მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია: ესპანეთი 1982
ესპანეთი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მასპინძლად 1966 წლის 6 ივლისს, ლონდონში გამართულ ფიფას კონგრესზე დასახელდა. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში იმ დღეს სამი ტურნირი გაანაწილეს: 1974 წლის გათამაშება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ერგო, მომდევნო შეჯიბრება – არგენტინას, 1982 წლისთვის კი ესპანეთი შეარჩიეს.
ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა თანამდებობაზე არჩევისთანავე განაცხადა, რომ ფინალური ეტაპის ფორმატი აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. ბრაზილიელმა ნელ-ნელა დაიწყო რეფორმები, არგენტინა 1978-ის შემდეგ კი გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა თექვსმეტიდან ოცდაოთხ გუნდამდე გაიზრდებოდა.
„ფეხბურთი ყველას ეკუთვნის! არცერთი კონტინენტი და არცერთი ქვეყანა თავს განდეგილად არ უნდა გრძნობდეს“! – ამ სიტყვებით დაასრულა ჟოაო აველანჟმა იმ პროექტის წარდგენა, რომელიც ყველამ მოიწონა. სიახლეს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ აფრიკის, აზიის და ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაციებში გაერთიანებული ქვეყნები – ამიერიდან მათ ტურნირში მონაწილეობა განაღდებული ჰქონდათ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გათამაშების ისტორიაში პირველად, ოქროს თასისთვის ბრძოლაში ფიფას წევრი ყველა, ექვსივე კონფედერაციდან ჩაერთო მინიმუმ თითო გუნდი. მეორედ ასეთი რამ მხოლოდ ოცდაოთხი წლის შემდეგ მოხდა, 2006 წელს, გერმანიაში.
მასპინძელ ესპანეთს და მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას ტრადიციულად, პირდაპირ ერგოთ ფინალური ეტაპის საგზური, დარჩენილი ოცდაორი ადგილი კი ასე გადანაწილდა: ევროპა – 13, სამხრეთი ამერიკა – 3, ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა (კონკაკაფი) და აფრიკა – 2-2, აზია და ოკეანეთი – 1-1.
საკვალიფიკაციო ტურნირში ხელი მოეცარა ბოლო ორი გათამაშების ფინალისტს ნიდერლანდებს. 70-იანი წლების ვარსკვლავებმა თავის გზა განვლეს, ეროვნულ გუნდში დაწინაურებული ახალი თაობა კი, როგორც ჩანს, სათანადოდ მზად არ აღმოჩნდა. ნარინჯისფერები ბელგიას, საფრანგეთს და ირლანდიას ჩამორჩნენ, მათ მხოლოდ კვიპროსს აჯობეს.
ასევე არ გაუმართლათ შვედეთს და პორტუგალიას, სამაგიეროდ, თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონატს დაუბრუნდნენ ინგლისელი და საბჭოთა ფეხბურთელები.
ისევე, როგორც არგენტინა 1978-ის შესარჩევში, თბილისმა ამ გათამაშების საკვალიფიკაციო მატჩებსაც უმასპინძლა. 1981 წლის 28 ოქტომბერს სსრკ-ის ნაკრებმა საქართველოს დედაქალაქში ჩეხოსლოვაკია დაამარცხა – 2:0 (ორივე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა), 18 ნოემბერს კი უელსს სძლია – 3:0 (ვიტალი დარასელია, ოლეგ ბლოხინი, შენგელია).
არგენტინაში იტალიამ ჩინებულად ითამაშა, მასპინძლებსაც სძლია, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ენცო ბეარზოტის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო წლებში მხოლოდ მოუმატებდა.
სპეციალისტები ელოდნენ, რომ სკუადრა აძურა 1980 წელს, იტალიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა – ევრო 1980 მასპინძლებმა ამეოთხე ადგილზე დაასრულეს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი საკლუბო ფეხბურთში მომხდარი სკანდალური ამბებია: 1980 წლის 23 მარტს აპენინელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული მოთამაშე პირდაპირ სტადიონებზე დააკავეს. მართლმსაჯულების რისხვას ვერც მაღალჩინოსნები გადაურჩნენ, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბი მილანი კი, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო, სერია ბ-ში დააქვეითეს.
ესპანეთი 1982-ის შესარჩევში იტალიელებმა მეორე ადგილი დაიკავეს – იუგოსლავიის ნაკრებს ქულით ჩამორჩნენ. ბეარზოტის ჟურნალისტების რისხვა დაატყდა თავს, ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად კი კრიტიკამ მხოლოდ იმატა. ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიამ ერთი ამხანაგურიც ვერ მოიგო: 23 თებერვალს პარიზში საფრანგეთთან დამარცხდა, 14 აპრილს ლაიპციგში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან მოეცარა ხელი, 28 მაისს, ჟენევაში, შვეიცარიასთან მატჩი კი 1:1 დასრულდა (ანტონიო კაბრინიმ მხოლოდ 79-ე წუთზე გაიტანა საპასუხო გოლი).
იტალიისგან განსხვავებით, შესარჩევში შეუდარებელი იყო ევროპის ჩემპიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა: იუპ დერვალის გუნდმა ყველა, რვავე თამაში მოიგო და ოცდაცამეტი გოლის წილ მხოლოდ სამი გაუშვა. ასევე ყველა, ოღონდ ოთხი შესარჩევი თამაში მოიგო პოლონეთმაც.
ესპანეთის საგზური მოიპოვეს და პირველად მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე ალჟირის, კამერუნის, ჰონდურასის, კუვეიტის და ახალი ზელანდიის ნაკრები გუნდები.
ტურნირის თილისმა ნაკრების ფორმაში გამოწყობილი მხიარული ფორთოხალი ნარანხიტო (პატარა ფორთოხალი) გახდა, ადიდასმა კი სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის დამზადებულ ბურთს ტანგო ესპანია უწოდა.
ფინალური ეტაპი
ჯგუფების წილისყრა 1982 წლის 16 იანვარს გაიმართა მადრიდში, კონგრესის სასახლეში. ცერემონიას ფიფას მაღალჩინოსნები, ორგანიზაციის მომავალი პრეზიდენტი და იმხანად აველანჟის მარჯვენა ხელი იოზეფ ბლატერი, ასევე ესპანეთი 1982-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჰერმან ნოიბერგერი ხელმძღვანელობდნენ.
მასპინძელი ესპანეთის და ჩემპიონი არგენტინის გარდა განთესილთა შორის მოხვდნენ ბოლო მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანი ბრაზილია, არგენტინა 78-ის მეოთხეადგილოსანი იტალია, ევროპის ჩემპიონი გფრ და ინგლისი.
მონაწილეთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კვლავ შეიცვალა ჩემპიონატის ფორმატი. ისტორიაში პირველად დაკომპლექტდა ექვსი ოთხგუნდა ჯგუფი, საიდანაც მეორე ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადიოდა. ეს თორმეტი გუნდი იქ ოთხ სამგუნდა ჯგუფს ქმნიდა. მომდევნო, მესამე ეტაპი ნახევარფინალი იყო, სადაც მხოლოდ პირველადგილოსნები გადიოდნენ. სულ ბოლოს იყო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.
სკუადრა აძურამ კვლავ განაგრძო არადამაჯერებელი თამაში და A ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები პოლონეთის, პერუს და კამერუნის ნაკრები გუნდები იყვნენ, ერთი მატჩიც ვერ მოიგო. იტალიელებმა პოლონელებთან უგოლოდ ითამაშეს, პერუსთან და კამერუნთან კი ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. საბოლოოდ სამი შეხვედრა, ყველა ფრე, სამი ქულა, ბურთების შეფარდება კი ნული – ორი გაშვებული გოლი ორი გატანილის წილ.
ბეარზოტის გუნდი შინ დაბრუნებას სწორედ ამ ორი ბურთის წყალობით გადაურჩა. საქმე ისაა, რომ მესამე ადგილზე გასულმა კამერუნმაც სამი ქულა დააგროვა, თუმცა იტალიაზე ერთით ნაკლები გაიტანა.
„ხალხი ჩემგან გოლებს ელოდა, მე კი ძალიან მიჭირდა. ლამის ორწლიანი უმოქმედობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ძნელი იყო… თუმცა, ვგრძნობდი, რომ გუნდი მენდობოდა, განსაკუთრებით კი ენცო ბეარზოტი. ის რომ არა, იტალია ჩემპიონი ვერ გახდებოდა! პრესა? მაკრიტიკებდნენ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. საერთოდ, ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, რაც კონცენტრაციაში მეხმარებოდა“, – იტალიელთა მთავარმეგოლე პაოლო როსიმ ესპანეთის ამბები ფიფას ოფიციალურ გამოცემასთან საუბრისას გაიხსენა.
კამერუნის ასპარეზობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ესპანეთი 1982-ის აღმოჩენად შავი კონტინენტის მეორე წარმომადგენელი ალჟირი იქცა: B ჯგუფის პირველ ტურში, 16 ივნისს, ხიხონში, აფრიკელებმა გფრ-ის ნაკრები რაბა მაჯერის და ლაკდარ ბელუმის გოლებით 2:1 დაამარცხეს, ბოლო შეხვედრაში კი ჩილესაც სძლიეს – 3:2! მაგრამ საოცარი ისაა, რომ ორი გამარჯვების მიუხედავად ალჟირი მეორე ეტაპზე ვერ გავიდა. მიზეზი გფრ-ის და ავსტრიის ნაკრებთა შორის ერთი დღის შემდეგ გამართული ყოვლად ამაზრზენი თამაშია.
გერმანელებმა და ავსტრიელებმა იცოდნენ, რომ ბუნდესგუნდის ერთი ან ორი ბურთით გამარჯვება ორივეს აწყობდა: ამ შემთხვევაში მეორე ეტაპზე სწორედ ისინი გავიდოდნენ. ასეც მოხდა: ევრო 1980-ის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ჰორსტ ჰრუბეშმა (კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში მან დუბლი შეასრულა) ავსტრიას მე-10 წუთზე გაუტანა გოლი და მას შემდეგ, დარჩენილი ოთხმოცი წუთის განმავლობაში, ფეხბურთელები მოედნის ცენტრში იდგნენ. სირცხვილი ხიხონში – 25 ივნისს გამართულ იმ მატჩს დღეს ასე იხსენიებენ.
მომხდარით შეურაცხყოფილმა ალჟირის ნაკრებმა ფიფას მიმართა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გფრ-ავსტრიის მატჩის შედეგი, რა თქმა უნდა არ შეცვალა, მაგრამ ნათლად დაინახა, რომ ფორმატი ჯერ კიდევ დასახვეწი იყო.
C ჯგუფის სტარტზე, 15 ივნისს ელჩეში, უნგრეთმა 1954 წელს დამყარებული თავისივე რეკორდი (9:0 სამხრეთ კორეასთან) გაიმეორა და თან ახალიც დაამყარა – სალვადორს ცხრა ბურთის სხვაობით აჯობა, მაგრამ ათი გოლი გაუტანა – 10:1! არც მანამდე და არც მას შემდეგ სხვა ნაკრებს ფინალურ ეტაპზე ერთ მატჩში ათი გოლი არ გაუტანია.
ამ შეხვედრაში ორი პირადი რეკორდი დაამყარა ლასლო კიშმა: ჯერ ერთი რომ უსწრაფესი ჰეთ-თრიქი მიითვალა – 69-ე, 72-ე და 77-ე წუთებზე გაიტანა სამი გოლი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს შეცვლაზე შესულმა მოახერხა და დღემდე ერთადერთია, რომელმაც ასეთი რამ შეძლო!
ზღაპრული სტარტის მიუხედავად, უნგრეთი სამი ქულით ჯგუფში ჩარჩა: ჩემპიონმა არგენტინამ ქულით აჯობა. არგენტინასთან ერთად მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბელგიამ.
18 ივნისს, ალიკანტეში, უნგრეთთან 4:1 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა სამხრეთამერიკელთა ლიდერმა დიეგო არმანდო მარადონამ, რომელიც ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთში დარჩა – ბარსელონამ ბოკა ხუნიორსის ვარსკვლავი ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე შეიძინა იმ დროს არნახულ ფასად – 7,6 მილიონ დოლარად!
