ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #16: საქართველო 5:0 უელსი

„საქართველოში წვიმიანი დღე იყო და ქართველთა გოლებიც უმოწყალოდ დაეწვიმა უელსს. თუ გულახდილნი ვიქნებით, მარცხი უარესიც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ქართველები ერთობ მარჯვედ და ზუსტად ათამაშებდნენ ბურთს, ზოგჯერ გადასარევადაც“, – BBC-ის რადიომაუწყებლობა, 1994 წლის 16 ნოემბერი.

„საქართველოს ნაკრები უფრო შემძლე აღმოჩნდა, ვიდრე მაიკ სმიტს (უელსელთა მთავარი მწვრთნელი – ლ.გ.) ეგონა. ვიცოდით, რომ ქართველები ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ ოთხშაბათს ამან ხუთმაგად გაამართლა! მატჩის შემდეგ სმიტმა თქვა, ჩვენ გაგვანადგურეს და ახლა მხოლოდ ბრენდი თუ მიშველისო… თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე უელსის სხეულში ეკლებივით იყვნენ გაჩხერილნი“, – გაზეთი თაიმსი, 1994 წლის 17 ნოემბერი.

„მასუკან, რაც უელსმა 1953 წელს საფრანგეთთან 1:6 წააგო, ასეთი საშინელი მარცხი აღარ უწვნევია. გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა, ნაკრებში ტერი იორატი დააბრუნონ. თბილისში განადგურების შემდეგ სმიტის მომავალი გაურკვეველია“, – გაზეთი დეილი მირორი, 1994 წლის 17 ნოემბერი.

ასე გამოეხმაურნენ ბრიტანეთში უელსის ნაკრების თბილისურ კატასტროფას. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, 1994 წლის 16 ნოემბერს, უელსი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 0:5 განადგურდა. ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის პირველი ოფიციალური გამარჯვება და როგორც არაერთმა მიმომხილველმა დაწერა, იმ ევროს საკვალიფიკაციო ეტაპის უდიდესი მოულოდნელობა.

თამაში, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ნაკრების ისტორიაში, შესაძლოა არც შემდგარიყო. მიზეზი მცირე გაუგებრობაა და ამაზე დაწერა კიდეც გაზეთმა სარბიელმა (#62; 19-27 ნოემბერი, 1994):

„უელსის ნაკრების თბილისში ჩამოსვლას ერთი უსიამოვნო ისტორია უძღოდა. თავდაპირველად მეტოქის ავიაკომპანია ორბის თვითმფრინავით ჩამოსვლაზე იყო ლაპარაკი. როდესაც ორბი ლონდონში ბინადადებულ ფირმა ჯორჯიან ბიზნეს ტრეველ ლიმიტთან (ეს ნახევრადქართული ფირმა სთავაზობდა უელსელებს ორბით საქართველოში ჩაყვანას) ვაჭრობისას ვერ მორიგდა, შუამავალმა უკრაინული ან რუსული ავიაკომპანიის ძებნა დაიწყო. მოიძია კიდეც, მაგრამ რადგან საქართველოს ავიაციის დეპარტამენტიდან თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა ნამდენიმე დღით დაუგვიანეს და 8 ნოემბერს, მხოლოდ საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის ჩარევის შემდეგღა აღირსეს, ასეთი რამ მოიწერა: „უკვე ძლიერ გვიანაა, უელსელები ვეღარ ჩამოგვყავს. სამწუხაროდ, თამაში ჩაიშალა“.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ასეთი პასუხი დიდ ნერვიულობად დაუჯდა. საქმეში საქართველოს ხელისუფლებაც ჩაერია. თურმე უელსელებს ამაზე არაფერი სცოდნიათ და დამშვიდებულნი, წითელი მაისურებით გეთამაშებითო, ჩვენებს ამას უთანხმებდნენ.

11 ნოემბერს საქმე სახელმწიფოს მეთაურამდე უნდა მისულიყო, რომ უელსიდან დარეკეს, ყველაფერი გავარკვიეთ და ინგლისური ავიაკომპანიის თვითმფრინავით მივფრინავთო.

არეულობის დროს საქმეს ვერ უძღვებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, რომელმაც აპენდიციტის ექვსაათიანი ოპერაცია გაიკეთა ქირურგიის ინსტიტუტში“.

