ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #18: საქართველო 0:2 გერმანია (I)
ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 1994 წლის 22 იანვარს, შაბათს, მანჩესტერში შედგა.
ხოლო ის, რომ ჩემი საყვარელი გუნდი სადებიუტო ოფიციალურ შეჯიბრებაში მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს გაეჯიბრებოდა, ორშაბათს, 24 იანვარს შევიტყვე. ის დღე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ დილით, სკოლაში წასვლამდე სამზარეულოში ვსაუზმობდი, როცა რადიოს დიქტორმა მეტოქეები ჩამოთვალა. ბოლო გუნდის ხსენებამ – …და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები – უბრალოდ გამაოგნა: პირველი ოფიციალური ტურნირი და ეგრევე ორი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონთან!
თავი სიზმარში მეგონა: სულ მალე დინამოზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ითამაშებს, და მე ამ მატჩს დავესწრები! წარმოსახვითი საათიც იმ წამიდან ჩაირთო.
ვერ დავიჩემებ, რომ ყოველ დღე მათ სტუმრობაზე ვფიქრობდი, მაგრამ სადაც უნდა ვყოფილიყავი: ძმაბიჭებში, სკოლაში, ვარჯიშზე თუ სოფელში, არდადეგებზე, ჩემი და ფეხბურთზე ჩემნაირად შეყვარებულების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ბუნდესგუნდთან ორი თამაში იყო.
იმ ზაფხულს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსაც სულ სხვანაირად ვუყურე: გერმანია ხომ თავისთავად, ფავორიტია და ლამის სულ ფინალშია, მაგრამ მასთან ერთად იმ ტურნირზე თამაშობდა ბულგარეთიც, საქართველოს კიდევ ერთი მეტოქე.
მათი გზა მეოთხედფინალში გადაიკვეთა და 10 ივლისს, ისთ რუთერფორდიდან რეპორტაჟს მე და ძმაკაცმა ჩემთან ვუცქირეთ. გერმანიის გამარჯვებისა კი გვჯეროდა, მაგრამ მაინც ბულგარეთისკენ ვიყავით, ნახევარფინალში „ჩვენი“ იტალიისთვის დიმიტარ პენევის გუნდი უფრო გვემეტებოდა. სხვა თუ არაფერი, სად გერმანიასთან ჭიდილი და სად ბულგარეთთან?
მათეუსმა პენალტით გახსნა ანგარიში… მერე სტოიჩკოვმა ჯარიმით გაათანაბრა, ბოლოს კი ჰამბურგელი იორდან ლეჩკოვის გამოხტა და აუღებელი თავური დაარტყა! ბულგარეთმა 2:1 მოიგო, იმ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მოახდინა და ფაქტიურად, იქვე დაასრულა თამაში – რობერტო ბაჯოს იტალიამ ნახევარფინალში ცალი ფეხით აჯობა, მესამე ადგილისთვის მატჩში კი, შვედებთან, ბულგარელები ვალის მოსახდელად გავიდნენ მინდორზე.
თუმცა ის ჩემპიონატი სხვა ამბავია და ისევ გერმანიასთან ოფიციალურ მატჩს დავუბრუნდები, რომელიც დასავლურ ფეხბურთთან ჩვენი გუნდის პირველი რეალური შეჯახება გამოდგა. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების, გერმანელების სტუმრობით ჩვენმა საფეხბურთო ოჯახმა, მგონი, ბევრი რამ სხვანაირად დაინახა, გაიაზრა და ისიც იგრძნო, თუ რამხელა სხვაობა იყო გერმანულ და პოსტსაბჭოთა ქართულ ფეხბურთს შორის.
მე და ჩემი თანატოლები კი არა, ჩვენზე გაცილებით უფროსები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან გამარჯვება შეუძლია. მახსოვს, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე, დინამოს სტადიონზე, ლამის ყველა ამ პაექრობის მოლოდინში იყო და არგუმენტებსაც იშველიებდნენ: ცხადაძე ბუნდესლიგაში თამაშობს და კარგად იცის მაგათი ამბავი… ქინქლაძეს გერმანელები ვერ დაიჭერენ… შოთა სუპერფორმაშია…
რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, ასეთ პროგნოზებზე რომ ეცინებოდათ. მაგალითად ჩვენი მწვრთნელი, ცხონებული ალიკა მასწავლებელი, რომელთანაც ლამის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვკამათობდი. ის ღიმილით მისმენდა და ბოლოს ერთსა და იმავეს მეტყოდა ხოლმე: „ნუ პრაფესორობ! ჩვენ მაგათ კიდევ ძალიან დიდხანს ვერ მოვუგებთ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, თუ რა ცოტა რამ ვიცით გერმანელებთან შედარებით“! მე ჯიუტად ჩემს აზრზე ვიდექი…
რეალურად კი ყველაფერი ცუდად დასრულდა – ბერტი ფოგთსის გუნდმა გადაჭედილ ეროვნულ სტადიონზე აუღელვებლად, მშვიდად გაიმარჯვა. გერმანელებისთვის ის მორიგი ოფიციალური მატჩი იყო, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, ჩვენთვის კი მათი სტუმრობა მოვლენად იქცა!
სხვისი რა გითხრათ და პირადად ჩემთვის 29 მარტის საღამო იმ ნაცრისფერი წლების ერთ-ერთი ფერადი მოგონებაა, მატჩამდელი და თამაშის შემდგომი ამბებით, კლინსმანთან მოულოდნელი შეხვედრით, და ფეხბურთით, რომელსაც პირველად ვუყურე დინამოს სტადიონის მეორე იარუსის ერთ-ერთი ბოლო რიგიდან.
და რა თქმა უნდა წარუშლელი მოგონებაა სპეციალურად ამ დაპირისპირებისთვის გამოცემული გაზეთებიც. სპორტული პრესა იმ დროს უკვე ძალიან მიყვარდა და ასეთი მნიშვნელოვანი ამბისთვის დაბეჭდილ გაზეთებს ხელიდან როგორ გავუშვებდი?! ამიტომაც, გერმანელთა იმ სტუმრობაზე თხრობას გაზეთებით დავიწყებ.
ავი წლები რომ იყო და ქვეყანას რომ არ ულხინდა, ამის შესახებ ლამის ყველა წინა წერილში დავწერე. ახლა ძნელი წარმოსადგენი კია, მაგრამ ცხოვრება მართლა ძალიან ჭირდა, ბოლოს და ბოლოს შუქის მოსვლა გვიხაროდა, ხოლო ის, ვისაც მძლავრი გენერატორი ჰქონდა შინ, შეძლებულ კაცად ითვლებოდა. ასეთ მოჟამულ დღეებს მე და ჩემს სამეგობროს სპორტი გვიფერადებდა. რაც შეეხება სპორტულ გაზეთებს, სარბიელი ხელიდან ხელში გადადიოდა – ძმაკაცთან ერთად ვაგროვებდი, ქართული ფეხბურთი უფრო შიდა პირველობებზე წერდა და ნაკლებად მაინტერესებდა, ლელო კი სულს ღაფავდა და იშვიათად, რომ მისკენ გამეხედა.
და უცბად, გერმანელების ჩამოსვლის წინ, გამოჩნდა ყოველკვირეული საფეხბურთო გამოცემა 11X11-ზე, უშუალოდ მატჩის წინ კი არასპორტულმა გაზეთებმაც დაბეჭდეს საფეხბურთო დამატებები.
ნამდვილად ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ რამდენი გაზეთი გამოიცა კონკრეტულად ამ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ჩემს არქივში სარბიელის და ქართული ფეხბურთის გარდა კიდევ შვიდი გაზეთია: 11X11, სტადიონი, რეზონანსი-სპორტი, ფეხბურთი საზღვრებს გარეშე, ფორტუნა, ასევე შანსის და კავკასიონის სპეციალური დამატებები.
ეს გაზეთები დღეს, ლამის ოცდაათი წლის შემდეგ, ძალიან, ძალიან საინტერესოა! მინიმუმ, იმას მაინც გვახსენებს, თუ რა განწყობით ველოდით გერმანიის ნაკრების სტუმრობას.
მაგალითად 11X11-ის მარტის ნომერი (#6) ავიღოთ, რომლის პირველ გვერდს ასეთი წარწერა ამშვენებს: „მხოლოდ გამარჯვება! რადგან ამ მატჩში ფრეც წაგების ტოლფასია“.
იქვე, ერთ-ერთ აბზაცში, შავით თეთრზე წერია: „ჩვენს მეტოქეს განსაკუთრებული პრობლემები თავდასხმის ხაზში აქვს. მათ იქ მხოლოდ ერთი საერთაშორისო კლასის ფორვარდი იურგენ კლინსმანი ჰყავთ და თუ რევიშვილი სტოიჩკოვის დარად მის გაუვნებელყოფასაც შეძლებს, მაშინ გერმანელთა შეტევის ხაზის პოტენციალი მინიმუმადე დავა“.