D ჯგუფში ისტორიაში უსწრაფესი გოლი გავიდა: 16 ივნისს, ბილბაოს სან მამესზე, ინგლისელმა ბრაიან რობსონმა 27-ე წამზე გაუტანა საფრანგეთის ნაკრების მეკარე ჟან-ლუკ ეტორის. ბრიტანელებმა მომდევნო თამაშებიც მოიგეს და მეორე ეტაპზე ქულათა მაქსიმუმით გავიდნენ.
21 ივნისს, ვალიადოლიდში, ელ პრადოზე გამართულ საფრანგეთი-კუვეიტის მატჩში საოცარი რამ მოხდა: მსაჯმა ჩათვლილი გოლი… გააუქმა! ფრანგებმა 4:1 გაანადგურეს მეტოქე, ის ეპიზოდი კი მაშინ მოხდა, როცა ანგარიში 3:1 იყო.
ისტორიული, გაუქმებული გოლი ალენ ჟირესმა შეაგდო, ბორდოს ტანმორჩილმა ნახევარმცველმა, ვინც 2004-2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა. საბჭოთა მსაჯმა მიროსლავ სტუპარმა კუვეიტელთა კარში გასული გოლი ჩათვალა და ცენტრისკენ მიუთითა.
მაგრამ კუვეიტელებმა თამაშის განახლება იუარეს, მალე კი მინდორზე ქვეყნის ემირის ძმა, იმავდროულად კუვეიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შეიხი ფაჰად ალ აჰმედ ალ ჯაბერ ალ საბაჰიც გამოჩნდა და სტუპარს გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვა. არავინ იცის რატომ, მაგრამ მსაჯმა უკან დაიხია და წესების სრული დაცვით გატანილი და ჩათვლილი ჟირესის გოლი გააუქმა!
საბჭოთა მსაჯს ეს საქციელი, ცხადია, ძალიან ძვირად დაუჯდა: ფიფამ სამუდამოდ მოკვეთა საერთაშორისო სარბიელიდან. რაც შეეხება კუვეიტის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს, მას ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.
მასპინძელმა ესპანეთმა E ჯგუფში იასპარეზა, რომელიც… ჩრდილოეთი ირლანდიის გამარჯვებით დასრულდა. პირველადგილოსანი უკანასკნელ ტურში, 25 ივნისს, ვალენსიაში, ესტადიო ლუის კასანოვაზე გამოვლინდა – ბრიტანელებმა ესპანელები 1:0 დაამარცხეს.
17 ივნისს, სარაგოსას ლა რომარედაზე კი კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა: იუგოსლავიასთან მატჩში ჩრდილოირლანდიელთა შორის 17 წლის და 41 დღის ნორმან უაითსაიდმა ითამაშა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა – უაითსაიდმა პელეს მიღწევა გააუმჯობესა.
საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის უცნაური გადაწყვეტილებით ერთდროულად სამი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა – ვალერი ლობანოვსკი (კიევის დინამო), კონსტანტინ ბესკოვი (მოსკოვის სპარტაკი), ნოდარ ახალკაცი (თბილისის დინამო) – ბოლო, F ჯგუფში მოხვდა ბრაზილიის, ახალი ზელანდიის და შოტლანდიის ნაკრებ გუნდებთან ერთად.
„ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში მართლა შეგვეძლო წარმატებით გამოსვლა, მაგრამ როცა სამი მწვრთნელი დაგვინიშნეს, მივხვდი, რომ მოსკოვში სხვანაირად ფიქრობდნენ. ახალკაცის, ბესკოვის და ლობანოვსკის ერთად დანიშვნა დიდი შეცდომა იყო და ეს ესპანეთში ნათლად გამოჩნდა: ბესკოვი სხვანაირად გვავარჯიშებდა, ლობანოვსკი სულ სხვას ითხოვდა ჩვენგან… მოკლედ, სამწვრთნელო შტაბში დიდი არეულობა იყო“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ წლების შემდეგ.
14 ივნისს, სევილიის რამონ სანჩეს პისხუანზე, სსრკ 1:2 დამარცხდა ბრაზილიასთან. კაპიტანი ჩივაძე გახლდათ, მის გარდა კი სამხრეთამერიკელთა წინააღმდეგ თენგიზ სულაქველიძემ, ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ ითამაშეს. ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
„ვერ ვიტყვი, რომ ბრაზილიასთან საუკეთესოდ ვითამაშე, მაგრამ იმ მართლა ძალიან მაგარ ნაკრებს გოლი გავუტანე და ამით დღემდე ვამაყობ. მართალია მსაჯმა ის ბურთი არ ჩათვალა, მაგრამ ჩემთვის ის დარტყმა მაინც ჩუმ და ტკბილ მოგონებად რჩება… 1:2 დავმარცხდით, მე კი 1:0-ზე გავიტანე… ეგ კიდევ არაფერი, არჩათვლილი გოლიდან რამდენიმე წუთში საჯარიმოში წამაქციეს, მაგრამ არავითარი პენალტი – მსაჯმა თავი დაიბრმავა! მოკლედ, გულდასაწყვეტი დღე იყო, არადა, ცუდად არ გვითამაშია“, – რამაზ შენგელიას ერთ-ერთი ინტერვიუდან.
სელესაოსთან თამაშს ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს: „ესპანეთში პირველივე შეხვედრაში ბრაზილიას შევხვდით. მანამდე შვედებთან ამხანაგურ მატჩში კუნთი დამეჭიმა და სრული დატვირთვით მხოლოდ სამხრეთამერიკელებთან თამაშის წინ ვივარჯიშე… კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც… მერე მსაჯმა შენგელიას გოლი არ ჩაუთვალა და პენალტიც არ მოგვცა, სულ ბოლოს კი სოკრატესის და ედერის ზღაპრული გოლები იყო“.
19 ივნისს, მალაგაში, საბჭოთა კავშირმა 3:0 გაანადგურა ახალი ზელანდია. ოთხივე თბილისის დინამოელი ძირითად შემადგენლობაში იყო: ჩივაძე, სულაქველიძე, დარასელია, შენგელია.
მეორე ეტაპზე თამაშის უფლება საბჭოთა ნაკრებმა შოტლანდიასთან მატჩში მოიპოვა, რომელიც კვლავ მალაგაში გაიმართა და 2:2 დასრულდა.
