ჰელსინკი 1952: მის ფინეთი და ძალიან დიდი უნგრელები

„ჩვენმა გუნდმა პირველად ჰელსინკის ოლიმპიადაზე დაიქუხა. რაც მერე მოხდა, მხოლოდ გაგრძელება იყო“.
ეს სიტყვები ყველა დროის უდიდეს უნგრელ ფეხბურთელად აღიარებულ ფერენც პუშკაშს ეკუთვნის, ჰელსინკის ოლიმპიადის გამარჯვებულს და უნგრეთის დიდი გუნდის კაპიტანს.

ის ნაკრები მართლა დიდი იყო! წარმოიდგინეთ: 1950-1956 წლებში, ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარების შეჭრამდე, უნგრელებმა 69 თამაშიდან 58 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და ერთადერთხელ დამარცხდნენ! ზღაპრული შედეგი!

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩებს ჰელსინკის ორი სტადიონის გარდა ტურკუს, ტამპერეს, ლაჰტის და კოტკას სარბიელებმაც უმასპინძლა. გუსტავ შებეშის გაწვრთნილმა დიდმა გუნდმა მძიმედ დაიწყო – პირველ მატჩში, 15 ივლისს ტურკუში, მხოლოდ 2:1 დაამარცხა რუმინეთი.

სიტყვა „მხოლოდ“ სპეციალურად ვახსენე, რადგან მომდევნო მატჩებში უნგრელების ძალა და შესაძლებლობა ყველა მეტოქემ საკუთარ თავზე გამოსცადა: 3:0 იტალიასთან მერვედფინალში, 7:1 თურქეთთან მეოთხედფინალში და 6:0 შვედეთთან ნახევარფინალში!

ოქროს მედლის მფლობელი 2 აგვისტოს, ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გამოვლინდა 59 ათასი გულშემატკივრის თვალწინ. უნგრელებმა ფერენც პუშკაშის და ზოლტან ციბორის გოლებით სძლიეს იუგოსლავიას, რომელმაც მანამდე საბჭოთა კავშირის ნაკრები (სადაც თბილისის დინამოს კაპიტანმა ავთანდილ ღოღობერიძემ და თავდამსხმელმა ავთანდილ ჭკუასელმა ითამაშეს), დანია და გერმანია შეაჩერა.

ოლიმპიური ჩემპიონები 17 წლის პირმშვენიერმა გოგონამ, არმი კუუსელამ დააჯილდოვა, ვინც რამდენიმე კვირით ადრე მის სამყაროს წოდება მოიპოვა. ეს საპატიო ტიტული 1952 წელს პირველად გათამაშდა…

ამბობენ, რომ იმხანად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გენერალური მდივანი, შემდგომში ფიფას პრეზიდენტი სერ სტენლი როუზი პირველად სწორედ ჰელსინკიში მოიხიბლა უნგრელთა საოცარი ასპარეზობით და პირადად მიიწვია გუნდი ლონდონში, უემბლიზე სათამაშოდ. რით დასრულდა ის ამბავი, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ცნობილია: დიადმა უნგრელებმა მასპინძლებისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს – 6:3 გაიმარჯვეს, რამდენიმე თვეში ბუდაპეშტში ჩასულ მეტოქეს კი 7:1 აჯობეს!

2016 წელს BBC-მ ფერენც პუშკაშის კაპიტნობით მოთამაშე უნგრეთის ის ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდად აღიარა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 აგვისტო)
ფოტო:
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი; ინტერნეტი

ka_GEGeorgian