაო.

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 ივლისი)
ფოტო:
ეროვნული ბიბლიოთეკა

ka_GEGeorgian