ბრიტანელებთან თამაში იმიტომაა გამოსარჩევი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა ერთ მატჩში ორი „ქართული“ გოლი: 59-ე წუთზე ჩივაძემ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა, 84-ე წუთზე კი შენგელიამ დააწინაურა გუნდი. სამწუხაროდ, მის შემდეგ ქართველებს მსოფლიო პირველობაზე გოლი აღარ გაუტანიათ.
„შოტლანდიასთან მე და შენგელიამ შევაგდეთ… ხომ გახსოვთ, მეტოქემ პირველი ბურთი ჩემი უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა. რომ წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე მეუღლეს, მშობლებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს, მივხვდი, რომ მომხდარი თავადვე უნდა გამომესწორებინა… შესვენებაზე, გასახდელში კაციშვილი ხმას არ იღებდა. ვგრძნობდი, რომ როგორც კაპიტანს, რაღაც უნდა მეთქვა და დავიწყე: ბიჭებო, ასე საზიზღრად არასდროს მითამაშია, მაგრამ რადგან წინ მეორე ტაიმია, მენდეთ, ეს ჩემი თამაში იქნება და გეხვეწებით, ამყევით-მეთქი. ხმა არავის ამოუღია, მე კი ძალიან აღგზნებული ვიყავი – ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი მინდორზე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა“, – ალექსანდრე ჩივაძის მოგონებებიდან.
ჯგუფი ბრაზილიამ მოიგო, რომელმაც სსრკ-თან გამარჯვების შემდეგ შოტლანდიას 4:1, ახალი ზელანდიის ნაკრებს კი 4:0 სძლია. შეუდარებელი იყო თეთრ პელედ მონათლული არტურ ანტუნეშ კოიმბრა ზიკო და საერთოდ, ის გუნდი ნამდვილი ვარსკვლავთკრებული იყო: გუნდის კაპიტანი სოკრატესი, ჟუნიორი, ტონინიო სერეზო, პაულო რობერტო ფალკაო, ედერი… ასეთი ძლიერი სელესაო საფეხბურთო სამყაროს 1970 წლის შემდეგ არ ენახა. პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტელე სანტანას გაწვრთნილი გუნდი თასის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა…
მეორე ეტაპზე საბჭოთა ნაკრები ბელგიის და პოლონეთის მხარდამხარ მოხვდა. ჯგუფს რთული ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდი ერთ მუშტად შეკრული არ იყო.
ბელგიასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ (ჩივაძემ შეუცვლელად ითამაშა, შენგელია 89-ე წუთზე შეცვალა სერგეი როდიონოვმა, დარასელია კი ანდრეი ბალის ნაცვლად გამოჩნდა 88-ე წუთზე) ლობანოვსკი-ბესკოვი-ახალკაცის გუნდმა გადამწყვეტ მატჩში პოლონეთს ვერ მოუგო და ჩემპიონატი კიდევ ერთხელ დაასრულა დაგეგმილზე ადრე.
„საბჭოთა კავშირი თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ გავიდა ფინალურ ეტაპზე. ყველას ძალიან გაგვეხარდა, მაგრამ გაზაფხულზე იმხელა საწვრთნელი შეკრება მოგვიწყვეს, მალე ბურთის დანახვაზე გული მერეოდა… ესპანეთში უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ თუ გუნდის „სამზარეულოს“ გავიხსენებ, ვთვლი, რომ მომხდარი ლოგიკურიც იყო – ის ნაკრები არ იყო ერთიანი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა. თან, ესპანეთში ყიფოს და გუცაევის არწაყვანაც დიდი შეცდომა იყო“, – შენგელიას მოგონებებიდან.
თბილისის დინამოელებმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბოლოს სწორედ იმ დღეს, 1982 წლის 4 ივლისს ითამაშეს: ბარსელონაში, კამპ ნოუზე, პოლონელთა წინააღმდეგ ჩივაძემ და სულაქველიძემ შეუცვლელად იასპარეზეს, შენგელიამ 57 წუთი დაჰყო მინდორზე – სერგეი ანდრეევმა შეცვალა, დარასელია კი 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში იური გავრილოვის ნაცვლად…
პოლონეთმა კი თასისკენ სვლა განაგრძო. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, 28 ივნისს, მათ ზბიგნევ ბონეკის ჰეთ-თრიქით ბელგიელები გაანადგურეს – 3:0.
ინგლისმა მეორე ჯგუფური ეტაპიც წაუგებლად დაასრულა, თუმცა ერთ შეხვედრაშიც ვერ გაიმარჯვა და ნახევარფინალს მიღმა აღმოჩნდა. ეს პატივი კი ბუნდესნაკრებს ხვდა წილად, რომელმაც ინგლისელებთან 0:0-ის შემდეგ ესპანეთს 2:1 მოუგო.
იტალია სიკვდილის ჯგუფში მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინასთან და წინა გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანთან, პირველი ეტაპის შემდეგ ტურნირის მთავარ ფავორიტად მონათლულ ბრწყინვალე ბრაზილიასთან ერთად.
29 ივნისს, ბარსელონის მეორე სარბიელ სარიაზე, იტალია არგენტინას დაუპირისპირდა. ოთხი წლით ადრე გამართული პაექრობა აპენინელთა გამარჯვებით დასრულდა და ბეარზოტის გუნდმა კვლავ დაამარცხა სესარ ლუის მენოტის გუნდი, ამჯერად 2:1.
სკუადრა აძურამ გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ ჯგუფურ ეტაპზე და აშკარად აჯობა მეტოქეს, გაეტანო შირეამ და კლაუდიო ჯენტილემ კი ურთულესი პირადი ორთაბრძოლები მოიგეს მარიო ალბერტო კემპესთან და დიეგო არმანდო მარადონასთან.
იტალიელებმა შესვენების შემდეგ გაიხარეს: 55-ე წუთზე მარკო ტარდელიმ დაარტყა ზუსტად, 67-ზე კი ანტონიო კაბრინიმ გააორმაგა უპირატესობა.
„ძალიან ძლიერად ვითამაშეთ იმ არგენტინის წინააღმდეგ, სადაც პასარელა, მარადონა, არდილესი, გალიეგო და სხვა დიდი ვარსკვლავები ასპარეზობდნენ. ჩვენ სათანადო ტაქტიკა შევარჩიეთ და მშვენიერი გოლებიც გავიტანეთ, ჩემს საგოლე დარტყმას კი დღემდე დიდი სიამოვნებით ვიხსენებ, რადგან სწორედ იმ ბურთმა გამომაცოცხლა: მარცხნიდან საჯარიმოში სულ ოდნავ ვიყავი შესული, როდესაც პასი მივიღე, მგონი ანტონიონიმ მომაწოდა ბურთი… ბევრი არ მიფიქრია, დავარტყი და წამში საოცარი სიხარული ვიგრძენი! ეს საუცხოო განცდა იყო – მე ხომ პირველად გავიტანე იმ მსოფლიო ჩემპიონატზე! განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა, სიტყვებით ვერ აღვწერ და არც ის ვიცი, ასეთი გრძნობა საიდან მოდის. მეგონა ავფეთქდებოდი“! – აძურის ერთ-ერთი ლიდერის მარკო ტარდელის მოგონებებიდან.
2 ივლისს ჩემპიონებმა თასისკენ სვლა შეწყვიტეს – არგენტინა 1:3 დამარცხდა ბრაზილიასთან. მენოტის გუნდის ახალგაზრდა ლიდერი მარადონა კი მსაჯმა 85-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევა – არგენტინელმა ჟოაო ბატისტას წიხლი ჩააზილა…
ჯგუფის გამარჯვებული და შესაბამისად, ნახევარფინალისტი 5 ივლისს გამოვლინდა. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ეფექტურ საფეხბურთო სპექტაკლს, იტალია-ბრაზილიის სუპერდაპირისპირებას, ბარსელონის სარიამ უმასპინძლა.
საწყის ნახევარ საათში პაოლო როსის ორი გოლი ჰქონდა გატანილი: მე-5 წუთზე, კაბრინის პასის შემდეგ, თავურით გახსნა ანგარიში, 25-ე წუთზე კი სერეზოს პასი ჩაჭრა და კიდევ ერთხელ დააწინაურა იტალია – 2:1. როსის დუბლს შუა, მე-12 წუთზე, სოკრატესმა პირველად გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ბრაზილიამ ზეწოლა გააძლიერა და 68-ე წუთზე, როგორც იქნა, მეორე საპასუხო ბურთი გაიტანა – რობერტო ფალკაომ ეფექტური ცრუმოძრაობით ერთბაშად სამი იტალიელი მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა – 2:2.
იმ შემთხვევაში თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, ნახევარფინალში ბრაზილია გავიდოდა, მაგრამ 74-ე წუთზე როსიმ კიდევ ერთხელ დასაჯა მეტოქე: კუთხურის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა – 3:2.
86-ე წუთზე იტალიელებმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდეს, მაგრამ ჯანკარლო ანტონიონის გოლი მსაჯებმა შეცდომით დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს. იტალიელთა ვეტერანი კაპიტნის დინო ძოფის გმირობაზეც უნდა ითქვას: როცა ანგარიში 3:2 იყო, მან ოსკარის ურთულესი დარტყმა მოიგერია და მე თუ მკითხავთ, ეს ბენქსის მიერ 1970 წელს პელეს თავურის მოგერიებაზე არანაკლები მომენტი გამოდგა. ნახეთ თამაშის ჩანაწერი და ვფიქრობ, დამეთანხმებით.
„იმ თამაშის მერე მითხრეს, რომ პირველი ვიყავი, რომელმაც ბრაზილიას სამი გოლი გაუტანა. მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი: ეს სწორედ ის გოლები იყო, ყველაზე ძალიან რომ მჭირდებოდა. პირველი ბურთი ზეციური საჩუქარივით იყო, მთელი ცხოვრება შეცვალა! ბიჭები მეხუმრებოდნენ, ჯანდაბას რომ ჯგუფში ვერ გაგქონდა, როგორც ჩანს ბრაზილიისთვის ინახავდი თავსო… დიდებული დღე იყო, დაუვიწყარი“! – პაოლო როსის ინტერვიუდან.
მისი თანაგუნდელი მარკო ტარდელი სელესაოსთან გამარჯვებას ასე იხსენებს: „1982 წლის ბრაზილიას ორი დიდი მინუსი ჰქონდა – დაცვა და თავდასხმა. და საერთოდ, გულახდილად რომ გითხრათ, იმ ჩემპიონატზე ბრაზილიაზე მეტად საფრანგეთის მეშინოდა. ახლა დამალვას რა აზრი აქვს? როცა გერმანელებმა ფრანგები დაამარცხეს, ყველას ძალიან გაგვეხარდა“.
იტალია-ბრაზილიის იმ მატჩის ჩანაწერი წლების წინ რამდენჯერმე ვნახე და ჩემი აზრი ასეთია:
1: 1:0-ის, 2:1-ის და 3:2-ის მერეც იტალია მშვენივრად უტევდა და ის აზრი, რომ სკუადრა აძურამ შემთხვევით დაამარცხა მეტოქე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. თამაშიდან გამომდინარე თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს იტალიაა და არავითარ შემთხვევაში ბრაზილია;
2: თუ ვინმე იყო კარგი ბრაზილიიდან, მხოლოდ სოკრატესი. ზიკოს ორი პასის მეტი (პირველი სოკრატესის გოლზე) არაფერი გაუკეთებია და ეს, გარკვეულწილად, მისი პერსონალური მეურვის კლაუდიო ჯენტილეს დამსახურებაა. ისე, ზიკოს ფალკაოც სჯობდა და ედერიც;
3: ბავშვობიდან მესმოდა, რომ ჯენტილე ძვლების მკვნეტელი იყო. ამ იტალიელი მცველის თიკუნი ყოველთვის გადაჭარბებულად მეჩვენებოდა და გულახდილად ვიტყვი, არც ამ თამაშში ტოვებს კაციჭამიას შთაბეჭდილებას. კი, სხვების ფონზე უხეშია, მაგრამ სერხიო რამოსი ან, ვთქვათ, პეპე რომ მახსენდება, ჯენტილე მათთან შედარებით ნამდვილი მფარველი ანგელოზია.
4: ამ ბრაზილიის მთავარი მინუსი ცენტრფორვარდი სერჟინიოა…
რაც შეეხება ბოლო ჯგუფს, იქ საფრანგეთმა გაიმარჯვა და 1958 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში, სადაც ევროპის ჩემპიონს, გფრ-ის ნაკრებს გადაეყარა. მატჩი, რომელიც 8 ივლისს შედგა სევილიაში, რამონ სანჩეს პისხუანის სახელობის სარბიელზე, დღეს საფეხბურთო კლასიკადაა აღიარებული და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თამაშად ითვლება.
ამ დაპირისპირებაში იყო ყველაფერი, რის გამოც ასე ძალიან უყვართ ფეხბურთი ყველა კონტინენტსა და ლამის ყველა ქვეყანაში: დაძაბული პაექრობა, გოლები, სახიფათო მომენტები, არნახული უხეშობა, დამატებითი დრო და პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, პენალტების სერიაც! უდიდესი საფეხბურთო ტურნირის პირველ საფეხბურთო ლატარეაში გერმანელებმა გაიმარჯვეს – 5:4.
26-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო: პიერ ლიტბარსკის მიერ მე-17 წუთზე გატანილი ბურთი ფრანგების ლიდერმა და კაპიტანმა მიშელ პლატინიმ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გაქვითა – 1:1.
ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გავიდა, დამატებით ნახევარ საათში კი საოცარი მოვლენები ვიხილეთ: 92-ე წუთზე მარიუს ტრეზორმა დააწინაურა ფრანგები, 98-ე წუთზე ალენ ჟირესმა კიდევ ერთხელ დააწყებინა გერმანელებს ცენტრიდან თამაში და მაშინ, როცა ყველა დარწმუნებული იყო ფრანგების გამარჯვებაში, გერმანელებმა გაიღვიძეს: 102-ე წუთზე ევროპის 1980 და 1981 წლების საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთი ბურთი გაქვითა – 2:3, 108-ე წუთზე კი კლაუს ფიშერმა ეფექტური დარტყმით მეორედ გაათანაბრა – 3:3!
ამას არანაკლებ დაძაბული პენალტების სერია მოჰყვა: როცა 2:2 იყო, ეტორიმ ული შტილიკეს პენალტი მოიგერია, დომინიკ როშტომ კი ფრანგები დააწინაურა – 3:2. მაგრამ იქვე საიმედოდ ითამაშა ბუნდესნაკრების მეკარემ ჰარალდ ტონი შუმახერმა – დიდიე სიქსს არ გაატანინა, ლიტბარსკი კი ზუსტი იყო – 3:3. ამას პლატინის და რუმენიგეს გოლები მოჰყვა – 4:4. სულ ბოლოს მაქსიმ ბოსის უმტყუნა ნერვებმა და ევრო 80-ის ფინალის გმირმა ჰორსტ ჰრუბეშმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 5:4!
ამ დიდებული ნახევარფინალის გახსენებისას გვერდს ვერ ავუვლი 52-ე წუთს, როცა ფრანგთა ნახევარმცველი პატრიკ ბატისტონი პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილს გადაურჩა: მეკარესთან პირისპირ დარჩენილს, შუმახერი გამეტებით შეასკდა. ბატისტონი მოწყვეტით დაეცა მინდორზე და ჩემპიონატიც იქვე დაასრულა – ფრანგი სტადიონიდან საავადმყოფოში გააქანეს. ტვინის მძიმე შერყევა, სამი გატეხილი ნეკნი და ჩამტვრეული კბილები – ასეთი იყო დიაგნოზი და შუმახერის უხეშობის შედეგი. დღეს გერმანელ გოლკიპერს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია არ ასცდებოდა, თუმცა მაშინ ნიდერლანდელმა არბიტრმა ჩარლზ კორვერმა ყვითელი ბარათიც არ უჩვენა…
ფინალის მეორე საგზური იტალიამ მოიპოვა, რომელმაც იმავე დღეს კამპ ნოუზე პოლონეთს როსის დუბლით სძლია – 2:0. აღმოსავლეთევროპელებს ერთ-ერთი ლიდერი ზბიგნევ ბონეკი აკლდათ, რომელიც ტურნირის შემდეგ ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა. გამარჯვებულთა დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელზეც ვიტყვი: ბრაზილიასთან 3:2 გამარჯვებისას ზიკოს მეურვე კლაუდიო ჯენტილემ ყვითელი ბარათი მიიღო და ამიტომ ვერ ითამაშა ნახევარფინალში.
პირველად ინგლისი 1966-ის შემდეგ და ისტორიაში მესამედ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მხოლოდ ევროპელები გავიდნენ.
10 ივლისს, ალიკანტეში, მესამეადგილოსანი გამოვლინდა. გერმანელებთან დრამატულ შეხვედრაში მარცხის შემდეგ საფრანგეთი ვალის მოხდის მიზნით გავიდა მინდორზე, პოლონეთმა კი საუკეთესო შედეგი გაიმეორა და 1974 წლის შემდეგ მეორედ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.
მცირე ფინალში არ უთამაშია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგს მიშელ პლატინის, რომელმაც განაცხადა, რომ ესპანეთში მხოლოდ და მხოლოდ ოქროს თასის მოსაგებად ჩავიდა და ბრინჯაოს მედალი უბრალოდ არ აინტერესებდა…
ფინალი
გადამწყვეტი მატჩი 11 ივლისს გაიმართა მადრიდში, რეალის ლეგენდარული პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე.
და ის გახდა პირველი, რომელმაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებს უმასპინძლა: 1964 წელს სწორედ ამ სარბიელზე მოიგო ესპანეთმა პირველი ტიტული – ევროპის ერთა თასი.
1970 წლის შემდეგ ფინალში პირველად გასული იტალია იუპ დერვალის გაწვრთნილ გფრ-ს დაუპირისპირდა, გუნდს, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის მეორე ტიტული ორი წლით ადრე სწორედ იტალიაში მოიგო.
ფსონი დიდი იყო: მესამე საჩემპიონო ტიტული, რითაც გამარჯვებული ბრაზილიის რეკორდს გაიმეორებდა.
იტალია ფინალში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მიუხედავად იმისა, რომ 25-ე წუთზე ანტონიო კაბრინიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (კარს ააცილა. და ის პირველია, რომელმაც ფინალში ვერ გაიტანა პენალტი), მაინც მშვიდად გაიმარჯვა. გერმანიის ნაკრების სუსტი თამაში კი საფრანგეთთან ძალიან დაძაბული და მომქანცველი ნახევარფინალით უნდა აიხსნას.