უელსის ნაკრების თვითმფრინავი საქართველოს ჩაბნელებულ დედაქალაქში დაგეგმილზე ორი საათით გვიან დაეშვა. სტუმართა შორის არ იყო მათი საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზი. ის ოთხი დღით ადრე, მანჩესტერულ დერბიში დაშავდა და სანაკრებო შეკრებისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

მთავარმა მწვრთნელმა მაიკ სმიტმა, ვინც პირველად ივლისში ეწვია თბილისს, მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის დასაზვერად, აეროპორტში მისულ რამდენიმე ქართველ რეპორტიორს მხოლოდ ეს უთხრა: „სტუმრად მოგება ძნელია, მაგრამ საამისოდ ყველა ღონეს ვიხმართ. საქართველოს ბულგარეთში ნათამაშები ძალიან მომეწონა, თქვენ გუნდს კარგად ვიცნობ“.

მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ უელსის ნაკრების ლიდერები, ლივერპულის ლეგენდა, იმხანად უკვე ვეტერანი იან რაში და მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი მარკ ჰიუზი. რაშმა თქვა: „საქართველო კარგი გუნდია. მეტისმეტად რთული მატჩი გველის. მოლდოვაში წაგების შემდეგ მხოლოდ მოგება გვჭირდება. ანგარიში ჩემთვის სულერთია, მთავარია სამი ქულა მოვიპოვოთ“. რაც შეეხება ჰიუზს, მან განაცხადა: „თქვენს ნაკრებზე ბევრი რამ არ ვიცი… მოსაგებად ძალღონეს არ დავიშურებთ, ანგარიშისა კი წინასწარ რა გითხრათ“.

გაზეთი სარბიელი: „ფეხბურთელები აეროპორტიდან სასტუმრო მეტეხში გაემგზავრნენ, მათი მთავარი მწვრთნელი კი დარჩა და სანამ მუშების გარეშე დარჩენილ ავიასადგურში მთელი ბარგი-ბარხანა, რომელშიც სამი დღის სასმელ-საჭმელიც იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ავტობუსში არ ჩატვირთა, ფეხი არ მოიცვალა.

ბრიტანელ სტუმრებს სასტუმროც ჩაბნელებული დახვდათ. ერთი თუ ორი ნათურა მხოლოდ ფოიეს ანათებდა, თუმცა ოც წუთში შუქი აინთო. დაბინავებამ დრო წაიღო და უელსის გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ღამის პირველის ნახევარზეღა მიაღწია. ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. სტუმრებმა მეორე დილით შევარდენზეც ივარჯიშეს“…

და როგორ ემზადებოდა ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ოფიციალური მატჩისთვის? ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ რჩეული ბიჭები 11 ნოემბერს შეკრიბა.

„გია გურული აღარ მოვიწვიეთ, დიმიტრი კუდინოვს კი ტრავმა აწუხებს. რამდენიმე საათში შემოგვიერთდებიან თემურ ქეცბაია და გოჩა გოგრიჭიანი. ახლა მხოლოდ იმას გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბოლოს და ბოლოს შედეგიანად ვითამაშოთ და გულშემატკივრები გავახაროთ“, – ასეთი იყო ჩივაძის პირველი კომენტარი. ლეგიონერები მხოლოდ საკლუბო ამბებით შემოიფარგლნენ, უელსთან მატჩზე არავის არაფერი უთქვამს.

შეკრების მეორე დღეს ჩივაძემ გუნდს რამდენიმე დინამოელი დაამატა, შემადგენლობა ორად გაყო და დაახლოებით ნახევარსაათიანი ტაიმები ათამაშა. მათ, რომელთაც პირობითად ეროვნული გუნდი ერქვათ, თამაში 1:2 წააგეს – არჩილ არველაძის და ალექსანდრე იაშვილის გოლებს მხოლოდ კახი გოგიჩაიშვილმა უპასუხა. რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობებს, ის ასეთი იყო:

I ტაიმი – აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, ზაზა რევიშვილი, გელა ინალიშვილი, გიორგი ქინქლაძე, კახი გოგიჩაიშვილი, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი;

II ტაიმი – ირაკლი ზოიძე, რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ქინქლაძე, ჩიხრაძე, შოთა არველაძე, ყაველაშვილი.

15 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ბულგარეთში 0:1-ის შემდეგ შოთა ჭეიშვილის გუნდმა ეს თამაშიც მინიმალური სხვაობით წააგო – 1:2. ტვიდის და ჯოუნზის გოლებს მხოლოდ გიორგი ანჩაბაძემ უპასუხა ზუსტი თერთმეტმეტრიანით.

16 ნოემბერს კი, საქართველოს დროით 14 საათზე, ისტორიული თამაში დაიწყო. ბარემ აქვე დავწერ, რომ ასე ადრე ჩვენ ნაკრებს, მგონი, არასდროს უთამაშია. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე მსგავსი არაფერი მაგონდება. რაც შეეხება უელსს, მატჩი მათი დროით დილის 10 საათზე დაიწყო და დიდი ალბათობით, ეს ბრიტანელთათვისაც ერთ-ერთ ადრეული თამაში იყო.

