ჰელსინკი 1952: პაავო ნურმი
ყველაზე დიდ სიამოვნებას საკუთარ თავთან ჭიდილი მანიჭებდა!
ეს სიტყვები ლეგენდარულ მორბენალს, ფინეთის სიამაყეს პაავო ნურმის ეკუთვნის. კაცს, რომელმაც 9 ოლიმპიური ოქროთი, 12 ოლიმპიური მედლით, ასზე მეტი გამარჯვებით და 22 ოფიციალური მსოფლიო რეკორდით დაასრულა თვალისმომჭრელი კარიერა.
ჰელსინკის 1952 წლის თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა სწორედ მან დააგვირგვინა გადაჭედილ სტადიონზე ფიალის ანთებით. თამაშების არაერთი მკვლევარი წერს, რომ როცა ჩირაღდანშემართულმა ნურმიმ ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე შეაბიჯა, ერთა აღლუმის შემდეგ მწყობრად მდგარი დელეგაციები აირივნენ – ყველას სურდა საკუთარი თვალით ეხილა ლეგენდარული სპორტსმენი, ყველაზე ტიტულიანი ოლიმპიელი, ვინც იმხანად 55 წლის გახლდათ.
3 ოქრო და ვერცხლი ანტვერპენის თამაშებზე!
5 ტრიუმფი პარიზის ოლიმპიადაზე, 1924 წელს!
ოქრო და ორი ვერცხლი ოთხი წლის შემდეგ, ამსტერდამში!
პაავო ნურმის შედეგი – 9 ოლიმპიური ოქრო, მხოლოდ 2008 წელს, პეკინში გააუმჯობესა ფენომენალურმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა. ფინელის 12 ოლიმპიური მედალი კი 1960 წლის თამაშებამდე საუკეთესო მაჩვენებელი იყო!
პაავო ნურმი 1973 წლის 2 ოქტომბერს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1996 წელს კი, 23 წლის შემდეგ, მისი ბოლო რეკორდი გაუმჯობესდა!
1992 წლიდან მის მშობლიურ ქალაქ ტურკუში ნურმის მარათონი ეწყობა.
1996 წელს ჟურნალმა Time ფინელი ყველა დროის უდიდეს ოლიმპიელად აღიარა.
1997 წელს ტურკუს სტადიონს მისი სახელი მიენიჭა და იქ დღემდე მსოფლიოს 20 რეკორდი გაუმჯობესდა.
2012 წელს მძლეოსნობის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ – IAAF – პაავო ნურმი დიდების დარბაზის პირველ თორმეტ წევრთა შორის დაასახელა.
1986 წელს მიმოქცევაში ჩაეშვა ფინეთის ბანკის 10-მარკიანი ბანკნოტი, რომლიც ერთ მხარეს პაავო ნურმის პორტრეტი ამშვენებს, მეორეს კი ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონის გამოსახულება. ეს კუპიურა დღეს ჩემს მოკრძალებულ ოლიმპიურ კოლექციაში ინახება.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 ივლისი)
წიგნიდან: „მარადიული თამაშები – ჰელსინკის ოლიმპიადის 70 წლის იუბილე“
ფოტო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი