ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #18: საქართველო 0:2 გერმანია (II)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გერმანელებს ავტობუსები პირდაპირ ტრაპთან დაახვედრეს. მსგავსი სიტუაცია გათამაშდა სასტუმრო მეტეხშიც – მასპინძლებმა სტუმრები დამხვდურებს მოარიდეს და ნომრებამდე რეგისტრაციის გარეშე მიაცილეს. გუნდთან ერთად დაბინავდნენ ჟურნალისტებიც და ფაქტი კიკერმა საგანგებოდ აღნიშნა – აღმოჩნდა, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გერმანიის ნაკრებს და მედიას ერთმა სასტუმრომ უმასპინძლა.

ოფიციალურ პრესკონფერენციამდე სტუმრები მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. ბერტი ფოგთსი: „მწვრთნელთა კოლეგიის წევრებმა ნახეს საქართველოს თამაშები ბულგარეთთან, ალბანეთთან და უელსთან. თბილისში მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და შესაბამისად, მოგებაც ძალიან მინდა“.

ანდრეას მიოლერი: „საქართველოს ნაკრების შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი. რაც მსმენია სულ ის არის, რომ ბუნდესლიგაში ერთი ქართველი თამაშობს“.

ოლივერ რეკი: „თბილისში 1987 წელს ვიყავი, როცა დინამოს წინააღმდეგ ვერდერის კარს ვიცავდი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ვიცი, რომ თქვენი ფეხბურთის კლასიც ამაღლდა. პროგნოზისგან კი თავს შევიკავებ, ძნელი სათქმელია თუ როგორ დასრულდება მატჩი“.

ამის შემდეგ სასტუმრო მეტეხის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მათზე გაცილებით მეტ გულშემატკივარს შენობიდან გასვლა მოსთხოვა, აქაოდა გერმანელთა დელეგაციის ხელმძღვანელებმა გვთხოვესო. იმ წუთებში კიდევ ორი ამბავი გაირკვა: ბერტი ფოგთსმა იმავე საღამოს ერთი, ხოლო მეორე დღეს ორი ვარჯიში დანიშნა, და მეორე – მთავარმა მწვრთნელმა თანამემამულე ჟურნალისტები თამაშისწინა პრესკონფერენციაზე მეტეხში დაიბარა. ამ შეხვედრაზე დასწრება ქართულ მედიასაც შეეძლო.

28 მარტს, შუადღით, პირველი ვარჯიშის შემდეგ, გერმანული ჟურნალ-გაზეთების მიმომხილველთა კითხვებს ბერტი ფოგთსმა, იურგენ კლინსმანმა, თომას ჰელმერმა და მარიო ბასლერმა უპასუხეს.

იურგენ კლინსმანი: „უდავოდ ძნელი მატჩი გველის, ჩვენ ვნახეთ ქართველების თამაში უელსთან და თუ ხვალ თავიდანვე პრესინგს არ მივმართეთ და შეხვედრის ბატონ-პატრონები არ გავხდით, ძალიან გაგვიჭირდება“.

თომას ჰელმერი: „როგორც ბეკენბაუერი ამბობს, საქართველოსნაირ გუნდებს თუ მოვუგებთ, ეს ნორმალურია, აი წაგება კი კატასტროფაა… ამ ქვეყანაში პირველად ვარ და მის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა თუ ოდესმე გერმანიის ნაკრებს შინ თამაშს აუკრძალავენ, მეტოქეების თბილისში მასპინძლობას ვისურვებდი – აეროპორტიდან მოყოლებული, სადაც მივედით, ყველგან ოვაციით შეგვხვდნენ და ეს ძალიან სასიამოვნოა“.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თითქმის ყველა გერმანელი და ქართველი ჟურნალისტი რუსთავში გაემგზავრა – ახალგაზრდულ ნაკრებთა პაექრობას მეტალურგის სტადიონმა უმასპინძლა. შოთა ჭეიშვილის გუნდი 0:2 დამარცხდა – მიუნხენის ბაიერნის ამომავალმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ციკლერმა დავით ჯანელიძის კარი 25-ე და 86-ე წუთებზე დალაშქრა. თამაშის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო სტუმართაგან მას, ქართველებიდან კი ჩვენი გუნდის კაპიოტანს, გიორგი კიკნაძეს გადაეცა…

ოთხშაბათს, 29 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე ინგლისელმა მსაჯმა მარტინ ბოდენმა სასტვენს ჩაბერა და იმ შეხვედრის დაწყება ბრძანა, რომელიც ბევრმა ქართველმა საუკუნის მატჩად მონათლა.

სტადიონისკენ მე და ჩემი მეგობრები სამი საათით ადრე წავედით, ცაბაძის ქუჩაზე ცხენოსანი პოლიცია შემოგვხვდა, მერე უსაფრთხოების სამი კორდონიც გავიარეთ და მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე უკვე ტრიბუნაზე მოვკალათდით. არც მანამდე და არც მას შემდეგ სტადიონზე ასე ადრე არ მივსულვარ, ამავდროულად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზუსტად იმ ადგილზე დავჯექი, რომელიც ბილეთზე იყო მითითებული. მანამდე ბილეთებს მხოლოდ ეროვნულის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიყენებდი.

საქართველოს ნაკრებმა წითელი მაისურებით შეაბიჯა მინდორზე, ჩივაძემ კი 4-3-3 განლაგება აირჩია: აკაკი დევაძის წინ გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე მოქმედებდა, რომელსაც ზაზა რევიშვილის, მურთაზ შელიას და გიორგი ჩიხრაძის დაცვის სამეულის დაზღვევა დაევალა; ნახევარდაცვის ფლანგებზე კახი გოგიჩაიშვილი და რევაზ არველაძე თამაშობდნენ, მათ შუაში დიმიტრი კუდინოვი იდგა, რომელსაც შეტევები უნდა ჩაეშალა. შოთა არველაძე ეული ცენტრფორვარდი იყო, გიორგი ქინქლაძე და გოჩა ჯამარაული კი ფლანგებიდან უნდა დახმარებოდნენ.

ფოგთსმა 4-4-2 ტაქტიკას მიმართა: კარი ანდრეას კეპკეს ანდო; დაცვაში შტეფან როიტერი, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი და მარკუს ბაბელი გაამწესა; ნახევარდაცვაში მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, დიტერ აილტსი და რალფ ვებერი, თავდასხმაში კი კაპიტან იურგენ კლინსმანს დებიუტანტი ჰაიკო ჰერლიხი შეუწყვილა.

მოლოდინი, რომ მეტოქე პირველივე წუთიდან ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდებოდა, არ გამართლდა: ქართველები ხშირად უახლოვდებოდნენ გერმანელთა საჯარიმოს, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს მაქსიმუმი იყო. ბიჭებს ჯერ კიდევ ჰიმნების დროს ეტყობოდათ, რომ ძალიან, ძალიან ნერვიულობდნენ!

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა: ბასლერმა კუთხური მოიპოვა, თავად ჩააწოდა ბურთი, ჩიხრაძესა და შელიას შორის მოქცეულმა კლინსმანმა კი მეურვეებს ახტომა დაასწრო და ძლიერი თავურით დალაშქრა დევაძის კარი – 0:1.

მალე, რამდენიმე წამის ინტერვალით, მსაჯი როიტერს და ვებერს ყვითელ ბარათს უჩვენებს, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია.

ტაიმის უკანასკნელ წუთს შოთა არველაძემ გაიელვა – მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ბურთი აკენწლა, ჰელმერს კი გასცდა, მაგრამ ეს იყო და ეს, კეპკეს მიახლოვებულმა გემოზე ვეღარ დაარტყა, ხელი შეუშალეს.

ამ მომენტს კიდევ ერთი იერიშის მცდელობა მოჰყვა, მაგრამ რეზო არველაძის პასი ჩაჭრეს და საგოლე შეტევაც დაიწყო: ბურთი როიტერმა მოიგდო და ლამის მთელი მოედანი გადასერა. კუდინოვი ვერ დაეწია, როიტერმა კი საჯარიმოსთან მარცხნივ მდგარ ჰერლიხს დაუგორა ბურთი. ახალგაზრდა გერმანელზე შელია გადავიდა და ერთი შეხედვით თავდასხმაც თითქოს დასრულდა, მაგრამ ბურთი კლინსმანს მიუვიდა, კაპიტანმა კი ნახევარბრუნით დაარტყა. ცხადაძემ სცადა დაზღვევა, მაგრამ დააგვიანა – ბურთი ბადეში დევაძისგან მარჯვნივ შევარდა, 0:2.

საერთო სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მეტოქეები მონაცვლეობით უტევდნენ. იმ წუთებში საუკეთესო იყო აკაკი დევაძე, რომელმაც ჯერ ჰერლიხის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი დაიჭირა მაღალი ნახტომით, მერე კი ფროინდის დარტყმა მოიგერია ეფექტურად. ეს უკანასკნელი ვებერის ნაცვლად გამოჩნდა.

65-ე წუთზე ფროინდმა რევიშვილი წააქცია და ბოდენმაც საჯარიმო დარტყმა დანიშნა. კარამდე არც ისე შორია, ბურთთან რეზო არველაძე და გიორგი ქინქლაძე დგანან… გათამაშება, მასპინძელთა ათიანის ძლიერი დარტყმა და კეპკე მუშტებით იგერიებს ბურთს! ეს იყო ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შეტევა.

უკანასკნელ ხუთ წუთში ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა: ჯერ კლინსმანი შეიჭრა მარჯვნიდან და თანაგუნდელზე პასი სცადა, თუმცა დევაძე ჩანაფიქრს მიუხვდა და ნახტომით ჩაჭრა გადაცემა. სულ ბოლოს კი ქინქლაძემ დიდებული პასით კეპკეს შეატოვა გოგრიჭიანი (მან ჯამარაული შეცვალა), მაგრამ გოჩას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ფრანკფურტის აინტრახტის გოლკიპერმა ფეხებით მოიგერია. ამით ყველაფერი დასრულდა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ბერტი ფოგთსმა და ალექსანდრე ჩივაძემ მხარდამხარ უპასუხეს.

ფოგთსი: „ვფიქრობ, ძლიერ მეტოქესთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმით ვარ კმაყოფილი. ჩემი გუნდი გავაფრთხილე, გოლი არაფრით გაატანინოთ, თორემ გაგვიჭირდება-მეთქი. საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული, დიდი შესაძლებლობების გუნდია, მაგრამ ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გატანილ გოლს, ამაში კი ჩვენ ვივარგეთ…
მეტოქის შემადგენლობიდან მომეწონა ჯამარაული, ქინქლაძე და შოთა არველაძე. საერთოდ კი, ყველა ფეხბურთელი ტექნიკური გყავთ…
კლინსმანთან და ჰერლიხთან ერთად ბასლერმა კარგი ტრიო შექმნა. სამწუხაროა, რომ ჰერლიხმა გოლი ვერ გაიტანა…
ბეკენბაუერმა რაც თქვა (რომ ალბანეთთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან თამაში გერმანიისთვის სახეირო არ არის – ლ.გ.), მის ნაცვლად ბოდიშს გიხდით. მაგრამ დავძენ, რომ მისი სიტყვები პირდაპირ არ უნდა გაიგოთ. მან თამაშების ჩატარების დრო და სხვა საორგანიზაციო საკითხები იგულისხმა…
შტეფან ეფენბერგი? მასზე პატივცემული საზოგადოების წინაშე საუბარიც არ მსურს“.

ჩივაძე: „მეორე ტაიმში ანგარიში მეტიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ალბათ შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება სათანადო ვერ იყო…
ქინქლაძისთვის მარჯვნივ თამაში არ დამივალებია. უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე გადადიოდა ამ ფლანგზე. მას გუნდში თავის ამპლუა აქვს…
ჩემი გუნდიდან დევაძეს გამოვყოფდი“…

თუ 29 მარტს, თამაშის დღეს, სარბიელი ვარდისფერ ქაღალდზე დაიბეჭდა, მომდევნო, 31 მარტის ნომერი მწვანე ფურცლებზე გამოიცა. თამაშის მიმოხილვა ჟურნალისტმა მამუკა ჩიხლაძემ ასე დაასრულა:

„საუკუნის მატჩი, ჩვენვე რომ გამოვიგონეთ, არ შედგა. სამაგიეროდ, წელს კიდევ ხუთჯერ გვაქვს სათამაშო და უნდა ვეცადოთ უელსთან და ალბანეთთან მოგებებით მოპოვებული ავტორიტეტი ქარს არ გავატანოთ. გერმანიასთან წაგება კი არავისთვისაა სასირცხვილო. ძლიერი გუნდები ამ საუკუნის ბოლომდეც მრავლად გვეწვევიან და დღეისთვის მიუღწევლის მიღწევას მაშინ შევეცდებით“.

სარბიელმა მკითხველს მონაწილეთა კიკერისეული შეფასებებიც შესთავაზა (1 – უმაღლესი, 5 – ყველაზე დაბალი).

ქართველები: დევაძე – 2,5; ცხადაძე – 3, რევიშვილი – 4, შელია – 4, ჩიხრაძე – 4; რევაზ არველაძე – 4, გოგიჩაიშვილი – 2, ქინქლაძე – 2, ჯამარაული – 3,5, კუდინოვი – 3,5; შოთა არველაძე – 3. ყაველაშვილი და გოგრიჭიანი შეფასების გარეშე.

გერმანელები: კეპკე – 2, ჰელმერი – 3, კოლერი – 3, ბაბელი – 3, როიტერი – 2,5; ბასლერი – 2,5, აილტსი – 2, მიოლერი – 5, ვებერი – 4, ფროინდი – 3; კლინსმანი – 1,5, ჰერლიხი – 3,5.

კიკერის ჟურნალისტმა ვოლფგანგ ტობინმა თბილისური მატჩის მიმოხილვაში – კლინსმანი გემს სწორი მიმართულებით მიაცურებს – აღნიშნა (წერილის თარგმანი სარბიელში დაიბეჭდა – ლ.გ.):

„საქართველოს ნაკრებთან გამართული პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. გაზაფხულის საამო ამინდში იურგენ კლინსმანის კაპიტნობით, რომელიც ნაკრების არწივიანი მაისურით 72-ე მატჩს ატარებდა, გერმანელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მიითვალეს…
სამი მცველი, წყნარი და საქმიანი ლიბერო ცხადაძის მეთაურობით, კლინსმანისა და ჰერლიხის მეურვეობით იყო დაკავებული…
აგრესიულმა ტაქტიკამ მატჩის დასაწყისშივე გამოიღო ნაყოფი. ბასლერის აქტიური მოქმედების წყალობით ნახევარდაცვას ხელფეხი გაეხსნა. თავისუფლებამონიჭებულმა როიტერმა კლინსმანს გოლიც გაატანინა. ეს იყო ნაკრების მეასე ბურთი ბერტი ფოგთსის მეთაურობით…
ქართველებმა კულისებს მიღმა მომზადებული რამდენიმე მაღალტექნიკური შოუ წარუდგინეს მეტოქეს, მაგრამ უშედეგოდ. თავდასხმაში ეულად მყოფ შოთა არველაძეს მონაცვლეობით ეშველებოდნენ ჯამარაული და ქინქლაძე. ამან პრობლემები შეუქმნა გერმანელთა დაცვას, მით უმეტეს, რომ გოგიჩაიშვილი თითქმის ყოველთვის სჯობნიდა ტექნიკურად ვებერს და მის ზურგს უკან მოქმედებდა. ნახევარდაცვის ეს ჩავარდნა ბაბელს უნდა ესწორებინა ხოლმე, მაგრამ მან არასწორი პოზიციური თამაშის გამო თავი ვერ გაართვა ამ ამოცანას“…

კიკერშივე გამოქვეყნდა რამდენიმე საინტერესო ცნობა:

„თბილისის სასტუმროდან სატელეფონო საუბარი, სულ მცირე, 23 მარკა ღირდა! ფული მაშინაც უნდა გადაგეხადა, როცა აბონენტს ვერ დაუკავშირდებოდი…
გერმანიის ნაკრებმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით საქართველოში 25 ყუთი შპრიცები, ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები ჩაიტანა. ჰუმანიტარული დახმარება ცისფერჩაფხუტიანებმა გაანაწილეს…
ბოლო ხნის მანძილზე პირველად მოხდა, რომ გერმანიის ჰიმნისთვის არ უსტვენიათ, პირიქით, ტაშიც კი დაუკრეს. საერთოდ, ასე გადაჭედილი სტადიონი არსად გვინახავს, ოღონდ თავიანთ გუნდს, ასი ათასი კაცის კვალობაზე, ერთობ უცნაურად ქომაგობდნენ“…