ალექსანდრე ჩივაძემ ძირითადი შემადგენლობა ასე დააკომპლექტა: კარი აკაკი დევაძეს ანდო, დაცვის მარჯვენა ფლანგი ზაზა რევიშვილს ჩააბარა, ცენტრში კახი ცხადაძე და მურთაზ შელია იდგნენ, მარცხნივ კი გიორგი ჩიხრაძე. მათ წინ გიორგი ნემსაძე ირჯებოდა, ნახევარდაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია თამაშობდნენ, თავდასხმაში კი შოთა არველაძეს გოჩა გოგრიჭიანი შეუწყვილდა. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი თამაში იყო ეროვნულ გუნდში ლიეტუვასთან 1990 წლის ამხანაგურის შემდეგ.

რაც შეეხება მეტოქეს, კარს ვეტერანი, ევერტონის გამოცდილი გოლკიპერი ნევილ საუთჰოლი იცავდა, ფორვარდობა კი იან რაშმა და მარკ ჰიუზმა იტვირთეს.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა მწვავედ შეუტია: ქეცბაიას და გოგრიჭიანს საუთჰოლმა აჯობა, შოთა არველაძემ კი ორჯერ თავად ვერ დააგვირგვინა შეტევა.

კარგად ირჯებოდა დაცვის ოთხეული ცხადაძის მეთაურობით, რევიშვილი კი, ვისაც მთელი ფლანგი ებარა, შეტევაშიც ჩინებულად ერთვებოდა. ასევე მშვენიერი იყო გიორგი ნემსაძე, რომელიც უელსელებს ხშირად უშლიდა შეტევებს და ქინქლაძეს გრძელი პასებით ამარაგებდა. თავდასხმაში არ გაჩერებულა გოგრიჭიანი, რომელიც მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

31-ე წუთზე ისტორიული გოლი გავიდა. არველაძემ და გოგრიჭიანმა გაითამაშეს ბურთი, ამ უკანასკნელმა მარჯვნივ გადააწოდა რევიშვილს, მან კი საპირისპირო ფლანგზე ჩააწოდა. ქეცბაიამ ერთი შეხებით მიიღო ბურთი და წამით ადრე, ვიდრე ალან ნეილსონი ხელს შეუშლიდა, მარჯვენათი დაარტყა. ბურთი კრის კოულმენსა და ნევილ საუთჰოლს შორის გაძვრა და უელსის ნაკრების კარის ცხრიანში შეფრინდა – 1:0! ესეც პირველი ოფიციალური ქართული გოლი!

რამდენიმე წუთში უელსელთა კაპიტანმა ბარი ჰორნმა ქინქლაძეს იდაყვი ჩააზილა. ცხადაძე თანაგუნდელს გამოექომაგა და ფრანგი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც მიიღო. ამ გაფრთხილების გამო კაპიტნის ასპარეზობა მომდევნო შეხვედრაში, ტირანაში ალბანეთთან, გამოირიცხა.

თუმცა ეს იმ წუთებში არავის ადარდებდა, მთავარი საქართველოს ნაკრების თამაში იყო. შესვენებამდე ოთხი წუთით ადრე უპირატესობა უფრო დამაჯერებელი გახდა: ნემსაძემ უელსელთა მორიგი შეტევა ჩაჭრა, ქინქლაძეს დაუგორა ბურთი და გიორგიმაც კონტრიერიში საუთჰოლის დასჯით დააგვირგვინა – 2:0!

ის უმძიმესი ტრავმა, რის გამოც ნემსაძემ საკაცით დატოვა მოედანი და თვეები გაუცდა, სწორედ ამ გოლს მოჰყვა. ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი იმ ეპიზოდს ასე გაიხსენებს: „გახარებული მივეჭერი ქინქლაძეს, ბიჭებიც შემოგვეხვივნენ… უცებ ვიღაცის ბუცი მომხვდა მუხლში და შემომიტრიალა. ძლივს ჩავისვი, მაგრამ თამაში ვეღარ გავაგრძელე“. მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად გელა ინალიშვილი ჩართო თამაშში.

