ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #19: საქართველო 2:0 ალბანეთი
ევრო 1996-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ნახევარი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1995 წლის 26 აპრილს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სარბიელზე ალბანეთთან 2:0 გამარჯვებით დაიწყო.
ერთი თვით ადრე გამართულ საუკუნის მატჩთან შედარებით ალბანეთის სანახავად მხოლოდ ოც ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა. ალექსანდრე ჩივაძის მომზადებულმა გუნდმა აუღელვებლად, იოლად გაიმარჯვა, შოთა არველაძის და თემურ ქეცბაიას გოლებით.
მთავარმა მწვრთნელმა რჩეულ ფეხბურთელთა სია 20 აპრილს, ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურის დასრულებისთანავე დაასახელა. ერთი დღის შემდეგ, წითელ პარასკევს, ნაკრებმა დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი შეაღო.
ალექსანდრე ჩივაძის სიაში თავდაპირველად ცხრამეტი ფეხბურთელი მოხვდა:
მეკარეები: აკაკი დევაძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო)
მცველები: მურთაზ შელია და ზაზა რევიშვილი (ორივე ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ბესიკ ბერაძე და ნუგზარ ლობჟანიძე (ორივე თბილისის დინამო), დიმიტრი კუდინოვი (ლიმასოლის არისი, კვიპროსი), გიორგი ჩიხრაძე (შეპეტივკის ტემპი, უკრაინა)
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), გელა ინალიშვილი (ტენის ბორუსია, გერმანია), გოჩა ჯამარაული (თბილისის დინამო), კახი გოგიჩაიშვილი (სამტრედია), იური გაბისკირია (შეპეტივკის ტემპი, უკრაინა), გიორგი ღუდუშაური (ზალმრორი, გერმანია)
თავდამსხმელები: შოთა და არჩილ არველაძეები (ტრაბზონის ტრაბზონსპორი, თურქეთი), დავით ყიზილაშვილი (ნიქოზიის ომონია, კვიპროსი), მიხეილ ყაველაშვილი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), დავით ჯანაშია (სამტრედია).
მას შემდეგ რაც ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველი ოფიციალური საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, მწვრთნელის რჩეულთა შორის პირველად მოხვდნენ ყიზილაშვილი, ჯანაშია, გაბისკირია და ღუდუშაური, ხოლო რაც შეეხება არჩილ არველაძეს, ის მოლდოვასთან ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ დაუბრუნდა მთავარ გუნდს.
გერმანიასთან მატჩის შემდეგ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ რევაზ არველაძე და გოჩა გოგრიჭიანი, კახი ცხადაძემ კი აინტრახტში, ვარჯიშზე, მუხლის მყესები დაიჭიმა და ალბანეთთან ამიტომ ვერ ითამაშა. თუ მათ შესახებ ჟურნალისტებმა წინასწარ იცოდნენ, ჯანაშიას და გაბისკირიას არყოფნა სპორტზე მწერალმა მედიამ მხოლოდ პარასკევს, დღის მეორე ნახევარში შეიტყო. ისინიც ტრავმების გამო დააკლდნენ გუნდს.
შეკრების პირველი ორი დღის განმავლობაში ქინქლაძე მარტო ვარჯიშობდა. ზესტაფონში, მარგვეთთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში გიორგის კუნთი დაეჭიმა და ნაკრების ექიმების, ზაქრო თელიას და დიმიტრი ზაალიშვილის რჩევით, ჩივაძემ სრულად არ დატვირთა.
