ინგლისი დღეს და ინგლისი გუშინ

რამდენიმე წუთის წინ ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. უემბლიზე, გერმანელებთან დამატებით დროში 2:1 მოგებულ ფინალს 87 192 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ევროპირველობების რეკორდია, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის.

ეს იყო ინგლისელ ქალთა მესამე ევროფინალი და პირველი ტრიუმფი. 1984 წელს, სულ პირველი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისელებს შვედებმა აჯობეს, 2009 წელს – გერმანელებმა.

მესამე ცდით გუნდი, როგორც იქნა, ჩემპიონი გახდა და ეს დიდწილად ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის სარინა ვიგმენის დამსახურებაა. 52 წლის სპეციალისტმა 2017 წელს ნიდერლანდების ქალთა ნაკრებს მოაგებინა ევროპირველობა, 2021 წლის სექტემბერში კი ეს გუნდი ჩაიბარა და მას შემდეგ გამართული 20 მატჩიდან ინგლისელებმა ამ ფინალის ჩათვლით 18 მოიგეს და მხოლოდ ორჯერ ითამაშეს ფრედ! ზღაპრულია ბურთების შეფარდება: 109 გატანილი გოლი 5 გაშვებულის წინ, +104!

და რა კავშირშია თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2007 წლის 27 ოქტომბერს ჩემს მიერ გადაღებული ეს ფოტო ინგლისის ქალთა ნაკრების დღევანდელ ტრიუმფთან?

გეტყვით: თხუთმეტი წლის წინ, 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, თბილისსა და რუსთავში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი გოგონების მხარდამხარ ინგლისელებმა, რუსებმა და სლოვაკებმა ითამაშეს. იმხანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და იმ მინი-ტურნირის მედია-ოფიცერი გახლდით.

პირველ ტურში, 27 ოქტომბერს, ჩვენი გოგონები მიხეილ მესხზე ინგლისელ თანატოლებთან 0:13 დამარცხდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ იმ დღეს მოედანზე გასული ორი ინგლისელი დღეს ევროპის ჩემპიონი გახდა: მარჯვენა მცველი, 30 წლის ლუსი ბრონზი და მისი თანატოლი, ასევე მცველი დემი სტოქსი.

ამ ორიდან უფრო წარმატებული ბრონზია, რომელმაც დღევანდელ ფინალში შეუცვლელად ითამაშა. ის ბარსელონის ქალთა გუნდის წევრია, ახლო წარსულში კი ლიონში თამაშობდა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მანამდე კი, მანჩესტერ სიტიში ასპარეზობისას, ორჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. რაც შეეხება მანჩესტერ სიტიში მოთამაშე დემი სტოქსს, დღეს ის უემბლიზე არ გამოჩენილა…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 31 ვლისი)

ka_GEGeorgian