ქართველებმა მეორე ტაიმი უკეთესად დაიწყეს, ქეცბაიას მეორე ბურთის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ ნანატრი გამარჯვება დროის საქმე იყო. საუთჰოლის კარში მესამე ბურთი ასე გავიდა: უკანდახეულმა გოგრიჭიანმა გოგიჩაიშვილს გაუთამაშა, კახიმ საპირისპირო ფლანგზე ქეცბაია მოძებნა, თემურმა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, შეცვლაზე შესული კრის საიმონსიც ჩამოიშორა და ულამაზესი დარტყმით ჩააბზრიალა ბურთი საუთჰოლისგან მარცხენა ზედა კუთხეში – 3:0! ტაბლო 48-ე წუთს აჩვენებდა.

ათ წუთში გაიხარა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, გოჩა გოგრიჭიანმა: მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შოთა არველაძეს მიუვიდა, რომელმაც ისევ გოჩას დაუბრუნა, მისი მეორე მცდელობა კი შედეგიანი გამოდგა – 4:0!

65-ე წუთზე სხვაობა ხუთბურთიანი გახდა: ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა – 5:0!

ამის შემდეგ ჩივაძის გუნდი თითქოს მოეშვა. უელსი შედარებით გააქტიურდა, მაგრამ საბედნიეროდ, 1994 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მეკარე და დაცვაც ისეთივე კარგები იყვნენ, როგორც ნახევარმცველები და ფორვარდები.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაიკ სმიტი დიდხანს არ გაჩერდა, თქვა, რომ კატასტროფული ანგარიშის შემდეგ სალაპარაკო არაფერია და რომ ის და მისი ფეხბურთელები უბრალოდ შერცხვნენ.

სამაგიეროდ ალექსანდრე ჩივაძემ უპასუხა ქართველი ჟურნალისტების ყველა კითხვას:

„ასეთი გამარჯვების შემდეგ ძნელია საერთო შთაბეჭდილებაზე საუბარი, ჩვენ ყველანი კმაყოფილები ვართ!
როგორც იქნა გუნდმა თავის თამაში აჩვენა და უპირატესობა გატანილ გოლებშიც ასახა. ადრე არაერთხელ ვახსენე პირველი გოლის ფაქტორი და დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის თანამედროვე ფეხბურთში…
ევროპაში სუსტი გუნდი აღარ არსებობს, უელსი კი ნამდვილად კარგი ნაკრებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამარჯვება უფრო დასაფასებელია…
თამაშის წინ გოგრიჭიანის გამო ვშიშობდი, მას ხომ არასდროს უთამაშია ამ თაობის ფეხბურთელებთან. მაინც გავრისკეთ და გაგვიმართლა – გოჩა დღეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო…
მომდევნო თამაში ალბანეთში გველის. რთული შეხვედრა იქნება და ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგი ნემსაძე და კახი ცხადაძე ვერ დაგვეხმარებიან. პირველს მძიმე ტრავმა აქვს და მისი საბოლოო მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაირკვევა, კაპიტანმა კი მეორე გაფრთხილება მიიღო და თამაში უნდა გამოტოვოს…
ჩვენ მომავალშიც იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. ეს ფაქტორი თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს“.

გაზეთმა რეზონანსმა უელსთან 5:0 ტრიუმფს ჟურნალისტ სოლომონ გულისაშვილის ვრცელი მიმოხილვა და შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი დაუთმო, ამავდროულად შეხვედრა ევროპის წლის მატჩად დაასახელა, სარბიელის 1994 წლის 19-27 ნოემბრის რიგით 62-ე ნომერში გამოქვეყნებულ თამაშის განხილვაში კი ჟურნალისტმა მამუკა ჩიხლაძემ დაწერა:

„მზემ მაშინღა გამოანათა, როცა მინდორი უკანასკნელმა ფეხბურთელმა დატოვა. ქართველების ნაჯაფარმა კაპიტანმა ინტერვიუები ჩამოარიგა, ტაშის გრიალში გვირაბში გაუჩინარდა და სტადიონის თავზეც ინათა.

ბუნებამაც მოიცალა საზეიმოდ, მაგრამ ამ ქვეყანაში ადამიანებს ხომ კარგა ხანია სიხარული გადაავიწყდათ. იმდღევანდლის ბადალი გამარჯვებების შემდეგ ძველ დროში სტადიონი უმალ ქაღალდის მაშხალებით აბრდღვიალდებოდა, მერე მახლობელ ქუჩებს მოედებოდა ხალხი საზეიმო მსვლელობებით, შეღამებულზე კი ნადიმებიც ბლომად გაიმართებოდა. ახლა კი ორმოციოდე ათასმა კაცმა ხუთწუთიანი ოვაცია მოაწყო, მერე უცებ რეალობას დაუბრუნდა და თავის გაყინულ და ჩაბნელებულ ბინებს მიაშურა. მზეც მაშინვე დაუბრუნდა ღრუბლების საუფლოს.

