კვარავარსკვლავი

დამიჯერეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ ხვიჩას რეალური შესაძლებლობები, ის ახლა მხოლოდ იღვიძებს“, – ეს სიტყვები ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისმა გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო დიდი ანგარიშით – ვერონაში 5:2 ტრიუმფის შემდეგ გუშინ მონცა გაანადგურა – 4:0, და ორ ტურში შეგდებული 9 გოლით და ბურთების მშვენიერი შეფარდებით – +7, ცხრილის სათავეშია.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელით არანაკლებ აღფრთოვანებულია სამი მთავარი იტალიური გაზეთი.
კორიერე დელო სპორტის დღევანდელი ნომრის პირველ გვერდს ხვიჩას დიდი ფოტო ამშვენებს წარწერით KVARASTELLA (კვარავარსკვლავი), ქვესათაური კი ასეთია: ქართველი ნაპოლის ახალი სხივია – დუბლი და მონცა განადგურებულია!

გაძეტა დელო სპორტი: ნაპოლის საუკეთესო გარიგება – კვარაცხელიას ამჯერად ორი გოლი გააქვს!

ტუტოსპორტი: ეს კვარანაპოლია!

ვერაფერს ვიტყვი, ჩემთვის, როგორც ჩვენი ფეხბურთის და ამ უნიჭიერესი ბიჭის ერთი რიგითი ქომაგისთვის, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სასიამოვნოა!

ხვიჩა დიეგო მარადონას სახელობის სარბიელზე გუშინ მშვენიერი იყო და სამართლიანად დაიმსახურა კალჩოს სპეციალისტთა საყოველთაო აპლოდისმენტები. და სანამ დღევანდელი, 22 აგვისტოს გამოცემებიდან რამდენიმე აბზაცს ვთარგმნი, მანამდე ორი საინტერესო ფაქტი:

1: ლევან მჭედლიძის შემდეგ ხვიჩა მეორე ქართველია, ვინც სერია ა-ში დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში ეს მესამე „ქართული“ დუბლია იტალიის ელიტარულ დივიზიონში: 2015 წლის 31 მაისს, სან სიროზე, ინტერთან 3:4 წაგებულ თამაშში ლევანმა პირველად გაიტანა ორი გოლი, მეორედ კი 2016 წლის 17 დეკემბერს, კალიარისთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში.

2: ბოლო თორმეტ წელიწადში ხვიჩა მხოლოდ მეოთხე ნაპოლელია, რომელმაც სეზონის პირველ ორ შეხვედრაში გაიტანა გოლი. 2010 წელს ეს ედინსონ კავანიმ შეძლო, 2013-ში ხოსე კალეხონმა, 2017-ში კი ლორენცო ტონელიმ.

ახლა კი რამდენიმე ამონარიდი გაზეთებიდან. კორიერე დელო სპორტის რეპორტიორმა პასკუალე სალვიონემ დაწერა:

„ვინც ლუჩანო სპალეტის გუნდის პირველი ორი თამაში ნახა, იოლად მიხვდება, რომ ნეაპოლში ფენომენი გამოჩნდა – 21 წლის ქართველმა ბიჭმა ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა! მას ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდეს…

ხვიჩამ ორი მარგალიტით გადარია ტრიბუნები: ტიფოზებს ჯერ ინსინიე გაახსენა – ლორენცოს სტილში გახსნა ანგარიში, მეორე გოლის წინ კი მონცას საჯარიმოს მარცხენა კუთხე თავისებურად მოქარგა და მხოლოდ ამის შემდეგ შეაგდო ბურთი“…

გაძეტა დელო სპორტმა ხვიჩას თამაში ძალიან მაღალი – 8,1 ქულით შეაფასა. წლებია ამ გამოცემას ვეცნობი და მერწმუნეთ, დებიუტანტის ასეთი შეფასება არ მახსენდება. გაძეტაში თვით კრიშტიანუ რონალდუსაც კი უფრო ნაკლები ქულები ჰქონდა 2018 წლის ზაფხულში.

ნეაპოლელთა 77-ე ნომერზე ამ გაზეთის ჟურნალისტმა მაურიციო ნიკიტამ თქვა:

„მარადონა ზეიმობს – ნაპოლი, ეს ლამაზი და კოხტა გუნდი ზედიზედ მეორე მეტოქეს გზავნის ნოკაუტში და ამას ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის წყალობით ახერხებს…

კვარადონა დიდებულად იწყებს სერია ა-ს: ორ მატჩში სამი გოლი, თან როგორ?! თავურით, ცაციით, მარჯვენით“!

არასრული ორი ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს ბომბარდირთა ლიდერია 3 გოლით. 28 აგვისტოს მისი იტალიური თავგადასავლის მესამე სერია გველის: ულამაზესი ტოსკანის გულში, ფლორენციაში, არტემიო ფრანკიზე ფიორენტინასთან.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 22 აგვისტო)
ფოტო:
sscnapoli.it; Corriere dello Sport

ka_GEGeorgian