რადგან ეროვნული პირველობა ვახსენე, ამასაც დავწერ: ლიდერი სამტრედია ბათუმში 1:3 დამარცხდა და მართალია პირველი ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მატჩნაკლულ დინამოს დაწინაურების შანსი მისცა. სანაკრებო შესვენების წინ იმერლები 23 ტურში აღებული 58 ქულით პირველ ადგილზე იყვნენ, უცვლელი ჩემპიონი კი 22 თამაშში 56 ქულით მეორე პოზიციაზე იდგა. დავით ყიფიანის გუნდს ფოთში კოლხეთი 1913-თან გამოტოვებული პაექრობა ელოდა, რომელმაც, მოვლენებს წინ გავუსწრებ და დავწერ: მომდევნო ტურებში განვითარებული ამბების გამო, აზრი დაკარგა. ის თამაში მხოლოდ მას შემდეგ გაიმართა, რაც დინამომ კიდევ ერთი ტიტული გაინაღდა. ამის გამო ყიფიანმა ფოთში ახალგაზრდული შემადგენლობა გაუშვა და გუნდიც, ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, პირველად დამარცხდა დიდი ანგარიშით – 1:5…
23 აპრილს, როცა საქართველო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, დიღმის ბაზაზე ტრადიციული საწვრთნელი თამაში შედგა – ეროვნული გუნდი დინამოს გადახალისებულ შემადგენლობას დაუპირისპირდა. ისევე, როგორც ყველა ასეთი თამაში, ეს სახალისო პაექრობაც საათი გაგრძელდა – 30-წუთიანი ტაიმებით.
გერმანიასთან მოსამზადებელი შეკრებისგან განსხვავებით, ამჯერად მწვრთნელმა ჟურნალისტებს ბაზაზე შესვლის უფლება დართო და მეორე დღეს გულშემატკივრებმაც შეიტყვეს, რომ ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: კარში დევაძე, დაცვაში რევიშვილი-შელია-ჩიხრაძის სამეული, მათ წინ კუდინოვი, ნახევარდაცვის ფლანგებზე ქეცბაია და გოგიჩაიშვილი, შუაში ინალიშვილი, ფორვარდების უკან ჯამარაული, წინ კი შოთა არველაძე და ყიზილაშვილი.
მეორე ტაიმში ჩივაძემ ნაკრების შემადგენლობაში ათამაშა 19 წლის დინამოელი ლევან ცქიტიშვილი და როგორც მოგვიანებით, მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ არა შელიას იძულებითი ცვლილება, ლევანს ოფიციალურ შეხვედრაშიც გამოცდიდა. რაც შეეხება დინამოს, თბილისელთა მაისურით იმ დღეს ოთხმა ვეტერანმა იასპარეზა: გია ფირცხალავამ, კახი სიდამონიძემ, გიორგი შენგელიამ და გრიგოლ ცაავამ. მატჩი დინამომ არჩილ არველაძის და მიხეილ ყაველაშვილის გოლებით 2:1 მოიგო, ნაკრებიდან კი ჯამარაულმა გაიტანა, ყიზილაშვილის პასით…
24 აპრილს გიორგი ქინქლაძემ ვეღარ ივარჯიშა. „დაჭიმულია მარჯვენა ფეხის ბარძაყის მომხრელი წინა ოთხთავა კუნთი, დაზიანება ნაწილობრივია. გიორგის ტკივილები არ აწუხებს, მაგრამ აუცილებლად უნდა დაისვენოს მინიმუმ ათი დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კუნთი გაუწყდეს და ამას რაც მოჰყვება, წარმოდგენაც არ მინდა“, – ასეთი იყო ზაქრო თელიას კომენტარი.
25 აპრილს, შუადღით, თბილისს ალბანეთის ნაკრები ესტუმრა. გერმანელებისგან განსხვავებით ისინი საკმაო ხანს გაჩერდნენ აეროპორტში და სასტუმრო მეტეხშიც სრულად უპასუხეს ჟურნალისტთა შეკითხვებს.
სტუმართა მთავარი მწვრთნელი ნეპტუნ ბაიკო ოპტიმისტურ განწყობაზე იყო. მისმა გუნდმა 29 მარტს მოლდოვას 3:0 სძლია და ამის გათვალისწინებით, მას თბილისშიც წარმატებით თამაში სურდა, მინიმუმ ქულის ეიმედებოდა.
ბაიკოსგან განსხვავებით სხვანაირად ფიქრობდა გუნდი. თბილისში გამომგზავრების წინ ალბანეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა სპორტმა ფეხბურთელებს მომავალი თამაშის პროგნოზი სთხოვა და თექვსმეტი მოთამაშიდან მხოლოდ ტირანელმა ადრიან მემამ განაცხადა, რომ საქართველოდან სამი ქულით დაბრუნდებოდნენ.
„უმძიმესი თამაში გველის, გამეხარდება ქულას თუ ავიღებთ. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, თანამედროვე… ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და ამაში ჯერ კიდევ ტირანაში დავრწმუნდი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ იმ შეხვედრაში ბედი თქვენს მხარეს იყო, ჩვენ ხომ სამჯერ გავარტყით ბურთი ძელს“! – განაცხადა მეორე ბუნდესლიგის ფრაიბურგის წევრმა ალტინ რაკლიმ, რომელსაც გაზეთ სარბიელის ჟურნალისტები მეტეხში გაესაუბრნენ.
26 აპრილს, საქართველოს დროით 18 საათზე, მეტოქეები ეროვნული სტადიონის მწვანე მინდორზე დადგნენ, წამში ნიდერლანდელმა არბიტრმა როლოფ ლუინხემ სასტვენს ჩაბერა და თამაშიც დაიწყო.
და სანამ დეტალებზე დავწერ, უნდა ვთქვა: ტრავმის გამო გუნდს სულ ბოლო მომენტში დააკლდა მიხეილ ყაველაშვილი. ამის გამო ჩივაძეს მხოლოდ ხუთი სათადარიგო ფეხბურთელი დარჩა: მეკარე ზოიძე, მცველები ლობჟანიძე და ბერაძე, ასევე არჩილ არველაძე და ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად მოხვედრილი ლევან ცქიტიშვილი.
მატჩი კი, აქედანვე უნდა ითქვას, რომ ძალიან მოსაწყენი გამოდგა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო დაპირისპირება, რაც კი ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა იმ წლებში იხილეს: საქართველო ერთი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე, მეორე ტაიმში კი მასპინძლებიც მოდუნდნენ და…
ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ მეტოქემ ვერ ივარგა, მეორე წუთზე გაშვებულმა ბურთმა კი მათ საერთოდ ხელი მოუთავა. ჩივაძის ბიჭებმა მშვენივრად ივარჯიშეს, მატჩის სტატუსის გათვალისწინებით კი შესარჩევ ტურნირში სამი ქულაც ჩაიწერეს.
ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა: ჯამარაულმა გამჭოლი პასით შოთა არველაძე მეკარე ფოტო სტრაკოშას შეატოვა და ჩინებულ ფორმაში მყოფმა თავდამსხმელმაც მეოთხე გოლი გაიტანა ამ საკვალიფიკაციოში, 1:0.
ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, სტუმრებმა მეორედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში: ჯამარაულის პასით ამჯერად თემურ ქეცბაიამ შეაგდო, 2:0.
საქართველოს ნაკრებს ტაიმის დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯამარაულმა ამჯერად ყიზილაშვილზე სცადა სახიფათო პასი, თუმცა სტრაკოშამ იყოჩაღა და გადაცემა ჩაჭრა. რაც შეეხება დავითს, 1994 წლის მალტის საერთაშორისო ტურნირის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა საქართველოს მთავარ გუნდში.
ამ სამი მომენტის გარდა, პირველ ტაიმში კიდევ იყო რამდენიმე სახიფათო შეტევა, გოგიჩაიშვილის ჩინებული თამაშიც უნდა აღვნიშნო, ვინც იმ დღეს პირველად გამოჩნდა მარცხენა ფრთაზე და საკმაოდ კარგადაც გაისარჯა, მეორე ნახევარი კი, როგორც ზევით აღვნიშნე, ძალიან მოსაწყენი გამოდგა, თამაშის მიწურულს მაყურებელმა გუნდებს უსტვინა კიდეც.
75-ე წუთზე ცხვირი გაიტეხა მურთაზ შელიამ. ჩვენი გუნდის კაპიტანი საჰაერო ორთაბრძოლისას სალვატორ კაჩაის შეასკდა და მძიმედ დაშავდა, ჩივაძემ ის ნუგზარ ლობჟანიძით შეცვალა. 1994 წლის ივნისში, ნიგერიაში წაგებული თამაშის შემდეგ ლობჟანიძემ პირველად ითამაშა ნაკრების მაისურით, შელიას გასვლის შემდეგ კი სამკლავური ქეცბაიამ მოირგო.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნეპტუნ ბაიკომ თქვა, პირველმა გოლმა გაგვტეხა წელში, თორემ სხვანაირად ვითამაშებდითო. ალექსანდრე ჩივაძეს კი ჟურნალისტებმა პირველად ზაზა რევიშვილის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტის, გიორგი ღუდუშაურის გამოჩენაზე ჰკითხეს.
„გადავწყვიტეთ, რომ დღეს ზაზა არ გვეთამაშებინა. დიახ, მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ მას მხოლოდ ჩვენს ნაკრებში თამაში შეუძლია, რუსეთისაში – არა. ამაზე უეფას ფაქსიც მივიღეთ. რევიშვილი გუნდის წევრად რჩება და გთხოვთ, ამ ამბავს კუდებს ნუ გამოაბამთ“, – ასეთი იყო მთავარი მწვრთნელის პასუხი.
რევიშვილი მშვენიერ ფორმაში იყო, ალანიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ და შეკრებაზე ხომ დიდებულად გამოიყურებოდა. მას ყველა ძირითად შემადგენლობაში ელოდა, მაგრამ ღუდუშაურით შეცვალეს. მაშინ ითქვა, რომ ჩივაძემ ზაზა ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო, რუსეთის პასპორტის აღებისთვის დაითხოვა შეკრებიდან, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებდა, რომ მწვრთნელი და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შელაპარაკდნენ და ფეხბურთელმაც ამიტომ დატოვა შეკრება. რევიშვილი ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა ნაკრებს. როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად…
ის პრესკონფერენცია კი უცნაურად დასრულდა: ალბანელმა ჟურნალისტებმა ალექსანდრე ჩივაძესთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ამის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ივნისამდე დაგვემშვიდობა.
26 აპრილი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 20 000
საქართველო 2:0 ალბანეთი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (2, გოჩა ჯამარაულის პასით), 2:0 თემურ ქეცბაია (42, გოჩა ჯამარაულის პასით)
საქართველო: აკაკი დევაძე, გიორგი ღუდუშაური, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ჩიხრაძე, მურთაზ შელია (კაპ) (ნუგზარ ლობჟანიძე 75), კახი გოგიჩაიშვილი, გელა ინალიშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, დავით ყიზილაშვილი (არჩილ არველაძე 79), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ალბანეთი: ფოტო სტრაკოშა, რუდი ვატა, არიან ჯუმბა, საიმირ მალკო, ედმონდ დალიპი, სულეიმან დემოლარი (კაპ), ინდრიტ ფორტუზი (სოკოლ პრენგა 57), ალტინ რაკლი, სოკოლ კუშტა (ედმონდ დოსტი 83), არდიან მემა, სალვატორ კაჩაი
მწვრთნელი: ნეპტუნ ბაიკო
გაფრთხილება: არიან ჯუმბა
მსაჯები: როლოფ ლუინხე; რ.ოვერკლიფტი, ტ.ვან დაიკი (ნიდერლანდები)
23 აპრილი, 1995. არაოფიციალური ამხანაგური. თბილისი, დინამოს დიღმის ბაზა
საქართველო 1:2 დინამო (თბილისი)
გოლი: გოჩა ჯამარაული; არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 აგვისტო)
ფოტო: ჟურნალი დებიუტი / ვარლამ და ზურაბ გენგიურები; თამაშის ბილეთი