არადა, საზეიმო იმ დღეს მართლაც გვქონდა, თუნდაც ფეხბურთში. ბოლო დროს ხომ მაინც პირველად დავამტკიცეთ, რომ ის ხალხი არ ვართ, ვისაც არ დაეზარება დაგვამარცხოს და თავში ხელი წამოგვარტყას. მაგრამ ეტყობა სიხარულისა და ზეიმის უნარი მხოლოდ იმ რჩეულთა კასტას შერჩენია ჩვენში, ფილარმონიაში, გალა-კონცერტებზე თუ მეტეხში ან სხვა დიდ სატრაპეზოში – პრეზენტაციებსა და მიღებებზე რომ იკრიბება, და არა საფეხბურთო თემს – თამაშიდან თამაშამდე ბილეთის ფასი რომ აღელვებს და თამაშის შემდეგ – შინ დაბრუნების პრობლემა“.

ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება ეროვნული სტადიონის ძველ, ხის სკამებზე შეკრებილმა 45 ათასამდე გულშემატკივარმა იხილა. მათ შორის გახლდით მეც. კლასელებთან ერთად დავესწარი თამაშს და ახლაც ზუსტად მახსოვს ის ადგილი, საიდანაც ჩემი საყვარელი გუნდის გოლები ვნახე – სამხრეთი ტრიბუნის მეორე იარუსი, პირველი სექტორი, ოცდამეერთე რიგი, ოცდამეორე ადგილი. ბილეთი დღემდე შენახული მაქვს.

სათუთად ვინახავ ავტოგრაფსაც, მატჩის შემდეგ, უელსის ნაკრების ავტობუსში მოხვედრილმა რომ გამოვართვი იან რაშს. მეგობრისგან ნაჩუქარი გერმანული ჟურნალი, რომელშიც ლივერპულელის დიდი ფერადი ფოტო დაებეჭდათ, ყოველი შემთხვევისთვის წავიღე. დიდად არ მეიმედებოდა უელსელს რომ ვნახავდი, მაგრამ ვიფიქრე, იყოს, იქნება და შევხვდე რაშს და ეგებ, ხელიც მომიწეროს-მეთქი.

იმ დროს, მოგეხსენებათ, უსაფრთხოებას არ ექცეოდა ისეთი ყურადღება, როგორც ახლა და მატჩის შემდეგ მე, რიგითი გულშემატკივარი, ყველანაირი საშვის გარეშე, უპრობლემოდ მივედი სტუმართა ავტობუსთან. იან რაში ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა გასახდელიდან. ავტობუსის კართან ჟურნალი და კალამი მივაწოდე, მან კი ხელით მანიშნა, მომყევიო. ავედი. რაში მეორე რიგში მოკალათდა და სანამ ჟურნალი გადაათვალიერა და ავტოგრაფი დამიტოვა, ამასობაში ავტობუსიც დაიძრა. სტადიონის ჭიშკარში რომ გავედით, მძღოლმა მხოლოდ მაშინ გამიღო კარი. მეც მადლობა გადავუხადე უელსელს, დავემშვიდობე და ჩამოვხტი.

მოგვიანებით ავტოგრაფი ჩარჩოში ჩავსვი და წლების მანძილზე ოთახში მეკიდა. დღეს ის უელსთან მატჩის საქაღალდეში მიდევს, სიყვითლეშეპარულ გაზეთებთან, რამდენიმე ფოტოსთან, ოფიციალურ პროგრამასთან და იმ ვარდისფერ ბილეთთან ერთად, დროგამოშვებით ტკბილ მოგონებებს რომ აღვიძებს.

16 ნოემბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 45 000
საქართველო 5:0 უელსი
გოლები: 1:0 თემურ ქეცბაია (31), 2:0 გიორგი ქინქლაძე (41), 3:0 თემურ ქეცბაია (48), 4:0 გოჩა გოგრიჭიანი (58), 5:0 შოთა არველაძე (65)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 42), გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია (მიხეილ ყაველაშვილი 74), გოჩა გოგრიჭიანი, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
უელსი: ნევილ საუთჰოლი, ალან ნეილსონი (კრის საიმონსი 46), მარკ ბოუენი, ენდი მელვილი, კრის კოულმენი, დევიდ ფილიპსი, ბარი ჰორნი (კაპ), დინ სონდერსი, იან რაში, მარკ ჰიუზი, გარი სპიდი
მწვრთნელი: მაიკ სმიტი
გაფრთხილება: კახი ცხადაძე, გარი სპიდი, მარკ ჰიუზი
მსაჯები: ალენ სარსი; დავიდ კოტრელი, ალენ გურო (საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 ივლისი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი რეზონანსი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian