ფლორენციაში… ხვიჩამდე

კვირას, სერია ა-ს მესამე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ფლორენციაში ითამაშებს ფიორენტინასთან. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭი ამ კლუბს შეუერთდა, ნაპოლი და მისი მატჩები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენად იქცა. თამაშმა კი, არტემიო ფრანკიზე რომ უნდა გაიმართოს 28 აგვისტოს, შემოდგომის ის გემრიელი დღეები გამახსენა, პირველად რომ მოვინახულე დიდებული ფლორენცია.
ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ახლა სწორედ ამ თავგადასავალზე დავწერ. აქვე ბოდიშს მოვუხდი ფეხბურთსაც – ეს დიდებული თამაში სულაც არაა პირველი, რაც ფლორენციის ხსენებაზე მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ კალჩოს მუზეუმი და სახელგანთქმული კოვერჩიანო სწორედ ამ ქალაქშია. ფლორენციაში სხვა ბევრი რამეა გაცილებით ფასეული და მიმზიდველი, მათგან რამდენიმე კი, გამიმართლა და მოვინახულე.

შემოდგომის ის მშვენიერი კვირა მეგობრებთან ერთად გავატარე ტოსკანაში. პიზა, სან ჯიმინიანო, სიენა და ლივორნოც ერთად მოვინახულეთ, რამდენიმე კოხტა სოფელშიც შევისეირნეთ, მედიჩების გოლფ-კლუბშიც გვიმასპინძლეს, თუმცა სასტუმრო ფლორენციის გულში ავირჩიეთ, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გვერდით. სხვათა შორის, ეს მშვენიერი ეკლესია ჩვენი აივნიდანაც ჩანდა.

თუმცა, სულ პირველად იყო მარადიული რომი, შემდეგ კი ფლორენცია – სანტა მარია ნოველას რკინიგზის სადგური და იქიდან გამოსვლისთანავე დანახული დუომოს (სანტა მარია დელ ფიორეს ხშირად ასე მოიხსენიებენ) აგურით ნაგები გუმბათი. და რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი სასტუმრო ტაძრიდან ორ ნაბიჯში იყო, რუკაზე უარი ვთქვით – დანიშნულების ადგილისკენ ჩვენს ჭკუაზე დავიძარით, გადავწყვიტეთ, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა.

სანტა მარია დელ ფიორეს (სიტყვასიტყვით: წმინდა მარიამი ყვავილით) შესახებ რაღაცები იტალიაში მოგზაურობამდე წავიკითხე, ერთი ფერადი გზამკვლევი კი იქვე, სასტუმროსთან ჯიხურში შევიძინე და მომდევნო დღეებში დუომოს შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვე. მათ შორის, ის:

…რომ ამ გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა XIII საუკუნის მიწურულს დაიწყო და მხოლოდ 1434 წელს დასრულდა, 140 წლის შემდეგ!

…რომ გუმბათის კენწეროში აგებული მარმარილოს კოშკურაზე დადგმული მოოქროვილი ჯვრის ჩათვლით ტაძრის სიმაღლე 107 მეტრია!

…რომ ყველაზე დიდ პრობლემად უშველებელი გუმბათი იქცა, რომელსაც ბევრი სახელოვანი ოსტატი ამაოდ შეეჭიდა, ბრუნელესკიმ კი, ხერხი სჯობია ღონესაო და, ყველას აჯობა: იმ დროისთვის არნახული პროექტი შესთავაზა ქალაქის თავებს, კონკურსიც მოიგო, ხარაჩოების გამართვიდან თოთხმეტი წლის თავზე კი უკანასკნელი აგურიც დადო. სხვათა შორის, ბრუნელესკის შედევრზე რამდენიმე წლის წინ საინტერესო ფილმი გადაიღეს, ამასწინათ ვნახე დისქავერიზე და თუ თქვენც გაინტერესებთ დიადი ტაძრები და მათი ისტორია, გირჩევთ.

იმ ფერად ბუკლეტს საღამოობით, სასტუმროში დასვენების დროს ვკითხულობდი. და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დაგვეხმარა ფლორენციული მოგზაურობის მაქსიმალურად საინტერესოდ დაგეგმვაში. ბევრი დრო არ გვქონდა, ვცდილობდით შეძლებისდაგვარად ყველაზე საინტერესო ადგილები გვენახა და ამიტომ, აღორძინების ხანის შედევრებით სავსე მუზეუმებსა და გალერეებზე უარი ვთქვით, მხოლოდ ძველი ქალაქის მონახულება გადავწყვიტეთ. არც არაფერი წაგვიგია!

პირველ საღამოს, პიცერიიდან რომ დავბრუნდით, დაქანცული მეგობრები სასტუმროში დავტოვე და შებინდებულზე ისევ ქუჩაში გავედი – საღამოს ხეტიალიც არანაკლებ მიყვარს. თან, ასეთი დიდებული ტაძარი ხელის გაწვდენაზე იყო, ქუჩის გადაღმა კი უგემრიელესი გელატო-ჩოკოლატოც იყიდებოდა. სუპერ კომბინაცია!

სანტა მარია დელ ფიორე მთავარი ტაძრის სახელია, მთლიანი კომპლექსი კი ჯოტოს სამრეკლოს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკას – ბაპტისტერიუმს აერთიანებს. მათ, რომლებსაც ბრინჯაოს და ქვის არაერთი ნაკეთობა ამშვენებს, ქუჩების თბილი განათება თავისებურ ხიბლს მატებდა.

შთამბეჭდავია მთავარ ტაძარზე ოდნავ დაბალი ჯოტოს სამრეკლო. კვადრატის ფორმის ნაგებობას ფლორენციის ისტორიაში გამოჩენილი ხალხის ქვაში ნაკვეთი ფიგურები დიდი ხნის მანძილზე ამშვენებდა. დღეს ისინი ასლებითაა შეცვლილი, ორიგინალები კი სპეციალურად ამ კომპლექსისთვის აგებულ მუზეუმშია დაცული.

რაც შეეხება ბაპტისტერიუმს, ის პირველ რიგში სამოთხის კარებითაა ცნობილი. ამ რვაკუთხა შენობას ოთხი შესასვლელი აქვს, აღმოსავლეთისაზე კი, ვაჭართა გილდიის დაკვეთით, ოსტატებმა, ლორენცო გიბერტიმ და მისმა ვაჟმა, ვიტორიომ იმუშავეს. მათ მიერ დამზადებული კარები ათ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი და თითოეულში ახალი აღთქმის მთავარი სიუჟეტებია ამოკვეთილი. მაგალითად ადამის და ევას დაბადება; მათი სამოთხიდან გაძევება; კაენის მიერ აბელის მოკვლა; ნოე და მისი ოჯახი; მოსე სინას მთაზე და თიხაზე დაწერილი ათი მცნება…

ამბობენ, რომ როცა მიქელანჯელომ მამა-შვილის ნამუშევარი იხილა, აღფრთოვანებულმა თქვა, ეს ნამდვილი სამოთხის კარებიაო! და მას შემდეგ გიბერტების შედევრს ასეც მოიხსენიებენ.

აი, მიქელანჯელოზე კი რა უნდა ვთქვა? უფიცის გალერეაში გენიოსის არაერთი ნამუშევარია გამოფენილი, მაგრამ აკი ვთქვი, იქ ფეხი არ შეგვიდგამს-მეთქი და ეს სრული სიმართლეა.

თუმცა ძალიანაც რომ მოინდომო, ფლორენციას მიქელანჯელოსთან შეხვედრის გარეშე ვერ მოინახულებ და ჩვენც შევხვდით გენიოსს, თან ორჯერ. პირველად სინიორიის მოედანზე, უფიცის გალერეის შესასვლელთან, უშველებელი რიგის ბოლოში – მისმა დავითმა შემოგვანათა. ვიცოდი, რომ ის შედევრის ასლია, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავი იყო! მეორედ კი მიქელანჯელოს მდინარე არნოს გადაღმა, მისსავე მოედანზე ვესტუმრეთ, საიდანაც სულ სხვანაირი ფლორენცია დავინახეთ.

ეს ყველაფერი მეორე დღეს მოხდა და მეც თანმიმდევრობით დავწერ: ჯერ იყო ტრადიციული საუზმე, შემდეგ კი წინა საღამოს დაგეგმილი მარშრუტი – სასტუმროდან პიაცა მიქელანჯელომდე გასავლელი დაახლოებით ათი კილომეტრი. გზად უნდა გვენახა სინიორიის მოედანი, უფიცის ხეივანი, საქვეყნოდ ცნობილი ძველი ხიდი – პონტე ვეკიო, რის შემდეგაც არნოს მეორე ნაპირზე მდებარე პატარა ქედს ავივლიდით და მცირე აღმართის შემდეგ მიქელანჯელოს მოედანზე შევაბიჯებდით.

იტალიის შესახებ გამოცემულ რამდენიმე გზამკვლევში წავიკითხე, რომ ბევრი პატივცემული არქიტექტორის აზრით სინიორიის მოედანი ერთ-ერთი ულამაზესია არა მხოლოდ იტალიაში, ზოგადად მსოფლიოში. ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმას კი დავადასტურებ, რომ შთამბეჭდავია. ჩვენც დიდხანს შეგვიტყუა და როგორც მივხვდი, არასდსროს უჩივის ტურისტების ნაკლებობას.

მოედნის მთავარი სიმბოლოა ძველი სასახლე – პალაცო ვეკიო, 94-მეტრიანი კოშკით, სადაც საუკუნეების წინ მედიჩების გავლენიანი ოჯახი ცხოვრობდა, მცირე ხნით კი მათი მტრებიც.