81-ე წუთისთვის სკუადრა აძურა სამი უპასუხო გოლით იგებდა: 57-ე წუთზე პაოლო როსიმ გახსნა ანგარიში, 69-ე წუთზე მარკო ტარდელიმ გააორმაგა უპირატესობა, 81-ე წუთზე კი ალესანდრო ალტობელიმ გამოიჩინა თავი. ალტობელიმ ისტორიაში შეაბიჯა: ის პირველია, რომელიც ფინალში შეცვლაზე შევიდა, გოლი გაიტანა და… შეცვალეს. მილანის ინტერის ახალგაზრდა ფორვარდმა მე-7 წუთზე შეცვალა ფრანჩესკო გრაციანი, 89-ე წუთზე კი ფრანკო კაუზიო მის ნაცვლად ჩაერთო თამაშში…
მეტოქემ ერთადერთი საპასუხო ბურთი შეაგდო: პაულ ბრაიტნერმა 83-ე წუთზე დალაშქრა დინო ძოფის კარი. გრძელწვერა გერმანელი გახდა მესამე, რომელმაც ორი მსოფლიო პირველობის ფინალში გამოიჩინა თავი. მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ბრაზილიელების, ვავას (1958, 1962) და პელეს (1958, 1970) მიღწევა გაიმეორა.
წლების შემდეგ ბრაიტნერი იტყვის: „იმ ფინალში იტალიელებმა თვალსაჩინოდ მოგვიგეს. ჩვენ განწირულები ვიყავით. ხუთშაბათს, საღამოს, ნახევარფინალში საფრანგეთი დავამარცხეთ. ის მატჩი სევილიაში ჩატარდა და თან, ძირითადი დროის შემდეგ დამატებითი და ბოლოს პენალტების დარტყმა დაგვჭირდა… მატჩის შემდეგ, იმავე ღამით, მადრიდში დავბრუნდით. სასტუმროში გამთენიისას, ექვს საათზე შევედით და წინა საღამოს ვახშამი უკვე პარასკევს, დილის შვიდის ნახევარზე მივირთვით. წარმოიდგინეთ: ნახევარფინალში გადატანილი კოლოსალური დატვირთვის შემდეგ მხოლოდ დილის შვიდის ნახევარზე ვივახშმეთ, რადგან სევილიის აეროპორტში გაფიცვა და კიდევ რაღაც პრობლემები იყო… ვგრძნობდით, რომ თუ ფინალში პირველ გოლს არ გავიტანდით, იტალიელებს ვერ ვაჯობებდით. თუ ჩემპიონობა გვსურდა, ანგარიში აუცილებლად ჩვენ უნდა გაგვეხსნა, რადგან ჩამორჩენის შემთხვევაში ყველაფერი დამთავრდებოდა. რაც მოხდა, კარგად იცით… იტალიელებთან წაგების მიზეზი ეს იყო – ნახევარფინალით გამოფიტულებს დამატებითი ძალები, უბრალოდ აღარ გვქონდა“.
და სადაც გერმანელი ვახსენეთ, დინო ძოფიც გამოვარჩიოთ: იტალიის ნაკრების 40 წლის კაპიტანი დღემდე უხუცესია, რომელმაც ფიფას ოქროს თასი აღმართა.
საბოლოოდ 3:1 და იტალია მესამედ გახდა ჩემპიონი! ამით სკუადრა აძურა პირველი გუნდი შეიქნა (და დღემდე ერთადერთია), რომელმაც საწყისი სამი თამაშის ვერმოგების მიუხედავად მაინც მოიგო უმნიშვნელოვანესი ტიტული.
„ფინალს რომ ვიხსენებ, პირველად გოლები კი არა, საფინალო სასტვენი და იტალიის დროშებით გადაფარული ტრიბუნები მაგონდება. რასაკვირველია, მეხსიერებას შემორჩა გოლები, სხვა ეპიზოდებიც, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმ მწვანე-თეთრ-წითელმა დროშებმა მოახდინეს… ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ ასეთ მომენტებში კაცი ირწმუნებ, რომ მართლა განსაკუთრებული ერთობის წევრი ხარ“, – პაოლო როსის ერთი ძველი ინტერვიუდან.
ფინალში მარკო ტარდელის შედეგიანი დარტყმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გოლადაა აღიარებული. ფეხბურთელი იხსენებს: „გოლი გავიტანე და ოცნება ავიხდინე! ღრიალი კი, რაც იმ დარტყმას მოჰყვა, ბუნებრივი იყო… იცით, ფეხბურთი ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემმა არჩევანმა მრავალჯერ მომაყენა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მორალური – არასოდეს! იმ დღეს სტადიონზე გასული ვფიქრობდი, რომ ომში მივდიოდი, რომ იტალიისთვის ვიბრძოდი… და ჩვენ ის ომი მოვიგეთ! გოლის მომენტში კი ვიგრძენი, რომ მომეშვა… ჰოდა, მეც ვიღრიალე, გულში დაგროვილი ემოცია იმ წამებში გამოვუშვი! ადამიანი ცხოვრობს კარგი და ცუდი წამებით, რაღაც მომენტში კი ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს და ამოხეთქავს. როგორც ჩანს, იმ წამს ამის დრო იყო“.
ფიფამ პირველად დაასახელა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და რა გასაკვირია, რომ ეს წოდება ჩემპიონს, ყველაზე მეტი გოლის გამტან პაოლო როსის ერგო. ტურნირის მეორე მოთამაშედ ბრაზილიელი ფალკაო დასახელდა, მესამე ადგილი კი რუმენიგემ დაიკავა.
რაც შეეხება როსის: 1982 წლის დასაწყისში ის ჯერ კიდევ იუვენტუსის სათადარიგო ფეხბურთელი იყო და ჩემპიონატზე მხოლოდ მთავარი მწვრთნელის დაჟინებული მოთხოვნით წავიდა, წლის მიწურულს კი 27 წლის პაოლომ საფეხბურთო სამყაროს თვალუწვდენელი მწვერვალიდან გადმოხედა: ჯერ იყო და ინგლისურმა უორლდ სოკერმა პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, შემდეგ კი ფრანს ფუტბოლმა ევროპის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტული მიანიჭა და ოქროს ბურთით დააჯილდოვა.
ესპანეთი 1982 – ზოგადი ცნობები:
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობდა.
*-პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ფიფას ყველა, ექვსივე კონფედერაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა (მეორედ ასეთი რამ მხოლოდ 2006 წელს მოხდა).
*-მესამე მსოფლიო ჩემპიონატი (1934 და 1966 წლების შემდეგ), რომლის ყველა ნახევარფინალისტი ევროპიდან იყო.
*-უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატი, ორი ჯგუფური ეტაპით.
*-თამაშებს 14 ქალაქის 17-მა სტადიონმა უმასპინძლა და ეს მსოფლიო ჩემპიონატის ახალი რეკორდი იყო. ესპანეთი 1982-ის ეს მაჩვენებელი ოცი წლის შემდეგ გაუმჯობესდა, როცა ტურნირს ორი ქვეყნის ოცმა სტადიონმა უმასპინძლა.
*-მონაწილეობდა 24 გუნდი (ევროპა – 14; სამხრეთი ამერიკა – 4; ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა – 2; აფრიკა – 2; აზია – 1; ოკეანეთი – 1).
*-52 თამაშში 146 გოლი გავიდა, საშუალოდ მატჩში 2,81.
*-მთლიანი დასწრება – 2 109 723, საშუალოდ მატჩზე 40 572 გულშემატკივარი.
11 ივლისი, 1982. მსოფლიოს XII ჩემპიონატის ფინალი. ესპანეთი, მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუ. 90 000
იტალია 3:1 გფრ
გოლები: 1:0 პაოლო როსი (57), 2:0 მარკო ტარდელი (69), 3:0 ალესანდრო ალტობელი (81), 3:1 პაულ ბრაიტნერი (83)
25-ე წუთზე ანტონიო კაბრინიმ (იტალია) ვერ გაიტანა პენალტი
იტალია: დინო ძოფი (კაპ), ჯუზეპე ბერგომი, ანტონიო კაბრინი, ფულვიო კოლოვატი, კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, გაბრიელე ორიალი, მარკო ტარდელი, ბრუნო კონტი, ფრანჩესკო გრაციანი (ალესანდრო ალტობელი 7, ფრანკო კაუზიო 89), პაოლო როსი
მწვრთნელი: ენცო ბეარზოტი
გფრ: ჰარალდ ტონი შუმახერი, ჰანს პეტერ ბრიგელი, პაულ ბრაიტნერი, კარლ ჰაინც ფიორსტერი, ბერნდ შუსტერი, ვოლფგანგ დრემლერი (ჰორსტ ჰრუბეში 62), პიერ ლიტბარსკი, კლაუს ფიშერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე (კაპ) (ჰანსი მიულერი 70), ული შტილიკე, მანფრედ კალცი
მწვრთნელი: იუპ დერვალი
გაფრთხილება: ბრუნო კონტი, ვოლფგანგ დრემლერი, გაბრიელე ორიალი, ული შტილიკე, პიერ ლიტბარსკი
მსაჯები: არნალდო კოელიო (ბრაზილია); აბრაამ კლაინი (ისრაელი), ვოიცეხ ხრისტოვი (ჩეხოსლოვაკია)
საუკეთესო ბომბარდირი (ოქროს ბუცი):
პაოლო როსი (იტალია) – 6 გოლი
კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ) – 5 გოლი
არტურ ანტუნეშ კოიმბრა ზიკო (ბრაზილია) – 4 გოლი
საუკეთესო ფეხბურთელი (ოქროს ბურთი):
1.პაოლო როსი (იტალია)
2.პაულო რობერტო ფალკაო (ბრაზილია)
3.კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ)
საუკეთესო ახალგაზრდა (არაოფიციალური): მანუელ ამორო (საფრანგეთი)
საუკეთესო მეკარე (არაოფიციალური): დინო ძოფი (იტალია)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები (არაოფიციალური)
მეკარე: დინო ძოფი (იტალია)
მცველები: კლაუდიო ჯენტილე (იტალია), ფულვიო კოლოვატი (იტალია), ლუის კარლოს ფერეირა ლუიზინიო (ბრაზილია), ლეოგივიოლდო ლუის გამა ჟუნიორი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი), პაულო რობერტო ფალკაო (ბრაზილია), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), არტურ ანტუნეშ კოიმბრა ზიკო (ბრაზილია)
თავდამსხმელები: პაოლო როსი (იტალია), კარლ-ჰაინც რუმინეგე (გფრ)
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი იტალიის ნაკრები
მეკარეები: 1.დინო ძოფი (ტურინი იუვენტუსი), 12.ივანო ბორდონი (მილანის ინტერი), 22.ჯოვანი გალი (ფლორენციის ფიორენტინა)
მცველები: 2.ფრანკო ბარეზი (მილანი), 3.ჯუზეპე ბერგომი (მილანის ინტერი), 4.ანტონიო კაბრინი (ტურინის იუვენტუსი), 5.ფულვიო კოლოვატი (მილანი), 6.კლაუდიო ჯენტილე (ტურინის იუვენტუსი), 7.გაეტანო შირეა (ტურინის იუვენტუსი), 8.პიეტრო ვერხოვოდი (ფლორენციის ფიორენტინა)
ნახევარმცველები: 9.ჯანკარლო ანტონიონი (ფლორენციის ფიორენტინა), 10.ჯუზეპე დოსენა (ტორინო), 11.ჯამპიერო მარინი (მილანის ინტერი), 13.გაბრიელე ორიალი (მილანის ინტერი), 14.მარკო ტარდელი (ტურინის იუვენტუსი)
თავდამსხმელები: 15.ფრანკო კაუზიო (უდინეს უდინეზე), 16.ბრუნო კონტი (რომის რომა), 17.დანიელე მასარო (ფლორენციის ფიორენტინა), 18.ალესანდრო ალტობელი (მილანის ინტერი), 19.ფრანჩესკო გრაციანი (ფლორენციის ფიორენტინა), 20.პაოლო როსი (ტურინის იუვენტუსი), 21.ფრანკო სელვაჯი (კალიარი)
მწვრთნელი: ენცო ბეარზოტი
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 სექტემბერი)
ფოტო: FIFA.com; ინტერნეტი