ახლა რომ ვფიქრობ, რა მართალი იყო ალიკა მასწავლებელი! მე კი არა, იმხანად ჯერ კიდევ დამწყებ ქომაგს, აგერ პატივცემულ ჟურნალისტებსაც ერთი კაცი და მისი ნაბადი ეგონათ გერმანიის ნაკრები.
გაზეთი ფორტუნის სპეციალური გამოშვების (27-29 მარტი, 1995; #4) პირველ გვერდზეა ასეთი ქვესათაურია: „კახი ცხადაძე გერმანელებთან ორი მატჩის ჯამში 6 ქულის აღებას აპირებს“, ხოლო მეორე გვერდზე ეროვნული გუნდის უფროსის, ლეგენდარული რამაზ შენგელიას ინტერვიუ: „გერმანიასთან არ შევრცხვებით“!
თავისუფალი გაზეთი ფეხბურთი საზღვრებს გარეშე (#4; 28 მარტი-4 აპრილი, 1995) მთლიანად მატჩს, უფრო სწორედ კი გერმანიის ნაკრებს მიეძღვნა. რედაქციამ მკითხველს ამომწურავი ცნობები მიაწოდა მეტოქის შესახებ, დაწყებული პირველი მწვრთნელით, ბუნდესგუნდის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის მიმოხილვებით გაგრძელებული და მიუნხენის ბაიერნზე ჩანახატით დასრულებული. საინტერესოა, რომ პირველ გვერდს 1979 წელს თბილისში, დინამოს სტადიონზე გადაღებული დიდი ფოტო ამშვენებს, კადრი საბჭოთა კავშირის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა მატჩიდან, ვიტალი დარასელიას და კარლ-ჰაინც ფიორსტერის ორთაბრძოლა.
დამოუკიდებელი გაზეთი, თორმეტგვერდიანი სტადიონი (#3; 29 მარტი, 1995) პირველ რვა გვერდს საქართველო-გერმანიის პაექრობას და მეტოქეს უთმობს: გერმანული ფეხბურთის ისტორია, სახელოვანი მოთამაშეები, ბუნდესგუნდი ევროპის ჩემპიონატებზე და საინტერესო სტატისტიკური მონაცემები – გერმანია მარტში. იმ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, 29 მარტს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებ მესამედ ითამაშებენ: 1925 წელს გერმანელები ამსტერდამში მასპინძლებთან 1:2 დამარცხდნენ, 1972 წელს კი ბუდაპეშტს ეწვივნენ და პაულ ბრაიტნერის და ული ჰიონესის გოლებით 2:0 აჯობეს უნგრეთს.
გაზეთ შანსის სპეციალური გამოშვება ფეხბურთის (მარტი, 1995) პირველ გვერდს გერმანიის ნაკრების ფოტო და ქართულ-გერმანული წარწერა ამშვენებს: Willkommen Liebe Gaste! მშვიდობა თქვენს მობრძანებას!
მეორე გვერდზეა გერმანულ ენაზე დაბეჭდილი წერილი: შანსი მიესალმება გრანდებს გერმანიიდან, Wir Begrussen die Granden, ხოლო მესამე გვერდზე ნომრის რედაქტორის ვახტანგ ჟღენტის ჩანახატი „აბა, თქვენ იცით, ნენა! ოლღას, ილიკოს, ილარიონისა და ზურიკელას გასაუბრება მატჩის წინ“.
ამ ოთხგვერდიანი გამოცემის დანარჩენი ადგილი ვეტერანი ფეხბურთელების, სპორტსმენების, მწერლების, მსახიობების და პარლამენტარების პროგნოზებითაა შევსებული. საინტერესოდ მეჩვენა რევაზ ძოძუაშვილის სიტყვები: „როგორც პროფესიონალი, ერთი გოლის უპირატესობას მეტოქეს ვანიჭებ. ვთვლი, რომ ჩვენთვის ფრეც დიდი მიღწევა იქნება. მთავარია, როგორ ფორმაში არიან ჩვენი ლეგიონერები და თუ იქნა ის ენთუზიაზმი, როგორც უელსთან მატჩში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
გაზეთმა კავკასიონმა სპეციალურად ამ თამაშისთვის რვაგვერდიანი დამატება მატჩი დაბეჭდა, რომლის ბოლო გვერდი სპორტულ ჟურნალისტებს დაეთმოთ: ჯამლეტ ხუხაშვილმა, ნუგზარ ჯუღელმა, თემურ ჯაფარიძემ, თენგიზ პაჭკორიამ და მათმა ახალგაზრდა კოლეგებმა კარსმომდგარ თამაშზე ისაუბრეს.