იქვეა ტოსკანის დიდი ჰერცოგის, კოზიმო I-ის ძეგლი, ბიანკონენოდ წოდებული ნეპტუნის შადრევანი, ჰერკულესის და კაკუსის მომნუსხველი მონუმენტი… ეს ყველაფერი ლამაზია, საუკუნეებს ითვლის და საერთოდ, რამდენი ასეთი ძეგლი უნდა ჩამოვთვალო? ძველი ფლორენცია ერთი დიდი მუზეუმია, გამოფენა ღია ცის ქვეშ!

პალაცო ვეკიოს შემდეგ უფიცის ხეივანი იყო საქვეყნოდ ცნობილი ტოსკანელების ძეგლებით: ლორენცო მედიჩი, ჯოტო, დონატელო, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, დანტე ალიგიერი, ჯოვანი ბოკაჩო, ნიკოლო მაკიაველი, გალიელო გალიელი, ბენვენუტო ჩელინი…

სანაპიროზე გასულებმა ცოტა სული მოვითქვით, ორი წუთით ნიჩბოსნებსაც ვუცქირეთ, მერე წელსზევით შიშველი ბერიკაციც განვიკითხეთ, მდინარის ნაპირთან მშვიდად რომ მიირთმევდა ყავას და აშარად იქაურობის ბატონ-პატრონი იყო და ქალაქის მორიგი სავიზიტო ბარათისკენ გავწიეთ.

პონტე ვეკიო ფლორენციის ათ ხიდს შორის უძველესია და ერთადერთია, რომელიც ახლაც იმ ადგილზეა გადებული, სადაც პირველად ააგეს. ეს 1117 წელს მოხდა, თუმცა მას შემდეგ ხიდმა სამჯერ იცვალა სახე.

დღეს იქაურობა ტურისტების უსაყვარლესი ადგილია: ხიდზე ოქრო-ვერცხლით ნაჭედი და ძვირფასი თვლებით დამშვენებული სამკაულებით გადავსებული ათობით მაღაზიაა. საყურეებით, ყელსაბამებით, ბეჭდებით, მედალიონებით და ათასი სხვა ნაკეთობით აბრჭყვიალებული დახლები რა გასაკვირია და სინიორინებს ძალიან იზიდავს და მათი თანხმლები პატივცემული სინიორებიც არაფერს იშურებენ გულისსწორების გასახარად.

პონტე ვეკიოს თავზე კი ვაზარის დერეფანია. არქიტექტორმა, რომელმაც მისი აგებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, კოზიმო I-ის სურვილი შეასრულა: დიდ მთავარს პალაცო ვეკიოდან პიტის სასახლემდე მშვიდად მისვლა, მდაბიო ხალხთან შეხვედრის გარეშე სურდა და ვაზარი დაიქირავა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს იმ დერეფანში ტურისტები დააბიჯებენ – კედლებს ფერწერული ტილოები ამშვენებს. და თუ სათანადო ბილეთს შეიძენთ, თქვენც გაივლით იქ, თუმცა გიდის თანხლებით.

აქვე ამერიკელი მწერალი დენ ბრაუნი უნდა ვახსენო, სწორედ ის, და ვინჩის კოდით რომ გაითქვა სახელი. პროფესორ რობერტ ლენგდონის შესახებ დაწერილი მისი წიგნებიდან ბოლო, რიგით მეოთხე – ინფერნო, ძირითადად ფლორენციაზეა. მისტერ ბრაუნმა ოსტატურად შეაზავა ქალაქის მდიდარი წარსული, მის სადიდებლად დახარჯული გენიოსების ცხოვრება, მათი შედევრები და საინტერესო თავგადასავალი გვაჩუქა. რამდენიმე წლის წინ ინფერნო რეჟისორმა რონ ჰოვარდმა ფილმად აქცია – პროფესორი საიდუმლოს პასუხს ბაპტისტერიუმში, პალაცო ვეკიოსა და ვაზარის დერეფანში ეძებს. კაი საპოპკორნე ფილმია, მოკლედ რომ ვთქვა.

რობერტ ლენგდონის ის თავგადასავალი სხვა ქალაქში დასრულდა, აი ჩვენი კი – მიქელანჯელოს მოედანზე. იქ რომ ავედით, შუადღე გადასული იყო. დავითის კიდევ ერთ ასლთან რამდენიმე ფოტო გადავიღეთ, უგემრიელესი გელატოებიც ვიყიდეთ, შემდეგ მოაჯირს მივუახლოვდით და, ერთმანეთისთვის ნაღდად არაფერი გვითქვამს, მაგრამ მგონი ყველა მივხვდით: დღე უკეთესად ვერ დამთავრდებოდა – ჩვენს წინ ძველი ფლორენცია გადაიშალა.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ფლორენცია, იტალია; 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერი

ka_GEGeorgian