გაზეთ რეზონანსის დამატება სპორტმა აპრილის ნომერში გერმანელებთან მატჩს ოთხგვერდიანი ფოტოკოლაჟი დაურთო. ჩანახატი – პური, შოკოლადი და ფეხბურთი – იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა მწერალმა აკა მორჩილაძემ მოამზადა:

„ისევ მილიცია, ჩხრეკვა სექტორის ასასვლელებში. საათნახევრით ადრე ტრიბუნები სავსეა, ხალხი მოდის და მოდის…
ცედეეფის კიკინებიანი ტიპები, ჩვენი გენერლები, პლაშიანი კაცები, რაციები, ზღაპარი, ზღაპარი, ყველაფერი ერთმანეთშია არეული…
შმოტკები და სტრიჟკების პარადი იქ, ქვემოთ. ზემოთ სართულიანები და ნერვიულობა…
ჯიმი მიქელაძე გენერლის ფორმაში დასავლეთ ტრიბუნას ზვერავს, შორიახლო ჩოხიანი ბავშვები, ვიღაც ძია წამალს სვამს და კოლას აყოლებს…
ტაბლოზე რეკლამა: დალიეთ მიშა მესხი…
სარბენ ბილიკზე ჯარი შემობუნძულდა. უბედურებაა, როცა ნაცია დასცინის თავისი ჯარის ჩაცმულობას. ესენი სტალინგრადიდან გამოიქცნენ? კითხულობს ვიღაც. აბანოში მიყავთ – არ ინდობს სხვა. ჯარი კი ბედნიერია, ფეხბურთს მაინც უყურებს…
და ჰა, დაიწყო პირველი ქართული ტალღაც: მეთორმეტედან პირველ სექტორამდე გნიასი, სტვენა და მეგობრობა…
გარეთ ბნელა. გოსკინპრომთან ხალხი იქსაქსება. გარშემო ჩაბნელებული ქალაქი, გერმანიის საელჩოსთან ხეზე პლაკატია მიკრული: საქართველო-გერმანია 3:0“…

გერმანიის ნაკრები თამაშის დასრულებისთანავე გაემგზავრა თბილისიდან და საქართველოს დედაქალაქმაც ჩვეული ცხოვრება განაგრძო: უშუქობა, სიცივე, დანაშაული ლამის ყოველ დღე…

ერთ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ ითამაშა ბორის პაიჭაძის სახელობის სარბიელზე და ფეხბურთის მოყვარულებმაც დროებით ისევ დავივიწყეთ მოსაწყენი რეალობა. ამჯერად ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა ალბანელთა კარში გატანილი ორი გოლი გაცილებით ნაკლებმა გულშემატკივარმა იხილა – გენერლებმა, პარლამენტარებმა, ჩვენი ესტრადის ვარსკვლავებმა და იმ დროების კარგმა ბიჭებმა იმ მატჩის სანახავად თავი აღარ შეიწუხეს…

29 მარტი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 100 000
საქართველო 0:2 გერმანია
გოლები: 0:1 იურგენ კლინსმანი (24), 0:2 იურგენ კლინსმანი (45)
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული (გოჩა გოგრიჭიანი 62), რევაზ არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი 77), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გერმანია: ანდრეას კეპკე, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, შტეფან როიტერი, დიტერ აილტსი, რალფ ვებერი (შტეფან ფროინდი 46), მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ჰაიკო ჰერლიხი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
გაფრთხილება: შტეფან როიტერი, რალფ ვებერი, მარკუს ბაბელი, იურგენ კოლერი
მსაჯები: მარტინ ბოდენი; ს.ბენეტი, რ.პერსონი (ინგლისი)

26 მარტი, 1995. არაოფიციალური ამხანაგური. თბილისი, დინამოს დიღმის ბაზა
საქართველო 1:0 დინამო (თბილისი)
გოლი: მიხეილ ყაველაშვილი

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 აგვისტო)
ფოტო: ჟურნალი დებიუტი / ვარლამ და ზურაბ გენგიურები; Bravo Sport; თამაშის ბილეთი; გაზეთი სარბიელი

ka_GEGeorgian