კვარადონა – კლოპის ვაქცინა

ორი სეზონის გაცდენის შემდეგ ნაპოლი დღეს ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, მეტოქე წინა გათამაშების ფინალისტი ლივერპულია.
ამ თამაშს გაძეტა დელო სპორტი დღევანდელ ნომერში ორ გვერდს უთმობს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ პირველ გვერდზეა!

ეს ნაპოლის და ლივერპულის მეოთხე პაექრობაა ევროპის საკლუბო ტურნირებში. 2010-11 წლების სეზონში მათი გზები ევროპალიგის ჯგუფში გადაიკვეთა (0:0, 1:3), ბოლო ორ შემთხვევაში კი ისინი ჩემპიონთა ლიგაში შეხვდნენ ერთმანეთს:

2018-19: 1:0 ნეაპოლში და 0:1 ლივერპულში.
2019-20: 2:0 ნეაპოლში და 1:1 ლივერპულში.

რაც შეეხება ხვიჩას, დიდი იმედი მაქვს ლუჩანო სპალეტი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენებს და ჩემპიონთა ლიგაში დებიუტს ქართველი კარგი თამაშით აღნიშნავს. გოლითაც თუ გაგვახარა, სულ უკეთესი!

საინტერესოა ისიც, რომ ლივერპულს მის ფლანგზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ჰყავს, ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. 23 წლის ლივერპულელმა ამ სეზონში შვიდ მატჩში უკვე ორი გოლიც გაიტანა, თუმცა ხვიჩას შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვეულად ხშირად მოიცლის თუ არა შეტევისთვის, არ ვიცი.

ფლორენციელი დოდოსადმი პატივისცემის მიუხედავად (ამ სეზონში კვარაცხელიას, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად სწორედ დოდო გაუმკლავდა), ჩვენს ბიჭს სერია ა-ში ალექსანდერ-არნოლდის დონის მოწინააღმდეგესთან არ უთამაშია და თუნდაც მხოლოდ ამიტომაა საინტერესო დღევანდელი დაპირისპირება.

ბოლოს ერთი საინტერესო ფაქტიც: ხვიჩას ევროგამოცდილება კონფერენს ლიგაზე ორი გამოჩენაა, ალექსანდერ-არნოლდს კი ჩემპიონთა ლიგის 47 თამაში უმაგრებს ზურგს.

კი, შთამბეჭდავი სხვაობაა, მაგრამ სპალეტიმ ხომ თქვა, ხვიჩა მინდორზე სათანადოდ თავდაჯერებულიაო. ასე რომ ფორცა ნაპოლი და ფორცა ხვიჩა!

P.S. ნაპოლი-ლივერპულის მატჩს ტურინული გამოცემა ტუტოსპორტიც ეხმაურება, თამაშის ანონს კი პირველ გვერდზე ხვიჩას ფოტო ამშვენებს: „ნაპოლი ოცნებობს, სპალეტი კი, ოსიმენის არყოფნაში, ფსონს ქართველზე აკეთებს. კვარადონაკლოპის ვაქცინა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 სექტემბერი)
ფოტო:
sscnapoli.it; La Gazzetta dello Sport; Tuttosport

ka_GEGeorgian