ფორცა ხვიჩა! ფორცა ნაპოლი!

ღმერთო დიდებულო, ეს საოცარი ნაპოლია! – გაძეტა დელო სპორტი…
ფენომენაპოლი! – კორიერე დელო სპორტი…
იდეალური ნაპოლი! – ფუტბოლიტალია…

ასეთი სათაურებით გამოეხმაურნენ იტალიური ბეჭდური და ონლაინ გამოცემები ჩემპიონთა ლიგაში ნაპოლის დაბრუნებას და პირველივე ტურში დიდებულ გამარჯვებას გასული გათამაშების ფინალისტ ლივერპულთან.

სერია ა-ში მშვენიერი სტარტის შემდეგ ნეაპოლელებმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიც დიდებულად დაიწყეს და გუშინ, სტადიო მარადონაზე მორიგი შთამბეჭდავი სანახაობით 4:1 გაანადგურეს ლივერპული.

2003-04 წლების სეზონის შემდეგ, როცა არსენალი ინტერთან 0:3 განადგურდა, ინგლისურმა კლუბმა პირველად დაიწყო ლიგა ასეთი მწარე მარცხით. ამავდროულად, ეს იყო ჩემპიონთა თასზე/ლიგაში ლივერპულის ანტირეკორდის გამეორება.

და ძალიან სასიამოვნოა, რომ მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა უკვე მონათლეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ, არცთუ მოკრძალებული წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, ჩვენი ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა და იმედმა.

ყველა საერთაშორისო საკლუბო ტიტული მომგებმა რაფაელ ბენიტესმა, ვინც ახლო წარსულში ლივერპულსაც წარმატებით წვრთნიდა და ნაპოლისაც, გუშინდელ შეხვედრამდე კვარაცხელიაზეც ისაუბრა და თქვა, დიდი ალბათობით ქართველი დღეს იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელიაო.

დაახლოებით იგივე განაცხადა კალჩოს ლეგენდამ, იუვენტუსის ცოცხალმა სიმბოლომ ალესანდრო დელ პიერომ, ნეაპოლელთა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ კი საკლუბო ბლოგში დაწერა, კვარა ასაკთან შედარებით ძალიან დაბრძენებულიაო.

ასეთი ხალხის სიტყვები, ლივერპულის დონის კლუბთან მატჩის წინ, ერთგვარი ტვირთიცაა და ძალიან მიხარია, რომ ხვიჩა ამ ყველაფერმა გრამითაც არ დაამძიმა: პირველივე წუთიდან ჩვეულად დაჰქროდა მარცხენა ფლანგზე და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან ერთად ჯოზეფ გომესსაც იოლად გაუმკლავდა. მატჩის წინ დავწერე, ხვიჩას და ალექსანდერ-არნოლდის პაექრობა ძალიან მაინტერესებს, ინგლისელი ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია-მეთქი. მისი სტატუსი, ალბათ, არც გუშინდელი საღამოს შემდეგ შეიცვლება, მაგრამ იტალიის სამხრეთში ვიზიტი მას, დიდი ეჭვი მაქვს, ტკბილად არასდროს მოაგონდება. იმიტომ, რომ ალექსანდერ-არნოლდი ხვიჩასთან, არ შემეშინდება ამის თქმის, გა ნა დგურ და! ასე დაჩაგურული კი ის პირველად ვნახე. და ბარემ ამასაც დავწერ: ეს ძალიან სასიამოვნო იყო!

ჯოვანი სიმეონეს გოლზე კი, რა უნდა ვთქვა? ის თავიდან ბოლომდე ხვიჩას დამსახურებაა, რომელმაც იმ ეპიზოდში მონოსპექტაკლი შემოგვთავაზა და თამაშის დასრულებიდან მცირე ხანში ლეგენდარული ტიერი ანრის ქებაც დაიმსახურა. ყველაფრის მომგები ფრანგი ცხრა მთის იქიდან ადევნებდა თვალს ნაპოლი-ლივერპულის შეხვედრას, თუმცა როგორც მრავლისმნახველმა, ზუსტად დაინახა ის, რაც ასე მოგვწონს ჩვენიანში: საკუთარი ძალების რწმენა, ტექნიკა, ხსეულის პლასტიკა და მოედნის ხედვა.

არანაკლებ სასიამოვნო იყო მასზე არანაკლებ ლეგენდარული გარი ლინეკერის გამოხმაურებაც. მექსიკა 1986-ის საუკეთესო ბომბარდირმა და დღეს ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო ექსპერტმა მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაწერა: „ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის პირველად ლაციოს წინააღმდეგ ვნახე და საოცარი იყო! მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარ-სახელის წარმოთქმა“.

დღეს დილით, როცა იტალიურ გამოცემებს გადავავლე თვალი, ნაპოლის შესახებ ყველა აღფრთოვანებული საუბრობს, ხვიჩას შესახებ კი ასეთები ეპითეტები წავიკითხე:

„კვარა თვალწარმტაცია! ტრანსფერმარკეტის მიხედვით ლივერპულის ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 884 მილიონი ევროა, ნაპოლიმ კი ქართველი სულ რაღაც ათ მილიონად შეიძინა. და სწორედ მან მოგვცა ის განსხვავება, რამაც ეს გამარჯვება გამოჭედა“, – კორიერე დელო სპორტი…

„ხვიჩა კვარაცხელია ვერავინ გააჩერა“ – ფუტბოლიტალია…

საოცარი საღამო იყო, მართლა დაუვიწყარი! და ალალი მადლობა კვარას, რადგან ძალიან დიდი ხანია ჩვენი ფეხბურთელით ასეთი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, ყველაზე ძალიან კი ის მახარებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ფორცა ხვიჩა! ფორცა ნაპოლი!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 8 სექტემბერი)
ფოტო:
sscnapoli.it; Corriere dello Sport

ka_GEGeorgian