იქვე დაიბეჭდა პოპულარული მსახიობის გურამ ლორთქიფანიძის კომენტარი: „1937 წლიდან მოყოლებული მატჩი არ გამომიტოვებია! მე ძველი ფეხბურთელი ვარ! პირველი მერცხალი ხომ გახსოვთ? როგორ ვთამაშობდით ფეხბურთს მე, დოდო აბაშიძე – ჩვენი კაპიტანი, დიმა ჯაიანი…
ბილეთი უკვე მაქვს! კოტე მახარაძეს ველაპარაკე, მითხრა, მოვიგებთო! ჯუღელსაც და ხუხაშვილსაც იგივე უთქვამთ. ბევრი ფიქრობს, რომ მოვიგებთ. ხომ გეუბნებით, ჩვენ შერეკილები ვართ, კარგი გაგებით!
ნებისმიერი ანგარიში მაკმაყოფილებს ჩვენს სასარგებლოდ, ერთით ნოლიდან დაწყებული, ოცდაათით ნოლით დამთავრებული.
დოდო აბაშიძე რომ ამბობს, შორს არაა ბიჭებო ის დრო, ფეხბურთელებს ხელის გულზე რომ გვატარებენო… ჰოდა, მოვიდა ის დრო“!
ასეთი პროგნოზები და ერთჯერადი გამოცემები გულშემატკივრებში კარგ განწყობას ქმნიდა, 22 მარტს, სანაკრებო შესვენებამდე გამართულმა ეროვნული პირველობის ბოლო ტურმა კი რამდენიმე კარგი თამაშიც გვაჩუქა. მაგალითად მურთაზ ხურცილავას მომზადებულმა სამტრედიამ თელავის კახეთს სტუმრად 5:2 აჯობა, თერჯოლის საპოვნელამ 3:2 მოუგო თბილისის შევარდენი 1906-ს, წყალტუბოს სამგურალის და ბათუმის მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამომ ეროვნულ სტადიონზე 4:2 მოუგო ქუთაისის ტორპედოს.
პირველი და უკანასკნელი გოლი იმერლებმა შეაგდეს: ჯერ მამუკა ხუნდაძემ გამოიჩინა თავი, ვეტერანმა მერაბ მეგრელაძემ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტორპედოელთა ბურთებს შორის გიორგი ანჩაბაძემ და გოჩა ჯამარაულმა დუბლები შეასრულეს. 1995 წლის 22 მარტის ქართული დერბი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ თბილისის დინამოს მაისური პირველად მოირგო უმცროსმა დავით მუჯირმა – დავით ყიფიანმა ის ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, თუმცა მეორე ტაიმში ლევან ცქიტიშვილით შეცვალა…
მეორე დღეს, ხუთშაბათს, 23 მარტს, შუადღით, დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული გუნდი შევიდა – ალექსანდრე ჩივაძემ პირველი ვარჯიში საღამოს დანიშნა. მთავარ მწვრთნელს პირველი უსიამოვნო ცნობა შეკრების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს: ათენის აეკ-ის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ქეცბაია სათასო მატჩში დაშავდა და გერმანიასთან თამაში კი არა, შესაძლოა, საერთოდ ვერ ჩამოვიდეს თბილისში. პირველი წვრთნის დასრულების შემდეგ ქეცბაიას ტრავმა დადასტურდა.
პარასკევს, 24 მარტს, ბაზის გარშემო შეიარაღებული დაცვა გამოჩნდა. როგორც ჩანს, წინა დღით სტუმრად მყოფი ათობით გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არ მოეწონა და ამ გზით გადაჭრა პრობლემა. ახალგაზრდები ერთი მიზნით ცდილობდნენ ბაზაზე შესვლას – იქნებ ასე მაინც ეშოვათ თამაშის ბილეთები.
შაბათს, 25 მარტს, დილის ვარჯიშის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა. შეხვედრაზე სპორტული მედიის 58(!) წარმომადგენელი მივიდა, რომლებმაც საერთო ჯამში 5(!) კითხვა დაუსვეს მთავარ მწვრთნელს:
„ეროვნული გუნდი ახალგაზრდულის თამაშს არ დაესწრება. რუსთავში სტუმრობა ჩვენს გეგმაში არ შედის…
გერმანიის ნაკრების ყველა შესარჩევი მატჩის ვიდეოფირი გვაქვს, ასევე ესპანეთთან ამხანაგურის ჩანაწერი. ერთს გეტყვით: ასეთი სრულყოფილი ნაკრები კარგა ხანია არ მინახავს – სუსტი წერტილი არ აქვს…
ფსიქოლოგიურ სტრესზე ჩვენმა მეტოქემ იფიქროს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის ხომ საქართველოსთან წაგება კატასტროფის ტოლფასი იქნება…
იქნება თუ არა პრემიები? ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. ღმერთმა ქნას, საქმე საპრემიოდ იყოს და…
ქართველები მაქსიმალისტები ვართ. ძალიან გთხოვთ, ნურაფერს გადავაჭარბებთ და ამ შემთხვევაშიც რეალისტები ვიყოთ“.
ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა „ჟურნალისტმა“ ჩივაძეს თავის წიგნი აჩუქა, თამაშამდე წაიკითხეთ და აუცილებლად მოიგებთო. მწვრთნელის კითხვაზე, რაზეა წიგნიო, ავტორმა უპასუხა – თუ როგორ ეხმარებიან უცხოპლანეტელები ქართველებს…
კვირას, 26 მარტს, საღამოს ვარჯიშის ნაცვლად ეროვნული ნაკრები თბილისის დინამოს შერეულ შემადგენლობას დაუპირისპირდა. ჩივაძის ბიჭებმა მიხეილ ყაველაშვილის გოლით მოიგეს. იმ მცირერიცხოვან მაყურებელთა შორის, რომლებმაც ამ პაექრობას თვალი ადევნეს, საბერძნეთიდან რამდენიმე საათის ჩამოსული თემურ ქეცბაიაც იყო.
საქართველო გერმანიის ნაკრების სტუმრობას 27 მარტს ელის. საფეხბურთო მაღალჩინოსნები კი არა, ლამის თითოეული მოქალაქე მათ მოლოდინშია, დედაქალაქის ხელმძღვანელებით დაწყებული ქვეყნის პირველი პირით დასრულებული.
„ეგრეთ წოდებული კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ: მინდვრის ნაწილი შევცვალეთ… ახალი, აიბიემის სისტემის ტაბლო დავამონტაჟეთ… პირველი და მეორე იარუსის სარტყელი დინამოს ფერებში, ლურჯად შევღებეთ… შეიცვალა სკამები ჟურნალისტების ლოჟაში, მატჩის დროს მათ გამაგრილებელ სასმელსაც დავახვედრებთ… სტუმრების მოთხოვნით, დავამატეთ პროჟექტორები… რაც შეეხება სტადიონის ელექტროენერგიით მომარაგებას, საქენერგო საქმის კურსშია, მზადაა და მჯერა, გაუთვალისწინებელი პრობლემები არ გვექნება“, – ეროვნული სტადიონის დირექტორი ნუკრი კაკილაშვილი ისტორიული მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლდათ.
დასრულდა თუ არა მისი გამოსვლა ტელევიზიაში, თბილისის აეროპორტში ავიაკომპანია კონდორის კუთვნილი ბოინგი დაეშვა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ბერტი ფოგთსი გერმანიის ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოუძღვა.
მთავარმა მწვრთნელმა თბილისში შვიდმეტი ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: ანდრეას კეპკე (ფრანკფურტის აინტრახი), ოლივერ რეკი (ბრემენის ვერდერი);
მცველები: თომას ჰელმერი (მიუნხენის ბაიერნი), მარკუს ბაბელი (მიუნხენის ბაიერნი), კრისტიან ციგე (მიუნხენის ბაიერნი), იურგენ კოლერი (ტურინის იუვენტუსი, იტალია), შტეფან როიტერი (დორტმუნდის ბორუსია), რალფ ვებერი (ფრანკფურტის აინტრახტი), ქრისტიან ვიორნსი (ლევერკუზენის ბაიერნი);
ნახევარმცველები: ანდრეას მიოლერი (დორტმუნდის ბორუსია), შტეფან ფროინდი (დორტმუნდის ბორუსია), დიტერ აილტსი (ბრემენის ვერდერი), მარიო ბასლერი (ბრემენის ვერდერი), თომას ჰესლერი (კარლსრუე);
თავდამსხმელები: იურგენ კლინსმანი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), ჰაიკო ჰერლიხი (მიონხენგლადბახის ბორუსია), ულფ კირსტენი (ლევერკუზენის ბაიერნი).
(პირველი ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 16 აგვისტო)